ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თოლიგე
ჟანრი: პოეზია
28 აპრილი, 2014


შურიმშინე


ცისფერ ზაფხულს შემოდგომა გადაება,
ზღვას ქარებმა ღრუბლის გული შეუშვირეს
და შენსავით ბაგეტკბილი გულაბების
და შენსავით ბაგეტკბილი გულაბების
ყვითელ ფოთლებს აშრიალებს,
შურიმშინე.
გითხარი, რომ ვერ დავრჩები, მალე წავალ,
შენ თვალები დახარე და მოიწყინე.
როგორ ვდარდობ, მაგრამ შენთან მე არა ვარ,
როგორ გნატრობ, რადგან შენთან მე არა ვარ,
მე არა ვარ, შენთან ზღვაა,
შურიმშინე.
სანამ ნისლებს დავიწყების შევერევი,
თვალს აყოლებ პეპლის ფრთებად მობიბინე
ფირუზისფერ კაბას, ქარში გადარეულს,
ფირუზისფერ კაბას, ქარში გადარეულს,
თვალს _ აყოლებ, გული _ გწყდება,
შურიმშინე.
ახლაც გხედავ მხარმიყრდნობილს სევდის ლოდთან,
ზღვის ნაპირზე რომ იდექი მომლოდინე,
მიმწუხრისას მზე დასავლეთს მიდიოდა,
სხივჩამქრალი მზე დასავლეთს მიდიოდა,
მზესთან ერთად მეც წავედი,
შურიმშინე.
სიშორეში რადგან მე ვარ დამნაშავე,
გავჩუმდი და უშენობა მოვითმინე.
ზღვის ტალღებზე მიტორტმანებს შენი ნავი,
უიალქნოდ მიტორტმანებს შენი ნავი,
მეც დინებას მივუყვები,
შურიმშინე.
დედამიწას, მრგვალს და მრავალწახნაგოვანს,
გარს ვუვლი და გული ვეღარ მოგაწვდინე.
დღეს ჩვენს შორის ბინდისფერი სამყაროა,
გზებით შორით დასერილი სამყაროა
შენს კუთხიდან ჩემს კუთხემდე,
შურიმშინე.
მაგრამ იცი, ვერასოდეს მიგატოვებს,
ვისაც ერთხელ ასე თბილად გაუცინე.
მიყვარს, როცა ცა ირეკლავს ღიღილოებს,
შენს თვალებში მოციმციმე ღიღილოებს,
შეყვარებულ შენს თვალებში,
შურიმშინე.
ღმერთო ჩემო, რა მძიმეა ქალის ტვირთი!
მე კი შენით უფრო მეტად დავიმძიმე.
ზღვას მზის ჩასვლით შეეფაკლა ლაზურიტი,
ზღვას მზის ჩასვლით შეეფაკლა ლაზურიტი
და ნაპირი გაირინდა,
შურიმშინე!


შურიმშინე _ (ლაზ.) გენაცვალე, შენი ჭირიმე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები