ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: უგლავა ალექსანდრე
ჟანრი: პროზა
2 ივნისი, 2014


მზის ძაღლები








                   


    დასაჯერებლად ალბათ ძნელია, წარმოსადგენად უფრო ადვილი. . .
ღრუბელზე ცხოვრობდა. . .
    თეთრ ქათქათა ღრუბელზე. ბვშვობაში ფრენაზე ოცნებობდa. მარტო ის შეძლო, რომ ღრუბელს მისთვის გაეძლო.  ქათქათა ღრუბელში ხან იწვა, ხან იჯდა, ხან იდგა, ხან გორაობდა და ბედნიერი იყო. ნეტა ვინ არ იქნება ბედნიერი ღრუბლებში რომ დაფრინავდეს? თუნდაც ღრუბლით.  შავ ღრუბლებს ერიდებოდა. ასე იძახდა ძალიან გამჭირვალეები არიანო...  შავი ღრუბლიდან დედამიწა უფრო ნათლად ჩანს ვიდრე თეთრიდანო, მე კიდე ღრუბელზე იმიტომ დავსახლდი დედამიწისთვის, მხოლოდ მონატრების დროს გადამეხედაო.  ფიქრისას  თავს რამოდენიმეჯერ გამოტყდომია, რომ დედამიწა იშვიათად ენატრებოდა და არც ადამიანი ეგულებოდა ვინც ადრე თუ გვიან  მოენატრებოდა. მშობლები არ ჰყავდა, უფრო მეტიც რისიც ყველაზე მეტად რცხვენოდა, მშობლები სიკვდილის მერე, რომ შეუყვარდა ის იყო. ხანდახან როცა ვინმესთნ ლაპარაკი ძალიან მოუნდებოდა გრძელ ბაწრის კიბეს სადმე ტყეში გადმოკიდებდა, რომელიმე ხეზე მიამაგრებდა, ღრუბელი, რომ სადმე არ წაეღო ქარს და თვითონ ტყიდან გამოდიოდა. ხალხში გაერეოდა და ქვეყნის ამბებს იგებდა. ადამიანებს ძალიან უბრალო რამეებზე ესაუბრებოდა. ისინიც გაბეზრებულები თავიდან იცილებდნენ, ზოგი ამას თავაზიანად აკეთებდა ზოგიც არა, მაგრამ მისთვის სულ ერთი იყო, ის რაც მას ღრუბლებში აკლდა მარტივი უბრალო ურთიერთობები იყო. სირთულეები, რომლებიც დედამიწაზე ასეთი დიდი პატივით სარგებლობენ, ცაში სასაცილოდ არ ყოფნიდა.  უკვირდა, ამდენი ცაში ხეტიალის მერე ღრუბელზე მასავით შესკუპებული ადამიანი, რომ არ შეხვედროდა, ნუთუ არავის უნდა ფრენაო, თუ უნდათ რატომ არ ცდილობენ, მცდელობა და მიღწევა ხომ ძალიან ახლოს არიან და თავდაუზოგავი მცდელობა ხომ გარანტირებული მიღწევააო ფიქრობდა.  ხუთი თუ ექვსი წლის მერე აწუხებდა ფრენაზე ფიქრი, ღამ-ღამობითაც კი ესიზმრებოდა როგორ ფრინავდა, ოღონდ მაშინ მიწასთან ახლოს ფრინავდა... ამას შეიძლება ფრენა არ ერქვას, ღრუბელზე ცხოვრობს მარტო, მაგრამ არც ფრენაზე ნაკლებ სასიამოვნოაო, იძახდა. ერთი ნაკლი აქვსო ისე თვითონაც აღიარებდა, ადამიანს შენ თავთან ლაპარაკს გაჩვევს დამლაპრაკებელი, რომ არ გყავსო, შენ თავთან ლაპარაკი კიდე, ხომ ყოველთვის კონფლიქიტით მთავრდება, ამიტომ, თითქმის გაუთავებელ ბრძოლაში ხარო. თუმცა ფრენის სიამოვნება ამად კი არა ათას ასეთ რამედ ღირსო.
  დილით მზის სხივებში ებლანდებოდა სხეული, სხივებს ათბობინებდა ბამბასავით ღრუბელს და მთელი დღე  და ღამე ამ თბილ მასაში ნებივრობდა.  ზოგჯერ სევდიან ხასიათზე დგებოდა ხოლმე, განსაკუთრებით, როცა ქვემოთ გადაიხედებდა და ულამაზესი ხედები ერთმანეთს ცვლიდა. რაღაც დარდი შემოაწვებოდა ხოლმე. აი მაშინ  ეწეოდა გული მიწისკენ, რამდენჯერმე ჩამოუშვია მისი თოკის კიბე და ჩამოსულა ღრუბლიდან, მაგრამ სულ ცოტა ხანში იმ ხეს უწყებდა ძებნას, რომელზეც კიბე ჰქონდა დამაგრებული და ცაში გარბოდა.  მე ცაში უფრო კარგად ვგრძნობ თავსო, ადამიანები მარტო მოსანატრებლად ვარგივართო ასე იძახდა. დაცურავდა ღრუბელი და დაყვებოდა. დედამიწისთვის რამდენჯერმე ჰქონდა უკვე შემოვლილი, უთვალავი რამე ენახა ზემოდან, ზოგი  ქვემოდანაც. უთვალავ ადამიანს სხვადასხვა ფერისას და სხვადსხვა ფიზიონომიისას გადაყროდა ქვემოთ ჩასული, ასე ამბობდა: განსხვავება მარტო მაგ ფერებში და ფიზიონომიებშიაო, ერთი მასალისააო ყველა. 
ერთხელ ერთ შავკანიან გოგოსთან ნახევრი ღამის მუხლჩაუხრელი ვნებათაღელვის შემდეგ, კითხვაზე ღრუბლებში რომ ცხოვრობდე რას იზამდიო, ,,არაფერსაც არ ვიზამდი რა უნდა მექნა ღრუბლებშიო” პასუხმა ძალიან გაანწყენა, ასეთი უფანტაზიო ადამიანი ვერასდროს გაიგებს რას ვგრძნობ მე, როცა ღრუბლებში უბრალოდ ვზივარ, ან ვწევარ, ან ვგორაობ და ბედნიერი როგორ ვარო. მაშინვე მიატოვა და ჯუნგლებს შეერია, თოკის კიბე მოძებნა და გაფრინდა.  ერთხელ როცა უზარმაზარ ქალის ქანდაკებას გადაუფრინა მისმა ღრუბელმა, ერთი ფიქრი აეკვიატა, რა ჯობიაო, თავისუფლება შეზღუდულებს დაუდგა თავისუფლების ქანდაკება, თუ თავისუფლებს მონისო. . . ვისთვის რა ჯობია ხალხისთვის თუ ქანდაკებისთვისო პასუხობდა მეორე მე და ფიქრის სურვილს ჩანასხშივე უსპობდა. . . ერთხელ ერთ თვალის ვიწროჭრილიან მოხუცთან საუბრისას, შენი აზრით როგორი იქნება ადამიანი, რომ ღრუბელზე ცხოვრობდესო, ბებერს გაეღიმა და ჯიბიდან პატარა მინის ჭურჭელი ამოაძვრინა, მერე შიგნით გამხმარი ბალახი ჩაყარა და მიაწოდა, მოწიეო. უყოყმანოდ დასწვდა და მოწია. ცოტა ხანში ეგონა ჩემს ღრუბელზე ვარ და სტუმრად ეს მოხუცი მყავსო, მაგრამ ორ თუ სამ საათში, გული აუცრუვდა ამაზეც, ამით თავის მოტყუება და ფილტვების დახეთქვა, რათ მინდა, ახალი არაფერი, ისედაც მშვენივრად ვცხოვრობ ჩემს ღრუბელზეო. როცა მოშორდა მოხუცის სამყოფელს, დიდხანს უყურებდა ყაყაჩოებით სავსე მინდვრებს და გულში სევდა უსხმარტალებდა. ერთხელ როცა თავის ღრუბელში გახვეული ნელა მიცურავდა ცისფერ  სივრცეში და ვერაფრით ვერ გაითბო სხეული ძირს გადაიხედა და ეგონა, სამყარო ამოტრიალდა და ქვემოთაც ღრუბლები დაცურავენო,  მერე იგრძნო რომ სიცივე სწორედ იმ ღრუბლებიდან მოდიოდა, ქვემოთ რომ დაცურავდნენ და ისიც გაარჩია ზოგი ღრუბელი წყალში რომ დაცურავდა. მიხვდა ანტარქტიდაზე იყო. ერთი ფიქრი იფიქრა, ჩავალ და დავათვალიერებ, როგორ ცხოვრობს ხალხიო, მაგრამ ჯერ ხალხს ვერ მოკრა თვალი და მერე  ვერაფერს ისეთს, რაზეც ღრუბლის მიმაგრებას შეძლებდა, კარგად გაეხვია თავის ღრუბლის ქულაში და სანამ ცოტა არ დათბა მანამდე არც გამომძვრალა. ღრუბელიც მიცურავდა და მიცურავდა ხანდახან კვირაობით არ ჩერდებოდა არსად, ყოფილა ისე, მშიერიც დარჩენილა რამოდენიმე დღით, საკვების მოსაძებნდ, ხან ქარების, ხანაც ოკეანეების ან უდაბნოების გამო, რომ ვერ ჩასულა მიწაზე.
      ერთხელაც, ღრუბელი იმხელა კლდეებში მიიკვლევდა გზას, რომლის მწვერვალებიც, ღრუბლებს საკმაოდ აშორებოდა ზევით. მზე თავგანწირულად კი აცხუნებდა მათ მწვერვალებს, მაგრამ, იმათ მაინც თეთრი, ყინულის ქუდები ეხურათ. იწვა ღრუბლის კიდეზე და ძირს გადაშლილი მშვენიერებით ტკბებოდა, თან გულში ფიქრობდა, რომელი ადგილები ენახა ისეთი, ამას რომ ჯობდა ან ჰგავდა. ღრუბელი მწვერვალებს გვერდს უქცევდა და ისე მიცურავდა, როგორც ხომალდი ოკეანიდან ამოშვერილ ქიმებს შორის. ერთ კლდეში თითქმის მწვერვალთან გამოქვაბული რომ დაინახა მზერა ჩვეულებრივად გადაატარა, რადგან ასეთი გამოქვაბულები, თუნდაც ამ სიმაღლეზე ბევრჯერ ქონდა ნანახი, მერე უცებ მონუსხულივით გაშეშდა და თავი ისევ გამოქვაბულისკენ მიატრიალა. გამოქვაბულში თეთრწვერიანი მოხუცებული  კაცი იდგა, ხელს უქნევდა და უღიმოდა. მიუხედავად იმისა რომ ნიავი თითქმის არ იძროდა მოხუცის თეთრ თმა-წვერს მაინც წეწდა. გაოცდა და იფიქრა ღმერთს მივაგენიო, ღმერთი ვიპოვე მგონიო, და თავის თოკის კიბე გადაუგდო, უფრო სწორად აუგდო. გამოქვაბული  მაღალზე იყო, ვიდრე ღრუბელი. მოხუცი დასწვდა იქვე კლდიდან  გამოშვერილ უზარმაზარ ლოდზე მიამაგრა. კიბეს აუყვა. ასეთ რამეს კი ვერ ვიფიქრებდიო ფიქრობდა და თან საფეხურებს მიუყვებოდა, ღრუბლიდან თუ კიდე ზევით ავყვებოდიო კიბეს. ავიდა, მოხუცმა ხელი წააშველა, ფეხი როგორც კი გამართა ჯერ კარგად დააკვირდა და რა დარწმუნდა ღმერთთან მოვედი ნამდვილადო, თვალი თვალში გაუყარა და პირველი სიტყვა თქვა:
__ გამარჯობა ღმერთო. .….
მოხუცს გაეღიმა. ხელი ბეჭზე გადახვია და გამოქვაბულისკენ წაიყვანა, შესასვლელთან ნაცეცხლარს შემოუსხდნენ.
__ ღმერთი კი არა, მეც შენსავით ადამიანი ვარ. . . ღმერთის სამსახურში ჩამდგარი . . . ასეთი ადგილიც იმიტო შევარჩიე, რომ ხელი არ შეეშალათ მისთვის ხმის მიწვდენაშიო.
თითქოს ყინულის ყუთში ჩასვეს ისეთი გრძნობა ჰქონდა იმ წამს, ღმერთის მაგივრად, რომ შენი ჯიშის შეგრჩება ხელში  ვერაფერი სასიამოვნოა, თუმცა უკან გაბრუნება არც უცდია, ესეც საინტერესო შემთხვევა იყო, ამ სიმაღლეზე ადამიანი, თან ღრუბლიდან რომ ავიდა. . . ცნობისწადილი კლავდა ყველაფერი გაეგო ამ კაცზე. . .
__ ამ სიმღლეზე იმისთვის ამოხვედი, რომ ღმერთისთვის ხმა მიგეწვდინა რაღაცეების სათხოვნელად? გგგონია რახან ახლოს ხარ ცასთან, უფრო გააგონებ?
__ არა, აქ იმიტომ ვარ, მინდა გავიგო, რისი თხოვნა მინდა ღმერთთან
__ მაგის გაგება ქვევით, ხალხთნ უფრო ადვილი არაა?

__ ხალხთან პირიქით, ხელს გიშლიან ფიქრში და სათხოვნელიც ცხოვრებისეულია.  არ შეგიძლია სხვანაირად.
__ აქ როგორ ამოდი? __ თან ქვემოთ გადაიხედა ჩასასვლელი ბილიკი არსად ჩანდა,  მოხუცმა უზარმაზარი ჯაჭვი დაანახა.
__ იმას ჩავყვები ხოლმე, თუმცა ძირითად დროს აქ ვატარებ.
__ პირველად რომ ღრუბელზე დამინახე რა იფიქრე?
__ ამ ქვეყანაში ღრუბლებში ფრენა არ უკვირთ,_ თან ხელი სამხრეთისკენ გაიშვირა. გაეღიმა. ახლგზრდასაც გაეღიმა.
__ შენ ღმერთის გწამს ღრუბლის კაცო?
__ მე არ ვიცი, რაც მწამს, იმას ღმერთი ქვია თუ არა. თუმცა ათეისტი არა ვარ.
__ არსებობენ ადამიანები რომლებსაც ღმერთი იმიტომ სწამთ, რომ უნდათ ეგულებოდეთ ისეთი ვინმე, თუნდაც არა დედამიწაზე, ვინც მათზე იზრუნებს და ეყვარება ისინი. იმათ მფარველი სჭირდებათ, ასეთები ყველაზე ადრე ივიწყებენ ღმერთს. ასეთი ვიყავი მეც.…. .
__ და არ დაივიწყე?
__ არა. დავივიწყე. მერე დავინახე ჩემი უსუსურება და მივხვდი. . .
      ახალგაზრდა გაოცებული  უსმენდა, ასე ძალდაუტანებელი, დიდი ხნის ნაცნობივით საუბარი, რომ გაუბა მოხუცმა

__ რას მიხვდი?
__ არსებობს.
__ და სად არსებობს?
__ არსად.
  უცებ სიცილი აუტყდა. ,,არსად”? __ ეგრე მეც ვწერ წერილებს
მოხუცმა გაკვირვებულმა შეხედა __ ვის წერ წერილებს?
__ არავის. – მოჭრილად უპასუხა და გამომცდელად დააკვირდა, ტუჩები ისე მოეკუმა, ეტყობოდა ისევ გადახარხარებას აპირებდა. მოხუცი მთელი სერიოზულობით მისჩერებოდა. ღიმილი სახეზევე შეაცივდა ვეღარ გაბედა დაცინვა, რაღაცნაირი სიმშვიდე ენთო თვალებში ჭაღარაწვერიანს.
__ წერილებს ყველა წერს ,,არავის”, ოღონდ ძალიან ბევრი უკალმოდ წერს, ზოგი თავის თავსაც კი უწერს წერილებს  და მერე არასდროს კითხულობს მისივე დაწერილს
          ახალგაზრდა უსმენდა და კმაყოფილი იყო ღრუბელი, რომ გააჩერა.
__ ღმერთი როგორ იპოვე?
__ ღმერთი კი არ უნდა იპოვო, უნდა აღმოაჩინო, პოვნა იმას ჭირდება რაც დაკარგე, ღმერთს კი ვერავინ დაკარგავს, იმიტომ რომ ის ყოველთვის ჩვენთანაა, გვინდა ჩვენ თუ არა, უბრალოდ ჩვენ უნდა უფრო გულდასმით ვაკვირდეთ და  აღმოვაჩინოთ. ეგ გრძელი ამბავია სჯობს შენ მითხრა, ღრუბლით სულ მარტოდმარტო რად მოგზაურობ?
__ ფრენაზე ვოცნებობდი, მერე დიდი წვალების შემდეგ მოვახერხე, რომ ღრუბელს ჩემთვის გაეძლო, ჰოდა ავდექი და მივატოვე მიწა, ბოლომდე მაინც ვერ ვშორდები მისი ნაწილი ჩემში, უფრო ზევით წასვლის ნებას არ მაძლევს
__ შენ თუ გიფიქრია რომ მიწაზე ნაშობი მიწისთვის რომ უნდა იყოს სულ, მიწის გაუკეთებისთვის რომ უნდა იზრუნოს და არა ცაში იფრინოს?
__ მიფიქრია და დავბრუნდები კიდევაც, ალბათ ოდესმე მიწაზე, მანამ კი სადაც ეხლა მირჩევნია იქ ვარ.
__ შენ ადამიანებს გაურბიხარ.
__ შენც ხომ ადამიანებს გაექეცი?
__  ხო მაგრამ ჩემი მიზეზი სხვა იყო, მე ღმერთათნ დაახლოების გამო გამოვიქეცი
__ მე კიდე ხალხი რასაც აღმერთებს იმას გამოვექეცი.
__ ყველამ თავისით უნდა აღმერთოს ღმერთი თავის თავში. ყველა თუ ერთნაირად გააღმერთებს, იმათ არ ესმით მაშინ ღმერთი, რადგანაც ღმერთი თვითონ ადამიანებშია და ყველა ადამიანი სხვადასხვანაირია. და საერთოდაც ღმერთს გაღმერთება  არ სჭირდება, ის ისედაც არის ღმერთი და ერთადერთი რაც არ შეუძლია, ასე რომ არ იყოს ისაა.
__ მაინც რამ ამოგიყვანა  ამ სიმაღლეზე წმინდა კაცო?
__ გრძელი ამბავია, თუმცა თუ გაინტერესებს მოგიყვები. ეტყობოდა ლაპარაკი მონატრებოდა მოხუცს.
__ რა თქმა უნდა მაინტერესებს. თქვა ახალგაზრდამ და მყუდროდ მოეწყო.  ციოდა დ ორივე გადაჯვარედინებული ხელები მუცელზე მიეკრა. მოსასმენად გაემზადა. მოხუცი წამოდგა, იქვე მინავლებულ ნაკვერჩხალს, ტყეში შეგროვილი და ამ სიმაღლეზე ზურგით ამოთრეული, ფიჩხი მიაყარა, მერე სული უბერა. ხმელ ფიჩხს ალი მოედო თუ არა ცეცხლს თვალი გაუშტერა, მერე სტუმარს შეხედა, თვითონაც ისე მოკალათდა და დაიწყო.….
    ,,შენზე დაახლოებით 30_35 წლით უფროსი ვარ, დაახლოებით ამდენი წლის წინ მწერალი ვიყავი უფრო სწორად ვიყავი თუ არა აღარც ვიცი, რაღაცეებს ვწერდი, ვბეჭდავდი და მკითხულობდნენ. . .
    დგება ხოლმე ადამიანის ცხოვრებაში მომენტი, როცა შენი თავი ამოწურული გგონია, აღარაფერი დაგრჩენია თითქოს ამ ქვეყანაზე გასაკეთებელი და რახან ასე მიგაჩნია, ვეღარც აკეთებ ვეღარაფერს. ასეთ დროს არის ხოლმე კარგი, რაღაც ისეთის გაკეთება, რაც ახალია შენთვის ან უცხოა, ან ძველია და მივიწყებული, ასეთებს სიახლეები ქვიათ მაინც და სიახლეს შეუძლია თავიდან დატენოს ადამიანი ენერგიით და დაუბრუნოს შრომის სურვილიც და ძალაც. რახან ეს ვიცოდი, დავავლე ერთ მზიან დღეს ჩემს ნივთებს ხელი და ზღვაზე წავედი, წავედი მატარებლით 6 საათი ვიმგზავრე  და 6 საათი ვფიქრობდი მომავალი მოთხრობის არათუ სიუჟეტი როგორი უნდა ყოფილიყო, იქნებ რაიმე სათაური მაინც მომეწონოს, რომ დავარქვათქო. ხშირად ჯერ სათაური მომდიოდა აზრად და მერე მოთხრობა.  ვერაფერი მოვიფიქრე და დავრჩი ისევ ზღვის იმედად, მეთქი იქნებ ზღვამ მიშველოსთქო, თუმცა მეხუთე დღემაც ისევე ჩაიარა, როგორც წინა ოთხმა, ცხელ ქვიშაზე ვიწექი, მარილიანი წყლით საკმაოდ გაბერილი და მსუბუქ გულისრევას ვგრძნობდი. ცურვა კი ვიცოდი, მაგრამ წყალი სულ მეყლაპებოდა. შუადღეს სანაპიროზე, ერთ ისლით გადახურულ ბამბუკის ბარში ვატარებდი, სადაც ზღვიდან მონაბერი სიო ცელქი ბავშვივით არ აჩერებდა, ჩემს ფურცლებს მაგიდაზე. წარამარა მიწევდა დახრა, ამ ხუთი დღის მანძილზე მხოლოდ ორი ჩანახატის ჩაწერა შევძელი და ორივეს ზღვაში გადავუძახე, აშკარად ჩემი შემოქმედების წყარო პირწმინდად იყო დამშრალი.
      ერთხელ ჩვეულებრივ კაფეში ვზივარ და უკვე მერამდენედ ვიღებ ძირს გადაფარფატებულ ფურცლებს, თან უმისამართოდ ვიღაცას ვაგინებ. კიდევ ერთი ნიავის წაცელქების შემდეგ წამოვდექი ფურცლების ასაკრეფად და ერთი ფურცელი პაწია ხელმა დამიდო მაგიდაზე, ხელს გავაყოლე მზერა და პატარა გოგო შემრჩა, 3-4 წლის თუ იქნებოდა ალბათ, ხუჭუჭი თმები შუბლზე ჩამოშლოდა, დიდი ქალივით საცურაო კოსტუმი ეცვა და ძალიან სასაცილოს და საყვარელს აჩენდა, პატარა საყვარელი ღიპი წინ გადმოსვლოდა, ხორციან მკლავებზე და ბარძაყებზე ნაკეცები აჩნდა და ლურჯი თვალები... ისეთი ლურჯი არც ზღვა და არც ცა მე არ მინახავს.  ერთი სიტყვით ფრთები რომ ჰქონოდა შავთმიან კუბიდონს მოგაგონებდა, ისეთი ბავშვი იყო. დამიდო და თან ენის მოჩლექით მთხოვა ,,გემი გამიკეთეო”, ნერვები მთლად მწყობრში არ მქონდა, სულ არ მეგემებოდა და მემეზღვაურებოდა, მაგრამ  ისეთი ანგელოზის სახე ქონდა იმ ბავშვს, უცებ დავკეცე ერთი ფურცელი, ერთხანს აუჩქარებლად ვკეცე , მერე რაც გაიშალა გავშალე და მის კმაყოფილ თვალებს რომ შევხედე მეც კმაყოფილებით ავივსე უცებ, იდგა ჩემს წინ, ხელში ჩემი ქაღალდის  გემი ეჭირა და კი არ იღიმოდა, მხოლოდ თვალები უციმციმებდა სიხარულისგან
__ნანუცა მოდი აქ
მომესმა უცებ არც თუ ისე მკაცრად წარმოთქმული ქალის ხმა და ბავშვი მაშინვე შეტრიალდა, მერე ჩემსკენ მობრუნდა თითქოს მეკითხებოდა შეეძლო წაღება გემის თუ არა, მე რა თქმა უნდა ვაგრძნობინე, რომ გემი მისი იყო და ისიც კმაყოფილი, ქერად შეღებილთმიან ახალგზრდა ქალთან  მიბაჯბაჯდა, ქალს მარჯვენა ლოყაზე მუქი საკმაოდ მომსხო ხალი ქონდა, რომელიც მის სახეს რაღაცნაირად იდუმალ იერს აძლევდა, ისეთი სახე რომ აქვთ ხოლმე ქალებს, თითქოს ყველა დარდი უდარდიათ, გადაუტანიათ და ეშინიათ კვლავ გადასატანი არ გაუხდეთ. რაღაცნაირი ფიქრისგან დაღდასმული სახე ჰქონდა.  იქნებოდა ასე 30 წლის.
    ამ ხუთი დღის მანძილზე ამ დედაშვილმა მიიპყრო ჩემი ყურადღება პირველად. მანამდე ვერ ვამჩნევდი ვერც ჩამოქნილ ქალებს და ვერც იმათ მხლებელ მუცელზე კუბიკ-კუნთებიან ბიჭებს, მარტო არსებობდა ბამბუკის ბარი, ზღვა, ჩემი ფურცლები და ცელქი ნიავი.
  მზემ გადაიხარა თუ არა ზღვაში გადასაშვებლად, ქალმა მიატოვა ყვითელი წვენით სანახევროდ სავსე ჭიქა, მოკიდა ხელი ბავშვს, რომელიც ხან რომელ მაგიდასთან იყო და ხან რომელთან, ყველას თავის ქაღალდის გემს აჩვენებდა და ყველა უქებდა და აქებდა. ზოგიერთი ფუმფულა ხელებსა და ლოყებზე კოცნიდა რომ ვერ იკავებდა თავს, მაშინ დავრწმუნდი მე, იმ პირველი მხატვრის კრეატიულ ნიჭში, რომელმაც პირველად დახატა ანგელოზი ფრთიანი ბავშვის გამოსახულებით. წავიდნენ და მანამ ვუყურე სანამ ქალმა ზღვასთან ახლოს პირსახოცი არ გაშალა, მზისგან დასაცავი დიდი ქოლგა არ ჩაარჭო მიწაში ისე, რომ მისი ჩრდილი პირსახოცს დაცემოდა, მერე ბავშვს ხელი მოკიდა და ორივენი ისეთ ადგილას დაჯდნენ ნაპირზე, ტალღა რომ წვდებათ მარტო, ტალღების ქაფი რომ უგრილებთ სხეულს.
      გადავწყვიტე რადაც არ უნდა დამჯდომოდა გამეგო ვინ იყო ეს დედა-შვილი, რაღაცა გამიღვიძეს, უფრო სწორად ბავშვმა გამიღვიძა სულში რაღაც. სურვილი გამიჩნდა ეს ბავშვი ჩემს ნაწერებში მეხსენებინა, გამეზარდა და გამეუკვდავებინა. მერე ძალიან სასაცილოდ მომეჩვენა ჩემი ნაფიქრი, ეგ ბავშვი თვითონაც მშვენივრად გაიზრდება და გაუკვდავდება, ვერც მე და ვერც ერთი მწერალი საერთოდ, ვერ დაწერს ისეთს და ისე, თვითონ ადამიანის ცხოვრებას რომ ჯობდეს, მით უმეტეს ბავშვისას. ,,არც დღეს არ იქნება კარგი მზის ჩასვლა” გავიფიქრე. ჰორიზონტზე შავი ღრუბლები ჩანდა, რაც ჩავედი მზის ჩასვლას ვერ ვუყურე, სულ ღრუბლები მიშლიდნენ ხელს. ნიავიც უკვე მომაბეზრებელი გამხდარიყო, ჩემი ფურცლებიდან ხელის აწევის საშუალებას არ მაძლევდა, ძალას უფრო და უფრო იკრებდა. გადავწყვიტე სასტუმროში დავბრუნდები-მეთქი, შხაპს მივიღებ, დღეს ზღვაში ჩასვლას მაინც აღარ ვაპირებმეთქი. ოფიციანტ გოგონას დავუძახე, ლუდის ფული გადავიხადე და სასტუმროსკენ გავუყევი ბულვარს, სანამ ნომერში ავიდოდი, სასტუმროს პატრონთან ერთი ღერი სიგარა მოვწიე, სპეციალურად ჩამომიტანეს წყნარი ოკეანის გაღმიდანო და პატივისცემის ნიშნად მომაწევინა, იმას რომ მწერლებზე წარმოდგენა ჰქონდა, ისინი აუცილებლად ეწეოდნენ სიგარას. მე პირველად მოვწიე და ისეთი სახით ვიჯექი სარწეველა სკამში, თითქოს სიგარეტის წევა სიგარებით დამეწყოს საერთოდ. ცოტა ხანს ვისაუბრეთ კუბასა და ჰავანის მხარეზე, მერე ნომერში ავედი, ფურცლები საწერ მაგიდაზე მივყარე, გეზი საშხაპისკენ ავიღე და ათ წუთში უკვე სასიამოვნო შამპუნის სუნი ამდიოდა. კკვლავ ჩავიცვი და ისევ ბამბუკის ბარისკენ გავწიე, ამჯერად ფურცლების გარეშე, საღამოობით ბევრი ხალხი იყო და შესაბამისად ხმაურიც, მე იმ დედა-შვილის ნახვა მინდოდა მხოლოდ. . .
  შორიდანვე შევამჩნიე ბარში არავინ იჯდა, მივედი და მარტო ბარმენი გადაყუდებულიყო ბამბუკის მოაჯირზე და ზღვის ნაპირზე შეგროვილ ხალხს უყურებდა, ზღვაში კატერები დაცურავდნენ, მათზე მყოფებიც ყველა ზღვას ჩაჩერებოდა, შევხედე ერთ-ორ ზღვიდან ამოწეულ თავს ჟანგბადის მილი ქონდა პირში გაჩრილი და მივხვდი აკვალანგები იყვნენ
__ რა ხდება? ვკითხე ბარმენს და აღელვებულ ზღვას გავხედე, ასე უცებ როგორ აღელდა ასე მეთქი
__ ბავშვი მოიტაცა ტალღამ, უკვე თხუტმეტი წუთია გამწარებულები ეძებენ, დედის კივილზე ეგრევე გადაეშვნენ ბიჭები წყალში, მთელი სამაშველო სამსახური  აქაა, ვერ იქნა და ბავშვი ვერ იპოვნეს, ზღვა ძალიან ღელავს, ვინმეს რომ დაახრჩობს ასე იცის მერე ზღვამ, ღელავს და ღელავს
დახრჩობის ხსენება არ მესიამოვნა, თუმცა გააზრებულიც არ მქონდა კარგად რა მომხდარიყო, ცხოვრება სიურპრიზების მოყვარულია, კარგზე მეტად ცუდი სიურპრიზების __ საწყალი ბავშვი იქნებ ნაპირზე გაებნა მშობლებს, ბავშვები ცელქები არიან. ვთქვი მე და მივხვდი ხავსიც არ იყო ის რასაც ვეჭიდებოდი
__ დედამისი სად იყო ან მამამისი?
__ არ ვიცი, დედას გვერდით ეჯდაო და უეცარმა ტალღამ დედა უკან გადააქცია და წამოწეულს შვილი ადგილზე აღარ დახვდაო, აკივლებულა მაშინვე და ვინც ცურვა იცოდა,  ყველა გადახტა, მაგრამ თვალიც ვერ მოკრეს ბავშვს. დედამისი სასწრაფომ წაიყვანა, ნერვული შეტევა დაემართა, კრუნჩხვებში ჩავარდა და თავისივე დუჟმა კინაღამ გაგუდა, მამამისი არ ჩანდა ეტყობა მარტონი იყვნენ ზღვაზე
    ამ დროს ოფიციანტი გოგო შემოვიდა, შეძრწუნებული სახე ქონდა,
,, დღეს რომ აქ იჯდნენ ” და ხელი მაგიდისკენ გაიშვირა სადაც ის დედაშვილი იჯდა, მე რომ ასე დამაინტერესეს და უცებ მეგონა თუ მოირყა ბარი და სადღაც ქვესკნელში მივექანებითქო
ის ბავშვი? ჩემი კუბიდონი? მოიტაცა ტალღამ, და დაახრჩოო, ასე თქვა ამ სულელმა ბარმენმა, ფუ ეს სულელი ყეყეჩი, და უცებ ბარმენს იმხელა გავარტყი, მოწყვეტით დაეცა იატაკზე, ოფიციანტი გოგონა მაშინვე  მივარდა ბარმენს, მე გარეთ გამოვვარდი, ქვევით ჩავირბინე სანაპიროზე და ასე ტანსაცმელებიანად შევვარდი ზღვაში, ძირს ვაკვირდებოდი, ფსკერზე ვიყურებოდი, ტალღები სახეში მეცემოდა, მაინც ვცურავდი სველი შარვალი მიშლიდა, ორივე ფეხსაცმელი გამაძრო ტალღამ, მაინც გაგიჟებული დავცურავდი, გაკვირვებული ხალხი მე მიყურებდა, მე ვერავის ვამჩნევდი, ჩემთვის მარტო ზღვა არსებობდა, საზიზღარი ზღვა და მის ფსკერზე პატარა ანგელოზი უნდა მეპოვნა, რადაც არ უნდა დამჯდომოდა უნდა მეპოვნა, მაგრამ როგორც სხვებმა მეც სულ ტყუილად ვიფართხლე, აღარაფრის გარჩევა აღარ შეიძლებოდა უკვე საკმაოდ ჩამობნელდა, კატერებზე დიდი ფარნები აანთეს და წყალში ჩაანათეს, რაც უფრო მელეოდა იმედი, მით უფრო მიპყრობდა სასოწარკვეთილება, ვყვინთავდი თავდაუზოგავად ვყლაპავდი მარილიან წყალს, ვეძებდი და სიამოვნებითაც დავიხრჩობოდი, მაგრამ ვიღაცის ძლიერმა ხელმა ამათრია, ჯერ კატერზე დ მერე ჯერ ისევ თბილ ქვიშაზე გადამაწვინეს, ბლომად მარილიანი წყალი ვაღებინე, ვერაფერს ვხედავდი და ვამჩნევდი. ცრემლები ღაპაღუპით მოდიოდნენ.
  ბოლოს მარტო მე დავრჩი ნაპირზე, შუა ღამე გადასული იყო უკვე, ვიჯექი ასე გაწუწული და თავში ათასი ფიქრი მიტრიალებდა: რატომ არ მივედი? რატომ არ გავიცანი? რაღა მაინცდამაინც მაშინ მომინდა დაბანა და სიგარის წევა? სასტუმროს პატრონის დედა. . . რა მესიგარებოდა? მათთან რომ ვყოფილიყავი იქნებ ხელის ტაცება მომესწრო? უეჭველად მოვასწრებდი, იქნებ სულ არ დამჯდარიყვნენ ისე ახლოს ზღვასთან? ათასი კითხვა მიტრიალებდა და ათასივე მძიძგნიდა და მფლეთდა, მთელი ღამე სანაპიროზე ვიჯექი, სრულიად სველი, ფეხშიშველი და ვძაგძაგებდი ფეხს არ ვიცვლიდი, ღმერთო მაპოვნინეთქო, ღმერთო მკვდარი მაინც მაპოვნინეთქო, ღმერთო სადმე თუ ხარ გეხვეწები მე მაპოვნინეთქო, ვეხვეწებოდი ღმერთს და იმასაც ვერ ვხვდებოდი რომ პირველად ვთხოვდი რაღაცას, პირველად ვახსენებდი საერთოდ. . .
    . . .და უცებ იმ მკრთალ აისში ნათლად დავინახე ჩემი ანგელოზი, ჩემი პატარა ანგელოზი, ჩემი ქერუბიმი, წყალზე იდგა, ხელს მიქნევდა მიღიმოდა და თვალები კვლავ ისე სიხარულით უციმციმებდა, ლურჯი ზღვაზედაც ლურჯი და ცაზედაც ლურჯი თვალები, ისევ ის საყვარელი საცურაო კოსტუმი ეცვა და ტალღებზე  ზემოდან ისე საყვარლად დაბაჯბაჯებდა როგორც ბამბუკის ბარში. კინაღამ გავგიჟდი, გამშრალი ვიდექი ფეხზე და განძრევას ვერ ვბედავდი, ეხლა ჩაიძირება ეხლა ჩაიძირებათქო, მაგრამ იდგა და არაფრად აგდებდა ზღვა რომ წყალია, სითხეა და მასზე დადგომა რომ არ შეიძლება, რაღაცას მიქნევდა და მაჩვენებდა შორიდან, რაღაცა თეთრს. . .
ჩემი ქაღალდის გემი ეჭირა, ჩემი ქაღალდის გემი, მერე დაიხარა, ისე დაიხარა პატარა წინ გაბზეკილი მუცელი ბარძაყებს მიეკრა და გემი ტალღებზე დადო, ხელი ნაზად უბიძგა და ჩემსკენ გამოაცურა. . .
ვუყურებდი და თავი სიზმარში მეგონა, ვერ დამეჯერებინა რასაც ვხედავდი, ყველაფერი ზედმეტად რეალური იყო და წავედი პირდაპირ მისკენ, გავიქეცი, ტალღიდან ტალღას ვახტებოდი და წყალზე ისე მივხტოდი მივუახლოვდი თუ არა შევხედე როგორ აიწია ჰაერში, როგორ გასწორდა და აშკარად შევამჩნიე პატარა გამჭირვალე ფრთები როგორ თრდოდნენ და ირხეოდნენ, მერე ზევით წავიდა სულ ზევით და მზის შუქში გაქრა. გაქრა და დგაფუნით ჩავვარდი წყალში, მოზრდილი ყლუპი წყალიც გადავყლაპე და მერე გავიაზრე, რომ წყალზე ვიდექი, ამიტომ არ გამიკვირდა შენი ღრუბელზე ჯდომა, შეუძლებლობა არ არსებობს. ცურვით გამოვედი ნაპირზე, რაღაცნაირი მშვიდი ვიყავი, ვიდექი და ზღვას ვუყურებდი, გავგიჟდი თუ არა? ეს ზღვაა, ეს ქვიშაა, ეს მზე ამოდის უკვე, აგერ ბამბუკის ბარი, გიჟი არა ვარ, უცებ ტალღამ ფეხები დამისველა დავიხედე და ქაღალდის გემი გამოეტანა ნაპირზე, იდგა ქვიშაზე გემი რომელსაც ანგელოზები მართავდნენ, ერთი დღის გემი, ყველა გემზე მეტი რომ მოასწრო  და ნახა, ჩემი ქაღალდის გემი, ჩემზე მეტად დიდი. . .
და მე აწი რამეს დავწერ? მე სანახევროდ გიჟი ვარ უკვე და სხვებისთვის შეიძლება მთლიანადაც გიჟი ვარ, ამ ბავშვს ჩემი დახმრება რათ უნდა? მე არც შემიძლია მისი დახმარება, მე ერთი შემიძლია მარტო. . .
მეორე დღეს საავადმყოფოში მივაკითხე ბავშვის დედას, მინდოდა მისი ამბავი გამეგო, მენუგეშებენა, დაძინებული დამხვდა, კისერზე დიდი ლურჯი სისხლჩაქცევა ჰქონდა ირგვლივ. თავი ჩამოეხრჩო ღამით, ცოცხალისთვის მიესწროთ და ჩამოეხსნათ, ლოყაზე ხალი ჩამოეკოტა, ორივე ლოყა დაღადრული ჰქონდა, ცოტა ხანს დავყურებდი, დიდხანს ვერ გავუძელი, თავთან ქაღალდის გემი დავუდე, მისი შვილის ქაღალდის გემი და წამოვედი. მერე ყველაფერი მივატოვე ერთმა ბერმა მითხრა, რომ იყო ასეთი ადგილი მიუვალ მთებში და აქ წამოვედი, ბევრი ძებნის მერე მოვაგენი, მის მერე აქ ვცხოვრობ, აღარაფერი დამიწერია, სურვილიც კი არ გამჩენია წერის, სულ იმ ბავშვის ლურჯი თვალები მიდგას წინ და მზისკენ რომ მიფრინავდა ის და ვეხვეწები ღმერთს, არ მომაკლოს მისი ლურჯი თვალები. . .
    იჯდა ახალგაზრდა და თვალებდახრილი უსმენდა, იმაზე ფიქრობდა, სხვისი ტრაგედიის თავისად ქცევა თვითონ თუ შეეძლო, იქნებ ტყუილი მოუყვა? ზღვაზე სიარულს ტყუილს ვერ დაარქმევს თვითონ ხომ ღრუბელზე ცხოვრობდა? ბავშვი რომ გაფრინიდა იქნებ ისაა ტყუილი? მაგრამ ესეც შეიძლება მართალი იყოს, ყველა ბავშვი ანგელოზიაო, ასე ეუბნებოდა ბავშვობაში დიდი ბებია და ანგელოზები უფრთებოდ ვის გაუგია? იქნებ ისეთი ფრთები აქვთ რომ არ ჩანს? უჩინრობა ხომ არ არსებობას არანაირად არ ნიშნავს? და თუ ასეა და ანგელოზები არსებობენ ღმერთიც არსებობს ხო? თუ ღმერთი არ არსებობს  ანგელოზები ვისთან მიფრინავენ აბა? ბავშვი ხომ გაფრინდა? ეხლა ღმერთთანაა და იქნებ ღმერთსაც ეხვეწება ქაღალდის გემი გამიკეთეო, ღმერთს ფურცლები უამრავი აქვს, ოღონდ თვითონ არ წერს, ყველა ფურცელს ადამიანის სახელი ქვია და ჩვენ თვითონ ვწერთ ღმერთის საწერ მაგიდაზე. ალბათ ნანუცასაც ღმერთმა მისი ფურცლიდან გაუკეთა გემი, თეთრი გემი, ფურცელი ხომ თითქმის სუფთა იქნებოდა?
__ ნეტა დედამისი როგორაა?
__ საწყალი ქალი  საავადმყოფოდან, რომ გაწერეს უკვე ვერ იყო ჭკუაზე, სანაპიროზე ძველ გამორიყულ იახტაში დასახლდა, თავს მათხოვრობით ირჩენდა.  პლიაჟზე პატარა ბავშვებს დაინახავდა თუ არა, ზღვაში ჩასვლა, რომ უნდოდათ, უკიოდა, წინ ეფარებოდა, ზღვაში არ უშვებდა, ხალხმა ვინც იცოდა მისი ამბავი კიდე ხო და ვინც არა ხან ძალით იშორებდნენ, ხან ლანძღავდნენ, რამდენჯერმე უცემიათ კიდეც, ის კიდე ჩამოიშლიდა თმებს და თავიდან იწყებდა ლოყების ხოკვას.
ერთხელ აუტანელმა სუნმა რომ შეაწუხა პლიაჟი, გამორიყულ იახტაში იპოვეს ნახევრად გახრწნილი, ხელში მოჭმუჭნული ქაღალდის გემი ედო თურმე.
__ ადამიანები ძალიან სუსტები ვართ. თქვა ახალგაზრდამ ისე რომ თავი არ აუწევია.
__ მე პირიქით მგონია, ადამიანები ზომაზე მეტად ძლიერები ვართ, იმდენად ძლიერები, რომ ამაზრზენია ხანდახან ასეთი ძალა.
  ორივე დუმდა, ორივეს რაღაც მძიმე ეკიდა გულზე, არცერთს არ უნდოდა ხმის ამოღება, ორივე ჩაფიქრებული უყურებდა როგორ ღაფავდა ნაკვერჩხალი სულს, ბოლოს ახალგაზრდამ დაარღვია მაინც სიჩუმე.
__ და მაინც რისთვის ხარ აქ?
__ რომ ვილოცო,
__ აქ ისედაც მარტო ხარ, რაც გინდა ის არ გაკლია, ლოცვა რაღათ გინდა?
__ ჩემთვის არა, ჩემთვის არასდროს ვლოცულობ, იმ ქალისთვის და მისი პატარა შვილისთვის ვლოცულობ, და როცა ვლოცულობ ვგრძნობ როგორ მიმსუბუქდება სული, სინდისიც წყვეტს ქენჯნას. დღეის ამას იქეთ შენთვისაც ვილოცებ, რაც უფრო მეტისთვის ვილოცებ, მით უფრო ცოტათი დავადანაშაულებ ჩემს თავს იმაში რომ ადამიანები უბედურები არიან.
__ ეგ შენი ბრალი არაა.
__ ეგ ყველას ბრალია და ის რაც ყველას ბრალია არასდროს არავის ბრალი არ არის.
__ მარტო ლოცვა ადამიანებს რას გააბედნიერებს. ამოოხვრით თქვა ახალგზრდამ.
__ ლოცვა ადამიანებს უბედურებას ააშორებს. აშორებული უბედურებაც ბედნიერებაა.
__ რატომ ძირს არ ჩახვალ და იქ არ იბრძოლებ ხალხის ბედნიერებისთვის?
__ რადგან ჯერ ყველფერი კარგად არ ვიცი, ჯერ დრო მინდა იმისთვის რათა გავიგო რა არი საჭირო ბედნიერებისთვის, გარდა სიყვრულისა  და ამის სურვილისა.
__  მე ვიცი რაც არის საჭირო. . .
__ რა? 
__ მოსმენა. . .
კვლავ დადუმდნენ. მზე სადღაც შორს მთებში ჩასასვლელად ემზადებოდა, ჩადიოდა დიადი და თითქოს აქედან - იქედან ორი მხლლებელი აცილებდა, მზის ორივე მხარეს ორი შედარებით პატარა მზის მსგავსი ნათება ჩანდა, სამივე ერთ ხაზზე იყვნენ, ორივე პატარა ნათება წრეს კრავდა და ნამდვილი მზე ამ წრის შუაში კაშკაშებდა.
__ მზის ძაღლები.  თქვა ახალგზრდამ
__ რა თქვი? ისე კითხა მოხუცმა თითქოს რაღაციდან გამოერკვაო
__ მზის ძაღლები. ხელი ჩამავალი მზისკენ გაიშვირა __ ეს ბუნებრივი მოვლენაა და ასე ქვია ,,მზის ძაღლები”
__ მზის ძაღლები. გაიმეორა მოხუცმა ისე რომ მზისთვის თვალი არ მოუშორებია, ბუნების ამ სოცრებით ტკბებოდა.
ბოლოს ახალგაზრდა წამოდგა, წასვლის დროაო თქვა, მოხუციც წამოდგა დარჩიო არ უთხოვია. ახალგზრდა მივიდა კლდესთან, სადაც მისი ღრუბელი იყო დამაგრებული, უცებ შემოუბრუნდა მოხუცს
__ ის ფურცლები აქ გაქვს? მოხუცს გაუკვირდა არ მოელოდა
__ კი მაქვს
__ შეგიძლია ცოტა მომცე?
__ სულ წაიღე.  ფეხაჩქრებით გამოქვბულში შევიდა და სიყვითლე შეპარული ფურცლები გამოიტანა. ახალგაზრდამ გამოართვა, კარგა ბლომად იყო ნახევარი აიღო და უკან დაუბრუნა
__ ეგენიც გქონდეს.
__ ესენი შენ დაგჭირდება.
მერე კიბეს ჩაუყვა,  ფეხი ღრუბელზე დადგა თუ არა მოხუცმა კიბე ახსნა და გადაუგდო, ღრუბელი მწვერვალებში შეცურდა, დიდხანს უქნევდნენ ერთმანეთს ხელს, როცა მოხუცი თვალს მიეფარა, ღრუბელში ჩაჯდა და წამოღებული ფურცლები ყველანი ოთხად გაკეცა, მერე ნაკეცებში ყველა გახია და ოთხჯერ მეტი პატარა ქაღალდი მიიღო, ასე იჯდა და ფიქრობდა ცოტა ხანს, მერე მისი ყურადღება ერთმა გამოშვერილმა კლდემ მიიპყრო, რომელზეც ორ ადგილზე მოკლე მსხვილი ჯაჭვები იყო მიმაგრებული, ჯაჭვებს ბოლოში დამსხვრეული ბორკილები ეკიდათ, რომლებსაც ნიავი არხევდა და აზრიალებდა. იქვე უზარმაზარი ფრინველის ჩონჩხი ეგდო. ღია, გამწვანებული ნისკარტი ცისკენ, რომ აეშვირა და დაეფჩინა
,, რა უცნაური ადგილია” გაიფიქრა და ისევ თავის ფურცლებს დაუბრუნდა, მერე ჩრდილოეთის ქარმა დაბერა და ღრუბელი გაიტაცა. იჯდა თავის ფურცლებში და ფიქრობა. მერე ჯიბიდან ფანქრის ნატეხი ამოიღო და ერთ ფურცელზე დააწერა ,, მე შენ არასოდეს დამაწიყდები” მერე მეორეზე ,, მე ყოველთვის შენთან ვიქნები” მერე ,,შენ ძალიან კარგი ხარ” ,, შენ ყველაფერი შეგიძლია”  ,, მე ვამაყობ შენით”  ,,შენ ჩვენ გვჭირდები” ,,მენატრები” ,,უცნობო შენ ჩემთვის ძვირფასი ხარ” ,,მე შენ მიყვარხარ” ,,დედა მიყვარხარ” ,,მამა მიყვარხარ”  ,,ხალხო მიყვარხართ”. . .
მერე ადგა და ყველა ნელ-ნელა, სათითაოდ ძირს გადაყარა, ყვითელი ფოთლებივით ჩაფარფატდნენ ფურცლები. შორს, ძალიან შორს მოსჩანდა ზღვა, შეხედა, როგორ ამოვიდა ზღვიდან შვიდფეროვანი მსხვილი სხივი და რკალად გადაევლო მთებს და დაბლობებს, ქარი უბერავდა და უბერავდა, ერთხანს ასე იჯდა, მერე წამოდგა, ხელები მაღლა ასწია და იყვირა.
,,ღმერთოოო, გვაპატიე, რომ უბედურები ვააართ. . .”
ღრუბელი ცისრტყელაში ძვრებოდა. . .
. . .  მარტო დარჩეენილმა, ჯერ მინავლებულ ნაკვერჩხალს დააყარა ფიჩხი, სული უბერა და გააღვივა, მერე ერთ ხანს ჩაფიქრებულმა უყურა, როგორ ღვივდებოდა ცეცხლი, როგორ ნელ-ნელა ედებოდა ფიჩხს და მის სულს. უცებ წამოდგა, თითქოს რაღაც გადაწყვიტაო, გამოქვაბულში შევიდა, აბლაბუდამოკიდებული კალამი გამოიტანა, ძირს დაყრილ ფურცლებს დასწვდა, ცეცხლის შუქი მიინათა და დაწერა. . .

                              მზის ძაღლები
დასაჯერებლად ალბათ ძნელია, წარმოსადგენად უფრო ადვილი . . .
ღრუბელზე ცხოვრობდა. . .





კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები