ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლ. ლორია
ჟანრი: პროზა
16 ივნისი, 2014


დღეს ლექსების წერა უნდა დავიწყო

მეგობრებო,  ყველას ათასი მადლობა, ვინც ამ უდროობაში  ყველაზე ძვირფასი -  დრო დამითმეთ,  დამირეკეთ    თუ მესიჯი მომწერეთ,  გულის  კარი გამიღეთ და  ამ შემოდგომის მიწურულს    თბილი სიტყვები საზამთრო  საგზალივით  მომახურეთ...  <3 
ყველანი ძალიან მიყვარხართ...  <3
და რადგან  ახლა ეს საზიზღარი ვირუსია და    ვერავინ დაგპატიჟეთ,  ერთ  ნოველას დავდებ, კოვიდამდელი დაბადების დღე,  ანუ ...  
დღეს ლექსების წერა უნდა დავიწყო
ხო,  დღეს ლექსების წერა უნდა დავიწყო. მერე რა რომ წვიმს? ზუსტად ლექსის საწერი ამინდია. მერე რომელიმე ცნობილი გამომცემლობა დაიტაცებს ჩემს ხელნაწერს, გამოვა წიგნი, მოეწყობა პრეზენტაცია, სადაც ასობით ჩემი თაყვანისცემელი შემოანგრევს დიდი დარბაზის კარს და დაიტაცებენ ჩემს წიგნებს. მე უკანა კარიდან გამაპარებენ, ფანატიკოსთა ბრბომ რომ არ გადამთელოს. ჩემი ლექსები კი შევა მსოფლიოს ხალხთა პოეზიის  ანთოლოგიაში, თუ რა ქვია? რა ვიცი, რა ვიცი. რა მნიშვნელობა აქვს, მთავარია ხომ შევა...  მერე წარმადგენენ ნობელის პრემიის კანდიდატთა  სიაში, პრემიასაც ავიღებ, მაგარამ ფული მაინც არ დამრჩება, იმიტომ რომ ბევრი ვალები მაქვს და ეს თანხა ვალებსაც არ ეყოფა..
ყველაფერი კი ასე დაიწყო. გუშინ დაბადების  დღე მქონდა. თანაკურსელებმა და  სკოლის ამხანაგებმა გაავსეს ჩემი ბინა. ვისაც ადგილი არ შეხვდა, საჩუქრები დატოვეს და  წავიდნენ. ზოგი უკან აპირებდა საჩუქრის წაღებას - სადმე სხვაგან წავალთ დაბადების დღეზეო. მაგრამ მე არ გავატანე. არა, კი  ვეხვეწე  ყველას, დარჩით-მეთქი. ფეხზე ხომ არ ვიდგებითო? აბა მე ხომ არ დავგები ფეხზე, იუბილარი ვარ-მეთქი და ზოგიც დარჩა, ზოგიც წავიდა. ერთმა, შემშლია, სხვაგან მივდიოდიო და  საჩუქრის უკან წაღებას აპირებდა. რა თქმა უნდა, არ გავატანეთ. თან ჩვენგან მიიღო საჩუქრად `სინიაკი~ მარცხენა თვალზე. ამ დროს ბეჰემოთა გამოჩნდა ნახევარი ტორტით. მეორე ნახევარი სად არისო? - გოგოებმა ჰკითხეს, - გადამივარდაო. არა და ტუჩებზე ეტყობოდა, რომ ტყუოდა.
თამადად ერეკლე ავირჩიე. იგი არც ჯგუფელია, არც კლასელი. მით უმეტეს არც მეფე ერეკლეა. ჩვენი ნაკრების თამაშზე შემთხვევით ერთ რიგში მოვხვდით და ფეხი დავაბიჯე. მერე მთელი თამაშის განმავლობაში დამსდევდა, - მეც უნდა დაგადგა, არ გავიზრდებიო. არა და ორი მეტრი იყო უკვე. მე ახალი ფეხსაცმელი მეცვა და მაგას როგორ დავაბიჯებინებდი ფეხს. არ მომეშვა მაინც. მერე მეზობელი დავინახე. ვალი ჰქონდა ჩემი  10 ლარი (ერთადერთი კაცი მთელ სამყაროში). 5 ლარი `რასხოდი~ იყოს, ამ კაცს ფეხი დაადგმევინე-მეთქი.  კარგიო,  იმანაც და დაადგა ერეკლემ ფეხი. ახლა ეს ჩემი მოვალე მოგვსდევდა, კიდევ დავაბიჯებინებ და კიდე `გამირასხოდე~ ხუთი  ლარიო. ის თამაში ფაქტიურად არც მინახავს. ყველაზე უფრო ზრდილობიანი მაყურებლები ყვიროდნენ ამის ყურებას, `სვარკისთვის~ გვეყურებინა ჯობდაო!, ერთხელ ვუყურე `სვარკას~, - დამაინტერესა რა იყო, და სამი  დღე  ვტიროდი.  მოკლედ, ამ ამბის მერე მე და ერეკლე მაგრად დავძმაკაცდით, ფეხბურთზე სულ ერთად დავდიოდით და მერე ერთად ვტიროდით ლუდით გაჭყეპილები. მაინც ვერ დავადგინეთ სად სჯობია სიარული,  ფეხბურთზე თუ მშენებლობაზე. ყველაფერ ამასთან ერთად, ღვინო ერეკლემ  მოიტანა და თამადად რომ არ ამერჩია, შეიძლება გაბრაზებულიყო და უღვინოდ დავრჩენილიყავით.
გაჩაღდა ქეიფი... ჩემი სადღეგრძელოს მოლოდინში ამაყად გავიჯგიმე. `ეჰ, დედის გული რა ვთქვი, თორემ შენ რა გასაზრდელი იყავი~ - დაიწყო ერეკლემ. მე თავი ჩავქინდრე და ასე დასჯილი ბავშვივით ვუსმენდი, როგორ მლანძღავდა ათი წუთი. მერე  თამადას დანარჩენებმაც ხალისით აუბეს მხარი. ბარე ნახევარი საათი მასწორებდნენ მიწასთან.. საპასუხო სიტყვაში, ამას აბა სამადლობელს როგორ დავარქმევდი, მე გამოვედი. ეჰ, -  ამოვიოხრე, -  ის მაინც მითხარით რამდენს მისჯით, დამცველი რომ ავიყვანო-მეთქი. დაიწყეს სიცილი. რა აცინებდათ?! არ ვიცი, არ ვიცი... 
შუა ქეიფში ჩხუბი ატყდა. ჰამლეტამ და ჯონიამ დაცხეს ერთმანეთს. რა აჩხუბებდათ? ორივენი ჩემი კლასელები არიან. ერთ მერხზე ისხდნენ მთელი თერთმეტი წელიწადი. ამათ ერთმანეთში ეჩხუბოთ, ასეთი არაფერი არც გაგვიგია და არც გვინახავს. ერთი თხილის გულს იყოფდნენ და ისეთი გული ჰქონდათ, კიდევ შვიდ კაცს ეძებდნენ, რაც დაგვრჩა ისიც უნდა ჩამოვარიგოთო.  ბედი არ გინდა?  რაღა  მაინც და მაინც ჩემს დაბადების დღეზე ატეხეს ჩხუბი? შუა ქეიფში ჰამლეტამ თამადას სადღეგრძელო თხოვა. თამადამ, ჯერ ტრადიციულები არ დამიმთავრებიაო! 
-    ტრადიცია არ ვიცი მე, ერთი სადღეგრძელო მათქმევინეო! - არ მოეშვა ჰამლეტა.
-    რას ქვია ტრადიცია არ იცი და  ეგებ არ მინდა მე შენი  სადღეგრძელოს მოსმენა? – წამოხტა ფეხზე ჯონია. რა დაემართა ვერ გეტყვით. მე მგონი მორყეულ სკამზე მოუწია ჯდომა ან ლურსმანი გაეყარა უადგილო ადგილას.
-    ნაძირალა გამოდექი შენ, ჯონია! – უთხრა ჰამლეტამ თანამერხელს.
-    ნაძირალა კი არა დაჯექი მანდ, ბაირონად რომ მოგაქვს თავი,  კოჭლი მაინც იყო! – უკან არ დაიხია  ჯონიამ.  ჰამლეტა, რომ არ ვიცოდით ისე, თურმე ლექსებს წერდა. ჯერ კანტიკუნტად იბეჭდებოდა სხვადასხვა ჟურნალებში. მერე უცებ წიგნიც გამოუშვა, რომელიც ყველას დაგვირიგა. ქებით კი ყველამ ვაქეთ (მაინც ნაჩუქარი იყო, ჩვენი რა მიდიოდა?!), მაგრამ წაკითხვით არა მგონია ვინმეს წაეკითხოს.    ახლაც არ ვიცი სად აგდია.
-    შენა ბიჭო, ახლა ცოტა წესიერად! – უთხრა ჰამლეტამ და პირდაპირ საყელოში სწვდა  ჯონიას. ჯონიას სუნთქვა გაუჭირდა და საიდანღაც ჩემთვის საჩუქრად მოტანილი მინის კონიაკიანი ხმალი იშიშვლა, ერთი კი დაატრიალა და პირდაპირ თავზე ხეთქა ჰამლეტას. ბავშვობა გაახსენდა ეტყობა. მახსოვს ფილმი  ,,გიორგი სააკაძე“  ერთად ვნახეთ, მაშინ მესამე კლასში ვიყავით. კინოს შემდეგ მეზობელ პირველკლასელ ბავშვებს დაერია ჯონია, გიორგი სააკაძე ვარო და დაცხო და დაცხო პლასტმასის ხმალი. იმ ხმალს არ მახსოვს რა მოუვიდა, მაგრამ მინის ხმალი გადატყდა და კონიაკი თავზე გადაეღვარა საწყალ ჰამლეტას, რომელიც მოცელილივით წაიქცა. მთელი სუფრა მონუსხულივით  ვიდექით და ვუყურებდით ამ ამბავს. ის კი არა და ბეჰემოტამ ჭამასაც კი გაანება თავი, ხოლო გოგოებმა ჭორაობა შეაჩერეს. თავში ხეთქებამდე ყველას ხუმრობა გვეგონა ყველაფერი. გაშველება არც გვიცდია. მაგრამ ახლა იატაკზე გაშხლართულ ჰამლეტას რომ ვუყურებდით,  მივხვდით ცუდად იყო საქმე. ყველანი ფეხზე წამოვცვივდით. ერეკლემ ჯონიას შემოავლო დიდი ტორები, - ,,არ გრცხვნია ბიჭო,  არ გრცხვენია ბიჭოს“ ძახილით~.  ჯონიას ეტყობოდა მართლა შერცხვა  და უკვე შეშინებული დაჰყურებდა  ჰამლეტას, ხომ არ მოვკალიო. ჰამლეტას კი არაფერი ესმოდა, ბურანში იყო. თავი არ გატყდომია, ოდნავ ეტყობოდა შემელოტებულ თავზე ნაკაწრი, თან კონიაკი გადაევლო, ესე იგი დეზინფექცია გაკეთებული ჰქონდა უკვე. ისე, მე თუ  მკითხავთ, იოდიანი ხმლებიც უნდა იყიდებოდეს დაბადების დღეზე საჩუქრად გადასაცემად.  ჩაარტყამ თავში, საშიში არ არის, -  დეზინფექცია გაკეთებულია.  მე კინოებიდან გამახსენდა, რომ  ამ დროს სახეში სილას ულაწუნებდნენ ადამიანებს და ერთი კარგი ლაწანი გავადინე ერთ ლოყაში. მეორე ლოყაშიც რომ ვწყვიტე, გოგოებმა კივილი დაიწყეს, - გაგიჟდაო.  ბიჭებმა    ახლა  მე დამიწყეს გაკავება.... 
-    წყალი... – თქვა ამასობაში უცებ ჰამლეტამ და თვალი გაახილა.
-    ღვინო მოუტანეთ, ღვინო, სადღეგრძელოს თქმა ხომ უნდოდა! – დაიძახა თამადამ.
-    ღვინო შენ და ჯანდაბა! – დაგესლა მაიკომ.  მაიკოს,  ცოტა არ იყოს და მოწონს ერეკლე და ასე ამჟღავნებს სიმპატიებს. ერეკლემ ისე გადახედა აშკარაა არც თვითონაა გულგრილი. ერეკლეს შეყვარებული ჰყავდა, მაგრამ მიატოვა. არადა მშვენიერი გოგო იყო. რატომ მიატოვე მეთქი, რომ ვკითხე, `უბერავდაო~. `რას უბერავდა მეთქი~. `თმა რომ ჩამოეშლებოდა, იმას უბერავდაო, ასეთ ქალს ცოლად ვერ მოვიყვანდიო!~. ამასობაში  ნანამ წყალი მოიტანა.  ჰამლეტამ ნელ-ნელა დალია და უცებ იკითხა.
-    დღეს კალაძე თამაშობს?
-    ჰაერი უნდა ახლა ამას ჰაერი, ფანჯრები გააღეთ! – თქვა გურამამ. რა შუაში იყო კალაძე  და ჰაერი ვერ გავიგე. ბეჰემოთამ ფანჯარა გააღო.  ჩვენ კი ჰამლეტას ვუყურებდით, თავზე როგორ ეზრდებოდა  თანდათანობით კოპი.
-    მოდი `სკოჩი” გადავარტყათ თავზე! -  თქვა ისევ გურამამ, რომელიც სამედიცინო ინსტიტუტის ამთავრებდა..
-    შენ ხომ არ გაგიჟდი, ამას სკოჩი რას დაიჭერს?! - დაუწუნა რჩევა მახომ, - მოდი კედელთან დავაწვინოთ, თავით კედელს მივაბჯინოთ, ფეხებთან კი  მაგიდა დავუდოთ.
გოგოებმა თავი გაიგიჟეს - `აფრენთო!~ ისევ მე გამახსენდა ბავშვობაში თავში ქვა რომ მომხვდებოდა და ბებიაჩემი ხუთ კაპიკიანს რომ დამადებდა და ოც თეთრიანი რომელს გაქვთ-მეთქი დავიძახე, ვიღაცამ მომაწოდა და ჰამლეტას დავაკარი თავზე სკოჩით. მახომ `რა იყო ფული გენანებათო~ და ოც ლარიანი ამოიღო. 
-    სად ვარ! – იკითხა ამ დროს ჰამლეტამ. 
-  დეპოში ხარ დეპოში! – უთხრა მახომ. დეპო რა შუაში იყო ვერ გავიგე. გურამამ თვალებთან თითი მიუტანა.
-    აბა ახლა ჩემს თითს თვალი გააყოლე და თქვი ვინ ვარ მე? -  უთხრა ჰამლეტას.
-    შოთა. – უპასუხა ჰამლეტამ, მაგრამ თითისათვის თვალი არ გაუყოლებია.
-    რომელი შოთა? – შეშინებულმა ჰკითხა გურამამ.
-    რუსთაველი.
მაიკომ ტირილი დაიწყო. ერეკლე მივიდა და `კარგი, ნუ ტირიხარ, ჯერ ადრეაო~, - დაწყნარება დაუწყო.  `სულ შენი ბრალია ყველაფერი, ეთქვა ერთი სადღეგრძელო, რა მოხდებოდაო?~ - დაუწყო ჩხუბი მაიკომ. ჯონია სიგარეტს ეწეოდა გამწარებული `ეს რა მომივიდა, ეს რა მომივიდაო~. ერეკლემ ახლა იმას დაუწყო დაწყნარება: `შენ რა გიჭირს, ამან იკითხოსო~.
-    კაი ბატონო, მე შოთა ვარ, მაგრამ შენ ვინა ხარ? – ჰკითხა გურამამ ისევ გაკვირვეული თვალებით მომზირალ ჰამლეტას.
-    ახლა ამან თუ თქვა, თამარ მეფე ვარო, მაშინ ვართ ცოდო, – ვთქვი მე.
უცებ მერვე კლასი გამახსენდა. იმ დღეს ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა- რუსიკო მასმა, გაკვეთილის დაწყებისთანავე გვითხრა, ყველამ ჩანთები მოიტანეთ და ჩემს მაგიდასთან დააწყვეთო. ჩვენ ვიფიქრეთ ალბათ დირექტორი თუ მოდის ახლა და გვამოწმებს-თქო და სასწრაფოდ ვიცილებდით სხვადასხვა შეიარაღებას, დაწყებული `ლაგატკიდან~, უფრო რთულით დამთავრებული, რომელსაც რა თქმა უნდა არ ვიტყვი. მან კი საზეიმოდ გამოგვიცხადა:
-    ბავშვებო დღეს გვექნება საკონტროლო სამუშაო და დავწერთ თავისუფალ თემას: `ჩემი საყვარელი ლიტერატურული ნაწარმოები~. – მერე დაფასთან მივიდა და თემის სათაური ლამაზი ასობით დაგვიწერა.
-    რუსიკო მას,  ჩანთები რატომღა ჩამოგვართვი! - გაბედა ჯონიამ.
-    წესით საყვარელი ნაწარმოები ჩანთით უნდა დაგქონდეთ, როგორც ვთქვათ დავით აღმაშენებელზე ამბობს მემატიანე ,,ვიდოდის ხრმლითა  ოდენ და თანა წარიტანა წიგნი“....  -    ისეთი დაბეჯითებით თქვა რუსიკო მასმა, თითქოს ყოველ დილით თვითონ ულაგებდა დავით აღმაშენებელს ჩანთაში წიგნებს. 
-  ჩემი საყვარელი ნაწარმოები ჯერ არ დაუწერიათ! – თქვა ჰამლეტამ.
რუსიკო მასწავლებელი გაწითლდა. ყველა ავტორის გამო შერცხვა თუ რა იყო, ვერ გეტყვით. რომ ბრაზდებოდა, მუდამ ასე იცოდა. ერთხელ მაშინ ვნახე კიდევ გაბრაზებული, მთელი კლასი გელათში რომ ვიყავით ექსკურსიაზე. ექსკურსიამძღოლმა თავიდან ბოლომდე  მოგვიყვა როგორ ააშენა დავით აღმაშენებელმა ეს მშვენიერი ტაძარი და როგორ გახდა ის ერთიანი, ძლიერი საქართველოს სიმბოლო. ბოლოს შეგვეკითხა, ვინმეს შეკითხვა ხომ არა გაქვთო? -    მე მაქვს შეკითხვაო,  – თქვა ჰამლეტამ.
ვიცოდი რაღაც საშინელება მოხდებოდა. რუსიკო მასს შევხედე. ალბათ ისიც იგივეს მიხვდა,  აშკარად ანერვიულდა.  თვალებით ანიშნა ფიზკულტურის მასწავლებელს, რომელიც ჰამალეტას გვერდით იდგა, ეგებ გააჩეროო.    - დღეს `ოსასუნა~ `რეალი~ ორიანი დაჯდება თუ იქსი? – მოასწრო ჰამლეტამ კითხვის დასმა. ექსკურსიამძღოლს ფერი დაეკარგა. რუსიკო მასწავლებელი ჯერ გაწითლდა, მერე გალურჯდა. მერე ისევ გაწითლდა. აი ასე წითელი დარჩა როგორც ახლა. ის ექსკურსია იქვე დამთავრდა, სასწრაფოდ ჩაგვსხეს ავტობუსებში და მთელი გზა სამხედრო დამნაშავებივით ხმა არ ამოგვაღებინეს...
-    ძაგნიძე,  ცოტათი მაინც არ  მოგწონს რომელიმე ავტორი? – ისე იკითხა რუსიკო მასწავლებელმა, თითქოს თვითონ იყო დამნაშავე ჰამლეტას მოსაწონ ნაწარმოებებს  რომ არ ქმნიდნენ ავტორები. 
ჰამლეტას პასუხის მოლოდინში მთელი კლასი გაიტრუნა. რაღაცა უბედურება რომ მოხდებოდა ყველა ველოდით,  მაგრამ რა, ამას ვერ ვხვდებოდით. 
- ცოტათი კი, შოთა. -  თქვა უცებ.
მასწავლებელი დაიბნა. ცოტა ხანს ხმა ვერ მოიღო. მერე დაფასთან მივიდა მაგრამ გაახსენდა რომ თემის სათური უკვე დაწერილი ჰქონდა. ისევ შემობრუნდა.
-    რომელი შოთა?
-    რუსთაველი მასს, – უპასუხა ჰამლეტამ ცოტათი გაკვირვებულმა.
-    ძაგნიძე, აიღე შენი ჩანთა და წადი სახლში! – მძიმედ თქვა მასწავლებელმა. ჰამლეტას არაფერი არ უთქვამს. ღიმილიანი, თან ცოტა გაკვირვებული თვალებით გადმოგვხედა და ჩანთისაკენ წავიდა, აიღო და ის იყო კლასიდან უნდა გასულიყო, ისევ მასწავლებლის ხმამ შეაჩერა.
-    მოიტანე შენი ჩანთა და მოდი აქ.
ჰამლეტას არც ახლა გამოუთქვამს რამე საწინაღმდეგო. ჩანთიანად მასწავლებლის მაგიდასთან მივიდა. მასწავლებელმა ჩანთა    გამოართა, გახსნა და მაგიდაზე გადმოაპირქვავა. თავიდან რაღაც რკინები გადმოცვივდა და რამდენიმე რვეული. მერე კი უცებ გაცრეცილ ყდიანი ვეფხისტყაოსანი. გაკვირვებულმა მასწავლებელმა აიღო და გადაშალა. რომ დარწმუნდა ეს მართლა წიგნი იყო, ისევ ჩანთაში დააბრუნა,  ,,დაჯექიო“, - უთხრა ჰამლეტას და თვითონაც დაჯდა. უცებ ცრემლები წამოუვიდა. ჟურნალი აიღო და კლასიდან გავიდა... 
-    მე ჰამლეტა ვარ,  - თქვა უცებ ჰამლეტამ. გოგოებმა ტაში დაუკრეს.  გახარებულმა ერეკლემ ცეკვა წამოიწყო.
-    რომელი ჰამლეტა, შექსპირის  თუ ჩვენი? -  არ მოეშვა გურამა.  ტაშიც და ცეკვაც შეწყდა. ყველანი გავისუსეთ.
-    მამაჩემის, ამბაკოს, – თქვა ჰამლეტამ და გაგვიცინა. 
ბიჭები: `აბა მე ვინ ვარ~, `აბა მე ვინ ვარ~-ის ძახილით თავიდან გავეცანით  ჰამლეტას, რომელსაც არც ერთი სახელი არ შეშლია. მერე ჰამლეტა  წამოვაყენეთ და ის    ჰამლეტა დიდი ხნის უნახავებივით ეხვეოდნენ ერთმანეთს. გოგოებმა სადღაც ბინტი ნახეს და ჰამლეტას თავი შეუხვიეს. დეზინფექცია ჩაარებული ჰქონდა უკვე. მერე ერეკლემ - `ღვინო კი ჩემი მოტანილია, მაგრამ, აწი ჩემს უფლება-მოვალებას ვიხსნი და სადღეგრძელოც თქვი და თამადაც შენ იყავიო~. ჰამლეტამ იუარა. `ის მაინც გვითხარი რისი სადღეგრძელო უნდა გეთქვაო?~ -  დავაძალეთ ჩვენ. ჰამლეტამ  `სამი ჩუსო~. `ეს სამი ჩუ რაღა ჯანდაბააო?~ -  გაუკვირდა ბეჰემოტას. `ჩვენი ჩუმი ჩანაფიქრისო~. `რამე ჩუმი ჩანაფიქრი თუ გქონდა, ვერ მითხარიო~ - გაგიჟდა კინაღამ ჯონია. მოკლედ  ქეიფი გაგრძელდა და სხვა მინის ხმალი აღარ გატეხილა, მით უმეტეს არც მქონდა მეტი. 
... დღეს კი მარტო ვარ სახლში.  გარეთ უკვე ნიაღვარია. ტელევიზიით გადმოცემდნენ როგორ დაცურავდნენ ნავებით თბილისის ერთ-ერთ ცენტრალურ  ქუჩაში. როგორ შევარდა ერთ-ერთ მაღაზიაში წყლის ნიაღვარი. იქვე თეთრხალათიანი ექიმები ვიღაცას ასულიერებდნენ, ალბათ მაღაზიის მეპატრონეს. უცებ შუქი ჩაქრა. ახლა რა გავაკეთო. ხო, საჩუქრები. არ გაინტერესებთ, რა მაჩუქეს?ის ხმალი ხო იცით უკვე,  ჯონიას მოტანილი  თავზე რომ გადაალეწა ჰამლეტას, ამის გარდა ჩვიდმეტი პერანგი. რად მინდოდა ჩვიდმეტი პერანგი. ამას ხო ჩვიდმეტი წელი ვერ დავხევ.  მერე კიდევ იმ ჩვიდმეტ წელიწადში კიდევ ჩვიდმეტ-ჩვიდმეტი პერანგი. მოიცა მაღაზია ხომ არ გავხსნა. მერე უცებ ის მაღაზიის მეპატრონე კაცი  გამახსენდა და გადავიფიქრე. რა არის ეს, ერთი `ოდეკოლონი~ მაინც ეჩუქებინათ, ბოლო ოთხი თვის წინ გამითავდა. დაბადების  დღეს ველოდი. სულ ამაოდ.
კიდევ რა.  უი,  ახლა გამახსენდა,  დღეს ლექსების წერა უნდა დამეწყო. კიდევ დამატებით ვიღაცამ მშვენიერი ავტოკალამი მაჩუქა. არა რა, ეს საქმეს უნდა  გადავდო. მინდა ახლა ამ წვიმაში მუზის შეწუხება?! მოვა, გაილუმპება. გრიპი რომ დაემართოს? ან სულაც მფრინავი მინინგიტი?!. მერე რა ეშველება იმ ხალხს, ვისაც უკვე დაწყებული აქვს ლექსების წერა? ჰამლეტას მაგალითად. არა, ამხელა მსხვერპლის გაღება მართლაც რომ უხერხულია. ამ კალამს კი ორ კვირაში ჰამლეტას დაბადების დღეა და იმას ვაჩუქებ. მანამდე თავიც მოურჩება...











კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები