ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლუტეცია
ჟანრი: პოეზია
28 მარტი, 2014


მინიმები

ისე არასდროს გაგიხარდები,
როგორც მარტო მცხოვრებ 88 წლის ბებიას
ჩემი ჩასვლა სოფელში
წელიწადში ერთხელ.

***
შენ უბრალოდ ვერ შეამჩნიე
სიყვარულის ვერტმფრენი,
შენს გადასარჩენად რომ მოფრინავდა,
გადაბრუნდი და დაიძინე...

***
სიკვდილამდე
ერთხელ მაინც წამიყვანე
ჩემს სახლში, რომელსაც ოცი წელია
მხოლოდ გულის თვალით ვხედავ.

***
ჩვენი ცხოვრება
მაგონებს მღვდელს,
რომელმაც დაცემული არ ააყენა,
რადგან წირვაზე ეჩქარებოდა...

***
ქვეყნად ვერავინ და ვერაფერი
გაგრძნობინებს ისე ცხოვრების უსამართლობას,
როგორც ბავშვი,
რომელსაც სტკივა...

***
მზეს კანს  ვუშვერ
ხარბად ვისრუტავ მის ენერგიას,
მაგრამ მზესთან ხომ მხოლოდ დროს ვკლავ,
სანამ შენ მოხვალ....

***
ამაოდ გელის ჩემი სული
როდის მიაქცევ ყურადღებას,
სანამ ჩემს ხორცს
დითირამბებს უმღერი...

2013.08.10.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები