ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ხურსი
ჟანრი: პოეზია
20 ივლისი, 2014


ნ.ო.

მიდიან , მოდიან ფიქრები ასეთი უსაშველო ,
იღლები უსაზღვროდ , ცოტა ხნით გათიშვით წაუძინებ ,
სიზმრიდან გამოსვლას სჭირდება ხელები სამაშველო ,
შორი - შორს ღრუბლები გგონია ქარავან - ლიმუზინნი.

ხან საით , ხან საით , მთვარეა უდავოდ ბედუინი ,
აქა იქ ვარსკვლავნი , სულთანნი , მამლუქნი , ფელაჰები ,
ხომ ყველამ იცის , რომ არა ხარ სამყაროს მედიუმი ,
და მაინც ღირსება , სახელი , უფლება გელახება.

მოგკლავენ , მოკვდები , სიტყვები , ბედია ხალიფების ,
შენ იცი შენი საქმე , შენთვის ხარ , არავის არ ეხები ,
რაც იყო , იყო და , მეორედ მსგავსი რამ არ იქნება ,
უბრალოდ გჩვევია , დრო და დრო , ხანდახან შეფერხება.

ალაგმე სულ ყველა , ღმერთები , კერპები , შეიხები ,
სანამდე ქარში ხარ , და თმები ქარდაქარ გეჩეჩება ,
სანამდე უმწეო ბალახივით ქარიშხლით შეირხევი ,
მანამდე მზის წნულში , შენს გულში მსოფლიოს ექაჩები.

იშიებ მიწისძვრებს , ზვავებით თვალები დაგიბრძენდა ,
გრცხვენია ჩინეთის , ბერლინის კედელთან შეკედლება ,
და ფიქრობ უეჭველს , რომ მთელი ქვეყანა შეიგრძენი ,
ხელებით , თითებით , ფრჩხილებით , ნუნებით , გეკადრება ?!

დიპლომი , სიგელი , ხარისხი , და რაღაც რეფერატი
დაწერე , მიიღე , ბოლოსკენ ცალყბადაც ამოშაქრე ,
რომ ბედის ნეგატივს თამამი ფერებით იფერადებ ,
არადა უფალი გარკვეულ დოზებით ამოშალე

სულიდან , გულიდან , ნერვიდან , სისხლიდან , პირის ღრუდან ,
მონობაც იცოდი თავს ისე გაუხდი ფარაონი ,
და რაკი მსოფლიო უკუღმართი , შებრუნდა , პირუკუა ,
ამრავლე , გაყავი , ამატე , აკელი , გაიორე.

ან რისი რელიგია ღმერთია უბრალოდ სათამაშო ,
ბუდიზმი , ისლამი , და ჯვარზე მაღალი იეშუა
მიეცი დავიწყებას , გარეთ კი სიგნალი საგანგაშო
ჩაახშვე , რადგანაც უმისოდ მშვენივრად გამოშუშდი.

ამიტომ გგონია საერთოდ ვერაფერს ვერ გიგებდნენ ,
და ლოცვა , მანტრა და ნამაზი , სალათი გასუსტებდა ,
თვალებით , ტუჩებით , წარბებით , ბროლებით , გუგებით და ,
ფეხებით , მუხლებით , წვივებით , ტერფებით , ქუსლებითაც

მიიღე ორიოდ სამუმი , სმერჩი და ჭალიკონი ,
თურქული კეხიდან გავლილი წამება აგიღრინდა ,
და სული , რომელიც თავიდან მშვენივრად აშიკობდა ,
მაშრიყით მოსული ბრუნდება ისევე მაღრიბისკენ.

ეძიე გენია , ლასკერი , ეივე , კაპაბლანკა ,
სიწმინდე , ლოტოსი , ვარდები , კალები , ორქიდეა ,
ოდესღაც იყავი , მას შემდეგ მოგკლეს და აღარახარ ,
და აი , ასეთ დროს , სიკვდილი რომ ხელის მომკიდეა

არავინ არ დავობს. ან ახლა ვისა აქვს ამის ხოში ?!
წლები და თვეები , ჯუფთები , წამები , საათები ,
იმდენ ხანს ელოდე , საბრალო , მთლიანად გაითოშე ,
იმდენ ხანს უცადე , რომ სადმე სინათლეს აანთებდნენ

სვანები , მეგრელნი , რაჭველნი , მესხები , მოხევენი ,
მაიას ტომები , ინკები , კოლხები , შუმერები ,
( რომ სხვების რა გითხრა , აი , მე , უცილოდ მომხრეც კი ვარ
ყველანი დავღუპო , და მერე დითირამბს ვუმღერებდი. . .

რომ ბევრი მესვა და ჯინაზე უზომოდ მელოთავა. . . )
დაგენთო კოცონი , გერბინა ძველ ჭიაკოკონობას ,
მტერსაც და მოყვარეს , ერთ ნოტზე ორთავეს ებოთავათ
ჭორებით , რომლებსაც ბებრები ისედაც კაკანებენ.

ხელის გულს ვინღა ჩივის , რიქშით ან ურმით თუ ტახტრევნითაც
ვინმეს რომ ეტარე , სხვა გრძნობას აღძრავდა თალამუსი ,
როცა თავს იკლავდნენ ბიჭები არჩევან - არადანით ,
საჩუქრებფოლორცით , ლოლიავსიტყვებით , უნამუსოდ.

სენი და დოლარი , ლარი და ლირა , ევრო , დინარი ,
ოქრო - ვერცხლი და ბრილიანტი , ლალი თუ ამეთვისტო ,
ხომ , შენი ცრემლები აბელის სისხლი და მდინარეა ,
და დგახარ კითხულობ ფსალმუნებს , მწუხარე აკატისტოს.

( ქმარი რომ გყოლოდა ) დავუშვათ , სიტყვების მასალაა ,
ბორკილებს აწყვეტდი , მოლებს და ხატიბებს , მუეძინებს ,
ხოტბას რომ ასხამენ ღვთაებას , უბრალოდ ვასალები ,
ზანგები , თეთრები , ყვითლები , ჭრელები , უმეცრები.

( შვილები გყოლოდა ). . . ამ ფიქრში ბევრია საცობები ,
მერედა ჯოჯოხეთს უსაზმნო ტვირთადაც დაწოლოდი ,
სხვა რამე იქნებოდა , სიცრუეს მკერდიდან აწოვებდი ,
არათუ აკვანში , საწოლში , კუბოში ჩაწოლილი ,

ჯანდაბას. . . ზურგიდან კარს მომდგარ საშინელ ქარბორბალას
ზეცაში აიტანდი , სანამდე თვალთან თითს მიიტანდნენ ,
თავიდან , შუიდან , გვერდიდან , პირდაპირ , საბოლოოდ ,
სხვადასხვა მაზჰაბით , ყურანით და სუნიტ - შიიტებით

ასრულებ. . . ალყიდან თავს აღწევ ისევე წამოწვები ,
არ აცდი საგნებს და მოვლენებს თავისთვის დალაგებას ,
არავინ არ მოვა , არასდროს , არსაით , გამოწმებენ ,
ნაცემი ძაღლივით ლოგინზე რამდენჯერ მიეგდები. . .

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  გიორგი7464, ხურსი ვულოცავთ დაბადების დღეს