ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მარი მემანიშვილი
ჟანრი: პროზა
18 ივლისი, 2014


ძმა

    ის  ჩემი მეგობრის  ძმა იყო, ყველაზე მეტად რომ  ვმეგობრობდი , იმ გოგოს ძმა. 
მაშინ სიყვარული ბროწეულის ჭამა მეგონა და ღობეებზე ისე გადავეხეოდი, ერთი ცალი მწიფე და გახლეჩილი  ბროწეულისათვის, მუხლები , მუხლებს ქვემოთ, ფეხებზე  მეკიდა. მერე ამ გადახეული მუხლებით თამროს აივანზე შევცოცდებოდი და ბამბა და სპირტი მოიატა-თქო, ვღნაოდი.
მანამ ვიღნავლებდი, ვიდრე სპირტით  კარგად არ ამიწვავდნენ კანჭებს და მანამ თამროს ძმა გარეთ არ გამოვიდოდა.
---ვა, როგორა ხარ ახტაჯანო?__გამაქილიკებდა ნიკა.
--- შენ რომელი ნიკა ხარ ,  ნიკალათქო???___გავეხუმრებოდი მეც.
---წამო, ველისაპედზე დაგსვამაო___ჩამიკრავდა თვალსა.
----მუხლები რო მაქ გადახეული თქო___დავიხედავდი შარვალზე
---წამო, წამო, შე მართლა ხულიგანკაო___ამწევდა და პირდაპირ დამსვამდა.
მერე თვითონ შემომიჯდებოდა და ჰაიდა...
ვუბერავდით ხან აღმა და ხან დაღმა.
აქშუტუნდებოდა, დაქშუტუნდებოდა ჩემი გული, იფართხალებდა და როგორც კი გავჩერდებოდით, ისიც შეწყვეტავდა ფართხალსა...
    ვერ იქნა და ველოსიპედის ტარება ვერ ვისწავლე, რომ მარტო , ჩემთვისაც მექშუტუნა...ტანზე მაიკა რომ გაიბერებოდა  და სინდიოფალასავით გავიფხორებოდი, ამაზე ვოცნებობდი სულ.
  მე საკუთრად ველოსიპედი არ მყავდა და ტარებას რანაირად  ვისწავლიდი, დედაჩემმა ერთადერთი გოგო  მყავ  და მაგას ველოსიპედს ვერ დამატვრევინებო. მაგრამ, სადაც ვინმეს მიყენებულს დავინახავდი,მოვიპარავდი და  გავაქროლებდი..
  თუმცა ხან ველოსიპედი იმტვრეოდა და ხან ჩემი წვივკანჭი. 
ჩანაღველებული მქონდა ფეხები და მერე შარვლით ვმალავდი.
ერთი ზაფხულს, ნაწვიმარზედა,  ასე მესამე  კლასში გადავდიოდი, თამროს აივანზე შევაბიჯე ტალახიანი ფეხები  და დავაფართხუნე .
---არის აქა ვინმე?__დავიძახე.
----შემო გოგო, შემოო___გამომძახა ნიკამ.

  შევაბოტე.
  ნიკა მარტო იჯდა და საკუთარ თავს ჭადრაკს ეთამაშებოდა.
---ეგ რაა მეთქი? __წავიგრძელე კისერი.
---თამაშია,  თუ არ იცი, მოდი, მე გასწავლიო.

  ნიკამ ჯერ სვლები ამიხსნა და მერე თამაში...რა თამაში გამოვიდოდა, მაგრამ , თვითონ თამაშობდა და მე კიდევა, აკუნტრუშებული დავდევდი უკანა.მე სულ ძალიან მიხაროდა ,ჩემი ჭკუისა რომ გახდა და მეთამაშებოდა და მანებივრებდა.
მერე ზურგზე წამომიკიდა და აქეთ იქით მარბენინა...

  ნიკა  ჩემზე უფროსი რომ იყო ეგ არაფერი, მაგრამ ლამაზიც რომ იყო და ძლიერიც, ეგ მაბრიყვებდა და ძილის წინ
სუ მაგაზე ვფიქროდი.
დავწვებოდი, ხელებს თავქვე ამოვიწყობდი და ვფიქრობდი.

----დაიძინე და ჩააქრე შვილო, დაიძინე__არ მაცდიდა დედაჩემი ნებივრობასა.

  მესამე კლასამდე მინდოდა, რომ ის ჩემი ძმა ყოფილი, ძლიერი და მაგარი...

  მაგის გამო  მე თამროსთან სიარულს ისე მივეჩვიე, დღე არ გავიდოდა, არ გადავსულიყავ და ვითომ
ხან გაკვეთილი არ მეკითხა, ხანაც  დავალება...სახლში მისვლისას კი დედაჩემს დავეძგერებოდი და
რატომ ძმა არა მყავს მეთქი, თმაში ვქაჩავდი.
---ღმერთმა შენს მეტი არავინ  მაჩუქაო.
---მე ძმა მინდა__ავღნავლდებოდი გამწარებით.
მეორე კლასამდე მდინარის ერთ  მორევში ისე ვბანაობდით, სირცხვილი ფაფის ჭამა გვეგონა.  მერე და მერე
დავირცხვინეთ და მოშორებით გავნაწილდებოდით და იქა ვბანაობდით. მაგრამ ნიკა რომ ზურგზე  წამოგვიკიდებდა
მე და თამროსა და გვაყურყუმალავებდა, მაშინ არც კი მახსოვდა , რომ მარტო ტრუსიკები გვეცვა და  ბიჭს უნდა მოვრიდებოდით.

      ათი წლიდან  უკვე მისნაირი შეყვარებული მინდოდა  მყოლოდა...


საღამოთი ამოვიდებდი თავქვეშ ხელებსა და  დავიწყებდი ფიქრებს:
---ნეტავ თუ შეამჩნია, მე რომ დღეს ლამაზი კაბა მეცვა მეთქი__ ვეკითხებოდი ჩემს თავს და პასუხი გაუცემელი მრჩებოდა,
ისე მიმეძინებოდა.
  რა  ვიცი, ნიკას  რამე სუნი ჰქონდა ეგრე მიმზიდველი თუ რა შარმი  ჰქონდა, მე სულ მის გვერდით მინდოდა აწებებული ვყოფილიყავ და თვითონაც ვგრძნობდი, ჩემთან  ახლოს რო უყვარდა ტრიალი.

ცოტა რომ  წამოვიზარდე ,  დედაჩემმა  დაიჟინა,  ქალაქში უნდა ისწავლოო. აქეთ  არ მოიხედო შვილო, არავინაა შენი სწორი და  ღირსიო.  მეც დავუჯერე და სასწავლებლად ქალაქში გადავედი.თამროს ოჯახი კი ისევ სოფელში დარჩა.
ნიკას ეს რომ გაუგია,  თამროსთვის უთქვამს:
---დაიკარგა ჩემი გიჟუნია გოგო,ეგ ჩვენ აღარ გვიკადრებსო...

  მე მაშინ ამაზე პასუხიც არ გამაჩნდა


  ზაფხულობით, როცა სახლში ვბრუნდებოდი ხოლმე, ნიკასთან ურთიერთობა მიჭირდა. ერთმანეთს  გავუუცხოვდით. ისიც
თითქოს  განგებ მერიდებოდა.
სათქმელიც არაფერი გვქონდა ერთმანეთთან , ხანდახან, როცა ჩემს ჭიშკართან ამოივლიდა, ცდილობდა რომ არ გამოეხედა ჩემსკენ და მეც ვერ ვახერხებდი  მასთან გამოლაპარკებას.რამდენჯერმე ისიც შევატყე, სამუშაო ფორმაში და  ძველ ტანისამოსში მარიდებდა თავსა.

  ერთ დღეს კი , სალოცავში წასვლა მაიფიქრეს ჩემმა მამა-ბიძებმა და დედაჩემმა აიჩემა, შენც უნდა წახვიდე , რამდენი ხანია
სალოცავზე  არ ყოფილხარ შვილო, ღამისთევაზედაც დარჩიო.
ბიძებმა შესაწირი  საკლავი დაკლეს, დატრიალდნენ  ყველა ერთად  და ისეთი ქეიფი გაიმართა, კარგადაც შეზარხოშდნენ ბიძა-ბიძაშვილები.
ნიკაც ჩვენ სუფრასთან იყო, მორიდებით მომიკითხა და მალევე წავიდა, ტყის პირას  განმარტოებით დაჯდა.
მეც  ავდექი და მივაკითხე.
--- რაო, ნიკა, ხომ არ გაწყინა სასმელმა?
---არა, ჩემი მზისგულაო გოგო,  ცოტა დასაფიქრებლად წამოვედო__წამოწითლდა
---ჰო, ის ახტაჯანა ნამდვილად აღარ ვარ მეთქი__გამეღიმა და ჩამოვჯექი.
ვგრძნობდი, სასმელი ათამამებდა . ცოტაც და თავს დაკარგავდა.  მერე ჩემსკენ  ახლოს მოიწია, ერთი  ხელი მკლავზე მომკიდა , მეორეთი მხარზე შემეხო  და თვალებში მაკოცა.
დავიბენი, არ გავძალიანებივარ და მისი ცხელი ,  მაგრამ ლუდისსუნიანი  სუნთქვა სახეზე მომელამუნა.
---ნიკა, შენ ახლა ნასვამი ხარ მეთქი___ვუთხარი .
---ნასვამი რომ არ ვიყო, ამას ვერასდროს გავბედავდი, ის დრო მენატრება, ჩემი მზისგულა გოგო, სულ ჩემთან ახლო რო მყავდაო.
  არ მინდოდა ვინმეს ასეთ მდგომარეობაში დავენახეთ და საჩქაროდ გავშორდი იქაურობას.



  მეორე  დილით კი  ადრე ავდექი და სახლი  მალე დავტოვე.
  არ შემეძლო  ნიკა  მენახა.
  საფიქრალი კი ნამდვილად დიდი დამიტოვა წინა ღამემ.  აუცილებლად  მარტოს  უნდა მეფიქრა...
ბავშვობაში  რამდენჯერ განცდილი , ასე ახლოს და აქვე იყო და  მხოლოდ ჩემზე იყო დამოკიდებული, მერე რა იქნებოდა.

  თვრამეტი წლის ასაკში უკვე მისნაირი ქმარი მინდოდა მყოლოდა...
ნიკამ ისე მაკოცა, როგორც სასურველ ქალს  და არა როგორც პატარა და სასაცილო გოგონას, ბავშვად რომ თვლიდა და ათამაშებდა...
თუმცა, მე რამდენიც არ უნდა მეფიქრა, ნიკასგან არავითარი ინიციატივა არ მოდიოდა.მე კი ჩემი საქმისა და სწავლის პარალელურად, საათი რაა, საათიც არ გამიტარებია მასზე ფიქრის გარეშე.ძილის წინ ხომ ,რამდენიმე წუთი ყოველთვის მას ეკუთვნოდა, ბალისქვეშ ამოდებული ხელებით  ფიქრის ფონზე.
ხან რო გადავიდოდი ფიქრებში და გამახსენდებოდა, რას და როგორ მანებივრებდა სოფელში, გული სულ ბალღივით ფანცქვალობდა...


  მერე  თამრო გათხოვდა და მე  მის ქორწილში კარგად მოვილხინე. ჩემი საუკეთესო მეგობრის ქორწილში  , იქ, სადაც ბავშვობის საუკეთესო წლები მქონდა გატარებული, გემრიელად გავატარე დრო. ნიკა თვალებით შემომციცინებდა , თუმცა  ზედიზედ სამი  სიტყვა არ უთქვამს ჩემთვის...
ეგეც  დამთავრდა...
ამის შემდეგ თავქვეშხელებამოდებული ჩემი ფიქრი უკვე არაფერს  არ იძლეოდა, გარდა ფუჭი იმედისა.

    სამედიცინო ინსტიტუტის მესამე კურსის სტუდენტი ვიყავი, როცა გავიგე, ნიკამ ცოლი მოიყვანაო.თამრომ კიდევაც დამპატიჟა, მაგრამ მის ქორწილში არ წავსულვარ. არა,  ნაწყენი არ ვიყავი, სინამდვილეში არც კი ვიცოდი, მინდოდა თუ არა მისი ცოლი გავმხდარიყავი, ყველაფერი ისე სიზმარივით ხდებოდა, მე გაანალიზებას ვერც ვასწრებდი.
  მას ჩემზე სერიოზული გეგმები არ ჰქონდა,რადგან ცოლი მან სხვისი ჩარევით და როგორც  ხდება ხოლმე, გარიგებით, მეზობელი სოფლიდან მოიყვანა.

    ხანდახან,  დედაჩემის მოსანახულებლად როცა ჩავიდოდი, ჩვენი სოფლის გზებზე ველოსიპედით პატარა ბიჭი დაქროდა ხოლმე , ნიკას ნიკა. მე თვალს გავაყოლებდი  და სულ  ჩემი ბავშვობა გამახსნდებოდა.სინდიოფალასავით რომ დავქროდით შარა გზაზე, მე და ნიკა  და  გული სულ აქშუტუნებული რომ მქონდა.

        ჩემი ცხოვრება მაინც თავისი გზით მიდიოდა.თაყვანისმცემლები არ მაკლდა, თუმცა გული რაღაცნაირად ბოლომდე არ იხსნებოდა.
სამჯერ დავაპირე გათხოვება და სამჯერვე გადავიფიქრე...

  ერთ ზაფხულს შვებულებას დედაჩემთან ვატარებდი.
  ნიკას ცოლი მეორე ბავშვზე ფეხმძიმედ იყო . მეც ავდექი და  მოვინახულე ისინი.
  მანამდე ეკას გაცნობის საშუალება არ მქონია, როცა ვესტუმრე, ნიკა სიხარულით შემხვდა და  ცოლი გამაცნო:

  ლამაზი ქალი იყო ეკა, შავი თვალები და წაბლისფერი გრძელი თმა, პუტკუნა და ტანდაბალი, ეტყობოდა კარგი
მეოჯახე  იყო და  ნიკაზე უზომოდ იყო შეყვარებული.ნიკა კი ცოტა შებერებული მომეჩვენა, საფეთქელთან ჭაღარა
შერეოდა, ჩანდა,  რომ ცხოვრება არ ანებივრებდა და არც ულხინდა...
ყველაფერი გავიხსენეთ, ჭადრაკიც ვითამაშეთ,  ნიკას პატარა ნიკა  კისერზე წამომეკიდა და ბევრი ვიხტუნავეთ,

---სამაგიეროს მიხდის შენი შვილი მეთქი__მე ვხუმრობდი და ნიკასაც ჩუმად ეცინებოდა.
მერე მე და ეკამ გულთბილად ვილაპარაკეთ, რჩევები მივეცი, კიდევაც დავპირდი, მშობიარობის დროს შენს გვერდით
ვიქნები მეთქი.


სამი დღის შემდეგ, შუაღამე იქნებოდა, კარზე ძახილმა გამომაღვიძა.ნიკა აღელვებული და შეშინებული ჩანდა:
---მარი, მიშველე , ეკა ცუდადააო.
სასწრაფოდ მათთან გავჩნდი.ორღობე ისე გავირბინე, ფეხი მიწისთვის არ დამიკარებია.

ეკას ნააადრევი მშობიარობა დაეწყო, მე კი სასწრაფოს მოსვლამდე ყველანაირად ვცდილობდი მის დახმარებას.სასწრაფო  დახმარების მანქანაშიც და საავადმყოფოშიც გვერდიდან არ მოვცილებივარ, ნიკა ისეთი განადგურებული იყო, გადაწყვეტილებებს  მე ვიღებდი.


  გოგონა დღენაკლული , მაგრამ სასიცოცხლოდ ჯანმრთელი დაიბადა. ეკას კი ატონური სისხლდენა დაეწყო და სასწრაფო
ოპერაციული ჩარევა დაჭირდა.მდგომარეობა გაურთულდა და სისხლის გადასხმა შედეგს არ იძლეოდა. მთელი საავადმყოფო ფეხზე დავაყენეთ, მერე თბილისიდან ბრიგადა გამოვიძახეთ .მდგომარეობა სტაბილური გახდა.
ბავშვი ინკუბატორში, დამხმარე ბრიგადამ, თბილისში გადაიყვანა, ხოლო მშობიარე ადგილზე დარჩა.
  ნიკა თავს კედელს ახლიდა და მერე ამდენი განცდისა და ნერვიულობისაგან ფეხზე ძლივს  იდგა.
  ჩემი ყველაზე საყვარელი ადამიანი ასეთ განსაცდელში იყო და როგორ მინდოდა, ყველაფერი სასწაულის წყალობით
კარგად დამთავრებულიყო,
---რაღა მაინცადამაინც ნიკას და რაღა მაინცადამაინც მე---ვფიქრობდი და პასუხი არ იყო არსად...

ერთმანეთის ისეთი იმედი გვქონდა, გვერდიდან არ ვცილდებოდი და ვანუგეშებდი...
---ნუ გეშინია, ნიკა, ბავშვს მე მივხედავ მეთქი---უცებ  გაუაზრებლად ვთქვი.
---შენი იმედი მაქვს , მარი, შენს მეტს ვერავის ვენდობიო--უნებურად დამაკისრა მანაც, გადამეხვია და ჩამეხუტა .

ცრემლმორეული მივდიოდი თბილისში და მზად ვიყავი,  ამ ბავშვისთვის მეცოცხლა.


დასასრული

ეკას მდგომარეობა გართულდა  და საავადმყოფოდან ისე გაეწერა, ფეხზე არ წამომდგარა,  დღემდე.
მწოლიარე მეუღლეს ნიკა თავად უვლის.თვითონ  კი ამ ამბავმა ისე დააბერა და მოტეხა,  მხედველობაც კი  გაუუარესა.  როცა მასთან სტუმრად მივდივართ, მე და ნინუცა, მისი პატარა გოგო, ნიკა მადლიერი თვალებით გვიყურებს....მე კი ის მაბედნიერებს, რომ ჩემი საყვარელი ადამიანის გოგონას ვზრდი და ცივ ნიავს არ ვაკარებ.

  ნიკას ნიკა უკვე დიდი ბიჭია და  ჭადრაკს ახლა უკვე მას ვეთამაშები, ხოლო როცა კისერზე ნინუცასაც წამოიკიდებს,
ჩვენი ბავშვობა მახსენდება და გული სიხარულით  მიცემს.
ჰო, დამავიწყდა, ნინუცა სამი წლისაა და დეიდას მეძახის...
როცა ყველა ერთად მოვიყრით ხოლმე თავს, მაშინ ეკაც სიხარულს ვერ მალავს და ჩუმად ტირის ...




კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები