ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თოლიგე
ჟანრი: პოეზია
19 მაისი, 2014


გაზაფხულამდე


    ცივი მთა.  ცივი უნდა გათბეს შენი შეხებით.
შენი შეხებით გაიღვიძებს ჩემში სამყარო.
ხორბლის თესლივით, მოვკვდები და აღმოვცენდები,
რადგან სიცოცხლის შესვენება იყო ზამთარი
გაზაფხულამდე,  ვიდრე ქარი ღრუბლებს გარეკავს
დასავლეთისკენ,  გადასხიპავს ელვის შოლტებით.
შორი გზა,  შორი... ალბათ,  ღირდა მართლა წვალებად.
ღირდა წვალებად _ მეორდება და იოლდება.
ქარტეხილები,  უცილობლად გარდასავალი,
გამოვიარე ბავშვობიდან გამოდევნილმა,
თან მოვიყოლე მარტოობა _ მიუსაფარი
ტუჩის კუთხემდე ჩამოღვრილი ჩვილი ცრემლივით.
ოღონდ  ვიცოცხლო,  ოღონდ  გავძლო  გაზაფხულამდე,
ომს შეწირული ქალაქიდან  სული დავიხსნა,
მერე მზით გამთბარ სანაპიროს შენზე ვუამბობ,
შენ _ მოგიყვები მოლიცლიცე ზღვის ზედაპირზე.
..............................
ცივი მთა. ცივი, მიკარგული კლდეებში კენტი,
პაწია ქოხი, მოტკაცუნე ბუხარში მორი,
თაფლის სანთელი თვალმიბნედილ სარკმელთან ენთო,
ღამე კი... ღამე მიიწევდა დილისკენ მდორედ
და თენდებოდა,  ედო ფერი ყოველ თენებას
დენთის  სიმწარით  გაჟღენთილი  შენი  ფარაჯის.
მხოლოდ  სიცოცხლეც  მაშინ იქცა ბედნიერებად _
სულში ჭრილობით, თვალში _ სევდით, მაგრამ გადავრჩით...
..............................
გზა უსასრულო.  უსასრულო სევდის ტრამალი
დატბორილია,  წალეკილი _  ყველა ჯებირი.
გეჩურჩულები,  ამ  წუთებთან  შეუსაბამო,
დაუწერელ და გაუგზავნელ შენთვის წერილებს.
გამოვიცვალე  გაცვეთილი წლებით სხეული,
დადგა სიკვდილი _ დახვეწილი, როგორც ყინულის
გლუვ  ზედაპირზე  მზის ციმციმი, აჟღერებული
თეთრი ხეობის გარინდებულ ძილისპირულად.
სხვა სიყვარული, სხვა სიცოცხლე არ მეკრძალება,
მაგრამ ფიქრები ურჩად შენკენ მიისწრაფვიან,     
სამარადჟამოდ აირეკლეს რადგან თვალებმა
შენი სუნთქვა და ჩემი სულის ბიოგრაფია.
..............................
ცივი მთა. ცივი უნდა გათბეს შენი შეხებით.
შენი შეხებით გაიღვიძებს ჩემში სამყარო.
ხორბლის თესლივით, მოვკვდები და აღმოვცენდები  _
მხოლოდ სიცოცხლის შესვენება იყო ზამთარი.
   
_  გაზაფხულამდე!..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები