ნაწარმოებები



ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
20 მაისი, 2014


ვერლიბრები

ჩვენ


ჩვენ ღამის სამ საათზე
გარდავიცვალეთ გუშინ.
გასვენებაზე მოსულ უამრავთაგან
არავის დასცდენია სიტყვა: ''მშვიდობით!''
ჩვენ მოვკვდით!!!
პაოლოსავით მოვიკალით თავი,
გალაკტიონივით გადავხტით ფანჯრიდან...
გრანელივით ვთიბეთ ღამეები,
ფიროსმანივით დავიკარგეთ დროში...
სივრცეში,
ტიციანივით დაიკარგა ჩვენი საფლავი...
სიმართლის თქმისთვის გადაგვაგდეს მატარებლის ვაგონიდან!..
წაგვართვეს ბავშვობა, გაგვიყიდეს აფხაზეთი, დაგვიცხრილეს შენობები,
დაგვიბომბეს სოხუმიც და ცხინვალიც, შეგვიგინეს სარწმუნოება,
ფეხებზე დაიკიდეს მერმისი.
კედელზე მიგვაყენეს და
ხელაუკანკალებლად დაგვხვრიტეს
გადამთიელმა ჯალათებმა...
მოგვკლეს სიკვდილით მოუდრეკლები
და სწორედ ამიტომ
ჩვენ მაინც
ვიდექით ხელიხელჩაკიდებულნი,
მამულიშვილური გრძნობით ანთებულნი
და გავყურებდით გზას-ტაძრისკენ მიმავალს.
ერთმანეთისთვის ვიყავით შექმნილნი
და ერთმანეთი გვიყვარდა.
გვწამდა და გვჯეროდა, გვქონდა ხვალინდელი დღის იმედი.
ვოცნებობდით აღმაშენებლის საქართველოზე, გვწამდა რომ კვლავ დაიბადებოდნენ:
ხერხეულიძეები და ჩოლოყაშვილები, დადიანები და ბაგრატიონები,
სააკაძეები და ბარათაშვილები, რუსთაველები და გურამიშვილები,
ტაბიძეები და რაზიკაშვილები, ჭილაძეები და რობაქიძეები.
დადგება დრო, ჩვენ გავიღვიძებთ...
წამოვდგებით სამარედან, პოეტურად ვიტყვით ჩვენს სათქმელს,
ვეტყვით კაცობრიობას, რომ ხელმეორედ დავიბადეთ,
დავიბადეთ და აღარასოდეს აღარ მოვკვდებით.
ისევ ავალთ ბედნიერების მწვერვალზე, ავალთ და გავიხარებთ.
ჩვენ გადავცურავთ ნილოსს, გადავლახავთ რუბიკონს,
ჯიშიანი ბედაურებით გადავივლით მთებს,
ხელისგულებზე დავისვამთ ჩიტებს, გავაფრენთ თბილ ქვეყნებში...
სიყვარულით დავამარცხებთ ბოროტებას, დავამყარებთ მშვიდობას.
დედამიწაზე მშვიდობა დაისადგურებს, ყველგან სიყვარული სუფევდეს იქნება,
აღარაფრის შეგვეშინდება.
სიკვდილი?!-სიკვდილი არაფერი არაა,
მოვა დროება და ქრისტესავით გავიმარჯვებთ სიკვდილზე,
ყველას გულებში სიყვარული დაისადგურებს.
ამინ!



მე, შენ...

მე შენ დაგპირდი, რომ აგიგებდი
ოცნების პირამიდას,
როგორც კეისარი კლეოპატრას და სადედოფლოდ გამზადებულს
ერთი ასად გაგაღმერთებდი.
შენ დამთანხმდი და სანაცვლოდ არაფერი მოგითხოვია,
იყავი ჩემს მკერდს მიყრდნობილი
პატარა ბავშვივით და მეც ვგრძნობდი
შენს გულის ცემას,
ჩამესმოდა ყურში შენი
აჩქარებული სუნთქვა და მაგ დროს მქონდა ბედნიერების შეგრძნება.
მინდოდა ეს წუთები
სამუდამოდ გაგრძელებულიყო,
დავმტკბარიყავით ერთმანეთის ხვევნა-ალერსით
და გვეზრუნა მათი ცხოვრებისთვის,
ვინც მარტოობისთვის არის განწირული.
მე დაგპირდი და აგიგე კიდეც
ოცნების პირამიდა,
შენ კი სამუდამოდ შემიყვარე და მეც შენი მადლიერი ვარ.


ყივჩაღის მონოლოგი


მე ყივჩაღი ვარ,
სხვის ცოლს დანატრებული ყივჩაღი.
ხმალშემართული ახლა მუხრანის სამზღვართან ვდგავარ,
ქართველის სისხლს მოწყურებული
სამარადისოდ ომგადახდილ ვაჟკაცს მოველი.
დედამიწაზე ბევრი ტურფა ქალი მინახავს,
მაგრამ საქართველოში მაინც განსაკუთრებულად ლამაზი ქალები არიან.
ვიცი: ქართველი უბრძოლველად ცოლს არ დამითმობს,
საკუთარ მამულს არ დამანებებს,
სისხლის უკანასკნელ წვეთამდე იბრძოლებს,
დაიცავს თავის ღირსებას, ტრადიციებს
და სამარეში ჩაიტანს თავის საიდუმლოს.
ქართველის სიცოცხლე ეკუთვნის სამშობლოს,
გული-ქალს, ღირსება-მას!
მე ყივჩაღი ვარ,
შმაგი და გაუმაძღარი ყივჩაღი!!!


მარიენ!


მარიენ! ცხოვრება სასტიკი და დაუნდობელია:
გვაწერინებს ლექსებს, გვამღერებს სიმღერებს, საკუთარი ხელით გვათხრევინებს
საფლავებს...
ბედნიერ ვარსკვლავზე დაბადებულებს გვათამაშებს ჭადრაკს.
ჩვენ კი... ჩვენ გულებს ვუთბობთ ერთმანეთს,
შევსციცინებთ თვალებში და გვაქვს ხვალინდელი დღის იმედი,
იმედი იმისა, რომ ოდესმე ბედნიერებას ვეწევით... სიხარულით მეცხრე ცაზე ვიფრენთ და
ჩვენზე ბედნიერი არვინ იქნება დედამიწის ზურგზე.
ადამიანი იმედით ცოცხლობს და ეს იმედი ნუ მოგვიშალოს ღმერთმა.
არ დაიდარდო მარიენ! აი ნახავ:  ''ყველაფერი კარგად იქნება!''
ჩვენ გავიმარჯვებთ!!! დავიჩოქებთ ხატის წინ,
მუხლმოყრილნი ვილოცებთ მშვიდობისთვის,
გადარჩენისთვის მადლობას შევსწირავთ უფალს
და მაშინ ქართველობა სიმშვიდეს მოიპოვებს,
მზიან გულებში სიყვარული დაისადგურებს.
ქრისტიანობა გადაარჩენს დედასამშობლოს!!! სიხარულის მზე გაანათებს კაცობრიობას,
შეიმოსება მთელი ერი დიდების შუქით და მაშინ ყველაფერი დამთავრდება,
ჩვენს ტანჯვას ბოლო მოეღება და ვიქნებით ასე სამუდამოდ გახარებულნი,
პატრიოტული გრძნობით ანთებულნი, ულევ სიყვარულით გაჯერებულნი,
ღვთისმშობლის კალთას ამოფარებულნი და ვივლით ასე ხელიხელჩაკიდებულნი,
თვალებგაბრწყინებულნი და მირონცხებულნი.
დიდება მართლმადიდებელ საქართველოს!


მე

ვკითხულობ ესენინს...
ღმერთმა იცის მერამდენედ ვკითხულობ უკვე.
ვდგავარ სარკმელთან...
სულგანაბული ვუსმენ ფოთლების შრიალს
და პოეზიის ცეცხლით გულდათუთქული
ვიხსენებ უდროოდ წასულ პოეტებს.
სასწაულის მოხდენა რომ შემეძლოს,
პირველ რიგში ჩემს გარდაცვლილ ძმას გავაცოცხლებდი
და შემდეგ ყველა იმ ადამიანს,
ვინც ხელმეორედ სიცოცხლეს იმსახურებს.
''მე ქართველი ვარ!''
და ამით ყველაფერია ნათქვამი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები