ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ტობი
ჟანრი: პროზა
8 მაისი, 2014


ხერესის ტრიადა

ხერესის ტრიადა*
                                               

                  „მაინც მაჯობე, ნაზარეველო!“ (ნიცშეს უკანასკნელი სიტყვები)

ესპანეთის სამხრეთით მდებარე შესანიშნავი ცხენებით განთქმული მხარე ანდალუსია და მისი სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში გადაშლილი პროვინცია კადისი, ივლისის თაკარა მზეს აუტანელი სიცხის საბურველში გაეხვია. კადისის მაგარი ღვინით განთქმული ქალაქი ხერეს-დე-ლა-ფრონტერაც დუღდა ზაფხულის ხვატისგან. ამ ქალაქში სამი ქართველი მეგობარი: რაჟდენ ჯაში, რამაზ ასათიანი და გურამ გელაშვილი მუშაობდნენ. ისინი ორიოდ წლის წინ ერთ-ერთ დამსაქმებელ ფირმას ესპანეთში გაჰყვნენ, ხერეს-დე-ლა-ფრონტერაში მშენებლობაზე დაიწყეს მუშაობა და ორიგინალური სამკუთხედი ფორმის საცხოვრებელი ბინების მშენებლობაში შეჰქონდათ წვლილი.

მეგობრების ერთადერთი დასვენების დღე კვირა იყო და ოცდაათ წელს მიტანებული ახალგაზრდები ყველანაირად ცდილობდნენ ამ დღეს დრო გაეტარებინათ. გართობის თითქმის ერთნაირი სტანდარტული მოდელი ჰქონდათ, _ მათი დროის გატარების აპოგეა ტემპერამენტიან ესპანელ ქალებსა და ხერეს-დე-ლა-ფრონტერას საქვეყნოდ ცნობილ მაგარ ღვინო ხერესს უკავშირდებოდა. მაგრამ ცხელ კვირადღეს, ერთ სახლში მცხოვრებმა მეგობრებმა მთელი დღე ნარდის თამაშში გაატარეს _ თან კარგად ჩაციებულ ხერესს შეექცეოდნენ. საღამოს ნარდის თამაშით დაღლილებს და უკვე კარგად შეზარხოშებულებს საუბრის საღერღელი აეშალათ. დამატებით კომფორტს ქმნიდა ერთი გარემოება, _ სინოპტიკოსების პროგნოზის საფუძველზე დაყრდნობით მშენებელმა კომპანიამ გადაწყვიტა, სავარაუდოდ ივლისის ძალიან ცხელი ორშაბათი დასვენების დღედ გამოეცხადებინა. ჩაციებული ხერესი კიდევ იყო და მეგობრებმაც გარიჟრაჟამდე ისაუბრეს. რაჟდენს, რამაზს და გურამს გრადუსის მოკიდების შემდეგ განყენებულ თემებზე ლაპარაკი და გლობალური პრობლემების ირგვლივ მსჯელობა უყვარდათ, თუმცა ამ მხრივ რამაზი უფრო გამოირჩეოდა ხოლმე.

- აბა ერთხელ კიდევ გაგვიმარჯოს _ თქვა გურამმა. გაგვიმარჯოს, გაგვიმარჯოს!.. გაისმა შეძახილი, რასაც ბროლის ჭიქების წკარუნი მოჰყვა და მეგობრებმა თითოც დალიეს. შემდეგ ცოტა საუბარი, სიგარების გაბოლება და დუმილი. დუმილი რამაზმა დაარღვია.

რამაზი: - რაც დრო გადის კაცობრიობის შემოქმედებით აზროვნებას გადაშენება ემუქრება.

გურამი: - რატომ?

რამაზი: - ადამიანის ტვინზე დღითიდღე ძლიერდება ზეწოლა. კაცობრიობის ფიქრის უნარი ჩლუნგდება. ხალხის ტვინი იტვირთება ისეთი ინფორმაციებით, რაც ადამიანის სულს აღარიბებს და ვერც სიღრმისეული აზროვნებისათვის წვრთნის გონებას.

რაჟდენი: - მაინც რას გულისხმობ, დააკონკრეტე...

რამაზი: - იმ დღეს ქართულ არხზე გადაცემას ვუყურებდი. ჟურნალისტი ახალგაზრდა მოქალაქეებს ქუჩაში აჩერებდა და მარტივი ისტორიული კითხვებით მიმართავდა. რესპოდენტებს რიგ შემთხვევებში  პასუხი არ ქონდათ, უფრო ხშირად კი მათი პასუხები სხვა არაფერი იყო თუ არა საცოდაობა. არაფრის დაზუთხვა არ ვარგა და ალბათ დამეთანხმებით, რომ მხოლოდ მსოფლიო ისტორიის მნიშვნელოვანი თარიღების, დიდი ომების, გამორჩეულ გმირთა სახელების დამახსოვრება არ კმარა, თუმცა გამოკითხული ახალგაზრდების უმრავლესობას ელემენტარული ზოგადი ცოდნა არ გააჩნდათ. მე ვერავითარ გამართლებას ვერ მოვუძებნი სხვადასხვა მოვლენების გაუაზრებლად განსჯას. ადამიანმა თუ ისტორიული ამბები ვერ გაანალიზა, მის ირგვლივ საუბრის აგება გაუჭირდა, მაშინ მისი ცოდნა სიღრმეს მოკლებულია და ზედაპირზე ტივტივებს. მსოფლიოში გამოიკვეთა ტენდენცია, რომელიც პროფესიის ჩარჩოში ჩასმას გულისხმობს. მავანს თუ სურს მუსიკოსი გახდეს, მას მხოლოდ მუსიკა აინტერესებს და მაგალითად ძალზე მარტივი ისტორიული ინფორმაცია _ დავით მეოთხე მეთერთმეტე-მეთორმეტე საუკუნეების მიჯნაზე, რომ მოღვაწეობდა არ იცის ან უკიდურეს შემთხვევაში მოვალეობის მოხდის მიზნით აქვს გაზეპირებული. ჩვენ ბევრს ვერაფერს გვაძლევს იმის ცოდნა, რომ აღმაშენებელი მეთერთმეტე-მეთორმეტე საუკუნეში მეფობდა და მისი წინამძღოლობით დიდგორის ბრძოლის მოგება შევძელით ან მეთექვსმეტე საუკუნის მეორე ნახევარში ესპანეთის მეფე ფილიპე მეორე ქრისტიანული ევროპის უმდიდრესი და ყველაზე ძლევამოსილი მმართველი რომ იყო. მეტი განათლება და ფიქრია აუცილებელი. ხომ მიმიხვდით რასაც ვგულისხმობ?

რაჟდენი: - ეხლა ოცდამეერთე საუკუნეა. ტექნოლოგიების სრულყოფის, მეცნიერების წინსვლის საუკუნე. ადამიანის ტვინი განსხვავებულ რეჟიმზე გადადის. ინტელექტის სხვა სტანდარტები ყალიბდება და თანამედროვე ადამიანს დრო და კონცენტრაცია აღარ ყოფნის, რათა გონების ძალები თუნდაც ისტორიული მოვლენების საფუძვლიან ანალიზს მოახმაროს.

რამაზი: - აქ მხოლოდ ისტორიის ცოდნაზე არ არის საუბარი, რომელიც ერთი შეხედვით პრაქტიკულ ასპექტში ბევრს ვერაფერს იძლევა. პრაქტიკულ ასპექტში შემოსავალს, ფულს ვგულისხმობ, მაგრამ ისტორიის და არა მარტო ამ საგნის შესწავლით, ადამიანს ამა თუ იმ მოვლენიდან საღი ანალიზის გამოტანის უნარი უნვითარდება და მისი აზროვნება გლობალური, ღრმად დასაფიქრებელი საკითხების ირგვლივ იწყებს ტრიალს. სამყაროსეული საიდუმლოებები უმთავრესი აზრის შემცველია. ადამიანის აზრმაც მის ორბიტაზე უნდა იტრიალოს და მინდა გითხრათ, რომ ქვეცნობიერად ყველა ადამიანის ტვინში მიმდინარე პროცესი ბრუნავს აღნიშნულ ორბიტაზე, ოღონდ დიაპაზონი გარშემოწირულობებისა სხვადასხვანაირია.

რაჟდენი: - წინადადება, რომელიც შენ წარმოთქვი, ვგულისხმობ: „სამყაროსეული საიდუმლოებების ორბიტაზე ადამიანის აზრის ტრიალს“ _ ცოტა აბსტრაქტული ხასიათისაა.

რამაზი: - გახსოვთ ორიოდ თვის წინ მშენებლობაზე ხელი, რომ ვიტკინე? საავადმყოფოში რენტგენი ასე ოცდახუთი წლის, ქარაფშუტა გამომეტყველების კეკლუცმა გოგომ გადამიღო. ღვთის მადლით რენტგენის სურათმაც საგანგაშო არაფერი აჩვენა, მაგრამ აქ სულ სხვა რამეშია საქმე. შეიძლება ის გოგო საერთოდ არ დაფიქრებულა იმაზე, რომ ელექტრომაგნიტური სპექტრის მოკლე ტალღების მაღალი ენერგიისაგან წარმოქმნილი რენტგენის სხივები, ატომის გულის ირგვლივ მბრუნავი ელექტრონების დამუხრუჭებით წარმოიქმნება. არა მგონია მისი და კიდევ მრავალი ადამიანის ტვინი შეეწუხებინოს: ატომებზე, პროტონებზე, ნეიტრონებზე, ელექტრონებზე**, მათი ურთიერთკომბინაციების შედეგად წარმოქმნილ იზოტოპებზე და იონებზე ფიქრს. ხალხის აბსოლუტური უმრავლესობა ტვინს საერთოდ არ დაიღლის ამ უმცირესი ნაწილაკების გამო, არ დაინტერესდება მიკრო სამყაროთი და მისი პირველსაწყისებით. არადა რა საოცარი რამ არის მიკრო სამყარო, _ ყველაზე მეტად მის სასწაულმოქმედ პროცესებში სიღრმისეულ წვდომასა და საოცრებათა საიდუმლოებებში მოგზაურობას შეუძლია, ადამიანი გააძლიეროს რწმენაში და რაც ყველაზე მთავარია დაახლოოს ღმერთთან. ვიღაცა რაღაცას კარგად აკეთებს: მეწაღე ფეხსაცმელს, ქირურგი ოპერაციას და ა.შ... _ ეს ყველაფერი აუცილებელია, მაგრამ უმრავლესობის აზროვნება შემოქმედებას, სიღრმეს არის მოკლებული _ აქცენტები ყოველდღიურ წვრილმანებზე კეთდება და ცოდნის სტანდარტები უკვე გამოგონილი ტექნოლოგიების ღილაკებზე თითის დაჭერით გამოიხატება.

გურამი: - მოდი ქრისტიანული რწმენისა და მორალის ფონზე საკითხი ფილოსოფიურ ჭრილში განვიხილოთ. მე ვერავითარ აუცილებლობას ვერ ვხედავ, რომ ადამიანი დაინტერესდეს: ატომებით, უმცირესი ნაწილაკებით და მიკრო სამყაროთი თუ ეს მისი სამეცნიერო მოღვაწეობის სფერო არ არის. ქრისტიანული მოძღვრების თანახმად ამ ქვეყანაზე ცხოვრების მთავარი მოტივაცია ის არის _ სიკვდილის შემდეგ სული სამოთხეში მოხვდეს. ადამიანის ქვეცნობიერში ამ მისიის წარმატებით განხორციელებაზე მნიშვნელოვანი გეგმა არ მოიძიება, _ მანდ მოხვედრა კი მიკრო სამყაროს ძიებას და სრულიად სამყაროსეული საიდუმლოებების ამოხსნას არ გულისხმობს. სამოთხის „ბილეთის“ აღება, პატიოსანი და მართალი ცხოვრებით შეიძლება.

რამაზი: - ნაწილობრივ მართალი ხარ, მაგრამ ჩვენი ტვინი ძალზე რთული მოწყობილობისაა. ტვინში ას მილიარდზე მეტი ნერვული უჯრედია და თითოეული ათასობით სხვას უკავშირდება. უჯრედებს შორის კავშირი არასოდეს წყდება. ყოველ წამს თითოეულ მათგანს სამასამდე ელექტრული სიგნალის გადაცემა შეუძლია. უფრო მეტიც, ადამიანის ტვინი ღამეც მუშაობს, ის დღის განმავლობაში მიღებულ ინფორმაციებს ახარისხებს და ინახავს. _ მოდი საკითხს ასე შევხედოთ, _ ღმერთი ესეთ რთულ მექანიზმს, როგორიც ადამიანის ტვინია, ცხოვრების მთავარი აზრის ასპექტში, მხოლოდ იმიტომ შექმნიდა, რომ კაცობრიობის გონის მობილიზაცია მხოლოდ პატიოსნად ცხოვრებაზე ყოფილიყო კონცენტრირებული? _ ბიბლიაში ხომ ასე წერია: „გამოიძიე უფალი და ცხონდიო“... გამოძიება კი იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანი ბურუსით მოცულ სამყაროსეულ საიდუმლოებებზე ფიქრობდეს და სადამდეც ინტელექტისა და შემეცნების უნარი მისცემს საშუალებას იქამდე მივიდეს. ასეთი ფიქრის დროს ხდება ყველაზე დიდი მიღწევა კაცის ცხოვრებაში _ რწმენაში გაძლიერება. რწმენა კი პატიოსნად ცხოვრებისა არ იყოს სამოთხეში მოხვედრის ერთ-ერთი მთავარი გასაღებია. მე ნამდვილ რწმენას ვგულისხმობ და არა მოჩვენებითს, მხოლოდ პოზირებაში და სიმბოლოებში, რომ გამოიხატება. ამ შემთხვევაში ხომ ადამიანი პირველ რიგში საკუთარ თავს ატყუებს.

რაჟდენი: - თქვენ გადამრევთ! რა ბავშვებივით ლაპარაკობთ, ზღაპრების რომ სჯერათ და თოვლის პაპის მოსვლის მოლოდინში არიან. ჩვენ მატერიისგან შევდგებით. ადამიანი მიწაა და მიწად იქცევა. არავითარი სამოთხე და ჯოჯოხეთი არ არსებობს.

გურამი:-  რაჯდენ არაერთხელ მინახიხარ პირჯვარი, რომ გადაგიწერია. ეკლესიაშიც  ვყოფილვართ ერთად შესული და მაშ გამაგებინე რატომ ირჯები ხოლმე.

რაჯდენი: - გურამ პირჯვრის გადაწერა და ეკლესიაში სიარული, პირველ რიგში, ტრადიციებიდან გადმოყოლილი ჩვევებია... ეს რეფლექსი ჩემს ფსიქიკაშია გამჯდარი, ხოლო სამყაროს მატერიალურობას თვით აინშტაინიც ამტკიცებდა.

რამაზი: - ამტკიცებდა, დიახ ამტკიცებდა. მან დაადგინა მასისა და ენერგიის ურთიერთკავშირი და მას მათემატიკური ფორმულის სახე მისცა. აინშტაინის მიგნების საფუძველზე ენერგია, რომელიც ამოძრავებს საგანს და მასას, არ არის ერთმანეთისაგან განსხვავებული ანუ ისინი ერთსა და იმავეს წარმოადგენენ. მასა შესაძლებელია გარდაიქმნას ენერგიად და ენერგია მასად. აინშტაინის ფორმულის გამოყენების შედეგად კი ცხადი გახდა, რომ სამყაროს მხოლოდ 4%-ია მატერია. ისმის კითხვა: რა არის დანარჩენი 96%? _ კარგი დავანებოთ ამასაც თავი, თუმც კი მინდა გითხრა, ერთ რამეში გეთანხმები, _ მიწა ვართ და მიწადვე ვიქცევით, მაგრამ ამ საკითხის გაუბრალოება არ შეიძლება. რატომ ამტკიცებ ასე დაბეჯითებით, რომ არავითარი სამოთხე და ჯოჯოხეთი არ არსებობს?

რაჟდენი: - იმიტომ, რომ ეს ყველაფერი ადამიანის ფანტაზიის ნაყოფია და მეტი არაფერი.

რამაზი: - სულის არსებობის გჯერა?

რაჟდენი: - ისევე მჯერა, როგორც სამოთხისა და ჯოჯოხეთის არსებობა.

რამაზი: - ანუ არ გჯერა.

რაჟდენი: - არა.

რამაზი: - კარგი, მაშინ რა ახსნას მოუძებნი იმას, რომ სამყარო წარმოიშვა პატარა ბურთულისაგან, რომელიც ატომზე პატარა იყო, ხოლო თვით ატომის დანახვა შეუიარაღებელი თვალის გარეშე შეუძლებელია. იმ პირობებში კი არ არსებობდა არც მატერია, არც დრო, არც სივრცე, ხოლო მზეზე მილიარდჯერ უფრო მხურვალე ბურთულის აფეთქებიდან ერთ წამში ვარსკვლავებისა და პლანეტების კომპონენტები არსებობდნენ. დღესდღეობით დედამიწაზე დროის ათვლისათვის ჩვენ გვაქვს: წელი, თვე, კვირა, დღე, საათი, წუთი, წამი... მაგრამ ის ერთი წამი, როდესაც სამყაროში ბევრი რამ მოხდა, ჩვეულებრივ ერთ წამზე ბევრად მცირე პერიოდია, რომელიც პლანკის დროით ერთი მინუს ორმოცდასამ წამს უდრის. აფეთქებას ზოგადად ქაოსი მოსდევს ხოლმე, _ დედამიწაზე კი ადამიანის ხელით სხვადასხვა დროს შექმნილი უამრავი ხელოვნების ნიმუშია დავანებული... არსებობს სიძულვილი, სიყვარული და იმედი... განა ეს ყველაფერი ალალბედზე შემთხვევით აფეთქებას შეეძლო გამოეწვია?

გურამი: - რა საოცარი რამ არის წამის ფენომენი. ჩვენი ცხოვრებაც უსასრულო დროის მდინარებაში წამია და წამზე ბევრად პატარა.

რამაზი: - წარსული, აწყმო, მომავალი, იმედი. წამი ამ მრავლისმთქმელი და თანმიმდევრობითი სიტყვების პირველი ასოებისაგან შეკრული სიტყვაა. „დამარხულს არს ენაი ქართული დღემდე მეორედ მოსვლისა მისისა საწამებლად, რაითა ყოველსა ენასა ღმერთმა ამხილოს ამით ენითა და ესე ენაი შემკული და კურთხეული სახელითა უფლისაითა“. _ როგორი სასწაულებით მოცული პროცესებიც სამყაროში არის განვითარებული, იქიდან გამომდინარე:  ჯოჯოხეთის, სამოთხის ან სულის არსებობამ არ უნდა გაგვაკვირვოს. ადამიანის სხეული ატომებისგან შემდგარი მატერიაა, რომლის ძირითადი ელემენტებია: ნახშირბადი, წყალბადი და ჟანგბადი. ჩვენ სხეულში, ელექტრობის ასობით პატარა იმპულსი, ცოცხალი მავთულების _ ნერვების საშუალებით ფეთქავს და ჯერ ძილი რა საინტერესო რამ არის, _ ამ მატერიას კი ძილის დროს სიზმრის ნახვა შეუძლია. ჩემი აზრით სული და სიზმარი ურთიერთკომბინირებული ფენომენია. _ რაჟდენ შენ გიყვარს საკითხის მეცნიერული დასაბუთება და ერთ მაგალითს მოგიყვან.

რაჟდენი: - გისმენ.

რამაზი: - გასული საუკუნის ოთხმოცდაათიან წლებში, როდესაც სამოცდათვრამეტი წლის
სნეული პაციენტი გარდაიცვალა, ამერიკელმა ექიმებმა მისი სული აწონეს. პაციენტის გარდაცვალების მომენტში სხეულის წონა შვიდი გრამით შემსუბუქდა. მეცნიერთა თქმით ადამიანის სულის წონა ინდივიდუალურია და ის დაახლოებით ოცდახუთ გრამამდე იწონის. რელიგიის თვალსაზრისით კი სულის წონას ცოდვები განაპირობებენ. _ ადამიანის სხეულისა და მიწის შემადგენელი ქიმიური ელემენტების პროპორცია ერთი და იგივეა _ ესე იგი ადამიანი მიწაა და მიწადვე იქცევა. „მტვერი დაუბრუნდება მიწას, როგორც იყო, სული კი დაბრუნდება ღმერთთან, რომელმაც მისცა იგი“.

რაჟდენმა სიგარას მადიანად მოქაჩა. ღვინოს ბროლის ჭიქებში სუსხი დაჰკარგვოდა. ამასობაში რიბირაბომ*** მოატანა, რომლის რღვევა მალევე დაიწყო ბიბლიური მეოთხე დღის მთავარმა ცის მნათობმა და ხერეს-დე-ლა-ფრონტერას ცა მზის ცხოველ სხივებში გახვეული გაიზმორა. ამ ღამის საუბრის მთავარი მომხიბვლელობა კი ის იყო, რომ რაჟდენი უფრო ღრმად დაფიქრდა, რასაც ამქვეყნიური პრაგმატიზმი დაედო ფონად _ მეც ხომ ოდესღაც მოვკვდებიო. თუმცა მის ტვინში ინტელექტუალურმა, მაგრამ ჩარჩოში მოქცეულმა შეხედულებებმა ნელ-ნელა დნობა დაიწყო...

--- 2014 წელი ---

სქოლიო:

*ტრიადა _ ჰეგელის იდეალისტურ ფილოსოფიაში – განვითარების სამი საფეხური: თეზისი, ანტითეზისი და სინთეზი. 1) ჰეგელის მიხედვით, იდეის განვითარება ტრიადის დიალექტიკური კანონებით, განსაზღვრავს სინამდვილის განვითარებას. (ლენინი). 2) გადატანითი მნიშვნელობით: სამება, სამეული. ეს სარწმუნოება იმაში მდგომარეობდა, რომ თაყვანსა სცემდნენო ერთ უზენაესს სამეულს (ტრიადას) (ილია).

**პროტონები, ნეიტრონები, ელექტრონები _ ატომის შემადგენელი ნაწილაკები. პროტონი: დადებითად დამუხტული ელემენტარული ნაწილაკი. ნეიტრონი: ელემენტარული ნაწილაკი, რომელსაც არ გააჩნია ელექტრული მუხტი, მისი მასა ცოტათი აღემატება პროტონის მასას. ელექტრონი: უარყოფითად დამუხტული ელემენტარული ნაწილაკი.

***რიბირაბო _ დღისა და ღამის გასაყარი. რიჟრაჟის დასაწყისი.

     

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები