ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მანანა ქურდაძე
ჟანრი: პოეზია
14 აპრილი, 2014


*** (მხრებიდან ჩამომფერთხეთ მტვერი)

მხრებიდან ჩამომფერთხეთ მტვერი,
მტვერი ქატოსი და ფქვილის,
სახსრებმა  დამიწყეს მტვრევა
და ფიქრებს წისქვილები ფქვავენ.
მხრებიდან ჩამომფერთხეთ მტვერი,
სასაა თეთრი და გაშრა,
მხურვალე თონე იკრავს
ლავაშებს ქართულს და მლაშეს.
მხრებიდან ჩამომფერთხეთ მტვერი,
თვალები გამექცა ცისკენ,
ისეთი ნათელია, წმინდა...
გუგუნებს თონე და ვისმენ,
ლოცვებს, ლოცვებს
მარჩენალი პურის,
პურის, მეპურე რომ აცხობს,
როგორ უხარიათ,როგორ,
გვერდებდაბრაწულა ანცებს.
მხრებიდან ჩამომფერთხეთ მტვერი,
არ ვიცი ფქვილია თუ ქატო,
ისეთი ტკივილია, ღმერთო,
სულში სიმხურვალე ატანს.
გიზგიზებს, გუგუნებს თონე
და აცხობს მეპურე პურებს,
ისეთი მადლია და სევდა,
როცა ხელებს ცომში ურევს.
მხრებიდან ჩამომფერთხეთ მტვერი,
მტვერი ქატოსი და ფქვილის.
აქ ცამაც დაიწყო მტვრევა
და ფიქრებს წისქვილები ფქვავენ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები