ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თანანა
ჟანრი: პოეზია
11 აპრილი, 2014


რომ დაფიქრდე კაცი...

შენთვის, ზოგჯერ, რომ დაფიქრდე კაცი,
რატომ, როგორ, ანდა რისთვის ცხოვრობ?..
ამ კითხვების ვუპასუხე ნაწილს,
ვისი რა საქმეა, ბოლო-ბოლო...
ეს კითხვები სულ რეფრენად მესმის,
შემკითხველი, თუმცა, არსად არ ჩანს.
ფიქრი თითებს ნერვიულად ისრესს,
რადგან მხარზე იგრძნო ჩემი მაჯა...
ჰო, შვილები, ოჯახი კი, მაგრამ...
ბანალური მომეჩვენა ერთობ.
აზრებს ახლა ბალახივით ვმარგლავ,
იქნება, შენც მომეშველო, ღმერთო!..
წლებია, რაც ამ პასუხებს ვეძებ,
ხომ არ სჯობს, რომ გულის თვალსაც ვკითხო?
უცებ ვიტყვი, ისე, ალალბედზე,
-უშურველად რომ გამეცა სითბო...
    09.04.14.
ერთხელ ნათქვამი

აკვიატებულ უაზრო ეჭვებს
ვიცილებ, როგორც შესობილ ხიჭვებს.
მოთმენის ლაგამს, კბილით რომ ვღეჭე,
ახლა იმავე კბილებით ვიჭერ...
დუმილი ისევ აპირებს გამწვრთნას,
და საკუთარ თავს მთავაზობს ოქროდ.
მე კი ამ "განძის" მიღების ნაცვლად,
ვამტვრევ ბაგეზე დადებულ ბოქლომს.
ვუხმობ ლოდინით გადაღლილ სიტყვებს,
ყველა ვიცი-ს და ყველა არ ვიცი-ს.
რასაც დუმილის ეკიდა კლიტე,
ერთხელ ნათქვამად რომ გადაიქცეს!
        08.04.14



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები