ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
24 ივლისი, 2014


გრიგოლ აბაშიძისა და შოთა ნიშნიანიძის შესახებ

გრიგოლ აბაშიძე - ქართველი პოეტი და მწერალი, წელს მისი დაბადებიდან 100 წელი შესრულდა, გარდაცვალებიდან 20.
გრიგოლ აბაშიძის კალამს ეკუთვნის ისტორიული რომანები: ''ლაშარელა“, ''დიდი ღამე“, ''ცოტნე, ანუ ქართველთა დაცემა და ამაღლება“, ''ყორნალი“.
თანამედროვე ავტორებიდან არავინ შემხვედრია ისეთი, ვისაც გრიგოლის შემდეგ ლაშა-გიორგის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე დაეწეროს, შეიძლება ვერ ბედავენ გრიგოლ აბაშიძის შემდეგ საქართველოს ოქროს ხანასა და მის შემდგომ პერიოდზე რომანის დაწერას.
გრიგოლ აბაშიძეს შესანიშნავი რომანების გარდა, ასევე შესანიშნავი ლექსების ციკლიც აქვს შექმნილი, ერთ-ერთი გამორჩეული ლექსია ''შვიდასი წელი“:

შვიდასი წელი

კოხტასთავის შეთქმულებს

მე ჯერ ქაოსი მერტყა წყვდიადად,
თქვენ რომ გეხვიათ მზეზე ფუტკარი,
მე შვიდასი წლით დამაგვიანდა,
თქვენს შეთქმულებას ვერ მოვუსწარი.

მე მაინც ვიყავ თქვენთან შეთქმული,
თქვენსკენ უხილავ ცეცხლად დაძრული.
მე გაჩენამდე თქვენი ერთგული,
თქვენსკენ მოვქროდი ხელგაბაწრული.

თქვენ კი იტანდით ტანჯვას ზვიადად,
თუმცა გერჩიათ გულში ისარი...
მე შვიდასი წლით დამაგვიანდა,
იმ წამების დროს ვერ მოგისწარით.

მაგრამ არ არის დრო გამთიშველი
მათთვის, ვინც იყო ქვეყნის ერთგული,
მე თქვენს ლანდებთან მოვალ შიშველი,
არყოფნის ჟამსაც თქვენთან შეთქმული.

რომ თქვენებრ მწვავდეს მზე თქვენი მწველი,
თქვენებრ მეხვიოს მზეზე ფუტკარი,
რომ ვთქვა: წამს ჰგავდა შვიდასი წელი,
მოველ, წამებას მეც მოვუსწარი!

გრიგოლ აბაშიძე

გარდა საკუთარი ლექსებისა, მას ასევე შესანიშნავი თარგმანებიც აქვს, უმეტესად უნგრელ პოეტს - შანდორ პეტეფს თარგმნიდა გრიგოლი, დღეს შანდორ პეტეფის ლექსებს ასე თუ ისე თუ ვიცნობთ, ეს გრიგოლ აბაშიძის დამსახურებაა, მას ამისათვის პეტეფის სამშობლოში ბიუსტი დაუდგეს.
გრიგოლ აბაშიძე თავის დროზე საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარეც გახლდათ.


შოთა ნიშნიანიძის შესახებ



შოთა ნიშნიანიძე - პოეტი, რომელიც ლექსებს საჯაროდ არ კითხულობდა!
მისი პოეზია მრავალფეროვანი და განსაკუთრებულია... ჯერ მარტო მისი ერთი ლექსი ''ხარი“ რად ღირს... არ მეგულება სხვა პოეტი, ვისაც იმდენი ლექსი ჰქონდეს დაწერილი ''ხარზე“, რამდენიც შოთა ნიშნიანიძეს.
თავის თაობაში იგი ერთ-ერთი უძლიერესი იყო, ალბათ არ მოიპოვება საქართველოში პოეზიის მოყვარული ადამიანი, რომელსაც ნიშნიანიძის პოეზია არ უყვარდეს, მისი ლექსები ანდამატივით იზიდავს მკითხველს.
დაბოლოს, ჩემი აზრი მინდა დავაფიქსირო ლექსების საჯაროდ კითხვასთან დაკავშირებით:

ჩემი აზრით, არიან პოეტები, რომლებიც კარგად წერენ, მაგრამ საჯაროდ არ ან ვერ კითხულობენ და არიან პოეტები, რომლებიც კარგად წერენ და კარგადაც კითხულობენ.
შოთა ნიშნიანიძე პირველ კატეგორიას განეკუთვნება, კარგ ლექსებს წერდა, მაგრამ საჯაროდ არ კითხულობდა, თუ რატომ, ამას ვერ მოგახსენებთ.


პატივისცემით - ოთარ რურუა



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები