ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ზღაპრადმოსული
ჟანრი: პროზა
14 აპრილი, 2014


ხე-ქალი (პირველი ნაწილი)

      გჯერა, რომ ერთ დღეს ადამიანები შეიძლება სხვა არსებებად იქცნენ? არა? არც მე მჯეროდა, მერე ის ვნახე. ხე იყო, ხედქცეული ადამიანი. ხე-ქალი. მდინარის პირას იდგა, პატარა ბორცვზე. ფეხები ფესვებად გაედგა მიწაში და ხელები კოჟრებად დაეწყო ტანზე. ტოტებად გაეშალა თმა და ქარის ყოველ დაქროლვაზე აქეთ-იქით არხევდა. გაზაფხულიდან შემოდგომამდე, ნაირფერად ირთვებოდა, როგორც კეკლუცი ქალი თმის სამაგრებით. შემოდგომის მიწურულს ჭირისუფალივით შემოიძარცვავდა ყველა ფოთოლს და ზამთარში თეთრ თავშალში ეხვეოდა.
    დილა უყვარდა და მზის ამოსვლა. როგორც კი გამოჩნდებოდა ცაზე მნათობი და თავის სხივებს ააბრჭყვიალებდა მის ყლორტებზე, ისიც გაიშლებოდა, წელში გაიმართებოდა, თითქოს ფეხის წვერებზე შედგებოდა. აიჭიმებოდა და აიტოტებოდა. გაენაზებოდა დღის ერთპიროვნულ მმართველს და გაუღიმებდა. ადგილიდან დაძვრა რომ შესძლებოდა ალბათ დატრიალ-დაბზრიალდებოდა და ხელებსაც გაშლიდა.
    უყვარდა მზე, სიცოცხლე უყვარდა. საღამოობით მოიწყენდა ხოლმე, შემოიკრებდა ტოტებს და გაყუჩდებოდა. შიში ჩაუდგებოდა სხეულში და კრთოდა. დარდი შემოაწვებოდა გულზე და მთვარის შუქზე აშკარად ჩანდა, მის მერქანზე გამოჟონილი წვეთები, ალბათ ცრემლები.
    მაინტერესებდა რატომ გავდა ეს ხე ადამიანს და რატომ ეძახდნენ ხე-ქალს. ყველგან მოიძებნება ვინმე ისეთი, ვისაც მრავალი უნახავს და საკუთარ ზურგზე გადაუტარებია სოფლის ავ-კარგი. აქაც ცხოვრობდა ასეთი კაცი. დარწმუნებული ვიყავი და მსმენოდა კიდეც, რომ მისგან გავიგებდი ამ ხის ამბავს და შინ მივაკითხე.
    ქუჩის ბოლოში, განაპირას იდგა მისი სახლი. სახლი არც ეთქმოდა, ქოხი უფრო იყო. კედლებს დიდი ხანია ასცვენოდა ნალესი და აქა-იქ კრამიტებაყრილი სახურავით მეჩხერკბილებიან კაცს ჰგავდა. წვიმის დროს სახლშიც ისევე დგებოდა წყლის გუბეები, როგორც გარეთ, მაგრამ ეს არაფრად ანაღვლებდა პატრონს. მშვიდად უყურებდა, როგორ ავსებდა ჭერიდან ჩამომავალი  წვეთები, გვერდმოქცეულ ლითონის თასს. წკაპუნით ჩადიოდა წვიმა ჭურჭელში და ის ერთადერთი იყო, ვინც ამ სახლში გამეფებულ მდუმარებას არღვევდა.
    ძველებურ საწოლზე გაუნძრევლად იწვა მოხუცი კაცი. დიდი ხნის გაუპარსავი წვერი და ჭაღარა თავი მოუჩანდა ჭუჭყიანი ქვეშაგებიდან. მხოლოდ თვალების მოძრაობაზე ეტყობოდა რომ ცოცხალი იყო.
    ჩემს დაძახებაზე არ გამომპასუხებია. ნახევრად ღია კარზე რამდენჯერმე დავაკაკუნე . ვერც ამან აიძულა გვერდი ეცვალა. მხოლოდ ჩაახველა და რამდენიმე წუთის მერე გამომძახა.:-ღიაა, შემოდიო.
    ბოლომდე შევაღე კარი და შევიხედე. ბნელოდა, სინათლიდან შესულს სულ დამიბნელდა თვალში და კარგად ვერ გავარჩიე რას გამოხატავდა მასპინძლის მზერა.
-რომელი ხარ?
-იცით, თქვენ მე არ მიცნობთ. სტუმრად ვარ თქვენს სოფელში და...
-სტუმარი ღვთისაა, მაგრამ ღვთისგან მოსულიც შეიძლება შეწუხებული იყოს. რამ მოგიყვანათ ჩემთან?
    ბერიკაცს ეტყობა, არცთუ მთლად ესიამოვნა ჩემი დაუპატიჟებელი მისვლა და სიტყვა არ დამამთავრებინა, აქეთ დამიწყო დაკითხვა.
-გამოგგზავნათ ვინმემ?
-არა, მე მითხრეს თქვენ გეცოდინებოდათ იმ ხის ამბავი...
-ხის, ხის.. ხის ამბავი! ხე-ქალი! რით ვერ დაიკმაყოფილეთ ცნობისმოყვარეობა ადამიანებო?! მოასვენეთ ის ქალიც და მეც!- ეს ისეთი გაგულისებით თქვა კაცმა და ისე ბრაზიანად დააკვესა თვალები, ცოტა არ იყოს შემეშინდა. არ მეგონა ამ უწყინარი კითხვით ასე თუ გაჯავრდებოდა და ვერც იმას მივხვდი, ასე რატომ გაცეცხლდა.
    აღარც მიყურებდა. სახე მოქცეოდა ბრაზისგან და შუბლშეკრული სადღაც კედელს მიღმა იყურებოდა. მივხვდი უშედეგოდ ჩაიარა ჩემმა გამოძიებამ. მისი სახე ნათლად გამოხატავდა :- შენთან ლაპარაკს მოვრჩი და შეგიძლია მიბრძანდეო. უხმოდ მოვტრიალდი კარისკენ და ის იყო გასვლას ვაპირებდი, რომ შემაჩერა.
-საიდან ხარ ან რად გინდა იმ ხის ამბავი გაიგო?
-მე, მე ქალაქიდან ჩამოვედი, ჩემს წინაპრებს უცხოვრიათ ამ სოფელში.
-ჰო, მიწის ძახილი...ჩემი მოხმობა ავიწყდება მხოლოდ.-თქვა და რაღაც ნაღვლიანი გაუკრთა ხმაში. მხოლოდ ხმაში, რადგან გამომეტყველება ოდნავადაც არ შეცვლია. ცივი, უხეში მზერით მიყურებდა და თითქოს ჩემს გონებაში ჩაწვდომას ცდილობდა. შევიშმუშნე და უხერხულობისგან საკუთარი პერანგის ღილს დავუწყე წვალება.
-სკამი მოსწიე და გვერდით დამიჯექი. ის ქურთუკიც მომაწოდე, კედელზე რომ ჰკიდია.- მისი საუბრის ტონში  ერთდროულად იყო თხოვნაც და ბრძანებაც. დაუჯერებელიც კი იყო, ამ გასაცოდავებული კაცისგან ასეთი მომთხოვნი ხმა. არც დავფიქრებულვარ, ისე დავიწყე მისი სიტყვის შესრულება. სკამი მივაჩოჩე. დაძენძილი, გახუნებული მოსაცმელიც ჩამოვხსენი და ლოგინზე წამომჯდარს ჩაცმაში მივეშველე. ხელები უკანკალებდა, ემჩნეოდა, სხეული არ ემორჩილებოდა და ყოველი მოძრაობა ტკივილს აყენებდა. მაგრამ მხოლოდ სიმწრისგან მოკუმულ ტუჩებზე თუ შეატყობდი ამას, უზომო სიმტკიცე და ძალისხმევა იხატებოდა მის სახეზე. მორჩილად დავდექი მის გვერდით.  ამომხედა და გამიღიმა. წეღანდელი გულისმოსვლა უკვალოდ გამქრალიყო მისი თვალებიდან და ამან საუბრის დაწყება გამაბედინა.
-მე თქვენი შეწუხება არ მინდოდა.
-არა აქვს ამას მნიშვნელობა. სხვაც ბევრი ყოფილა შენამდე. უჩვეულო და დაფარული ყოველთვის იწვევს ინტერესს. წყალი დამისხი და შენთვისაც დაისხი. ამაზე უკეთესს ვერაფერს შემოგთავაზებ, არც მაქვს.
    დავემორჩილე და მაგიდაზე მდგარი დოქიდან, ჭიქაში დავასხი წყალი. მივაწოდე და სკამზე ჩამოვჯექი.
    ყლუპებით მოსვა, ნელ-ნელა და გადმომხედა.
-წყალია ყველაფრის საწყისი. შეუძლია გაცოცხლოს, გაგაძლიეროს და წაგიღოს კიდეც, დაგძიროს.-ეს თქვა და გაჩუმდა, სადღაც თავის ფიქრებში ჩაიკარგა. ერთხანს მეგონა სულ დაავიწყდა ჩემი იქ ყოფნა. აღარ ვიცოდი რა მექნა, მეთქვა რამე თუ ლოდინი გამეგრძელებინა და სკამზე ავწრიალდი. მასპინძელი გამოერკვა და თხრობა განაგრძო.
-მეზღვაური ვიყავი. მთელი ჩემი ახალგაზრდობა ზღვას შევალიე. გემზე გავიზარდე. წყალი იყო მთელი ჩემი თვალსაწიერი. ზღვით ვცხოვრობდი და ვარსებობდი. იცი რას ნიშნავს, მეზღვაურად დაბადებულისთვის ხმელეთზე ყოფნა? ტყვეობასავითაა. თითქოს გალიაში ზიხარ და ვერ სუნთქავ. გენატრება ზღვის ხმა, ნანასავით რომ ჩაგესმის მძინარს. ისე გარწევს გემი ტალღებზე, როგორც ჩვილ ბავშვს ანანავებს დედა. მიყვარდა წყალი და არ შემეძლო დიდხანს გავჩერებულიყავი ნაპირზე, ვიდრე ის არ გავიცანი.
    საღამო იყო, ხმელეთზე ერთი კვირით ვიყავით შეჩერებულები. საკვები უნდა აგვეღო შემდეგი მგზავრობისთვის. მეგობრებთან ერთად ქალაქს ვათვალიერებდი. რამდენიმე ლუდხანაში დავაგემოვნეთ ლუდი და უკვე კარგად შეზარხოშებულები ვიყავით, იმ დუქანში რომ შევედით.
    სასმელისა და საჭმლის სუნი შერეოდა სიგარეტის კვამლს. მოგრძო ოთახის ერთი ბოლო სასმელებიან თაროს და დახლს ეკავა. მეორეში ბუხარი ამოეყვანათ თეთრი, ცეცხლგამძლე აგურისგან. გემრიელი ტკაცუნით იწვოდა შეშა და სასიამოვნო სითბო ტრიალებდა. სიგრძეზე მუქი ფერის, ხის მაგიდები და ასეთივე სკამები ჩაემწკრივებინათ. თითქმის ყველა მხრიდან ისმოდა მთვრალი კაცების როხროხი. ჩვენც მოვძებნეთ თავისუფალი მაგიდა და შემოვუსხედით. მალე გამოჩნდა აქაურობის მეპატრონე, მსუქანი, ლოყებღაჟღაჟა კაცი. სახეგაბადრულმა მოირბინა ჩვენთან, მშვიდობა გვისურვა და შეკვეთის მოსატანად გაიქცა. ჩემი მეგობრებისგან განსხვავებით სასმელს კარგად ვიტანდი და არც ბევრი ლაპარაკი მჩვეოდა. ჩუმად ვიჯექი და დუქნის იმჟამინდელ მეინახეებს ვათვალიერებდი. ჩვენი შემოსვლა შეუმჩნეველი არ დარჩენიათ. რამდენიმე მაგიდიდან ცნობისმოყვარედ გადმოგვხედეს და მერე ისევ გააგრძელეს სმა. მხოლოდ ბუხრის გვერდითა მაგიდაზე მჯდომი, ერთი  ჩვენი ხნის, ახალგაზრდა არ გვაშორებდა თვალს. ფეხი ფეხზე გადაედო და ჯიქურ გვიყურებდა. არ მსიამოვნებდა მისი დაჟინებული მზერა, მაგრამ არ ვიმჩნევდი. ჩვენ სტუმრები ვიყავით ამ ქალაქში და ისინი მასპინძლები. მორიდება გვმართებდა. ჩემი თანამგზავრები იმდენად იყვენენ გართულნი მომავალ მგზავრობაზე საუბრით, სხვას არაფერს აქცევდნენ ყურადღებას.
      ამასობაში მედუქნეც გამოჩნდა. ერთი ხელით საჭმლით დატვირთული სინი, მეორეთი კი ღვინით სავსე ხელადა ეკავა. უკან გოგო მოჰყვებოდა თეფშებითა და ჭიქებით. კაცმა მხირულად დააწყო საჭმელ-სასმელი მაგიდაზე , თან თავისი დუქნის ქებას მოჰყვა. გოგო უსიტყვოდ იდგა მის უკან. თავი ჩაეღუნა და თითქოს იქ არ არსებობდა. ჭურჭელიც უხმოდ ჩამოარიგა. მხოლოდ ერთხელ ასწია ლამაზი სახე. კაცს ცარიელი სინი ჩამოართვა და გატრიალდა. სიმაღლითა და აღნაგობით სრულიად საპირისპირო იყო მედუქნისაგან, მხოლოდ მომწვანო, ნუშისებური თვალებით მიხვდებოდი, რომ რაღაც ნაეთესაური კავშირი არსებობდა მათ შორის. ლოყებღაჟღაჟამ მზრუნველი მზერა გააყოლა მიმავალს და ამან უფრო დამარწმუნა, რომ მამა-შვილი იყვნენ. კაცთან ერთად მეც გავაყოლე თვალი ამ ტანკენარ ქალიშვილს და როგორც ჩანს არამარტო მე. ჩემი მაგიდის ყველა წევრს მოხვედროდა თვალში და იქით იცქირებოდნენ, საითაც ორი წუთის წინ გოგო შევიდა. უეცრად ბრახუნისა და ყვირილის ხმა ერთდროულად გაისმა. მაგიდაზე მუშტის დარტყმისგან ზრიალი გაიღო ჭურჭელმა.
- ჩვენ მოგვაქცევს ვინმე ყურადღებას?!- ბუხრის გვერდით მჯდომს ეკუთვნოდა ეს ხმაც და მაგიდაზე ძალების მოსინჯვაც.
    ყველამ იქით მივიხედეთ. მეპატრონეს ფერი ეცვალა და ნერვიულობისგან ნიკაპი აუცახცახდა.
-მოვდივარ ბატონოო.-ძლივს ამოღერღა.
-ახლავე!- კვლავ დაიჭექა ხმამ და ისევ გაისმა ბრახუნი.
    სიჩუმე ჩამოწვა დუქანში. მაგიდებთან მსხდომნი ერთბაშად დადუმდნენ, მაგრამ გაკვირვება და აღშფოთება არავის ემჩნეოდა, გარდა ჩვენი სუფრის წევრებისა. მედუქნემ ხელი უშვა ღვინით სავსე დოქს და ბუხრისკენ წავიდა.
-როცა მე ვარ აქ, ჯერ მე უნდა მომემსახურო! კბილებში გამოსცრა ახალგაზრდამ და დაუნდობლად ჰკრა ხელი კაცს. მედუქნე შეტორტმანდა და თავი შეიკავა, რომ არ წაქცეულიყო.
-სტუმრები არიან ბატონო..-ამ სიტყვებით სცადა გაბრაზებულის დაწყნარება.
-მე ვინ ვარ აბა?!-კვლავ დაიღრიალა ჯეელმა და იარაღი ააელვარა ხელში. ამას სროლისა და ქალის კივილის ხმა  მოჰყვა. ისედაც ძალას ვატანდით თავებს, რომ არ ჩავრეულიყავით და ამ ხმამ ბიძგი მოგვცა. წამოვიშალეთ. ვიღას ახსოვდა მოსული და დამხვდური, ისე ვიქნევდით მუჭებს, ვერ გაიგებდი, ვის სად ხვდებოდა. მე მეტად, იმ ახალგაზრდას ჯინი მქონდა, იარაღი დავაგდებინე და მთელი ძალით ვურტყამდი. საზღვაო ცხოვრებას ამაოდ არ ჩაევლო და მალე მე და ჩემმა ნაოსნობაში გაკაჟებულმა, ნავარჯიშებმა ბიჭებმა უკანმოუხედავად გავაქციეთ ჩხუბისთავი თავის მეგობრებიანად. გასვლისას მრისხანედ მომაძახა ,-კიდევ შევხვდებითო. მაგრამ მისი მუქარა ახლა ნაკლებად მადარდებდა. თავს ანგელოზივით გოგო დამტრიალებდა და თავისი ნაზი თითებით მწმენდდა გატეხილი წარბიდან გამოსულ სისხლს. ბიჭებიც კმაყოფილები ისწორებდნენ მიჩაჩულ-მოჩაჩულ ტანსაცმელს და ოხუნჯობდნენ. მხოლოდ მედუქნეს ჩამოსტიროდა ცხვირ-პირი. აგროვებდა დამტვრეული ჭურჭლის ნარჩენებს და ეტყობოდა რაღაც უფრო მეტი აწუხებდა, ვიდრე ეს ზარალი.
    არც საყვედური უთქვამს, არც მადლობა. გამოსვლისას მკლავზე წამეტანა და მუდარით სავსე ხმით მითხრა.
-აქ მაინც არ დარჩებით დიდხანს და მეტად ნუღარ მოხვალთ ჩემთანო. ამ ნათქვამმა გამაოცა, იმაზე მეტი გადავუხადეთ, ვიდრე მისი დამტვრეული თეფშები, თავის ვახშმიანად ღირდა და გამოვედით.
    არ გამართლდა მედუქნის სიტყვები, ვერ გავეცალეთ ამ ქალაქს მალე. ჩვენს ბედად ისე აირია ამინდი, შეუძლებელი იყო ზღვაში გასვლა. უამინდობას ჩვენი კაპიტნის რაღაც ფინანსური პრობლემებიც დაერთო და ერთი კვირის ნაცვლად, კიდევ რვა კვირას მოგვიწია გაჩერებამ. სხვა დროს ალბათ ძალიან შემაწუხებდა ეს მდგომარეობა და ვერ გავძლებდი, მაგრამ ახლა, როცა ხმელეთზე ისეთი მომხიბლავი არსება მეგულებოდა, როგორც - მედუქნის ქალიშვილი, არსად მეჩქარებოდა.
    გაფრთხილების მიუხედავად მაინც ვსტუმრობდი დუქანს, ხან მეგობრებთან ერთად და ხანაც მარტო. დავიკავებდი ჩვეულ ადგილს, იმას საიდანაც ყველაზე კარგად ჩანდა, დახლს უკან შემავალი ოთახის კარი და ველოდი. ველოდი, როდის გამოჩნდებოდა და თავის ლამაზ თვალებს შემომანათებდა. მეპატრონეს ვამჩნევდი არ სიამოვნებდა ჩემი გახშირებული სტუმრობა, მაგრამ არად ვაგდებდი. ვიჯექი და მის გამოჩენას ვნატრობდი. თავად ვერ მივხვდი, როდის გაიზარდა ჩემში ეს სურვილი, სურვილი მისი ნახვისა. ის კი იყო,  მის ყოველ შემოხედვაზე გული საგულედან ამოვარდნას ცდილობდა. ყელში რაღაც გამეჩხირებოდა ხოლმე ბურთივით და ლუკმას ვერ ვყლაპავდი, არათუ სასმელს. არც გოგო ჩანდა ჩემს მიმართ გულგრილი, დამინახავდა თუ არა სახეზე ალმური მოედებოდა და ცდილობდა დაემალა შველივით თვალები. ასე გაგრძელება დიდხანს აღარ შეიძლებოდა, რაღაც უნდა მემოქმედნა, უნდა მივსულიყავი და პირადირ მეთქვა. მითუფრო რომ მამასისი უკვე რაღაცას ეჭვობდა და ისედაც უკმაყოფილო ჩემი მისვლით, კიდევ უფრო მოიღუშებოდა ხოლმე. ქალიშვილს მკაცრად შეხედავდა და ისიც აღარ გამოდიოდა დარბაზში. რამდენჯერმე კარიდანაც მიმაბრუნა, -ადგილი არ გვაქვს ბატონოო.
      ყოველ კვირადღეს დიდი ვაჭრობა იმართებოდა ქალაქში. ბაზარი ნავსადგურის გვერდით მდებარეობდა. ირიჟრაჟებდა თუ არა, უამრავი ხალხი აირეოდა. ვის  და რას არ ნახავდი აქ. ადგილობრივებს თუ ჩამოსულებს. წვრილთვალებიანებს თუ შავკანიანებს. თევზეული და ფრინველ-საქონელი, ხილ-ბოსტნეული და მარცვლეული. სხვადასხვა საოჯახო  ნივთებით დატვირთული მაგიდების გვერდით, ნაირ-ნაირი ფართლეულობაც იყიდებოდა. აქვე იყო სამკაულები: სადაფის და მარგალიტის, გიშრის და ქარვის, ძალიან ძვირფასი ქვებიც და უბრალოდ ლამაზი შუშაც. ყველაზე მეტად ამ ადგილს სტუმრობდნენ ახალგაზრდა ქალები. გული მიგრძნობდა, მასაც ვნახავდი აქ და მართლაც მოვიდა. ვიდექი და შორიდან ვეტრფოდი. ვუყურებდი როგორ უბრწყინავდა თვალები, ამ ზიზილ-პიპილოების შემხედვარეს, მხოლოდ ქალებმა რომ იციან ისე. დიდხანს ატრიალა ერთი მარგალიტის სამაჯური ხელში, ეტყობა ეძვირა, დანანებით დადო და ბოსტნეულის სავაჭროსკენ წავიდა, სადაც მამა ეგულებოდა.
    არ მიყოყმანია, მაშინვე მივედი იმ სამკაულების ვაჭართან, გადავუხადე და ის სამაჯური გამოვართვი. მუჭში ჩავბღუჯე და გულზე მივიკარი, თითქოს ჩემს სანატრელ ქალს ვიხუტებდი. მიხაროდა, ის ნივთი რომ მეჭირა, რომელსაც რამდენიმე წუთის წინ მისი თითები ეხებოდა.
    იმავე დღეს მივედი დუქანში. არ დავმჯდარვარ, დახლთან დავდექი და ერთი ჭიქა ლუდი შევუკვეთე გამყიდველ ბიჭს. ჩემს ბედად მეპატრონე არსად ჩანდა. ცოტა ხანში გოგოც გამოჩნდა. დარბაზში მამას რომ ვერ მოჰკრა თვალი, გაბედულად შემომხედა და გამიღიმა. ფრთები შემესხა, რაღა შემაჩერებდა? ახლოს მივედი და გულისფანცქალით გავუწოდე მარგალიტების ასხმა. ჯერ იუარა, მერე მორცხვად გამომართვა და მადლობა მომიხადა ერთიანად აწითლებულმა. -სათქმელი მაქვს, საღამოს ბაზართან დაგელოდები.- ვუთხარი და პასუხისთვის არ დამიცდია, ისე გავედი შენობიდან.
     
          (გაგრძელება იქნება

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  გიორგი7464, ხურსი ვულოცავთ დაბადების დღეს