ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თანანა
ჟანრი: პოეზია
19 მაისი, 2014


წვიმაც დაბნეული ბისერია

გარეთ პოლ ვერლენის წვიმებია,
თავის  „სევდიანი კლავიშებით“.
ფიქრში შემომიშვებ, იმედია,
იქნებ, კარავიც კი გავიშალო.
ისევ მარტოობის პიანოა,
ისევ კადრებია გაწყვეტილი,
ჰოდა, მეც ვსვამ ამ ჩემს „პიან როჟას“
პასუხგაუცემელ  სამ წერტილში...
გულს არ მიწყალებენ ქარ-წვიმები,
წვიმას ალბათ მოსვლის მიზეზი აქვს.
ახლა იმ წვეთებად ვნაწილდები,
მერე ცრემლებად რომ იზრდებიან.
მგონი, ხეს კვირტები აათალეს,
გული ამოუღეს გაუშლელად.
როცა შენს თავს ვინმეს ანაცვალებ,
ალბათ, არ ჩაივლის დაუსჯელი.
დარდმა ლამის სიქა გამაცალოს,
მაინც მეფიქრები შეთქმულივით.
იქნებ, მარტოობა არ მაცალო,
უკვე ძველ თოფს ვგავარ, ერთლულიანს.
შენს ყელს შეწყვეტილი მძივებივით
წვიმაც დაბნეული ბისერია.
ისევ მაჯისცემა მძიმე რითმში,
ისევ სურვილების ისტერია...
ყველა თოფი ისვრის ბოლო აქტში,
ჰოდა, გავვარდები სადაცაა.
ბრალი შენ მიგიძღვის მომხდარ ფაქტზე,
ზევით მიწაა და დაბლა ცაა...
              13.05.14
       


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები