ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თანანა
ჟანრი: პოეზია
11 ივნისი, 2014


ესეც ასე!

ესეც ასე...

დღეა სახით - ნეტა, ახლა რა ვქნა?
მე კი ჩემი პრობლემებიც მყოფნის.
ხასიათმა „პირველობის დაფნა“
ჩააფინა ლობიოში ქოთნის...
მისდევს აზრი ფიქრის ანჟანბემანს,
აფსურდებში აფსუსია ვიყო.
ამ შინა და გარეთ მყოფმა მზემაც,
ღრუბლებიდან ენა გამომიყო...
ეს ცა შუბლს ხან გახსნის, ხანაც შეკრავს,
კოკისპირულს არ დაუშვებს, ვატყობ.
კარზე თითის აუღებლად რეკვა
ჩემს მეზობლებს თუ სჩვევიათ მარტო...
„ესეც ასე“ აფიშები ბლომად,
კედლებიდან კანდიდატი გიმზერს.
კიდევ ერთხელ გადაგვაგდებს ხომ არ?
„მაკარ, მგონი, გვატყუებენ ისევ...“
აბდაუბდად ეწერება სტრიქონს,
უკვე ვიცი, არ გამოვა ლექსი.
ვზივარ ახლა და იმაზე ვფიქრობ,
რაც მეგონა, რომ არ შემრჩა ხელში...
            28.05.14
დამიმახსოვრებ?

დრო არის ჩემი მაჯის შემტყობი,
ხან რედაქტორის ირგებს ამპლუას.
მეც სახის ნაცვლად  ლექსზე მეტყობა,
ხან ისე, ხანაც ასე რატოა...
ბედი კი არა, დროა მწერალი,
"ბესთსელერების" დიდი ოსტატი.
თხრობა ზუსტი აქვს, გაუწელავი,
და სიუჟეტსაც ვერვინ მოსტაცებს...
კაცი - დროით და დრო კი უვადოდ
მიდის და მოდის, ცხოვრობს ჩვენსავით.
მეც მინდა ერთხელ ვკითხო, უბრალოდ,
დამიმახსოვრებ? - მე სულ ესა ვარ!..




კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები