ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბენ-ჰური
ჟანრი: პოეზია
3 აპრილი, 2014


უკანასკნელი დღე

წუხელ სიზმარი მესიზმრა უცხო -
თითქოს ბოლო დღე იყო სიცოცხლის.
ავდექი, გარეთ გავედი უხმოდ,
დანისლულ არეს სდიოდა ორთქლი.

ზარების რეკვის ხმა შემომესმა,
ბოლო წირვაზე მიხმობდა ღმერთი,
ნუგეშის ძალა მომეალერსა
წმინდა სისხლს და ხორცს რომ შევუერთდი.

წყალობა უხვად გაჭირვებულებს
ჩამოვურიგე ნაზიარებზე,
მერე ვეახლე მიცვალებულებს,
ღვინო ვაქციე მათ საფლავებზე.

იქვე, მახლობლად ნერგი ვიპოვე,
ხელით მოვთხარე ორმო და ჩავრგე,
მსხმოიარობა მისი ვითხოვე
და ჩავუფიქრდი მე ვის რა ვარგე?

თვალწინ დამიდგა წამით წარსული,
ყველა დაცემა, ადგომაც ყველა,
როგორ ყვაოდა სიკეთით გული
და როგორ ჭამდა მას სარეველა.

ჩუმად დავლოცე ყველა მოკეთე,
შენდობა ვუთხარ ვინც მაწყენინა,
თუ რამ ამ ქვეყნად კარგი ვაკეთე,
ღმერთს ვუმადლე, რომ მაკეთებინა.

ბოლოჯერ ვნახე იმ დღეს თბილისი,
მამა დავითზე შუბლს ზეთად ვიცხე,
უმალ დამშვიდდა ჩემი სინდისი
და ბოლო ლექსის წერა დავიწყე...

უკანასკნელად მსურდა მეცინა,
ტირილიც ვთხოვე ღვთის ანგელოზებს,
თუმცა სიცილით არ გამეცინა,
ცრემლი კი ვღვარე საქართველოზე.

იმ დღეს მე კიდევ ბევრ რამეს მივხვდი,
რომ არ ხდებოდა ჩემი ოცნება,
რომ ვერასოდეს გადავიხდიდი
მშობლის ამაგს და პატიოსნებას.

რომ მეგობრობის საფუძველს უნდა
შენება მტკიცე, საგულდაგულო,
კაცი არავის მტრადაც არ უნდა
უმეგობრო და უსიყვარულო.

იმ დღეს შევიცან მე უეჭველად,
რაც კი მანამდე იყო ფარული,
რომ დაუნიშნავს უფალს ჩვენს მცველად
რწმენა, იმედი და სიყვარული!!!

გამომეღვიძა, ოთახი დუმდა,
იღვენთებოდა ხატთან სანთელი.
მე გადავწყვიტე, ვიცხოვრო უნდა
ყველა დღე, როგორც უკანასკნელი!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები