ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ლელა მგელაძე
ჟანრი: პოეზია
25 ივლისი, 2014


ბავშვობას

ნუ გეჩქარება დიდი  გახდე,  ჩემო პატარავ
ნუ გეხარბება პომადა და
ქუსლიანები 
რადგან ( მერწმუნე)  სასიკეთოს ვერაფერს ნახავ,
ვშიშობ,  განხიბლვას მომავლისგან
ვერც შენ ასცდები.
იქ, ხომ დიდები
ყალბ სიმაღლეებს იყენებენ  სიმდაბლის ფარად.
ხოლო სისხლისგან დაცლილ ტუჩებს
პომადა ფარავს.
ნუ ეწაფები ამ სამყაროს შესამეცნებლად,
რადგან შეცნობა კაშკაშა სპექტრს
რუხად შეფერავს.
დაბინდავს სევდა
მაგ ოცნებებით მიმოჭედილ ზეცას,
მზისთვალას.
და დიდობაში შებიჯების მომდევნო ეტაპს
ედება ფასი – რამდენიმე ოცნების ცვენა.
იქ, დიდობაში
შენც სხვების მსგავსად,
ცრუ თავმდაბლობით შეინიღბავ
ამპარტავნებას,
ლოცვის დროს ხშირად სხვის ცოდვებზე 
ფიქრი გეწვევა
და თავთავივით აწეულ თავს ვერ დაამძიმებს
საკუთარ თვალში გახიდული
მოზრდილი დირე.
და თუ როდესმე შეამჩნიე, რომ შენი სული
დამსგავსებია ხეს დასხეპილს,
სივრცეშეკვეცილს,
ან ცას, რომელსაც ვარსკვლავთცვენა გადახდა სრული,
მუხთალ ცხოვრებას დააბრალებ, შენც,
მსგავსად სხვების...

მაგრამ შენ მდორე მდინარებას მაინც შეერთვი.
თუ გსურს წააწყდე ოქროს თევზებს
და კენჭებს, ფერადს,
იმ მადლს ელტვოდე, მხოლოდ რჩეულთ რომ აძლევს ღმერთი –
ბავშვად დარჩენას

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები