ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ნეფერტარი
ჟანრი: პროზა
9 აპრილი, 2014


ბედუინი (ნაწილი XXV მიწას ჩახუტებულნი)

                                                                                                        ქარებს ნესტოებში ლომების სუნი სცემთ,
                                                                                                        ზოგჯერ ლომისფერი გადაჰკრავს ქვიშასაც.
                                                                                                        მზეს ლომის სახე აქვს და ნებას თუ მისცემ,
                                                                                                        მზის ბეჭდით თვალებსაც სულ ამოგიშანთავს.
                                                                                                                                                 
                                                                                                                                              თანანა ბოლქვაძე
 

      ბნელი წყენა, ბრაზით გადაყლაპულ ცრემლებში გაეხვია და  ჩემს სულში ისე მოთავსდა თითქოს მისი  კუთვნილი სიცარიელე შეავსო. ალ კაბირმა აქლემების მომზადება დაასრულა, ცხენიდან გადმომიყვანა და დაჩოქილ აქლემზე გვერდულად შემსვა. თვითონ იქვე, მარცხენა ფეხით დაიმუხლა და  დაჩოქილ აქლემს მკლავით  დაეყრდნო. 

რამდენიმე წამი მიწას დასცქროდა. დუმდა და ფიქრობდა. მერე ჯერ ჩემს შეკოჭილ ფეხებს დაცქერდა თავდახრილი, შემდეგ ზურგსუკან გაკრულ ხელებს. სახიდან საბურავი  მოიშორა, თითები ნიკაპთან ამომდო, თავი ამიწია და თვალებში ჩამაცქერდა. მის წამწამებს ისე ახლოს ვხედავდი,  სათითაოდ დათვლა შემეძლო. 

        მისმა მშფოთვარე მზერამ სწრაფად მოირბინა ჩემი სახე. რაღაცას ეძებდა, მაგრამ  ბრაზის და წყენის მეტი ვერაფერი იპოვა. თმაზე  შეხება ვიგრძენი და მისმა თითებმა  ნელა, მოწიწებით დაიწყეს ჩემი თმის  ხვეულების დათვლა. ჩემი არტერია მის მაჯისცემს გულდაგულ ზომავდა და ყოველ ბიძგს ითვლიდა. 

    -"აი ახლა, შეუძლია  წამში მომტეხოს კისერი!" - ისე გამიელვა აზრმა, რომ მისთვის თვალი არ მომიცილებია.

ბედუინმა ჩემი ფიქრი დაიჭირა, ტუჩის კუთხეზე ჩრდილმა ირონიად ჩაურბინა და მის თვალებში არეკლილმა მთვარემ  მწვანედ  გაიკრიალა. თითებმა  ფრთხილი სრიალით, კრიალოსანივით სათითაოდ  ჩამომარცვლეს ჩემი თმის ტალღები, პატრონის მკერდს დაუბრუნდნენ  და სანთლებივით გაირინდნენ. 

    - ნუ მაიძულებ აქლემის უნაგირზე გათოკილი მიგაბა ნილნა! ეს ჩემს ღირსებას შეურაცხყოფს! 
    - ჩემი ღირსება დაგავიწყდა!
ალ კაბირმა მზერის მოუცილებლად  უარის ნიშნად ნელა გააქნია თავი. 
      - ჩემი მიზანი შენი დავცა და გადარჩენაა! - ალ კაბირმა  თავი მოწიწებით დახარა და მისი  დაბალი, ალერსიანი ხმა  ჰაერში ჩუმ  მელოდიად გაიშალა.   
    - შენი ღირსების და შენი ომის ნაწილად მაქციე! ეს არ მინდა.  ამიტომ არ გენდობი!
    - მარტო თუ წახვალ, ნამდვილი ომი გარდაუვალი იქნება!!!  - გაიელვა გამკაცრებულმა მზერამ. 
      - რა?!..რა ომი!..
    - პოლონელი უღირსი,  ყველაფრის მკადრებელი კაცია! მაგრამ ვაფასებ როგორც მტერს. ის  გონიერია და გამბედავი! მაგ შაითანს, თავისი საზარელი საქმეების დამალვა და კაიროში გმირად დაბრუნება უნდა!  ამისთვის შენ ჭირდები, ოღონდ მკვდარი! არ დავუშვებ რომ ხელში ჩაუვარდე! არ დავუშვებ რომ  მწვალებელი და მუხანათი მკვლელი გმირად იქცეს!  მან ეს იცის!  მისი მთავარი სამიზნე  მე ვარ. თუ  მე მომიშორებს,  ტუარეგები ადვილად მოგწვდებიან და მიზანს მიაღწევს!  მაგრამ თუ არ გაუმართლებს და პირველს შენ ჩაგიგდებს ხელში,  კარგად იცის, რომ საჰარადან ცოცხალს არ გავუშვებ!  ბედუინებს და ყველა მომთაბარე ტომს ტუარეგების წინააღმდეგ ავამხედრებ და ნამდვილი ომი დაიწყება. ამაში ხელისუფლება აუცილებლად ჩაერევა, ჯარს გამოგზავნის და ძალიან ბევრი ადამიანი დაიღუპება.  ეს გინდა?!
         
        მისმა  გამჭოლმა, ბასრმა მზერამ  ჩემი თვალები გაიარა და კეფას მიატანა. 
        გაოგნებული მივაჩერდი... აქამდე აზრადაც არ მომსვლია რომ ოდესმე, სადმე, ჩემს გამო  ომი შეიძლებოდა დაწყებულიყო...   
     
    -  ვერც მარტო წახვალ და ვერც გამექცევი! მაგისთვის, ჩემი მოკვლა მოგიწევს!  ასე გათოკილს და აქლემზე დაბმულს გატარებდი, მაგრამ ჩემი ტყვე არ ხარ!  არც ასეთ მოქცევას იმსახურებ!  უნდა გენდობოდე! უნდა მჯეროდეს, რომ  ისედაც მძიმე, თითქმის გამოუვალ ვითარებას აღარ გაამწვავებ.  სხვაგვარად მშვიდად ვერ ვიმოქმედებ, შეცდომას დავუშვებ და მოგკლავენ!.. ამ შეცდომისთვის - შენი სიცოცხლით გადაიხდი! შენს მოკვლას კი,  არც პოლონელს შევარჩენ და არც ტუარეგებს! ადრეც გთხოვე და არ მენდე, მაგრამ  შენმა გონიერებამ  დიდი სამსახური გამიწია. ახლა ვითარება მთლიანად შეცვლილია  და ის დრო დადგა, როცა მე უნდა გენდო! ბრმად უნდა გენდო!  გეკითხები ნილნა...  გენდო?!.. 

          მწვანედ დანთებულმა მთვარის ანარეკლებმა  ველური მტაცებლის ბრწყინვით გაიელვეს და მთვარეს დაუბრუნდნენ.
     
    "-...ნამდვილი ომი დაიწყება...ჩემი მოკვლა მოგიწევს... მოგკლავენ... ბრმად უნდა გენდო!... გენდო?"-  ერთბაშად დაიგრიალეს ჩემს გონებაში ლოდებად ქცეულმა სიტყვებმა. 

        მის ნათქვამს  ისეთი ძალა მოჰყვა თან, წამითაც არ დავეჭვებულვარ, რომ ნამდვილად  შეეძლო  სრულიად  გაუგონარი რამ დაეტრიალებინა.  ეს კაცი, კი არ მთხოვდა, არამედ მაიძულებდა სიმწარე და ბრაზი დამევიწყებინა და თავს მოვრეოდი...
         
          ისეთი მძლავრი იყო ჩემს გონებაში  ამ იძულების  და ჩემში გამეფებული რისხვის  ჯახი, რომ მძიმე ზარს პირდაპირ ჩემს თავში შემოჰკრეს, მძლავრი გუგუნი კეფას შიგნიდან მიეხალა,  ლოდის ნატეხებივით მძიმე,  ბასრი  სიტყვები ჩემს გონებაში საშინელი ზრიალით დატრიალდნენ, ყველა კუთხე კუნჭული გრიგალივით მოიარეს და შუბლის ძარღვს დაეჯახნენ. მძაფრი  ტკივილი  ყურებში გუგუნით გაიშალა, სმენა დამიხშო, სასულე ჩაფხრიწა,  სუნთქვა შემიკრა, გულს ეძგერა, ერთბაშად უბიძგა, საგულედან ამოაგდო და ისე მოახალა გულისფიცარს, რომ სისხლის ცხელმა ტალღამ ლამის არტერია გაგლიჯა და თვალებში მდუღარე სიბნელედ შემესხა...

ყველა ლოდი, ყელში ერთბაშად  ბოღმად გამეჩხირა და გამგუდა... უკვე ვიხრჩობოდი.  ვიგრძენი რომ ეს  ბოღმა ჩემი  ბედისწერის ის ზღვარი იყო, რომელსაც აქამდე გავურბოდი და თუ ახლა ვერ მოვერეოდი ან ამ წამს მომკლავდა ან მთელი სიცოცხლე დამღრღნიდა. მთელი  შემორჩენილი ძალღონე მოვიკრიბე და ჰაერი ძლივს, ნაწყვეტ-ნაწყვეტ  ჩავისუნთქე,  სიმწრის ცრემლი ღაპაღუპით წამსკდა, ცრემლის მდინარემ ყელში ჩაწოლილი ლოდების ჯებირი გადმოანგრია და მზისგან დამწვარ სახეზე, დახეთქულ ტუჩებზე,  ყელზე და მკერდზე  ჩამომეღვარა.  უხმოდ ვტიროდი,  ჩემს თვალებში  გაჩენილ ცრემლის წვეთებში  მწვანე მთვარეები იბადებოდნენ, იზრდებოდნენ და წამწამებზე მეკიდებოდნენ და  მლაშე კალაპოტით თავდაღმა მიექანებოდნენ. 

          ცალ მუხლზე დაჩოქილი ალ კაბირი  ქანდაკებასავით უძრავად იდგა და თვალს არ მაცილებდა. პასუხს ელოდა.

        - დიახ... - ძლივს ამოვიჩურჩულე და მაშინვე ვიგრძენი, როგორ იკლო ჩემს გონებაში ზარის გუგუნმა.  ჩემმა თვალებმა ჯერ  ცაზე მილეული მთვარე  დაინახეს, რომელსაც ძველებური სითეთრე დაბრუნებოდა. შემდეგ  მწვანედ მოკრიალე მთვარეები, რომლებიც
პალმის გრძელი, სწორი ფოთლებით შემოჯარულ ლივლივა ოაზისებად ქცეულიყვნენ და ალერსით მიცქერდნენ.

ღრმად ჩავისუნთქე. გული საგულეს უბრუნდებოდა,  დამშვიდებულ სუნთქვას  ჩემს სულში  მაცოცხლებელი ძალა შემოჰქონდა და ნელ-ნელა ანათებდა  - საფლავიდან ბოღმად გამოყოლილ სიბნელეს. 

          თოკივით შემოჭერილი აბრეშუმის ქამარი მოეშვა.  საფლავის თხრისგან  დაგლეჯილი და დაშაშრული ჩემი ხელები ალ კაბირმა  ხელებში მოიმწყვდია და იარებს დახედა.  ჯერ ტუჩებით შეეხო ოდნავ, შემდეგ შუბლით, მოწიწების ნიშნად თავი დამიკრა და ფეხზე წამოდგა. ცრემლებს  ხელებით ვიმშრალებდი და  ისევ ვტიროდი, მაგრამ ეს  უკვე შვების ცრემლი იყო, საზარელი ბრაზისგან  და  მძიმე ბოღმისგან  განთავისუფლებით მოგვრილი  საოცარი  შვების ცრემლი.  მინდოდა ეს შვება სრულად მეგრძნო, ეს ბედნიერი წამი, სულ ცოტა ხნით მაინც გაგრძელებულიყო, მაგრამ ალ კაბირი სწრაფად მიტრიალდა აღმოსავლეთისკენ და სიბნელეს მიაჩერდა...

        ჰაერში კატის ჩუმი და ნაზი კნავილი გაბმულად გაიკლაკნა.  ბედუინმა ცხენს ხელით უხმო, ხანჯალი იმარჯვა და მანიშნა  აქლემს მოვფარებოდი.  კნავილი უფრო ახლოს გამეორდა და თან უცნაური ხრინწი გაირია.  ჯადარი მაშინვე გვერდში ამოუდგა პატრონს. ალ კაბირმა პირზე ხელი მიიფარა და  ხმას იგივენაირად გაეპასუხა.

    ცოტა ხანში, მთვარის შუქზე , აქლემზე ამხედრებული, ლურჯად შემოსილი კაცი გამოჩნდა, ალ კაბირს შორიდან სალამი ანიშნა, გარშემო მიმოიხედა და ჩვენსკენ სწრაფად წამოვიდა. 

      - სელამ ალეიქუმ ალ კაბირ!
      -  ადრარ...
      - ვიცი, მელოდი. გეძებდი....  ქალის კვალი მალე ვიპოვე. გამოუცდელია, კვალი ბევრგან დატოვა.  როგორც იქნა ჯადარის კვალსაც მივაგენი, ჯერ სამხრეთისკენ წამიყვანა  შემდეგ დასავლეთით შემაბრუნა... ცალკ-ცალკე გივლიათ. იპოვნე ქალი?- მარდად ჩამოხტა აქლემიდან ტუარეგი.
      - სელამ ადრარ. ნმადებმა იპოვეს, ძაღლების ყეფას მივყევი და მივასწარი... 
      - საშიში მდევრები არიან ეშმაკის ძაღლები. მეც კი გამიჭირდა შენი კვალის პოვნა, ნახევარი დღე გავლიე  ძებნაში. - ვიგრძენი როგორ გაიღიმა ადრარმა.
      - მდევრების მოგერიებაში დრო  რომ არ დამეკარგა, ვერ მიპოვიდი.- უპასუხა ალ კაბირმა  და ხელით მანიშნა საშიში არაფერიაო.
შერჩენილი ცრემლი ხელით მოვიწმინდე, აქლემს შემოვუარე და ტუარეგს თავდახრილი მივესალმე: 
      - მეტულემ ადრარ...- ისე ჩუმად ვთქვი, რომ მეც კი ვერ გავიგონე ჩემი ხმა.
      - სელამ, ნი'ილლნა! - თავდახრით მომესალმა ადრარი და  ალ კაბირს მიუბრუნდა.
      - ალ კაბირ, შენს კვალზე დასადგომად გამომგზავნეს..
        - ჰილალემ?
        - ჰო, ამენოკალიამ.
      - აქაა?
      - ისიც აქაა, პოლონელიც და არაბებიც აქ არიან!
      - ესე იგი მაინც გამოჰყვნენ იმგადები...
      - ტუარეგებს  არ უნდათ გაწყენინონ, მაგრამ ამენოკალიას ნებას  ვერ გადავლენ. მხოლოდ ქალი ჭირდებათ. შენ არაფერს გერჩიან!
      -  წასაყვანას აპირებ?!
      - არა...
      -  აბა რატომ მოხვედი?!
      - საქმე მაქვს.
      - გისმენ.
      - ჩვენები ძალიან ახლოს არიან... დილით უკვე აქ იქნებიან.
      - მერე?
      - მინდა გაგაფრთხილო. დრო აღარ გაქვს. ახლა ოთხი  ჯგუფი გეძებს. ყველა ჩვენი იმგადები არიან, გამოცდილი მონადირეები. უდაბნოში მათ ვერ აჯობებ, თანაც  ქალთან ერთად. ერთადერთი გამოსავალი გაქვს, გაცევა. ჩვენებს უნდა გაექცე.
      - ოთხი ჯგუფი... ამენოკალიამ ჯერ ეშმაკის ძაღლები მომისია, მერე მომთაბარე ყაჩაღების ხუთი ბანდა  დამადევნა,  მათი იარაღი  მე მაქვს,  წყალი და საკვები  იმდენი დავუტოვე,  -  ფარაფრამდე არ ეყოფათ და ვერ გამომეკიდებიან. მათ მოშორებაში ხუთი დღე-ღამე დავკარგე.  ახლა შენ თავს იმიტომ წამადექი  რომ გამაფრთხილო  რამდენად საშიში მდევარი მიდგას კვალში?!.. - აქამდე შეფარულმა უნდობლობამ უკვე ბედუინის ხმაში მკაცრად გაიჟღერა.

ტუარეგმა უნდობლობა არ დაიმჩნია და მშვიდად უპასუხა:

        -  ერთი გზა ვიცი,  რომელსაც ტუარგები არ ეკარებიან,  „შაითნის დერეფანი“  ქვია. აქედან ჩრდილოეთით, ერთი დღის სავალზე ქვიშიანი უდაბნო თავდება და კლდოვანი იწყება. როგორც კი ჰამადში შეხვალ, მზის ჩასვლამდე პირდაპირ უნდა იარო და მერე შებრუნდე დასავლეთისკენ.  მაღალ კლდეებს დაინახავ, მათ  შორის  დერეფანია, კედლები ისეთი მაღალი აქვს, რომ  - ცა ძლივს მოჩანს. გზა  ვიწროა და ქვიანი. მხოლოდ  ორი ან სამი აქლემი გაეტევა ერთად. ალაგ ალაგ ფართოვდება და ვიწროვდება. თუ  იმ დერეფანს გაივლი, სამ დღეს მოიგებ და პირდაპირ ფარაფირაჰის თეთრ უდაბნოსთან გახვალ. ოაზისში ჩრდილოეთიდან უნდა შეხვიდე, სამხრეთიდან და აღმოსავლეთიდან გზის მოჭრას ტუარეგები დაგასწრებენ, ამიტომ  ქვიშიანი უდაბნოთი სიარულს აზრი არ აქვს, ქვიშაზე კვალიც ადვილი მოსაძებნია.

        - ეგ ადგილი ვიცი,  მაგრამ დერეფანი არ გამივლია, გარედან სახიფათო არაფერი შემინიშნავს. - უპასუხა ალ კაბირმა.
      - ალბათ დღისით იყავი იქ, ახლა კი იქ გავლა ღამით მოგიწევს და ესეც დაგჭირდება.
ადრარმა რაღაც შეხვეული  აქლემიდან გადმოიღო და მიწაზე დადო. 
        - ეს რა არის?
      -  "შაითნის დერეფანში" გამოგადგება.  „ეშმაკის ძაღლების“  დაკლული აქლემის ხორცია. ჩვენებური სამალავი გაგიჭრია ფლატეზე,  ზედ  ეგდო აქლემის ლეში.  ტყავიც აქაა, ისიც გამოგადგება. 
      - რა არის იმ „შაითნის დერეფანში“  ასეთი, ეგ რომ მჭირდება?..
      - "ღანაყ ალ არდ"... ბევრზე ბევრი. 
      - ...იქნებ ღირს დრო დავკარგო და ღამის ნაცვლად დღისით გავიარო „შაითნის დერეფანი“. 
      - არ გამოვა. გზა  ძალიან გრძელია, მის გავლას ერთი დღე არ ეყოფა, გამთენიას შესულმა ჭენებითაც რომ იარო, დაღამებამდე მხოლოდ ნახევრის გავლას თუ მოასწრებ, დანარჩენი ღამით  გექნება გასავლელი.  შენთვისაც კი ალ კაბირ, ეს  ძალიან ძნელი გამოცდა იქნება, მაგრამ ნამდვილად შეძლებ, აი ქალი კი... 

ალ კაბირი დუმდა და ფიქრობდა.

    - ზუსტად მითხარი მდევარი სადაა ახლა.  - უნდობლობა  ისევ მელოდიურმა ხმას ამოეფარა. 
    - პირველი ჯგუფი თქვენს წინ, ორი დღის სავალზეა და ფარაფრას აღმოსავლეთით ჩაგიკეტავს გზას. დღე და ღამე შეუჩერებლად მიდიან. ფლატეს გვერდი აუარეს, ამიტომ აგცდნენ და ვერ შეგნიშნეს. მეორე  ჯგუფიც  თქვენს წინაა, აქედან ერთი დღის სავალზეა და საფარს ამზადებს, თუ აქ ვერ მოგიხელთებენ, - ფარაფრასკენ წავლენ და  სამხრეთიდან  ჩაკეტავენ მისასვლელს.  ერთი ჯგუფი დახლას ოაზისისკენ მიდის.  თუ ორ დღეში თქვენს კვალს ვერ იპოვიან, - ფარაფრას და დახლას ოაზისების დამაკავშირებელ  გზაზე გავლენ, ფარაფრას დასავლეთიდან მიადგებიან და იქ ჩაგისაფრდებიან.  ბოლო  ჯგუფში მე ვარ, პოლონელი, არაბები, ხუთი იმგადი და ჰილალე. ისინი ახლა აქედან აღმოსავლეთით, თქვენს უკან ერთი დღის სავალზე არიან.  თუ კვალზე ვერ დაგადგებიან, -  ჩრდილოეთიდან  მოგიჭრიან გზას.
 
    - კარგად დაუგეგმავთ ალყა... პოლონელმა „შაითნის დერფნის“ შესახებ იცის?
    - არა, მაგრამ ამენოკალიამ იცის. ადრე უამბეს მოხუცმა იმგადებმა. მამამისი, ჩვენი ამენოკალი  სწორედ „შაითნის დერეფანში“ დაიღუპა.
    - გამიგია რომ ტუბუს  და ტუარეგებს შორის მაგ ადგილებში დიდი შეტაკება მომხდარა.  ტუბუს წართმეული ოაზისების გამო, დღემდე თქვენი დაუძინებელი მტერია და შემთხვევას არ უშვებენ ხელიდან ტუარეგებზე ჯავრი რომ არ იყარონ. 

    - გამძლეობაში ჩვენ მხოლოდ ტუბუს ტომი  გვჯობია. მაგ შეტაკებამდე ჩვენებმა  წყალი მოპარეს და  ეგონათ ასე ჩამოიცილეს. მაგრამ ტუბუს მეომრებმა შეუძლებელი შეძლეს, დღე და ღამე უწყლოდ იარეს, დღეში მხოლოდ ერთი  ცალ ფინიკს ჭამდნენ და ისე მოულოდნელად წაადგნენ თავს ამენოკალს და მის ხალხს, რომ  „შაითნის დერეფანში“ ძლივს შეასწრეს ჩვენებმა. იქედან  მხოლოდ ორი იმგადი გამოვიდა ცოცხალი, დანარჩენები  „შაითნის დერეფანში“ დაიღუპნენ. მას შემდეგ იქ არცერთ ტუარეგს ფეხი აღარ დაუდგამს. 

      - ესე იგი პოლონელს ტუარეგები „შაითნის დერეფანში“ არ შეჰყვებიან?
      - არც მე და არც იმგადები იქ არ შევალთ. არც ჰილალე შევა. არაბებიც შეშინდებიან. პოლონელი მშიშარა არ არის, მაგრამ არ მგონია მარტო შევიდეს.  შემოვლით გზაზე  წავლენ და რამდენიმე დღეს მაინც დაკარგავენ. ამიტომ „შაითნის დერეფანი“ შენ უნდა გაიარო და მდევარს ფარაფრაში ჩრდილოეთიდან შეასწრო. 
    - ჰილალე სხვა მომთაბარე ყაჩაღებსაც დაიქირავებდა, თუ მე მომყვებოდი კვალზე, ეს არ გეცოდინება. არ მგონია ჭკვიანური იყოს "შაითნის დერეფნით სიარული თუ  ყაჩაღები მაინც მომიჭირან გზას.  ქალის სიცოცხლე ასეთ რისკად არ ღირს. 
      - სხვა გამოსავალს ვერ ვხედავ, თუ ჩვენები დაგეწევიან, ამას კარგი არაფერი მოჰყვება, ქალს ნამდვილად მოკლავენ.

      ალ კაბირმა მზერა ადრარს გაუსწორა და მდუმარედ დააკვირდა. ადრარიც თვალმოუშორებლად შესცქეროდა ბედუინს.

      - ადრარ, რატომ მირჩევ ასე დაჟინებით იმ დერეფნით სიარულს. ჩემზე კარგად გცოდინია რა ხდება იქ.  ეს ორმაგი ხაფანგია.
      - ალ კაბირ, შენ საერთოდ აღარ ფიქრობ საჰარაზე. მთავარი საფრთხე მდევარი კი არა, დროა და დრო უნდა მოიგო. ქვიშის ქარიშხლამდე დღეებიღა დარჩა და უნდა გაასწრო. ამის საშუალებას მხოლოდ "შაითნის დერეფანი"  მოგცემს და გზას შეიმოკლებ.  თუ ღია უდაბნოში ხამასინმა მოგისწროთ,  ქალი ქვიშის ქარიშხალს ვერ გაუძლებს და ხელში ჩაგაკვდება. 

      ადრარი შებრუნდა, აქლემიდან კიდევ ერთი ბოღჩა გადმოიღო და ალ კაბირს მიაწოდა.

      - ამ ბოხჩაში ჩვენებური ტანსაცმელია,  ლურჯი ხალათი და ლისამი. იქნებ გამოგადგეს. ესეც ჯადარის უნაგირია, ყველაფერი აქაა რაც ცხენზე იყო  როცა ჩვენთან მოვიდა.  ესეც  შენი საველე ზურგჩანთა, ნახე რა გამოგადგება. ამ ზამთარში რომ მიაბარე დედა სილის, შეგინახა და ახლა გამოგიგზავნა...

      - აი ეს ნამდვილად დამჭირდება,  მადლობელი ვარ...
      - აქამდე ისე მოიტანა მეც  ვერ შევამჩნიე. ღამით ამენოკალიას კარავში მალავდა, დილით ჩარდახის ჯვალოში ახვევდა და აქლემზე კიდებდა. ყველაფერი აქაა, შენი ტანსაცმელიც და იარაღიც. 
      -  მოხუცი სილი აქაა? სოფლის ხალხს არ გაჰყვა?
      - ამენოკალიამ მძევლად წამოიყვანა.  ორი იკლანი დარაჯობს და თვალს არ აცილებენ...
      -  მძევლად?.. ეგეც იკადრა... ჰილალემ ნმადების  ბელადის გაქცევა როდის შენიშნა?
        - როცა მე მაგზავნიდა, მაშინ ჯერ კიდევ არ იცოდა. ჩემზე ეჭვს ვერ აიღებს... კიდევ რაღაც მაქვს სათქმელი.
      - გისმენ...
      - როცა ბანაკად ვდგებით, პოლონელი ბანაკის განაპირას ჩერდება. ერთხელ მითხრა, რომ შენთან მტრობა კი არა მეგობრობა დომებია, მაგრამ სხვაგვარად დატრიალებულა ბედისწერა. ორი ღამის წინ, მთვარის ამოსვლამდე  მე ვიყავი ღამის გუშაგი,  ყველას ეძინა. პოლონელი ძილში თავის ენაზე ლაპარაკობდა. ყველაფერი ვერ გავიგე, მაგრამ რაც გავიგე არ მოგეწონება.
    - რა გაიგე?     
    - სულ ერთი და იგივეს იმეორებდა ... -  ადრარმა ყურთან რაღაც უჩურჩულა ალ კაბირს, 
    -  იცოდა რომ მნახავდი და  შუამავლობა გთხოვა?!  თუ... ისიც აქვეა და მიმალავ!!!
      -  მგონი ნანობდა...

      - ადრარ, კაცს თუ ცუდის გაკეთება არ უნდა - არც გააკეთებს, თუ დიდმა შიშმა არ გააკეთებინა.  მის ვერაგობას არ აჰყვე.  გზაში  ყოველთვის მის უკან იარე, მუდამ მხედველობის არეში გყავდეს, წამით არ მოაცილო თვალი. ან, იქნებ ჯობდეს აღარც მიბრუნდე და ჩემთან წამოხვიდე, ახლა ძალიან მჭირდები!  თუ გაგიგეს რომ მეხმარები, ცოცხალს  მაინც არ დაგტოვებენ.

    -  წამოვიდოდი. ტომშიც დიდი ხანია არაფერი მაკავებს, მაგრამ დედა სილის ვერ მივატოვებ.
    -  ტომში თქვენი  დარჩენა აღარ შეიძლება. დრო იხელთე და სილისთან ერთად ლიბიაში გადადი, მამაჩემი ახლა საბადოზე იქნება. ჩვენი სახლის კარი თქვენთვის ღიაა.   
    - მეცოდინება.
    -  თქვენი ხალხი სად წავიდა?
    - სოფელი აიყარა, ბევრი რამ დაკარგა ხალხმა, რწმენაც...
    -  ერთგულებიც შერჩენია ამენოკალიას, რაკი აქამდე მოჰყვნენ.
    - ტუარეგი დედამიწის მეორე მხარესაც წავა ამენოკალიას ბრძანების შესასრულებლად.  ათასი წელია ასეა და ასე იქნება.
    - დრომოჭმულია თქვენი ადათები ადრარ, თუ არ შეცვლით თქვენი ცხოვრება ჯოჯოხეთს დაემსაგვსება.
      - მე ისედაც ჯოჯოხეთში ვცხოვრობ  ალ კაბირ... უნდა წავიდე,  ალლაჰი იყოს შენი მფარველი ამ ძნელ გზაზე. 
      -  ინშალაჰ ადრარ!..ალლაჰმა ინებოს  ფარაფირაჰში ჩვენი მშვიდობიანი შეხვედრა. 

        საუბრის დასრულებისთანავე  ტუარეგი აქლემზე ამხედრდა და ღამეში ლურჯი ნისლივით გაქრა. 
 
      ბედუინმა  მოტანილი ბარგი აქლემს აკიდა, ცხენი სწრაფად შეკაზმა და ქარავანი ძველებური მწკრივით დაიძრა.

      მთვარე ხელმარცხნივ მოვიტოვეთ.
ჩვენი ჩრდილები მთვარის ვერცხლით მოვარაყებულ ქვიშაზე გაიფინენ და  ჩვენთან ერთად დაადგნენ გზას.  ქარავანი სწრაფად და დაუღალავად მიაბიჯებდა. აცივდა. მხარმა თავი შემახსენა და ტკივილმა მრუდედ ჩამსერა. ალ კაბირმა ხელით აჩქარება მანიშნა და აქლემს ქუსლი ჰკრა. ჩემი დრომადერი უგემურად, მაგრამ სწრაფად აჰყვა წინმავალს, კისერი წაიგრძელა  და კვალზე მიჰყვა.
 
      ტუარეგის ნათქვამ  ჩემთვის სრულიად გაუგებარ  სიტყვებზე ვფიქრობდი.

      "ღანაყ ალ არდ"... - სათითაოდ ვმარცვლავდი გონებაში. რას უნდა ნიშნავდეს ნეტავ... „მოეფერე“... არა, უფრო  „ჩაეხუტე“  უნდა იყოს.  „მოეფერე მიწას“ თუ „ჩაეხუტე მიწას?“... იქნებ „მიწას ჩახუტებული“ ან  „მიწაზე  გაწოლილი“...  „მიწაზე  ჩასახუტებლად გაწოლილი“ თუ,  „მიწაზე გართხმული“... „მიწაზე ჩასახუტებლად გართხმული“... "მიწას მოსაფერებლად ჩახვეული"...  გველებზე ამბობდა?  მიწაზე გართხმულიო... ამას ხომ გავიგებდი.  „ელ კუბრა“, - ასე ამბობენ უფრო...  გველი არ არის, აბა რა არის? თანაც ბევრზე ბევრიო... უამრავი გველიო?..- ის გველებიანი ადგილი გამახსენდა ცხენმა თავზე ფრენით რომ გადაუარა და გულში ზიზღმა და შიშმა ცივად გამკრა. 

      „  -კიდევ რა თქვა? შენთვისაც ძნელი იქნება იმ ადგილის გავლაო,  შენ შეძლებო, მაგრამ ქალი ვერ შეძლებსო“... უნდა შევძლო... თუ მეცოდინება რა  მელის, - შევძლებ!. რომ ვკითხო? ისევ გაურკვევლობაში დამტოვებს და ახლაც არაფერს ამიხსნის... არც გამიკვირდება რომ არ ამიხსნას. როცა პირისპირ ხედავ საფრთხეს - იმასაც  ხედავ, როგორ გადაირჩინო თავი. მაგრამ რას უნდა გავექცე და რა არის "ეს საშიში" რომ არ ვიცი?  რა შეიძლება იყოს ეს „მიწაზე ჩახუტება“ ან „მიწის მოფერება“  თანაც ისეთი,  რომ ტუარეგებმა ამენოკალი ვერ დაიცვეს და  ყველა დაიღუპა. 

როგორც ჩანს სწორედ იმ „შაითნის დერეფანში“ გადაწყვიტა გავლა.  ბრმად რატომ დაიჯერა ტუარეგის?  ეს „შაითნის დერეფანი“, - იქნებ სწორედ ის ხაფანგია სადაც ორივე თაგვებივით უნდა გავებათ და ვეღარ გამოვაღწიოთ.  ჰილალეს დაგებული ხაფანგია? ადრარი მოაგზავნა? იცოდა რომ ნამდვილად გვიპოვიდა და იმიტომ? ვის ეხმარება ტუარეგი, ამენოკალიას, პოლონელს თუ ალ კაბირს?... როგორ მენატრებიან ჩემები, როგორ მინდა ჩემს საქართველოში, ჩემს თბილისში, ჩემს სახლში, ჩემს სიმყუდროვეში, სადაც არც „ეშმაკის ძაღლები“ არიან, არც „კლდის კაცები“, არც ტუარეგები, არც პოლონელი, არც ამენოკალია...“
 
        ამასობაში შუაღამის  მთვარე დასავლეთის მწვერვალს გვირგვინად დაადგა. 
        ქვიშიანი უდაბნოდან კლდოვან ჰამადში გადავაბიჯეთ და შეუჩერებლად გავაგრძელეთ გზა. ქვიანი ნიადაგი, ძნელად სასიარულოდ გაგვეგო ფეხქვეშ. ხან ლოდის ნატეხები ამოჩრილად გვიღობავდნენ გზას, ხან წვრილად დამსხვრეულად ამოგვედებოდნენ ნაბიჯქვეშ, ხანაც გაშლილ კენჭებად  იბნეოდნენ აქლემის ფეხქვეშ... გადავჩვეოდი ლოდის ნატეხებით  მოფენილ ქვიან გზაზე სიარულს. საერთოდაც ვამჩნევდი ჩემს „სწრაფ მიჩვევა-გადაჩვევებს“  ყველაფრის მიმართ... თუ ყველას მიმართ?...

        ისევ გავხედე ქანდაკივით ამოყვანილ სხეულს, წვრილ წელს, განიერ მხრებს, სწორ და  მაღალ ფეხებს.  უზანგებზე შემდგარი  გზას აკვირდებოდა. უკან არ იხედებოდა, ხანდახან მარჯვნივ გახედავდა მიწაზე ერთმანეთზე გადაბმულ  ჩრდილებს, ჩემს წაგრძელებულ ჩრდილზე მზერას  წამით შეაჩერებდა, შემდეგ ისევ უშნოდ შემოფეთებული ლოდებით  მოფენილ უგზო გზას აკვირდებოდა. 

      დაღლილობამ  იმატა. მშიერს, დაღლილს და ნამტირალევს თვალები მეხუჭებოდა. აქლემზე ძილი ჩემთვის სახიფათო იყო, ჩამოვარდნილს,  ლოდებიდან ვერაფერი ამკრეფდა.  ძილის მოსატყუებლად  ცას შევაჩერდი.  მილიარდობით ვარსკვლავს მოეყარა თავი საჰარას გამჭირვალე ცაზე,  კოსმოსი  მთელი სხეულით ვიგრძენი.  მოდარაჯე ვარსკვლავები თვალჩაუქრობლად ციალებდნენ.  ისინიც,  ისევე სამარადჟამონი იყვნენ, როგორც ჩემს წინ გაბნეული ლოდები.  ცის ვეებერთელა, უსაშველოდ დიდი და ოვალური სარკე მთლიანად თავად იყო უფსკერო და უსასრულო უდაბნო, სადაც ყველა ქვის ნატეხი - ცაზე ვარსკვლავად დანთებულიყო და  ფეხქვეშ უდაბნოგაშლილს - თავზეც უდაბნო მეხურა.

        „ ან მეჩვენება ან, სიზმარია... ან ღამითაც ჩნდებიან მირაჟები..“ - გაფიქრებაც ძლივს მოვასწარი რომ ძილი მომერია, მაგრამ  მოწყვეტით შეჩერებულმა აქლემმა  გამომაფხიზლა. ალ კაბირი გვერდით ამომდგომოდა.

      - ეს დაღეჭე. ძილს დაგიფრთხობს. ძალას შეგმატებს. "არაბიკას" ფოთლებია, ოღონდ არ გადაყლაპო. წვენი გამოწუწნე და წყალი დააყოლე. სწრაფად  გამოგაფხიზლებს.

        ყავის ხის გამომშრალ ფოთლებს ყავის ნაზი სურნელი ასდიოდა. ნელა დავიწყე ღეჭვა, ყავის მონატრებული გემო გამახსენდა, ოღონდ  ფოთლები - უფრო არომატული, ნაკლებად მწარე  და ოდნავ მწველი იყო, -  ვიდრე ყავის მარცვლები. კევივით ვღეჭავდი  ფოთლებს და წყალს ვაყოლებდი.  ცოტა ხნის შემდეგ მართლაც გამოვცოცხლდი, ძალაც მომეცა, მზერაც ნათელი გამიხდა და  ძილმაც უკან დაიხია.  უნაგირზე გავსწორდი და ცხენს გავხედე. ჯადარი ბედუინის გვერდით იორღით მიდიოდა. ისე ლამაზად  და გრაციოზულად მოძრაობდა, თითქოს ლოდების ნამსხვრევებზე კი არა - პოდიუმზე მიაბიჯებდა.

      - „პრანჭია“ - გავიფიქრე და გამეღიმა. ჯადარმა ისე ჩაიფრუტუნა,  თითქოს ფიქრს მიმიხვდა... ცხენის „პასუხზე“ გულიანად გამეცინა. ჩემი სიცილი ლოდებმა აირეკლეს და  ხელისგულზე ჩამოტანილ ვარსკვლავებს მოწკრიალე ნამსხვრევებად შეაყარეს. 

        გზა უსაშველოდ გაგრძელდა.  მთვარე თითქოს ადგილიდან არ იძვროდა,  დასავლეთს ისევ მწვერვალზე ადგა და დროის მოგებაში გვეხმარებოდა - დიდხანს რომ არ გათენებულიყო და დიდი გზის გავლა მოგვესწრო. დაკვირვებით ვუყურებდი  წინმავალი აქლემის ნაბიჯებს. ისე ზუსტად და სწრაფად არჩევდა ლოდების ამდენ ნამსხვრევში  სად დაედგა ფეხი, რომ გულით მიკვრიდა.  ეს გონიერი და უცნაური მოყვანილობის ცხოველი სწორედ ამ უდაბნოსთვის შეექმნა ღმერთს. ჩემი აქლემის ნაბიჯებსაც  დავაკვირდი, ისიც ისე დანდობილად აბიჯებდა თავის  ვეება და ბრტყელ ტერფებს,  თითქოს ლოდებზე კი არა ქვიშაზე მიდიოდა. 

      მთვარემ მხარი იცვალა და ჩვენმა ქარავანმაც ოდნავ მარცხნივ გადაუხვია.
უდაბნში  ღამეული ხმები  ისმოდა. ღამის მონადირეების და მათი მსხვერპლის  ხმები. სიცივე მთელ სხეულში გამიჯდა, თითქოს სისხლი გამიცივდა, ჩემი დაძონძილი მოსასახამი ვეღარ მშველოდა. კბილს კბილზე ვაცემინებდი და ერთიანად ვძაგძაგებდი. წინმავალი აქლემი შეჩერდა, ალ კაბირმა ცხვრის მატყლის კარგად მოთელილი თბილი მოსასხამი  უხმოდ მომაწოდა და ბედუინი ქალების ნახელავმა მაშინვე მყუდროდ მაგრძნობინა თავი.

      თითქოს საჰარას ღამის მისტიურობა მეწვია, ისეთი უცნაური ხედვა დამეწყო რომ თავი გაორებულად ვიგრძენი. 
პირველი  „მე“, - კედელზე მიხატულ ვეებერთელა პანოს - შორიდან შეჩერებოდა.  პანოზე  საჰარას თვალუწვდენელ, მთვარით განათებულ,  შუაღამის ცივ უდაბნოში,  აქლემებზე ამხედრებული, ჩემსკენ ზურგშექცეული ორი ადამიანი არაბულ ცხენთან ერთად მიაბიჯებდა.  მათ სილუეტებს ანარეკლად მოსდებოდა მთვარის ვერცხლი.

მეორე „მე“  - პირველისკენ  ზურგშექცეული და ერთკუზიან აქლემზე  ამხედრებული, -  უცხო მამაკაცთან ერთად  უკანმოუხედავად მიიწევდა წინ  ღამეულ საჰარაში და თანდათან შორდებოდა პირველს... 

          როგორც იქნა რიჟრაჟმა მოაწია, გზა უკეთ გამოჩნდა და ბედუინმაც სისწრაფეს უმატა. თითქმის ჭენებით მივდიოდით.  ალ კაბირი, დრო და დრო აღმოსავლეთისკენ იყურებოდა.  ტუარეგთან შეხვედრის შემდეგ ხმა აღარ ამოუღია. უკმაყოფილო და დაფიქრებული მზერა ჰქონდა.  ვხვდებოდი რომ გეგმას აწყობდა და ზუსტად ამ წუთში  ამ გეგმაში ჩემს „ადგილზე“ ფიქრობდა.
 
      მზემ ამოსვლა დაიწყო და აღმოსავლეთი ვარდისფრად შეფერადდა. რამოდენიმე წუთით გავჩერდით, ბედუინმა  ბანანის ფოთლებში შეხვეული ხაჭო  და კარკადეს წვენი მომაწოდა. ამდენი ხნის მშიერს, ისე მეგემრიელა რბილი და ცხიმიანი მოყვითალო ხაჭო, არც გამიგია ხელში როგორ შემომათავდა.  პირდაპირ აქლემებზე ვისაუზმეთ. ჯადარი ანაბსიებს ახრამუნებდა და თან პატრონს  ფეხზე თავით ეფერებოდა. ბედუინმა ცხენს  წყალი დაალევინა და  ქოჩორი გაუჩეჩა.  ბანანის ფოთლების გადასაგდებად ხელი მოვიქნიე, მაგრამ ალ კაბირმა ხელი მტაცა, თავი უკმაყოფილოდ გადააქნია, ფოთლები გამომართვა, აბგაში ჩაკეცა და გზის გაგრძელება მანიშნა.

    "-კვალს არ ტოვებს.." - ტუარეგის ნათქვამი გამახსენდა,  ჩემზე რომ თქვა, "გამოუცდელია და ბევრი კვალი დატოვაო."

      მზე ცაში გამოეკიდა და ჩამოცხა.  შეუჩერებლად მივდიოდით, ხან ჭენებით, ხან თოხარიკით, ხანაც ნაბიჯით, როგორც ამას მიწაზე დაფენილი ლოდები და ქვები გვკარნახობდნენ.  მთელი ყურადღება გზას მიჰქონდა, მის გარდა ვეღარფერს ვხედავდი. შუადღის მოსვლაც მხოლოდ ჩრდილების გაქრობამ გვაუწყა.

      ალ კაბირმა დასასვენებელი ადგილი ვეებერთელა ლოდის ჩრდილოეთის მხრიდან შეარჩია და ჩემი აქლემი დააჩოქა. დაღლილს უნაგრიდან გადმოსვლის თავიც არ მქონდა. ბედუინმა სწრაფად გაშალა მიწაზე აქლემის ტყავი, პატარა ჩარდახი მოაწყო  და მისკენ მანიშნა. 

      - მზე გადაიხრება და გაგაღვიძებ... -  თავი ჩუმად დავიქნიე, დიდი ხვეწნა არც მჭირდებოდა, ისედაც ნახევრად მეძინა და თავი მკლავზე მივდე.
       
      თვალი რომ გავახილე თავზე ჯადარი მადგა  და ფრთხილად მყნოსავდა.  შორიახლო,  გახურებულ ლახმაჯზე ხაჭო, პური,  კარკადეს ჩაი და ჩემი შესქელებული რძე ცხელდებოდა. ალ კაბირს მთელი ბარგი მიწაზე გაეშალა, ყველაფერს სათითაოდ სინჯავდა და ათვალიერებდა.
       
        რაღაც ნივთები გათხრილ ორმოში ჩამარხა და ზედ ლოდი გადააგორა, ნაწილი ისევ შეკრა. ხორცის ნაჭრები ხანჯლით დაკეპა და ლახმაჯთან დაალაგა.  აქლემის ტყავები წყლით დანამა და ხანჯლით გაფხიკა, ნაფხეკიც ორმოში ჩამარხა და ტყავები მზეზე გაშალა. ხელში შოლტი აიღო, კარგად დაათვალიერა და გვერდზე გადადო. ზოლებად დაჭრილ აქლემის ტყავზე -  სამი თუ ოთხი  მკლავის სიგრძე გადაზომა და  ახალი შოლტის დაწვნა დაიწყო. სწრაფად მოამთავრა, ხის ტარიც დაუგო, ფეხზე ადგა და მოსინჯა.  შოლტმა ტყლაშუნა სხივილით გაკვეთა ჰაერი. მოწონებული  ნაკეთები  გვერდზე გადადო. ახლა ჯადარის „ ფეხსახვევების“ გამოჭრა დაიწყო ხანჯლით და ისიც სწრაფად მოამთავრა.  აქლემის ტყავებს თვალი მოავლო ხელით გასინჯა. რომლის სიმაგრეც მოიწონა, გვერდზე გადმოალაგა, დანარჩენი კი გუდაში გამოკრა და ჩემსკენ მობრუნდა. 

        საჭმელი ბანანის ფოთლებზე გადმოალაგა და უხმოდ მანიშნა ახლოს მივსულიყავი. კარკადეს  ჩუმად სვამდა და მშვიდად ელოდა  „სადილის“ დასრულებას.  როგორც კი დავამთავრე, ჩემს პირისპირ ფეხმორთხმული დაჯდა, სახიდან საბურავი მოიცილა და მშვიდად მითხრა: 

    - ვიცი,  გაბრაზებული და ნაწყენი ხარ, მაშინ ჩემი გეგმა რომ არ გაგიმხილე და  ცოცხლად დამარხული აღმოჩნდი. ახლა ყველაფერს გეტყვი, მაგრამ უნდა იცოდე რომ უკან დასახევი გზა არ გვაქვს. რაც გველის, უნდა გადავლახოთ.  თუ ყველაფერმა მშვიდობიანად ჩაიარა, ზეგ დილით უკვე ფარაფრაში ვიქნებით და შენს ოჯახთან დაკავშირებას შეძლებ.

    - რა გველის?!
    - ხვალ გამთენიას, კლდოვან დერეფანს მივადგებით, ის დერეფანი უნდა გავიაროთ და მეორე მხარეს გავიდეთ. ეს სამი დღის გზას დაგვიზოგავს. დერეფანში ხიფათი გველოდება. მომზადებული უნდა შევხვდეთ.  შენი გავარჯიშება მომიწევს. შოლტის ხმარება და  თავაწყვეტილ ცხენზე თავის შემაგრება უნდა  ისწავლო.  მხოლოდ ეს არის შენი გადარჩენის შანსი.
    - აქლემით აღარ ვივლი?
    - მხოლოდ „შაითნის დერეფნამდე.“ მერე მთელ გზას ცხენით გაივლი.
    - შენ?
    - მე უკან ფეხდაფეხ აქლემით მოგყვები. ცხენს მიჩვეული ხარ, ისიც მოჩვეულია, თან მისი გონიერების  და სისწრაფის იმედი მაქვს. აქლემს ასე ვერ ვენდობი. ცუდია რომ  მხარი გტკივა და მარჯვენა ხელით მათრახს  ვერ იხმარ.
    -  ცაცია ვარ, „გულის ხელით“ ვცხოვრობ, მარცხენა ხელით არაფერი გამიჭირდება.     
    - ცაცია? არ შემიმჩნევია.
    - ბევრი რამ არ შეგიმჩნევია, საერთოდაც  მგონია რომ „გამოგრჩი“.
    - რა გამომრჩა?

    - მაგალითად ის, რომ პირისპირ დანახული საფრთხე და  პირდაპირ ნათქვამი სიტყვა მირჩევნია. მიჯობს  გონებით მოვემზადო განსაცდელისთვის, ვიდრე ცარიელმა შიშმა თავის ნებაზე მაქანაოს.  რატომ დაუჯერე ადრარს, რომ მაინცდამაინც  "შაითნის დერეფანი" უნდა გავიაროთ? 

    - ბრმად არ მჯერა. ის იმგადია. ამენოკალიას ქვეშევრდომი და მისი რჩეული, მაგრამ  რამოდენიმე ადგილას კვალი მეც შევნიშნე, უკვე  ვიცოდი რომ ორი ჯგუფი უკვე ჩვენზე წინ იყო წასული. ნმადების ბელადმაც მითხრა რომ დახლასკენ ჯგუფი  წავიდა. მეც ვნახე დახლასკენ მიმავალი კვალი. 
 
    - როდის გადაგვასწრეს?
    - ტუარეგები ძალიან ამტანი ხალხია. წარმოუდგენლად ამტანი, ეს უდაბნო მათი სამშობლოა. ისინი საზარელ სიცხეშიც არ შეჩერდებიან, მხოლოდ ბინდიდან მთვარის ამოსვლამდე ისვენებენ და ისევ აგრძელებენ გზას. სანამ მე მდევრის ჩამოშორებას და  შენ - სამალავიდან ამოსვლას ცდილობდი, - ხუთი დღე -ღამე გავიდა და დრო დავკარგეთ, მათ კი ეს დრო მოიგეს. თუმცა არც შაითნის დერეფნის გავლაა მდევრისგან თავის დაღწევის გზა. ჰილალემ შეიძლება ფარაფრას შესასვლელთან ყაჩაღების ბანდა დაგვახვედროს ან თავისი ჯგუფი დღე და ღამე შეუსვენებლად ატაროს და მაინც დაგვეწიონ.
    - მაშინ, იქნებ არც ღირს იმ დერეფანში შესვლა, იქნებ... იქ...ტუარეგების დევნაზე უარესი რამ გველოდება.
    - მაინც ღირს. ქვიშის ქარიშხალი ძალიან მალე, რამდენიმე დღეში დაიწყება.  სანამ ქარიშხალი ამოვარდება  კაიროში დაბრუნება უნდა მოასწრო. თორემ მთელო ორმოცდაათი დღე საჰარაში ჩარჩენა მოგიწევს... ჩემთან ერთად... 
   
      - რა არის იმ „შაითნის დერეფანში,“ რას ნიშნავს ეს ბევრჯერ „მოეფერე მიწას“ თუ ბევრჯერ „ჩაეხუტე მიწას“?!  - ისე ვთქვი თითქოს ბოლო სიტყვები არც გამიგონია.
    - ეგ დერეფანი საჰარას ველური კატის, საშიში მხეცის, უდაბნოს ფოცხვერის თავშესაფარია. თქვენებურად კარაკალი  ჰქვია, არაბულად  "ღანაყ ალ არდ", ანუ "მიწას ჩახუტებული." მიწაზე მთლიანად გაწოლილმა იცის ჩასაფრდება და  უჩინარი ხდება და შეუმჩნევლად ესხმის თავს მსხვერპლს. - ისე ჩვეულებრივად მიპასუხა, თითქოს არც მას უთქვამს  "ის ბოლო სიტყვები."

    - ესე იგი იქ უამრავი უდაბნოს ფოცხვერია, სანადიროდ ღამე გამოდიან და შეიძლება დაგვგლიჯონ?
    - თუ გონივრულად  და ერთად ვიმოქმედებთ, შეიძლება უვნებლებმა გავაღწიოთ მეორე მხარეს. 
    - შეიძლება?! იარაღი არ გვაქვს?

    - გვაქვს, მაგრამ მისი გამოყენება სისულელეა.  დამიზნებას დრო ჭირდება.  ერთს თუ მოკლავ, ამასობაში სხვები ერთდროულად დაგვესხმიან თავს.  უთავბოლო სროლისას ტყვიას ლოდები  და კლდეები აისხლიტავს  და  ჩვენ შეიძლება დაგვაზიანოს  ან ცხენი და აქლემები. ეს კი იგივე სიკვდილია.  კარაკალები მხოლოდ მათრახით უნდა მოვიგერიოთ, ნახტომის საშუალება არ უნდა მივცეთ.  ცხენიც ეცდება მოგერიებას,  მე  ზურგიდან დაგიცავ.  შენ მხოლოდ ორი ამოცანა გაქვს: ერთი,- რაც არ უნდა მოიმოქმედოს ჯადარმა, ცხენზე უნდა დარჩე და მეორე, -  ცხენის  მკერდს და კისერს  ფოცხვერი არ მიაკარო.  დანარჩენი ჯადარმა იცის, მთლიანად ენდე  და სამშვიდობოს  გაგიყვანს. ახლა კი სანამ ქვიშიან უდაბნოში ვართ, ჯობია  ვარჯიში დავიწყოთ. ცხენიდან რამდენჯერმე მაინც გადმოვარდები და ქვიშაზე არაფერს მოიწევ. ჰამადში რამეს დაიზიანებ და ვითარება გართულდება. თუ გადმოვარდები, მაშინვე უნდა წამოხტე და ცხენს ზურგზე მოექცე.

        ალ კაბირი ჯერ შოლტის ხმარებას მასწავლიდა. ხელის იმ მოძრაობას მიჩვენებდა, რომელიც შოლტის მოძრაობის სასურველ ტრაექტორიას იძლეოდა. მას ჯერ ჩემს თავზე უნდა შემოევლო „რვიანი“ ან "წრე" , შემდეგ კი მიწის პირზე ჰაერში უნდა გასრიალებულიყო.
      მეოცე მცდელობაზე ძლივს გამომივიდა მისი მოსაწონი მოძრაობა.  მეორე ოცი - „დაჭერილი“ მოძრაობის დახსომებას დასჭირდა. მესამე ოციდან მხოლოდ ორი შეცდომის დაშვების უფლება მომეცა, მეოთხე ოციდან მხოლოდ ერთის. მომდევნო  ოცი კი იმას, -  რომ ხელს მექანიკურად, ფიქრის და ყურადღების გარეშე ემოძრავა და არცერთი შეცდომა აღარ  დაეშვა.

        მეორასე მოძრაობაზე უკვე შოლტის ხმარება სრულიად დაუბრკოლებლად შემეძლო, მექნიკურად, მსუბუქად და ზუსტად. ალ კაბირის მითითებით, ხან ცხენის სიმაღლის ლოდზე შემდგარი, თუ მიწაზე მდგომი - ყველა მის ნაჩვენებ მიზანს შოლტის წვერით ვამათრახებდი, დაწუნებისას შუბლს იკრავდა, მოწონებისას მხოლოდ თავს მიქნევდა. სათადარიგო შოლტების დამზადება გადაწყვიტა, რადგან  შეიძლებოდა შოლტი ფოცხვერს  დაეჭირა და  გაწყვეტილიყო.

      ვარჯიშს მთელი სამი  საათი დასჭირდა. ალ კაბირმა მცირე  შესვენება მომცა. ლოდზე ჩამომომჯდარს, ყურებში შოლტის ზუზუნი, სივილი და ტკაცუნი გაბმულად მესმოდა. ჩემი გონება ცდილობდა დაუმცდარად ჩაეჭედა ტვინში ჩემი ხელის მოძრაობა. თვალი მხოლოდ მიზნისკენ უნდა მქონოდა,  ხელს კი შოლტის წვერი მიზნამდე უნდა მიეტანა და მწარედ გაემათრახებინა.

        შესვენების დამთავრება  უსტიყვოდ მანიშნეს და ცხენით ვარჯიშის დრო დადგა. ყურადღებით ვუსმენდი როგორ უნდა შემეკავებინა თავი,  თუ    ცხენი ყალყზე  შედგებოდა  ან პირიქით, უკანა ფეხებით დაიწყებდა  წიხლების სროლას  ან  წინა და უკანა ფეხებზე მორიგეობით ხტომას.  მიხსნიდა "ოქროს წესს" -  ცხენის  ჰაერში ნახტომისას, მისი თავისკენ წახრილი  და უზანგებზე ფეხზე მდგარი უნდა ვყოფილიყავი, სხეულის წონა ფეხის წვერებზე  და მუხლებზე უნდა გადამეტანა და უნაგირზე არასგზით არ  უნდა დავშვებულიყავი, თორემ  მიუხედავად ჩემი სიმსუბუქისა, ცხენი ხერხემალში გადატყდებოდა.

      „ეს ხომ ვრონსკის შეცდომაა...“ -  გამახსენდა და ღრმად ჩავისუნთქე.    საქვეყნოდ ცნობილი დოღზე დაშვებული შეცდომა ვრონსკის -  სახალხოდ თავის მოჭრად,  საყვარელი ცხენის სიცოცხლედ და მაღალ საზოგადოებაში დიდ სირცხვილად დაუჯდა.  იგივე  შეცდომა,  მე და ჯადარს კარაკალების კლანჭებით და ბასრი კბილებით მოტანილი სიკვდილით გვემუქრებოდა.  ოღონდ ის,  წიგნში დაწერილი რომანის ეპიზოდი იყო, აქ კი... ველური სინამდვილე.   

      ჯადარი გრძნობდა, რომ რაღაც დიდი უნდა მომხდარიყო, სადაც თვითონ უნდა ყოფილიყო მთავარი გმირი. ცხენი ზუსტად ასრულებდა პატრონის მითითებებს, ხან გაჭენებული, - მოწყვეტით ჩერდებოდა და უკანა ფეხებზე დგებოდა, ხან ტლინკებს ჰყრიდა, ხან წრეზე ტრიალებდა და ხანაც  წინა და უკანა ფეხებზე მორიგეობით ხტუნავდა.  ძაღლივით უხაროდა ყურადღებას რომ ვაქცევდით...  მეც მიხაროდა რომ ცხენიდან მხოლოდ სამჯერ გადმოვვარდი, მეტჯერ კი აღარც კი ჩამოვცურებულვარ,  თითქმის ყველა რყევა ავიტანე  და ბედუინის იმედები  თითქმის გავამართლე... 

        თუ  ყალყზე შემდგარ ცხენზე უშიშრად  და სწორად ვიჯექი, მის თვალებში ოდნავ გამკრთალი სხივი ელავდა...თუ მიწაზე აღმოვჩნდებოდი, მდუმარედ და მკაცრად მანიშნებდა, რაც შეიძლება სწრაფად მოვქცედი  ცხენს ზურგზე.  ხოლო როცა ცხენი უკანა ფეხებით იგერიებდა  ალ კაბირის ნასროლ დაგორგოლავებულ აქლემის ტყავებს, მაშინ  მხოლოდ შეძახილი მესმოდა:  „უფრო ძლიერად ჯადარ, უფრო ძლიერად!“

      ალ კაბირი დასვენების საშუალებას არ მაძლევდა... ცხენს უნაგირი მოხსნა და ყველაფრის გამეორება ახლა უნაგირის გარეშე მაიძულა. მასწავლიდა მუხლების და ტერფების მეშვეობით როგორ უნდა შემემაგრებინა ცხენზე თავი. მიხსნიდა რომ გაუთვალისწინებელ შემთხვევაში ცხენის ბეჭებზე გადამენაცვლა და კისერზე მივხუტებოდი მანამ, სანამ ისევ შევძლებდი გასწორებას. ბოლოს ხელში შოლტი მომცა და გარშემო გაფანტილ ლოდებზე ათიოდე სამიზნე მომინიშნა.  ცხენზე მჯდომი,- ყველა სამიზნეს მივწვდი. ვარჯიში მანამდე არ დაასრულა, სანამ გაჭენებული ცხენიდან ყველა ლოდი არ გავამათრახე ისე, რომ ჯადარს არცერთხელ არ შეხებია მათრახის წვერი.

მეც და ცხენიც ძლივსღა ვსუნთქავდით.  ასეთი დაღლილი ჯადარი აქამდე არ მენახა.  წყვეტილად ქშენას  მოუხშირა, ყურები გაუოფლიანდა, ფაფარი დაუსველდა, კისერზეც ოფლის წვეთები ჟონავდა, მაგრამ ალ კაბირი შეუბრალებლად იძლეოდა გამეორების ნიშანს და ყურადღებას არაფერს არ აქცევდა.

        ბოლოს როგორც იქნა ვარჯიში დასრულდა.  დაოსებული და ოფლიანი, პირდაპირ ქვიშაზე მივწექი.
ალ კაბირმა  ცხენი მანამდე ატარა წინ და უკან სანამ ოფლი არ შეაშრა და მე მომიბრუნდა:
    - ცოტა დაისვენე და ჯადარს მოუარე. ფაფარი ზედ კისერზე  ნაწნავად უნდა ჩამოუწნა და ბოლო ნასკვით ისე დაუმაგრო, რომ უნაგირთან თავდებოდეს.  ძუა ორად გაკეცე და მაგრად გამონასკვე. კარაკალი ფაფარზე ან ძუაზე არ უნდა დაეკიდოს  ცხენს.

    - ალ კაბირ, იქ ღამე მოგვიწევს სიარული, მთვარის შუქი ვერც ჩამოაღწევს, გზის გასანათებლად რაღაც დაგვჭირდება...
      - შენ ცხენს მიხედე, მე კი მაგ საქმეს მივხედავ.

ცხენს თითებით დავვარცხნე ფაფარი და ძუა  და ზუსტად ისე დავამაგრე ნასკვები როგორც ალ კაბირმა ამიხსნა. თვითონ სანადირო თოფის ვაზნებიდან დენთს ყრიდა და ერთად აგროვებდა, ტყავის პატარა ნაჭრებში რაღაცასთან ერთად ახვევდა და ტყავის გუნდებს ამზადებდა.

        ჯადარი  ჩუმად ფრუტუნებდა, მხარზე თავს მადებდა,  ლამაზ ყურებს აქეთ იქით ატრიალებდა და დრუნჩს ხელებში მჩრიდა. თავი წამართვა და ანცობა დაიწყო, ჯერ წინა ფეხს სალმად მიშვერდა, მერე მუხლებზე დაიჩოქა, თავს მიქნევდა, ანაბსიებს მთხოვდა და  თავგადაწეული ეშმაკურად მიცქერდა... მის საქციელზე  სიცილი ამიტყდა, ჩემი ხმა უდაბნოს ცხელმა ჰაერმა ლივლივით დაატრიალა და უკან მომიბრუნა. 

    ალ კაბირი ჩვენსკენ მობრუნდა, ცხენის ცელქობას თვალი შეასწრო, გაეღიმა  და გუდიდან შაქარყინულის დიდი ნატეხი ამოიღო. შაქარი გაშლილი  ხელისგულით მივაწოდე ცხენს. ფრთხილად მოლოკა, ნუგბარი მოიწონა, გემრიელად შეახრამუნა და  ახლა მადლობის ნიშნად დაიწყო თავის ქნევა, ალ კაბირის თვალებში  ონავრულმა სხივმა გაიბრწყინა და  გულიანად გაიცინა. მესმოდა მისი სიცილი, დაბალი და ლამაზი ხმა გაბმულ, სავსე მელოდიად  იღვრებოდა და უხილავ სითბოს აფრქვევდა...

      საღამოსპირზე ყველაფერი მზად იყო. ალ კაბირმა აქლემის დაკეპილი ხორცი ნაკვერჩხლებზე მოატარა, გუდაში ჩაალაგა და აქლემზე დაკიდა. ტყავებიდან ოციოდე მათრახიც მოემზადებინა, შოლტის ტარების დამზადებას, ერთი დრომადერის უნაგირი მთლიანად შეეწირა. ვაზნებიდან გადმოყრილი საფანტი ცეცხლზე გაადნო და მათრახის წვერები შიგ ჩააწყო. გაცივება დააცალა და ზედმეტი ტყვია ხანჯლით დასერა ბასრი წამახული წვეტები დაამატა ბოლოებს.

    ყველაფერი ისე ალაგდა, რომ ნაბანაკარის კვალი მთლიანად გაქრა.
    - დანარჩენს  დერეფნის შესასვლელთან მოვამზადებთ. ახლა კი წასვლის დროა! - მითხრა და დაჩოქილი აქლემისკენ მანიშნა.  თვითონ უბელო აქლემზე შეჯდა და ჩვენი ქარავანი ჩრდილოეთისკენ დაიძრა.

      კლდოვანმა უდაბნომ  ლომისფერი დაიდო, მზის ჩასვლამდე ჯერ კიდევ დიდი დრო იყო. სანამ ალ კაბირი წაშლილ კვალს ამოწმებდა, -  მზეს ავხედე. მნათობი თავზე მადგა,  ლომისფრად ენთო, მოპრიალე და ცხელი გვირგვინიც გარშემო ლომის ფაფარივით შემოდგომოდა. მისმა სინათლემ თვალი მომჭრა, ხელით მოვიჩრდილე და ისე შევხედე.  მზის დისკოში  გამოკვეთილი ცეცხლოვანი  ლომის სახე, უდრტვინველი  დიდებულებით გადმომცქეროდა.

                                                                                      (გაგრძელდება)

------------------------------------------------------------------------------------------------------

© საავტორო უფლება დაცულია საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის მიერ.



       

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები