ნაწარმოებები



ავტორი: გვანცა ბახუტაშვილი
ჟანრი: პოეზია
21 ივნისი, 2014


***


რას დაყიალობ ამ ცივ ქალაქში?
რომ ეუბნები 
“-ეს ორი წელი საჭიროა მხოლოდ ვიცხოვრო.
მერე კი დავწერ; 
ეს ორი წელი საჭიროა მხოლოდ ვიცხოვრო.”
- რაზე ფიქრობ... იქნებ არცა გაქვს ამდენი დრო დარჩენილი?
რას უპასუხებ, როცა გკითხავს:
"რაზე ფიქრობდი... მართლა გჯეროდა - სხვა იპოვიდა
შენს გაშვებულ სიტყვებს და ცოდვებს?

ან შენს ამბავს:
რომ დაყიალობ თოვლის ქალაქში
და გეჩვენება,
ყველა კუთხიდან თეთრი ძაღლი
მორბის და გიღრენს:
"წერე, რომ მოგდევ, რომ გეშინია,
რომ კვლავ გაჯობე და რომ მიხვდი-
არ შეგიძლია ხან იცხოვრო და ხანაც წერო.
რომ არ არსებობს შენი გზები უჩემოდ, წერე !"

რას დაყიალობ ცივ ქალაქში?
რამე დაწერე!
ან წადი სახლში
უთხარი შენებს, დააჯერე,
რომ კარგად ხარ და მოატყუე,
ვითომ, შენც ნახე მეგობრები,
რომლებიც - არ გყავს,
ვითომ  სიხარულს გაზიარეს,
დარდი დაგიფრთხეს,
გადაეფარენ ყველა კუთხეს, გითხრეს:
"- შენ წადი,
მშვიდად იარე ამ გრძელ გზაზე,
ავი ძაღლის შიში ნუ გაქვს -
არ მოვუშვებთ შენამდე! წადი..."

რას დაყიალობ ცივ ქალაქში?!
სახლში წადი, ჩაიკეტე.
მათ ნუ ეტყვი , ნუ აგრძნობინებ
შენს საშიშ შიშებს.
თვითონ ვერასდროს შეგატყობენ,
მხოლოდ შენ გესმის
ეს საზარელი,
მაცოცხლებელი,
აუტანელი  სიმღერა - "წერე..."


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები