ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ნეფერტარი
ჟანრი: პროზა
3 აგვისტო, 2014


ბედუინი (ნაწილი XXVII კარაკალები)

                                                                                       
                                                                        გაჰკვეთე ქარი, გააპე წყალი, გარდაირე კლდენი და ღრენი...
                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                               
                                                                                                                                                                  ტატო

          ბედაური ქარივით მიქროდა და შედედებულ ჰაერს მკერდით მიარღვევდა.
მე და ჯადარი ერთსულად და ერთხორცად ვიქეცით, მისი ყოველი კუნთის მოძრაობას საკუთარივით ვგრძნობდი. დიდ სიჩუმეში, მხოლოდ ჯადარის ფლოქვების რიტმული თქარუნი და სუნთქვა ისმოდა. ბინდი სწრაფად იკრავდა პირს და კლდეების მწვერვალებიდან ეშვებოდა...  სავალი  ჯერჯერობით ლარივით მიდიოდა. დრომადერებსაც იდუმალი საფრთხის მოლოდინი გადადებოდათ და სწრაფად მოქროდნენ.

უნაგირზე გავსწორდი თუ არა, ცხენი ჰაერში აიწია,  ლოდების გროვას მსუბუქად გადაევლო და შეუფერხებლად გააგრძელა გზა. ზურგსუკან ჩუმი შეძახილი მომესმა, ფრუტუნზე და ფეხის ხმაზე მივხვდი, აქლემებმა  დაბრკოლებას შემოუარეს.  კლდის წვერებს ავხედე. "ეშმაკის  მუხლამდე" კარგა მანძილი გვედო წინ.  შუადღის სიცხით გადახურებული მდუღარე ჰაერი პირდაპირ სახეში მცემდა და სახეზე ახვეული ბურნუსი ძალიან მშველოდა.

        მორიალე ბინდში, წინ ხახადაღებული ვიწრო ნაპრალი გამოჩნდა, ცხენმა თავი დაღუნა და  გაქანდა.  როგორც კი ნაპრალს მივუახლოვდით ჩაიხვიხვინა და უკანა ფეხებით მიწას მთელი ძალით უბიძგა. გასროლილი ისარივით გადავიფრინეთ უფსკერო ჭა და მეორე მხარეს დავეშვით... ჯადარმა  მარცხნივ  მკვეთრად მოუხვია და კლდის ნახეთქში ჩრდილივით შესრიალდა. 

ჰაერი ღრმად ჩავისუნთქე და თავი ინსტიქტურად დავღუნე. დროულად გამომივიდა. გვირაბში მივქროდით. ამოსუნთქვაც ვერ მოვასწარი, რომ  ჰაერის ნაკადმა  ”გარეთ” გასვლა მამცნო.  ცხენი ისე მიექანებოდა,  თითქოს უნდოდა ბინდისთვის გაესწრო.  დაძაბული ვადევნებდი თვალს გზას და ზურგსუკან დრომადერების ფეხის ხმას ველოდი...ცოტა ხანში  აქლემების გაშლილი ტერფების ტყაპუნი გავიგონე  და შვებით ამოვისუნთქე, ნაპრალიც და გვირაბიც  გამოევლოთ და გვეწეოდნენ. 

        - მაღლა!

        ალ კაბირის შეძახილზე და  თავი ავწიე. კლდის ვეებერთელა შვერილი ელვის სისწრაფით მიახლოვდებოდა, თავის დახრა გვიანი იყო.  ბეწვზე მოვასწარი ცხენზე გულაღმა გაწოლა, თორემ კლდის ნაშვერი პირდაპირ შუბლის ძვალს ჩამინგრევდა.  თავგადაღმა,  უნაგირიდან გადმოკიდებული ალ კაბირი დავინახე, მთლად გადმოწოლილიყო კლდისთვის თავი რომ აერიდებინა. ის იყო წამოვიწიე და ცხენის თავისკენ დავიხარე, რომ  ჯადარი  ზედიზედ გადაახტა აწვეტილ ლოდებს, მარჯვნივ შებრუნდა და  გვერდზე გადაწვა. დიდ რკალზე ვუხვევდით...  ძლივს ვასწრებდი თვალი მედევნებინა ჩემსკენ გამოქცეულ კლდეების  შვერილებისთვის,  რომ არ წამოვდებოდი  და სხეული ზედ არ წამეხია.

ჩრდილოეთისკენ მივიწევდით, ახლა მანძილს ვკარგავდით, მაგრამ სხვა სავალი არ ჩანდა. ჩუმად შევევედრე ღმერთს - წინ ჩიხი არ ყოფილიყო და კლდეს არ ჩაეკეტა გზა. თითქოს ჩემი ვედრება ისმინა,  -  ცხენი მკვეთრად მობრუნდა მარცხნივ და საპირისპირო მხარეს გაჭენდა. ჩრდილოეთისკენ გავლილ მანძილს ახლა სამხრეთით ვკეცავდით.

      უკვე სრული სიბნელე წვებოდა...  ცოტა ხანში  კლდის შვერილს კი არა, საერთოდ  ვეღარფერს დავინახავდი... ჩემი ადამიანური მხედველობა თანდათან უძლურდებოდა, სამაგიეროდ ჯადარის  ძლიერდებოდა.  უკან, კარგა მოშორებით  დამაშვიდებელი ტყაპუნი მესმოდა  და ძალას და იმედს მაძლევდა.   

        ბედაურმა  ჭენება მსუბუქი ნავარდით შეცვალა,  აღმართს შეუდგა და უკან გადაიხარა. რაც შემეძლო წინ გადავიწიე და საშუალება მივეცი გაწონასწორებულიყო, მანაც სხეული შეიფერთხა და ნავარდს  უმატა. აღმართი თანდათან სახიფათოდ ვიწროვდებოდა და კლდის წვერისკენ მიიწევდა. მარჯვენა მხარეს კლდე თანდათან დაპატარავდა და ბილიკს შეუერთდა.  კლდეზე დაკიდებული ბილიკის მარჯვნივ აღარაფერი იყო, საერთოდ აღარაფერი. შიშმა ცივი თითები ყელში  მარწუხივით წამიჭირა, გვერდით  გახედვას ვეღარ ვბედავდი, მხოლოდ მარცხენა მხარეს შემორჩენილ  კლდის პირს  შევჩერებოდი, რომელიმე შვერილს უფსრულში რომ არ მოვესროლე.  ცხენს კისერზე მივეკარი, ჯადარმა იგრძნო რომ მივენდე და ქარივით აიწყვიტა, თავბრუდამხვევი სიმაღლისკენ ისე მიქროდა, დახშულ ყურებში შხუილი დამეწყო. ძლივს გადავყლაპე გამომშრალ ხახაში მოგროვილი ნერწყვი და დაგროვილ ჰაერს ყელისკენ რამდენჯერმე ვუბიძგე, როგორც იქნა სმენა გამეხსნა და შეძახილმაც არ დააყოვნა:

      -  მარცხნივ!..
რაც მხედველობა შემრჩენოდა თვალები მარცხნივ დავაცეცე, მაგრამ  ჩემს წინ აღარფერი იყო, აღარც კლდე, აღარც ბილიკი და აღარც არაფერი... ცხენი კი მაინც  ისე მიექანებოდა, თითქოს პირდაპირ სიცარიელეში აპირებდა გადაშვებას. კბოდეს პირას  ფლოქვებიდან გამსხლტარმა ნაპერწკლებმა გაიბრკიალეს და  ელვის სისწრაფით შევბრუნდით მარცხნივ.

ბილიკი მკვეთრი, ანკესივით მოსახვევით  მარცხნივ გრძელდებოდა. გამხმარ ყელში ძლივს გადავუშვი ხროტინით ერთი შესუნთქვა ჰაერი.... სანამ შეშინებას მოვასწრებდი,  ჯადარი  უკვე ორი გაშლილი მკლავის სიგანის კლდოვანზე  თავქვე მიქროდა. სადავე მთლად მივუშვი, ახლა ცხენს თავად უნდა აერჩია სისწრაფე.  არაფერს  ვგრძნობდი, შეგრძნების უნარი აღარ გამაჩნდა. მხოლოდ გულისკოვზთან მაწვებოდა გაურკვეველი სიმძიმე და სუნთქვას მიშლიდა... ბილიკი მთლად ცეცხლოვან ნაპერწკლებად იქცა. ცხენი ისეთი თავგამეტებით მიქროდა, თითქოს ეს  გზა ათასჯერ ჰქონდა გავლილი... სიბნელეში ვეღარაფერს ვხედავდი, მაგრამ ვგრძნობდი რომ მიწა თანდათან მიახლოვდებოდა.  ჯადარს კისერზე მოვეხვიე ჩავჩურჩულე: 

        - არ მეშინია! არ მეშინია!... - თითქოს ამას ელოდა, ჯადარმა თავი დახარა და ისე გაქანდა, წამით მეგონა ცხენს კი არა, ღამეს ვეკიდე კისერზე... კლდეზე ერთბაშად იელვეს  ნაპერწკლებმა და მათ სინათლეზე თვალი შევასწარი როგორ მოვწყდით ფლატეს... "ღმერთო  გვიშველე" - გავიფიქრე თვალებდახუჭულმა... ძლიერმა ბიძგმა და  სახეში შემოყრილმა ქვიშამ მიწაზე დამაბრუნა.  უნაგირზე გადავინაცვლე და მოკეცილმა  ჯადარის კისრამდე დავხარე თავი. ცხენს სისწრაფე არ შეუნელებია. ახლა მთელი გულისყური ზურგსუკან მქონდა და აქლემების ფეხის ხმას ველოდი.  არაფერი ისმოდა... კარგა მანძილი გავიარეთ, მაგრამ უკან მხოლოდ სიჩუმე მომდევდა...

    - ფლატე ვერ გადმოლახეს?! ალბათ გაჩერდნენ! იქნებ დაველოდო, მარტო მაინც ვერაფერს გავხდები...- აღვირი მოვიმარჯვე და მოზიდვა დავაპირე რომ შორიდან ნაცნობი ფეხის ხმა მომესმა... ჯადარი პატრონს ჩუმი ხვიხვინით შეეხმიანა. ჯერ ჩუმი სტვენა მომწვდა ყურზე, შემდეგ შეძახილი... 

      - წინ ჯადარ! წინ! - პატრონის ხმის გაგონებაზე ბედაური  ჰაერზე გაწვა...ფეხსაც აღარ აკარებდა მიწას. ახლა გავიაზრე ალ კაბირის ნათქვამი, რაც არ უნდა მომხდარიყო ცხენზე უნდა დავრჩენილიყავი... ისეთი სისწრაფით მივქროდი, ჰაერის ნაკადს  უნაგირიდან ჩემი გადმოგდება სულ ადვილად შეეძლო. ასეთი გაბმული ჭენებით არასოდეს მივლია და ვერც იმას წარმოვიდგენდი, რომ ცხენს ასეთი სისწრაფის უნარი შეიძლებოდა ჰქონოდა. 

      ჰაერი საგრძნობლად შეგრილდა. გამჭოლმა ნიავმა წამოიარა. ესე იგი წინ ჩიხი არ იყო,  თუ გზა არ დავიწროვდებოდა,  დაბრკოლებებს როგორმე გავუძლებდი. ზურგში მოხრილს თავი ცხენის კისრამდე  მქონდა დახრილი და  თავს ზემოთ გადმოშვერილ კლდეებზე აღარ ვფიქრობდი. ახლა მთლიანად ცხენის თვალებს ვენდობოდი. ჯადარი თვითონ ირჩევდა სავალს, მკერდამდე სიმაღლის ლოდებს - არ ეპუებოდა და ნახტომით იტოვებდა უკან, უფრო მაღლებს გვერდიდან უვლიდა, ხან ლარივით სწორად მიქროდა, ხან ზიგზაგზე და ხანაც რკალზე, მაგრამ რბოლა არ შეუნელებია.

ვუსმენდი მის სუნთქვას და ვგრძნობდი, რომ ეს კიდევ არ იყო ის სისწრაფე რითაც ქროლვა კი არა ფრენა შეეძლო. ცხენი ფრთხილობდა, ჯერ კიდევ არ მენდობოდა. გონიერმა ცხოველმა კარგად იცოდა რომ პატრონმა მოსაფრთხილებელი ტვირთი ანდო...  თვალებით ცა მოვძებნე და აქა - იქა აკიაფებული ვარსკვლავების მახლობლად ”ეშმაკის მუხლი” დავინახე. ვერ ვიჯერებდი, რომ ამხელა გზა უკვე უკან მქონდა მოტოვებული.

      მოულოდნელად ცხენმა ჭენებას უკლო, ჯერ მსუბუქ ნავარდზე გადავიდა, შემდეგ იორღა მოუნაცვლა, მერე  ალურზე დადგა,  ცოტა ხანში სულ გაჩერდა, თავდახრილი გაირინდა და ღრმად შეისუნთქა. მეც ღრმად შევისუნთქე და ”დაღლილი” ჰაერისგან გავთავისუფლდი.  ჯადარი უცნაურად გაირინდა  და ჰაერის ყნოსვა განგრძო. მაშინვე ვიგრძენი გარინდების მიზეზი. უნაგირზე დამაგრებული შოლტები ხელით მოვსინჯე და ორი ერთდროულად მოვიმარჯვე. 

      - "წყალი ხომ არ დავალევინო, ძალაც უნდა მოიკრიბოს, მეც მწყურია... ის  რატომ არ ჩანს..."- ჩუმი ფიქრი გამჭოლმა ნიავმა წამართვა, სამაგიეროდ სმენამ დამაწია ხშირი და ძლიერი სუნთქვა.  მალე დრომადერები გვერდში ამომიდგნენ და გაჩერდნენ. რაღაცამ ჩუმად გაიჩხაკუნა და პაწია ალი გაკრთა...  ალ კაბირი  ჩემსკენ გადმოიხარა, წყალი მომაწოდა და ცხენს ოფლი მოუსინჯა.

      -  კარგად მიდიოდი, ამ ღამეს ნამდვილად გადავივლით... 
      -  ცხენს არ დაალევინებ?  -  ჩუმად ვიკითხე.
      -  არა, გახურებულია...
      -  გეში იკრა...ახლოს ვართ...
      -  ვაცადოთ...მოემზადოს! - ალ კაბირმა ჩემი უნაგირის კეხზე რაღაც  დაკიდა და მარჯვენა ხელზე სამაჯური წამომაცვა.
      -  რა არის? -  ბრტყელი ფირფიტა ხელში ლითონის სიცივით მომყვა ხელში.
      -  თოკის სამაჯურია. კვესით იკვრება. შიგნით ქირურგიული ნემსი, ძაფი, ანტიბიოტიკი, ლუპა, კომპასი და გველის შხამის საწინააღმდეგო აბებია. მაგნიუმის ფირფიტა ფარავს. სამაჯური ადვილად იშლება, ოცდაათმეტრიანი თოკია, ორას კილოგრამამდე სიმძიმეს უძლებს. ესენი კი დენთიანი ნაჭრებია, ზედ კვესებია შებმული.  შოლტის ტარს მოახვევ, მაგნიუმს კვესს დაუსვამ, ნაპერწკალს დენთი აიტაცებს. შოლტის მოქნევაზე ცეცხლიანი ნაჭერი მთელ სიგრძეზე გაიშლება ჰაერში და  კარაკალებს დააფრთხობს.  ეს  ლისამი ქამრად მოიხვიე, გამოგადგება... 

      -  მაშინებ...
      -  ვფრთხილობ. - თვალებმა ალი აირეკლეს.   
      -  ფლატე როგორ გადმოიარე...
      -  შემოვუარე. ჯადარმა მოკლეზე მოჭრა!
      -  აქლემები ვერ გადმოხტნენ, არც ლოდებზე გადახტომა შეუძლიათ... ამიტომ მოდიხარ უკან...ცხენი ორივეს სწრაფად ვერ გვატარებდა... - ყელში ამომჯდარმა გულმა ლამის მომგუდა.
      -  აქლემი ცხენს ვერ დაეწევა, მაგრამ ცხენი აქლემს ვერ გაექცევა.
      -  დიდი მანძილით ჩამომრჩები?..
      -  კარაკლების ხროვა უნდა გავყოთ, ახალი მსხვერპლის დანახვაზე ნაწილი ჩემსკენ დაიწყებს დენას  და შენზე მოწოლილი ხროვა  განახევრდება. თუ ალყაში მოგაქცევენ,  არ შეშინდე,  ცეცხლით მოგეხმარები, ცეცხლის ყველა მხეცს ეშინია!  არ დაიბნე, იბრძოლე,  კარაკალებს  ნახტომის საშუალება არ მისცე... მხეცი გრძნობს მსხვერპლის შიშს და ძალა ემატება...
      -  ძალიან ბევრნი იქნებიან...
      -  კარაკალი კარგი მონადირეა, მაგრამ დევნა არ შეუძლია.  ხუთიოდე ნახტომზე თუ მოგყვებიან, ამიტომ დევნა უნდა ვაიძულოთ,  მთავარი სისწრაფეა და თითქმის ყველაფერი ჯადარზეა დამოკიდებული, რაც არ უნდა მოხდეს, ცხენი არ შეაჩერო, ხშირად გაამხნევე!  უკან არ მობრუნდე, ჩემსკენ არ წამოხვიდე, თორემ  ხროვა ერთი ორად გაიზრებდა და  ალყაში ერთად თუ მოგვიქციეს, - ვეღარ მოვერევით! 

    პასუხის ნაცვლად მხოლოდ თავი დავიქნიე. ალ კაბირი  დაკვირვებით მიყურებდა,  თითქოს ამოწმებდა  მიცემულ პირობას  თუ გადავიდოდი.  რამდენიმე წამს ერთმანეთს თვალებში  ვუცქერდით. თავი დამიკრა, თვალი სწრაფად ამარიდა  და ალი ჩააქრო, მაგრამ  მის გაქცეულ მზერაში მაინც მოვასწარი  დამენახა, როგორ  ერთბაშად აინთო  თვალისმომჭრელი ფერებით მოლივლივე  უსასრულო სამყარო.  სანამ დანახულით შეცბუნებული ლისამს წელზე ქამრად ვიხვევდი, პატრონი მოფრუტუნე ჯადარს ეჩურჩულებოდა.  წამი თუ გასტანა ადამიანის და ცხოველის საუბარმა და ბედუინი უნაგირიდან ახლა ჩემსკენ გადმოიხარა. შოლტები ზურგსუკან ქამარში ისე ჩამიდო, რომ მარცხენა ხელით ადვილად მივწვდომოდი და ცხენს გავაზე უბიძგა.

ბედაურმა ფლოქვით მიწა მოთხარა და დაიძრა, ჯერ იორღა აკრიფა, შემდეგ ნავარდზე გადავიდა, კარგა ხანს მსუბუქად და ლაღად მიქროდა, თითქოს აქლემების უკან ჩამოტოვება არ უნდოდა. დრომადერებიც ცდილობდნენ ახლოს ყოფილიყვნენ  და მათი ფეხის რიტმი  ჩემს სმენას მთლიანად ავსებდა. 

          სადღაც ზეცასთან შეჩერებული კლდის კენწეროდან, კატის გაბმულმა, ყურისწამღებმა ჩხავილმა  ხერხემალზე  ცივი ჟრუანტელით ჩამირბინა. ექომ  ჩხავილი მაშინვე აიტაცა,  გაათმაგებული ძალით კლდეებში დაატრიალა და ელდად დამატეხა.  ჯადარმა მძლავრად დაიჭიხვინა,  დრომადერებიც ღმუილით გაეპასუხნენ. 

      კლდეების მთელ გაყოლებაზე ათასობით ვარსკვლავი ერთბაშად აინთო და  უამრავმა ცეცხლოვანმა თვალმა  კლდეების კონტური  ბრკიალით მოხაზა.  არა, ეს არ იყო ” ბევრზე ბევრი...” -  ეს,  ჩემსკენ, გუნდ- გუნდად  დაძრული უამრავი  კუდიანი ვარსკვლავი იყო, რომლებიც კლდეების  ჩაშავებულ  გულმკერდზე ცეცხლოვან, მანათობელ  ჩანჩქერებად  მოექანებოდნენ.

    - ჯადარ გაფრინდი! -  ექომ ალ კაბირის შეძახილი მაშინვე აიტაცა და კლდეებმა მეხივით იჭექეს.  ბედაური ჭიხვინით გაეპასუხა,  კლდეებმა  ახლა ჭიხვინი აიტაცეს  და ქუხილით ისე შეახეთქეს ერთმანეთს, რომ  სისხლი ზრიალით მეცა საფეთქლებში. 

      ბედაური  მოვარდნილ  გრიგალად იქცა,  ღამე  ფეხქვეშ  გაიგო  და ფრთები  შეისხა... ჰაერის ნაკადი ისე მძლავრად მეძგერა, თითქოს წყლის ძლიერი ტალღა დამეჯახა და თავზე გადამიარა. წარმოუდგენელი სისწრაფით გაპობილი ჰაერის  შხუილი,  სივილი და სტვენა ექომ ერთბაშად გადაუშვა ხახაში და ისეთი  ძალით ამოაბრუნა,  თითქოს მთელი უდაბნოს  ქარებმა ერთბაშად იღმუვლეს.     

        მთელი ძალღონე მოვიკრიბე რომ თავი ცხენის კეფასთან მიმეტანა, ასე ქარი სახეში ნაკლებად მცემდა და თვალების გახელა ძლივს შევძელი. კლდეებს გავხედე... ზემოდან უსასრულოდ ცვიოდა უამრავი მხტუნავი ვარსკვლავი და  კლდეებზე  დაშვებული    ფოსფორის  მდინარე  ჩემსკენ იწყებდა დენას. მეხუთე სტიქიად ქცეული ჯადარი  კვალზე ქარიშხალს ტოვებდა და თავზე მეწყერივით ჩამოქცეულ უამრავ ნაკვერჩხალს ყურადღებას არ აქცევდა.

        კლდის კენწეროდან ისევ გაისმა ველური კატის გაბმული ხრიწნიანი ძახილი  და ათასობით მოძმის ხმა მოიყოლა.ექომ მათი ხმა მიიმატა და  თავზარდამცემი ხმაური, ღრენა, ჩხავილი, კნავილი და კივილი ზათქით  ჩამოიქცა კლდეებზე. 

      ვგრძნობდი რომ ნამდვილი თავზარი იწყებოდა, ეს შიშის ახალი სახე და სახელი იყო... მთლიანად შეკუმშული, დაძაბული ვადევნებდი თვალს ჩემსკენ  დიდ ტალღებით სწრაფად მომავალ  ცეცხლოვან ნაკადს და  ველოდი  როდის გაიბრწყინებდნენ შორიახლო ველური ფოცხვრების ფოსფორით მოკიაფე თვალები.

      მდინარეს მცირე ჯგუფი გამოეყო  და  ჩვენსკენ გრძელი ნახტომებით  დაიძრა. 
მოქნეულმა შოლტმა ყურთან გამიბზუილა და მეწინავეს ზუსტად მაშინ მოხვდა  როგორც კი მოუზომავი  ნახტომით კამარა შეკრა.  მოულოდნელმა სიმწარემ ფოცხვერი ჰაერში ამოაბრუნა, მიწაზე დაანარცხა და ისეთ  ღრენა - კივილად ამოხეთქა,  რომ წინმავალ ხროვაში შიშმა იფეთქა...  მაგრამ მთავარი ნაკადი არ შეჩერებულა. ჩემი  შოლტი გაბმულად ზუზუნებდა  და თითოეულ მოქნევაზე  რამდენიმე ვარსკვლავს აშეშებდა.  ხელის მოძრაობას არც ვაკვირდებოდი. ვცდილობდი,  ჩვენსკენ მფრინავი არცერთი  ვარსკვლავი არ გამომრჩენოდა და შოლტის  წვერით სწრაფად მივწვდენოდი. 

ჯადარმა იგრძნო, რომ  პირველი შეტაკება მოვიგეთ და  მუხლში  ათასი გრიგალის ძალა ჩაიდგა. ისე  მძლავრად მიაპობდა ჰაერს, თითქოს შავი გველეშაპივით პირდაღებულს ერთიანად უნდა  ჩაეყლაპა კივილით და ჩხავილით მოხეთქილი ცეცხლოვანი მდინარე. 

დიდი ნაკადისგან მხოლოდ ათიოდე ნახტომიღა გვაშორებდა,  ხელი დენთიან  ნაჭერს ვტაცე,  შოლტის ტარს  წვერზე შემოვახვიე და კვესიანი ბოლოთი სამაჯურს დავუსვი.  ნაპერწკლებმა იფეთქეს  და დენთით გაჟღენთილ ნაჭერს წამში მოედო ალი.  გრძელმა, ცეცხლოვანმა ენამ  ჰაერში იელვა, რგოლებად გაიშალა და ხროვის  თავზე დაეშვა.  არემარე ველურმა ღრენამ და  წკმუტუნმა გააყრუა, ნაკადი  ერთბაშად დაფრთხა,  წამით შეგუბდა და აირია. მაგრამ სწრაფად მოიცა გული და  ღრენით წამოიწია... შოლტებმა ჰაერში იშხუვლეს და ნახტომისთვის გამზადებულ მხეცებს თავპირზე გადაუარეს. 

        ხროვა მაინც მოგვწვდა და ერთბაშად გვეცა, ჯადარმა უკანა ფეხებით მიწას ძლიერად უბიძგა,  ჰაერში აიწია და ატალღულ მხეცებს თავზე გადაევლო. ისევ ვიხელთე დენთიანი ქამარი,  ისევ იელვა ნაპერწკალმა  ჩემს მაჯაზე და მთელი ძალით მოვიქნიე შოლტი, ცეცხლი  ჰაერში გრძლად გაიკლაკნა და შემოგებებული ხროვის თავზე წყევლასავით დაეშვა.  ჯადარი ცეცხლის კვალს მიყვა და  ფლოქვებქვეშ დამსხვრეული ძვლების ხრჭიალი და ჭახუნი ექომ კლდეებზე აიტაცა.

შოლტი გაუჩერებლად ზუზუნებდა და ცეცხლის შუქზე, შავ კვამლშიც ვიხედავდი როგორ მატულობდნენ  ჩვენს ირგვლივ თავგახეთქილი და  თვალებდათხრილი მხეცები.  დაჭრილებს დანარჩენები დაესივნენ და ტყავ-ხორცის ფლეთის და გლეჯვის ხმამ შემზარა. 

        წინ ახალი და ახალი ხროვა მოედინებოდა.  ჯადარი წრეზე დატრიალდა და უკანა ფეხებით დაიწყო მოგერიება.  თავგამეტებით ვიბრძოდით მე და ცხენი. მე შოლტით  ვიგერიებდი ჯადარის  კისერთან მოვარდნილ  მტაცებლებს, ცხენი გაბედულად და მედგრად იბრძოდა,  წრეზე ბრუნავდა,  ჭიხვინებდა და წიხლებს ერთმანეთს ელვის სისწრაფით უნაცვლებდა. მისი ძლიერი დარტყმით  გასროლილი მხეცები ჰაერში ბრუნავდნენ, კლდეებს ენარცხებოდნენ და ძირს პანტაპუნტით ცვიოდნენ.

ძლივს მოვახერხე სერპანტინის დანთება და შოლტის მოქნევა.  ღამე ცეცხლოვანმა ხმალმა გაჭრა, დამფრთხალმა ხროვამ  წითელ და  მწველ ენას უგანა და  ჩვენს წინ ზიგზაგიანი ბილიკი გაიჭრა.  ჯადარი  ბილიკს მიყვა და ვიწრო  ზოლზე უშიშრად გაქანდა.  სადავე მთლიანად მივუშვი,  მარჯვენა ხელით  შოლტის წვერს მოვახვიე დენთის ნაჭერი და  მოციალე ლითონს კვესით დავუსვი.  ჰაერში ცეცხლოვანი გველეშაპი გასრიალდა და ნამდვილი ჯოჯოხეთი დაატრიალა...

შავმა კვამლმა იფეთქა, ტრუსის და გოგირდის სუნი  მთელ არემარეს მოედო...მტაცებლები დაფრთხნენ,  ერთმანეთს  ჩქერებად ახტებოდნენ,  შეშინებულები დამწვარ ბალანს კბილებით იგლეჯდნენ, ცეცხლმოდებულ  თანამოძმეებს ფეხით თელავდნენ,  ერთმანეთზე გადადიოდნენ და ჩვენსკენ  ღნავილ-კივილით მოიწევდნენ... 

ბეჭზე სიმძიმე დამეცა და ბასრმა კლანჭებმა ფხრიწინით ჩახიეს ტყავი  სამოსი. ჯადარმა უკანა ფეხები ჰაერში აიქნია, ჩემს ზურგზე ჩაბღაუჭებულმა ფოცხვერმა მალაყი გადაიარა და ზედ ცხენის წინ დაეცა. ჯადარმა მაშინვე  ჩააზილა წვეტიანი ფლოქვი. თავის ქალა ჭახანით გასკდა და  სისხლის სუნით გახელებულმა თანამოძმეებმა ყურისწამღები ჩხავილით გაფხრიწეს მისი ლეში  და მაშინვე ნაფლეთებად აქციეს.   

ზურგზენაკადულებად ჩამირბინა სისველემ.  ჩემი თუ მოკლული ფოცხვრის სისხლის სუნზე მთელი ხროვა აიყალყა და გრძელი  ნახტომებით მოგვყვა,  ჰაერში  მორიგი ცეცხლის ქამარი გასრიალდა, მხეცებმა  ცეცხლის ბილიკს უგანეს და  შავი კვამლით გაჭრილ ბილიკზე გავქანდით. უსაშველო ღრიანცელში, ღრენაში, ჩხავილსა და კივილში მაინც გავიგონე როგორ გაიტყაპუნა  კლდეებზე  რაღაცამ.  ხროვამ  ახალი სუნი იკრა. ერთბაშად დაიღრინა და ასობით თავი, ერთ კისერზე დადგმულივით  ჩემს უკან  მიბურნდა. 

-  ”დამეწია...აქლემის ხორცი მიუყარა...მომყვება... ” -  იძალა იმედმა. წინ გრიგალივით მივექანებოდით, ჩემი შოლტი გამუდმებით წუოდა და მოგებებულ ხროვას თავზე მწარე ტკივილად ატყდებოდა.  გოგირდის, ტრუსის სუნით  და  შავი კვამლით  ყველაფერი გაიჟღინთა და  იქაურობა ხილულ ჯოჯოხეთს დაემსგავსა.

ჩემს უკან დარჩენილმა კარაკალებმა  ახალი საკბილოს დევნა ირჩიეს, მხოლოდ ხუთიოდე ნახტომით მოგვდიეს და ჩამოგვრჩნენ.  ღნავილი ღრენად იქცა და  ხროვის უკან დარჩენილი ნაწილი სატყუარას მიესია. მოულდნელად მოქნეული შოლტი ხელში გამიქვავდა. ცეცხლის შუქზე თვალი ძლივს მოვკარი რომ ფოცხვერს  შოლტის წვერი კბილებით ეჭირად და გამოგლეჯას ცდილობდა.  ჯადარას შევუძახე და შოლტი  რაც ძალი და ღონე მქონდა ჩემსკენ მოვზიდე,  მაგრამ  მხეცებმა  ტყავი კბილებით გაკვინტეს  და ხელში მხოლოდ ტარზე შერჩენილი ნაწყვეტებიღა აქანავდნენ.  რამდენიმე ჯგუფი ნახტომით დაგვესხა  თავს. ცხენი ყალყზე შედგა და თავდასხმა წინა ფეხებით მოიგერია. მარჯვნივ  და მარცხნივ  მათრახს  ვუშენდი მოწოლილ ხროვას, მაგრამ ხელში ჯოხის ნატეხებიღა მეჭირა.  წიხლი ვუნაცვლე  უნაგირზე დაკიდებულ მტაცებელს და დაღებულ ხახაში ხელში შერჩენილი ჯოხი შევატოვე, ფოცხვერმა ამოიხავლა, ყირამალა გადავარდა, რამდენიმე  თავდამსხმელიც გაიყოლა და ზედ ცხენის წვეტიანი ფლოქვებიც მიჰყვა,  მაგრამ ახლა  მარჯვენა ქუსლზე მეცა ბასრი კბილები და  ლამის მიწაზე ჩამითრია,  ხელით დავებღაუჭე უნაგირს, ფეხსაცმლიდან დანა ამოვიტაცე და  პირდაპირ შუბლში ჩავცხე ფოცხვერს,  გახეთქილი შუბლიდან სისხლმა და ტვინმა ერთად ამოასხა და  როგორც იქნა ფეხი გავითავისუფლე,  ჯადარმა მოძალებულ ხროვას წიხლები დააყარა. თავბრუდახვეულმა  ძლივს შევძელი უნაგირზე გასწორება,  ახალი შოლტები ვიმარჯვე და ბაგაბუგის ხმას  შოლტის წუილი  მიჰყვა.
   
        როგორც იქნა, ძლივს ვიხელთე დენთიანი ქამარი, დაავანთე და ხელით ვისროლე. ხელი დამეწვა, სამაგიეროდ ცეცხლის ენა პირდაპირ ხროვის ზურგზე გასრიალდა გრძლად დაინთო. შავ კვამლს გოგირდის სუნი მოჰყვა, ზედ  ტრუსის სუნი  და ამაზრზენი ჩხავილი დაერთო. ხროვა აირია,  ცხენი ფოცხვრების ზურგებს და  დაღრენილ  თავებს გადაევლო და წინ გაქანდა.  ახლა მისი ფლოქვების  თქარუნის ნაცვლად ძვლების მსხვრევის და ჩალეწილი თავების  ჭახუნი მესმოდა.

        ფოცხვრებმა ჩვენი წრეში მოქცევა გადაწყვიტა და ჩვენს გარშემო შორი ალყა შეიკრა. ალყა თანდათან სქელდებოდა, სწრაფად  ვიწროვდებოდა, ავად ჩხაოდა, კიოდა და იღრინებოდა... გარშემო უამრავი ფოსფორი დაინთო... დენთიანი ნაჭრები ხელში ავიტაცე, შეუჩერებლად ვიქნევდი შოლტებს,  ვცდილობდი, ზურგსუკანაც  არ ამეცდინა მომხდურისთვის,  მაგრამ უცბად  ვიგრძენი  რომ ეს განწირულის ბოლო გაბრძოლება იყო... ეს  უკვე სიკვდილი იყო, თვალდათვალ მოსული სიკვდილი...  კარაკალები  გუნდად და ისე სწრაფად გვეცნენ,  დენთის ანთება  ვეღარ მოვასწარი. მხეცებმა  უნაგირის ქამარი  წამში გაგლიჯეს, უნაგირი გადაითრიეს, ტყავი წამში გაფლითეს და ნაწილ-ნაწილ დაუწყეს  გლეჯა.

      ცხენი სწრაფად ბრუნავდა და წიხლებს ისროდა, გამეტებით იბრძოდა და ძლიერად ჭიხვინებდა... ვცდილობდი მის კისერთან ფოცხვერი არ მიმეშვა, მაგრამ შიში ცხელ ტალღად მივლიდა და ძალას მართმევდა...  საშინელი ღმუილის, ღრენის, ჯღავილის  და  ჭყავილის  ხმა საზარელმა კივილმა გადაფარა...  კივილი ექომ ამოაბურნა და  თავზე ზრიალით ჩამომამსხვრია.

      ხმა მეცნო...,  არა, ეს არ იყო ველური კატების ხმა...ეს ადამიანის ხმა იყო... ადამიანის ხმა მესმოდა...უცებ მივხვდი, რომ ეს, ჩემი ხმა იყო, თურმე ასე თავზარდამცემად  მე ვკიოდი. ჩემი კივილის  გაგონებამ უცბად მომიყვანა გონს და დავინახე, რომ  ცხენიც  ადგილიდან აღარ იძვროდა,  მიწას  წიხლებს  უშენდა  და უცნაურად ხროტინებდა...

    - ცხენი მიუშვი!  აღვირი მიუშვი!!! არ შეშინდე!  თქვენთან ვარ, აქ ვარ!!!  -  ალ კაბირის  შეძახილს ცეცხლოვანი სინათლე მოჰყვა,  მისმა ნასროლმა ცეცხლიანმა ქამრებმა  ჩემს თავზე წრეები  მოხაზეს, მიწაზე დაშვებულმა ცეცხლოვანმა რკალებმა, მე და ჯადარი შუაში მოგვიქციეს და  სულზე მოგვისწრეს...  აღვირს უმალ ვუშვი ხელი, შიშისგან თურმე ისე  ძლიერად ვეზიდებოდი რომ  ცხენი ხრიალებდა,  იგუდებოდა და  მე ისე ვიყავი გონებადაბნელებული, ვერც კი ვამჩნევდი...

        საშინელმა ღმუილმა  კლდეები ერთბაშად შეძრა.  ხრიალს, ღრენას და  ჭყავილს, -  მიწაზე  მძიმე სხეულის  დაცემის ხმა მოჰყვა და ცხელი  სისხლის  სუნმა,  -  წამში გადაფარა შავი კვამლის და გოგირდის ოხშივარი.  ცხენმა ნესტოები დაბერა, სისხლიანი ჰაერი დაყნოსა და მისი ხმამაღალი ჭიხვინი კლდეებს შეასკდა...

        გარშემო დაგუბებულმა ხროვამ თავდასხმა შეწყვიტა, გვერდი გვიქცია, ჩვენს უკან გაიჭრა და  ისევ მდინარედ იქცა.  ზედიზედ რამდენიმეჯერ იელვა და ალ კაბირის ნასროლმა დენთიანმა ქამრებმა  ისევ ცეცხლოვანი  კამარა შეკრეს ჩვენს თავზე.  ალყა მოირღვა, ჯადარმა თავისუფლება იგრძნო, ღრმად ჩაისუნთქა,  ხროვას არ შეეპუა და მხეცების თავებზე ლაწალუწით გადაიქროლა.  სისხლის სუნით გადარეული ხროვა ახლა გვერდს გვივლიდა და ჩვენს უკან  მიექანებოდა.  მომესმა  როგორ ფლეთდნენ და გლეჯდნენ  ვიღაცას  ფოცხვრები ცოცხლად, როგორ ესხმოდნენ ერთმანეთს ჩხავილით  თავს და ერთმანეთს ნადავლს ეცილებოდნენ. 

        მივხვდი რაც მოხდა,  ერთი აქლემი ჩემს გადარჩენას შეეწირა... გონებაში ნათლად დავინახე როგორ გამოუსვა ალ-კაბირმა დრომადერს დანა ყელში  და  როგორ იფეთქა გადახსნილი კისრიდან სისხლმა...აი თურმე რატომ აჰკიდა ერთ აქლემს მთელი ბარგი, მეორე თავიდანვე განწირული იყო ყელის გამოსაჭრელად, სატყუარად...კარაკალების ლუკმად....  ჩემს საფლავზე დაკლული აქლემი და მისი  ცას შეშტერებული ღია თვალები ისე ცხადად დავინახე, - დაზაფრულმა  ძლივს მოვიბრუნე  ბოლო სული.

ჩემს შიშს და შეცდომას შეეწირა გონიერი ცხოველი... ჯადარი კინაღამ გავგუდე...მეც კინაღამ დავიღუპე...ისევ შიშმა მაცდუნა, ისევ შიშმა დამაბრმავა და კინაღამ მაჯობა... სიმწრისგან და ბრაზისგან მუშტზე ვიკბინე და  ტკივილმა წარმოუდგენელი ძალა მომცა. 

        ჩემმა სიკვდილმა კიდევ ერთხელ, ხელმოცარულად დაიხია  უკან...

      - წინ ჯადარ წინ! - პატრონის ხმაზე ცხენმა ხმამაღლა დაიჭიხვინა და  ჩვენსკენ გამოქანებულ ხროვის ახალ ტალღას პირდაპირ თავზე გადააფრინდა. 
   
ჯადარს ოფლის მდინარე სდიოდა. მის სრიალა ზურგზე ძლივს ვიკავებდი თავს. ცხენს ფაფარზე მარჯვენა ხელით ჩავეჭიდე,, მის ბეჭებზე გადავინაცვლე მარცხეანში შოლტები ვიმარჯვე და  აღვირი სულ მივაგდე. პატრონის ხმაზე, პირზე ქაფმომდგარი არაბული ბედაურის  გულში და ფილტვებში წარმოუდგენელმა  ძალამ იფეთქა.  ჯადარი თავაწყვეტილი შევარდა აღმართზე, ნაპირს უკანა ფეხებით უბიძგა  და ფლატედან  პირდაპირ ახლად მოვარდნილ ხროვაში გადაეშვა...

        გამეტებით შევუტიეთ  მღრინავ და ჩხავანა მდინარეს. შიში, რომელმაც წამის წინ კინაღამ დაგვღუპა, სადღაც უკვალოდ გაქრა.  თითქოს ძვალ-ხორცი დავკარგე, თითქოს ჩემმა სულმა და გონებამ,  ღამის კოსმოსიდან არაადამიანური ძალა მოიტაცა... ახლა ათასჯერ უკეთ ვხედავდი და ათასჯერ უკეთ მესმოდა რაც გარშემო ხდებოდა.  შოლტები თავისით ფრინავდნენ თუ ვიღაც  გაასმაგებული ძალით იქნევდა,  შეუჩერებლად,  ზუზუნ-სხივილით დაქროდნენ გავეშებული კარაკალების თავებზე, კისრებზე, ზურგებზე, დაღრენილ ხახებზე და ჩვენსკენ ნახტომის  საშუალებას არავის აძლევდნენ. მთელი ძალით მოვიქნიე შოლტზე მოხვეული ცეცხლოვანი ნაჭერი.  ჰაერში გაფრენილ ცეცხლის ენას  თვალი გავაყოლე და ცაზე თეთრი ნათება დავინახე. შუაღამის მთვარე დასავლეთს წვერზე  წამოდგომოდა. სრული შუაღამე იყო... ჯერ კიდევ შუაღამე...

      აღარც უნაგირი მქონდა და  აღარც წყალი. ქამარი მოვისინჯე, მხოლოდ ხუთიოდე შოლტი  და რამდენიმე დენთიანი ლენტიღა მქონდა შემორჩენილი.  დროის, სივრცის და მიწის შეგრძნება აღარ მქონდა, მხოლოდ იმას ვუცქერდი რომელიმე მტაცებელი ცხენის კისერს არ მოკარებოდა. გრძნეულივით წინასწარ ვგრძნობდი რომელი მხრიდან გველოდა თავდასხმა და ჩემი შოლტებიც იქით მიფრინავდნენ.  ჯადარი  ოფლში გაიწურა, მაგრამ  მძლავრად სუნთქავდა და  ქარაშოტივით მიქროდა გამხეცებული ხროვის ზურგზე...
 
      - წინ ჯადარ წინ! გაფრინდი!!! -  ვიყვირე რაც შემეძლო, შოლტის წვერებმა  ზუსტად მეწინავეებს დაუარეს თავპირზე და ცხვირპირი გაუგლიჯეს.  ცხენმა დრო იხელთა, ჰაერში აიწია და ხროვის ამობურცულ ზურგს ზემოდან გადაევლო. ეს ტალღაც უკან მოვიტოვეთ, მაგრამ  ფოსფორის მდინარე სამად გაიყო. შუა ნაკადი ჩვენსკენ მოქროდა, ორმა კი აქეთ იქით კლდეებზე ქვემოდან ზემოთ, აღმა დაიწყო დინება. ფოცხვრებმა ჭკუა იხმარეს და კლდეებიდან გადაწყვიტეს მორიგი თავდასხმა, 

ახლა ზემოდანაც დაგვემუქრა საფრთხე... ჰაერიდან მფრინავი ვარსკვლავების სეტყვა წამოვიდა. შოლტები ჰაერში ცეცხლის ენებთან ერთად აცეკვდნენ, ჯადარმა სისწრაფეს უმატა და ზიგზაგზე გაჭენდა, ჩემს ზურგს უკან დანარცხებული მხეცების ღრენამ და კივილმა ზეცა და მიწა  შეძრა. ჰაერში ერთბაშად სამი დენთიანი ქამარი გავისროლე, მათი გრძელი და დაგრაგნილი შავი კვამლის დაგრაგნილი კუდები ცოცხლებივით აქანავდნენ და ზესკნელს და ქვესკნელს გადაუარეს. ზედიზედ ვისროდი შოლტზე მოხვეულ ცეცხლოვან გველეშაპებს ამდენმა ცეცხლმა და კვამლმა, კლდეებზე ასული ველური კატები გვარიანად დააფრთხო, ნახტომს  ვეღარ ბედავდნენ და ბრაზიანმა ჩხავილმა ყურთასმენა დამიხშო.

        მოულოდნელად ისეთი სიჩუმე ჩამოვარდა, თითქოს ერთბაშად დავყრუვდი, თითქოს ეს ღამე და ეს წუთი ჩემი ცხოვრებიდან მყისიერად გაქრა და  სხვა სამყაროში გადავინაცვლე. კლდეებს გავხედე, ყველა ვარსკვლავი უძრავად გაშეშებულიყო...თითქოს რაღაცას ელოდნენ. 

კლდის წვერიდან ძლიერმა,  გაბმულმა მკივანა ჩხავილმა  მთელი არემარე გააყრუა...
მთელი ხეობა გაირინდა და  ყველა თვალი კლდის წვერს შეაჩერდა.
ზედ ეშმაკის კუდთან, მთვარის შუქზე, თითქმის თვალმიუწვდომელ სიმაღლეზე,- მარტოხელა ფოცხვრის ძლივს შესამჩნევი სილუეტი  დავლანდე...ეს ნამდვილად წინამძღოლი იყო, მთელი ხროვის წინამძღოლი.  სადაც იყო ეშმაკის კუდს გავუსწორდებოდით,  ვიგრძენი რომ სწორედ მაშინ ისკუპებდა მარტოხელა ფოცხვერი. უკვე ზუსტად ვიცოდი რომ  მისი მიზანი გემრიელი ლუკმის მონადირება კი არა, აბეზარი მტრის მოსპობა იყო, რომელმაც მეფური სიმშვიდე დაურღვია და მის სამფლობელოში შემოჭრილი,  ცეცხლით და შავი კვამლით უტევდა მის ქვეშევრდომებს. 

ისიც კი  ვიგრძენი რომ მხეცი  სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლისთვის იყო მზად...

დენთიანი ნაჭერი  შოლტის წვერს მოვახვიე და კვესი სამაჯურს დავუსვი, ცეცხლმა იფეთქა.  როგორც კი ეშმაკის კუდს გავუსწორდი ფოცხვერმა ჰაერში კამარა შეკრა და ჩემსკენ ისკუპა. ჩვენს შორის მანძილი იმდენად დიდი იყო, დარწმუნებული ვიყავი გავასწრებდი და მხეცი ხელმოცარული დარჩებოდა მაგრამ შევცდი.  ფოცხვერი ჰაერში სწრაფად მოფრინავდა და თვალდათვალ მიახლოვდებოდა. მისი ნახტომი იმდენად ზუსტი იყო, რომ  მთელი ძალით გაქანებული ცხენის შეჩერებას ვერ მოვასწრებდი და  კარაკალი ზედ თავზე დაგვტყდებოდა.  უკვე მის  წვეტიან ყურებზე ამოზრდილ ფუნჯებს, გაშილი ბრჭყალებს დაღრენილ  კბილებს და დანთებულ თვალებს ვხედავდი.  მე და ფოცხვერმა  ერთმანეთს თვალი გავუსწორეთ....  ჯადარმა  მიწას უკანა ფეხებით უბიძა და ჰაერში აიწია, მოქნეული  შოლტით  გაფრენილი ცეცხლის ქამარი თავზე ჩამოეცვა კარაკალს,  მაგრამ ნადირი არ შეეპუა,  ცეცხლის რგოლებში უვნებლად გამოიფრინა,  ჩემსკენ დაეშვა, თათი  ძლიერად  მოიქნია და მომწვდა,  ცხენი გაბმული ჭიხვინით მიწისკენ დაქანდა და  ჩემს ზურგსუკან იარაღმა იჭექა, ექომ გასროლის ხმა კლდეებში დაატრიალა და ტყლაშუნით შეახეთქა ზეცას... ფოცხვერი დარტყმის ძალამ ჰაერში ამოაბრუნა, სისხლის ღვარმა შადრევანივით იფეთქა და ზედ სახეში შემესხა,  თვალებში სხივ-ჩამრალმა მხეცმა თვალებში ჩამხედა, მარცხენა მხარზე კლანჭიღა დამისვა  და ზედ ჯადარის ფეხებთან მოადინა ზღართანი. ორივე ხელით მოვეხვიე ცხენის კისერს, მაგრამ მიწაზე დაშვებისას ძლიერმა ბიძგმა მაინც კინაღამ მომისროლა.  ჯადარი სისხლის შადრევანს  ზემოდან გადაევლო  და წინ გაქანდა. 

        კარაკალები გაშეშდნენ.

ფოცხვრები თავდასხმას ვეღარ ბედავდნენ. ჩემს წინ აღარვინ იყო. უკან მივიხედე. 
მთელი ხროვა  მოკლული წინამძღოლის გარშემო ნელნელა გროვდებოდა. 

პირი საშინლად გამიშრა, ყელი გამიხმა,  გამხმარი ენა  ქვასავით მედო პირში. ხროტინით შევისუნთქე ჰაერი და ზევით ავიხედე, ეშმაკის კუდი უკან მქონდა მოტოვებული... მთვარე უკვე კლდეს ეფარებოდა... აღარ მჯეროდა რომ ოდესმე გათენდებოდა,  ეს საშინელი ღამე დასრულდებოდა და  დილა დადგებოდა და მზე ისევ ამოვიდოდა. ზურგი,  მარცხენა მხარი და ფეხი მეწვოდა, სისხლის წვრილი ნაკადული ზოლებად მდიოდა, მარჯვენა ქუსლი  საშინლად მტეხდა. 

ვერ ვიჯერებდი რომ წინ ახალი ხროვა არ მეგებებოდა, უკანაც აღარავინ მომდევდა. ცხენის კისერზე მიხუტებული, გონების მოკრებას  ვცდილობდი.  ჯერ ისევ ფოცხვრის მწვანედ დანთებული თვალებს, წვეტიან ყურები,  თეთრად მოელვარე ეშვებს, ბასრი ბრჭყალებს ვხედავდი,  თითქოს მთვარით განათებული ციდან ისევ ჩემსკენ მოფრინავდა და ცივმა ოფლმა მდინარესავით გადამიარა.

      ჯადარი ქარიშხალივით დაუღალავად მიქროდა დასავლეთისკენ. მთელი გულისყური უკან მქონდა. ახლა, მთელი ხროვა, ერთად თავშეყრილი, ალ კაბირს  დახვდებოდა წინ. ხელში ერთადერთი დენთიანი ქამარიღა მეჭირა. ისიც უკვე ცხენის ოფლით იყო სველი,  ალბათ აღარც დაინთებოდა და შორს მოვისროლე.

      - მე მესროლა თუ კარაკალს?!... - ქარივით გამიელვა უპასუხო კითხვამ...   

სმენამ ახალი და კარგად ნაცნობი ხმაური მომაწვდინა. ეს ხმა კარგად მახსოვდა, ეშმაკის ძაღლებმა რომ შემიპყრეს, მაშინაც იგივე ხმა მესმოდა...  ეს  ღრენა და ჩხავილი  არ იყო, მიწაზე უამრავი ბრჭყალი ფხაჭუნობდა. ხროვა მობრუნებულიყო და  სწრაფად, ჩუმად და გამალებით მომდევდა. ეს უკვე ომს ნიშნავდა. აქამდე მხოლოდ საკბილოს ეძებდნენ კარაკალები, მაგრამ ახლა, მტრის წინააღმდეგ შურის საძიებლად მოქროდნენ.

ჯადარმა გამაფრთხილებლად ჩაიხვიხვინა.  მხოლოდ ერთი შოლტიღა მქონდა ქამარში,  დანარჩენები ალბათ ფოცხვრის კლანჭმა ჩაითრია, აღარც დანა მქონდა და აღარც დენთიანი ნაჭრები. მთელი შერჩენილი ძალღონე  მოვიკრიბე  და შოლტი მოვიმარჯვე. მთელი ყურადღება ზურგსუკან მქონდა გადატანილი.თუ კარაკალები ალყაში მოგვიქცევდნენ, ერთი შოლტით და უცეცხლოდ ნამდვილად ვერ გავაღწევდით. ახლა  მხოლოდ ჯადარი იყო ჩემი მხსნელი. მის გამძლეობაზე ეკიდა ყველაფერი, მხოლოდ მას შეეძლო ჩემი სამშვიდობოს გაყვანა ან...დაპირებულ ტყვიას უნდა დავლოდებოდი.

      მოწოლილი ღამე აქლემის მოულდნელმა ღმუილმა შუაზე გაგლიჯა, ცეცხლის ალმა იქაურობა დღესავით ზედიზედ გაანათა, ძლიერმა აფეთქებამ ყველაფერი შეაზანზარა და ისე საშინლად დაიგრუხუნა რომ კლდეებმა ჯახანი გაიღეს და  მიწა გრიალით იძრა... შეშინებულმა ცისკენ  ავიხედე და ჩემი თვალებით დავინახე, ეშმაკმა როგორ მოიქნია კუდი,  როგორ  დაუარა ლაწალუწით კლდის მწვერვალებს და ცაში ატყორცნილ ფრთას წამოედო. ფრთა გადატყდა,  კლდეებზე ზათქით ჩამოიქცა და მისი  ნამსხვრევები თვალუწვდენელი სიმაღლიდან სეტყვასავით წამოვიდა. კიდევ ერთხელ შეაზანზარა მიწა ძლიერმა აფეთქებამ, კლდეებმა ცოცხალივით დაიღრიალეს  და  მათი გაგლეჯილი მკერდებიდან  ვეებერთელა ნაშალი ერთბაშად მომსკდარი ჩანჩერივით დაიძრა.  წუთის წინ, ცაში ატყორცნილი "ეშმაკის კუდი" გრუხუნით გადატყდა და  ხიდივით ჩაიჭედა კლდეებს შორის. მღრინავი ხროვა  ნაშალის გადმოლახვას ამაოდ ცდილობდა. მიწაზე გრუხუნით ჩამოწოლილმა კლდემ  ერთბაშად დაიგრიალა, მთლიანად ჩამოიქცა,მთელი ხევი გადაკეტა და ხროვა ქვეშ მოიყოლა... 

    ჯადარმა ერთი ნახტომით გაასწრო ქვის ცვენას, არემარე  ხორცის,  მტვრის და სისხლის სუნით გაიჟღინთა. ჰაერიდან მტვერში არეული სისხლის ჩქერები წამოვიდა და ტყავ-ხორცის თბილი ნაგლეჯების სეტყვა მოიყოლა...  გულყრა,  გუდვა და გულზიდება ერთად დამეწყო.  თავსხმა  წვიმად და სეტყვად წამოსულმა  სისხლმა და ლეშის  ნაფლეთებმა  - თავბრუ დამასხა. თვალები სისხლით ამევსო, ცრემლადაც სისხლი მდიოდა. სანამ გული წამივიდოდა ცისკენ ავიხედე... კლდის  სიმაღლიდან რაღაც დიდი ჩრდილი პირდაპირ ჩემსკენ  მოექანებოდა, სწრაფად გვიხლოვდებოდა  და თავზე დატყდომას გვიპირებდა.  ისიც კი ვიგრძენი როგორ  შეიკუმშა ჰაერში მოქნილი სხეული...პირზე ქაფმოდენილმა ბედაურმა  ჩემსავით ბოლო ძალები მოიკრიბა, ყალყზე შედგა და მოსაგერიებლად მოემზადა...

      ლამის უკვე გულწასულმა  შოლტი ჰაერში მოვიქნიე... მაგრამ  რაღაც  ძლიერმა ისე გამომტაცა ხელიდან, რომ მეც ამითრია და  ცხენის კისერი მკლავებიდან გამისრიალდა... 

      კლდის ბნელი მკერდი და დაკბილული მწვერვალი პირაღმა ამობრუნდა და მთვარე ქვეშ მოიყოლა. მიწაზე დანარცხებული  მთვარე შუაზე გადატყდა და გაორდა, მერე გამწვანდა, ფოცხვრის თვალებად იქცა და ჩემსკენ გამოქანდა... 

    "ვერ მომისწრო"...-  გამიელვა გონების მიღმა...
ახლა მხოლოდ იმასღა ველოდი, როდის დავეცემოდი მიწაზე და როდის მომწვდებოდა კარაკალის კლანჭი...
                                               
                                                                               
                                                                      (იხილე როგორ გაგრძელდა)

----------------------------------------------------------------------------------------------

© საავტორო უფლება დაცულია საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის მიერ.

 

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები