ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბუდულა
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
27 ივლისი, 2014


ბუდულა

            წინასწარ ვიცი, რომ არ დამიჯერებს, მაგრამ მე  მაინც  „ვაწარმოებ ‘’ მოლაპარაკებებს. დაიჟინა,უნდა
წავიდეო, ყველაფერი გადაწყვეტილიაო, ბაჩანა და რეზიც მოდიანო.
-----ბიჭო,რაღა ახლა აიტეხე ეგ ამბავი,ხომ იცი გამოცდაზე მოვდივარ და მინდა  დამხვდე მეთქი---ვიმიზეზებ მე.
    ესმის? არ ესმის.  რა ვუყო,ჯიუტია მამასავით ( არც მე ვარ დიდად დამთმობი).
გადაწყდა,ეგენი ქსილისის მთაზე მიდიან,მე კიდევ ჩავალ და მივხედავ ჩემს თავს.
ბოლოს და ბოლოს მართლა მაგაზე ხომ არ ვარ დამოკიდებული .

            დილით ადრე ავდექი,იქნებ ჩავუსწრო მეთქი.  ათზე უკვე თბილისში ვარ,მაგრამ წასულები
დამხვდნენ.რაღა უნდა ვქნა,სახლი მივალაგე , სადილი გავაკეთე. ორზე    გამოცდა მაქვს და არ უნდა
დამაგვიანდეს. უნივერსიტეტთან მეგობარი მელოდება, ჩემი კოლეგა,ორივეს გამოცდა გვაქვს, მასთან ცოტა გულს
გადავაყოლებ და ვილაპარაკებ.  ბავშვებიც მოვიდნენ,  მისი კლასელებიც.
თეკლას უკითხავს,დედამისმა იცის წასულები რომ არიანო? მერე რაეგამოცდებოდაო
            მგონია ბევრ  რამეს შევეგუე და მეტი აღარაფერი გამაკვირვებს.
              ასე მგონია,თურმე სადა ხარ ჯერ...
            გამოცდაზე შესვლამდე მხოლოდ ერთი მესიჯი მივიღე  :  მთაზე უკვე ვიყავით და ახლა
დაბლა ვეშვებითო.
        თურმე მომატყუა.
            შევედი.  ორი საათია. დაიწყო გამოცდა,  მაგრამ ლუჩიანო პავაროტი და მისი ცოლები და
შვილები სულ არ მაინტერსებს, მთელი ორი საათი მთა და ჩემი შტერი ბუდულა მელანდება.
          5საათზე უკვე სადგურში ვარ  , ავტობუსში ვზივარ  და სახლისაკენ მოვდივარ.თან გზადაგზა
ვემესიჯები,სად არიან და როგორ არიან . ხან ვწერ,  ხან ველაპარაკები. ერთხელაც დავრეკე
და აღარ მპასუხობენ,  გასულია ან გამორთულიაო, მეუბნება ოპერატორი.  გული  დავიმშვიდე.
შეიძლება ისეთ ადგილას არიან, რომ არ იჭერს მეთქი.
  იმდენი ვილაქლაქე,მთელმა ავტობუსმა იცის, რომ სადღაც მთის დასალაშქრადაა ჩემი შვილი,
ამიტომ ზოგს ალბათ გიჟი ვგონივარ... 
      როგორც  იქნა ჩავედი.
        საღამოს ცხრა  საათზე  მომდის ასეთი შინაარსის მესიჯი:
    "დაგვაღამდა,გვაქვს  ცოტა წყალი, ცოტა პური,ღამეს ვათევთ ცეცხლთან"
    __ვაი, ჩემო თავო, ტელეფონები დამჯდარი აქვთ და მორჩა, აღარაა კავშირი.დავჯექი და
ვტირი. ისეთი უმწეო ვარ,  მეშინია რამე არ მომივიდეს , გული არ გასკდეს ან ტვინში სისხლი
არ  ჩამექცეს...ნახევარი საათი ვიჯექი ასე და უცებ თავში  აზრებმა გამოიღვიძა. ვებღაუჭები
რაღასაც,თორემ არანაირი იმედი არ მაქვს.
        ----  აბა ჩქარა პატრულის ნომერი-- --სახლში  ყველა  გაკვირვებული მიყურებს,ახლა რაღა დროს
პატრულია,თითქმის 11 საათია . მე მაინც ვრეკავ და მორიგეს ვუხსნი ჩემ პრობლემას,ის ვერაფერს
ხვდება  და მეასედ მეკითხება:
------ვინაა წასული?---
-------ჩემი შვილი და  ძმისშვილი
------სად ქალბატონო?
------მთაში, მაგრამ სად, არ ვიცი,  დაახლოებით კასპის რაიონში. ქსილისის მთაზე.
------რატომ?
      აი ამ კითხვაზე ვერ ვპასუხობ ამომწურავად  .  რა ვუთხრა?  ხუშტურების გამო მეთქი?
  სიმართლე ესაა და აბა როგორ  გავაგებინო...
  ყველაფერი ჩაიწერეს,ვინ არიან ,სად არიან, რამდენი წლისანი,სად სწავლობენ,ტელეფონის
ნომრები...ეს ყველაფერი იმდენხანს  გრძელდება, უკვე იმედი მეწურება
  ------რამეს იღონებთ? ---ვეკითხები
------სწორედ მაგას ვაკეთებთ  ქალბატონო----- მპასუხობს და თვითონაც არ სჯერა.
  მერე მაძლევს კასპის პოლიციის ნომერს და მეუბნება,  რომ პასუხი მასაც გავაგებინო.
    დავრეკე კასპის პოლიციაში,გულისყურით მომისმინეს,  ისევ დაწვრილებით  ჩაიწერეს  ყველა მონაცემი და
ჩემს კითხვაზე ,  რამეს იღონებთ მეთქი ---საიდან დავიწყოთ რა და ვქნათ არაფერი არ ვიცითო,  ასე მიპასუხეს.

    ახლა პატრულს გორის სამხარეოს ნომერი ვთხოვე.იქაც დავრეკე ,ყველაფერი დაწვრილებით
მოვუყევი.  გოგონამ  მიპასუხა და მითხრა,  დაწყნარდით ქალბატონო,  გვესმის თქვენი,  დედა ხართ,
ყველა დედა ასე მოიქცეოდაო, მგონი უბრალოდ  დამამშვიდა....

    შიგადაშიგ ვლოცულობ, მამაო ჩვენოს გულში ვიმეორებ და  მგლებისგან დაგლეჯილი ბუდულა მელანდება.
ღმერთო,ისევ მანახე ცოცხალი.
    კასპის და გორის პოლიციის იმედით ბუდულას მესიჯი მივწერე. გეძებენ და ცეცხლი არ ჩააქროთ მეთქი.
იმედი მაქვს რომ მესიჯს მაინც ნახავენ.
    პოლიციიდან ყოველ  ნახევარ საათში მირეკავენ და სიტუაციას მიხსნიან: ჯერჯერობით ვერ
იპოვეს,  დადიან  აქეთ იქით  და პროჯექტორებით ანათებენ სავარაუდო ადგილებს...
      ყველა წმინდანს  შემწეობას და დახმარებას ვთხოვ,წმინდა გიორგზე თავისი ხელით აიყვანოს
ბატკანი.
  ეხ, ბუდულა ბუდულა....
    12 საათზე პოლიციიდან დამირეკეს , ნუ ნერვიულობთ ქალბატონო,ახლა სოფლიდან მეგზურს
გავიყოლებთ  და შეიარაღებული შევდივართ ტყეში რვა  კაცი,ოთხ ბრიგადად გაყოფილები,როგორც კი ვიპოვით
იმ წამსვე ერთმანეთს გავაგებინებთო...
        მე,  მთელი დღის დაღლილს  და გასავათებულს, დივანზე მიმძინებია...უცებ ზარმა  დარეკა,უცხო ნომერია,
მაგრამ ჩემი  შვილის ხმააააააააა
-----დედა გვიპოვეს, კარგად ვართ,ახლა მალე წავალთ სოფელშიო----მეუბნება ცოტა დარცხვენილი.
-----შეგეშინდათ ბიჭო მეთქი?
-----არა ,  მაგრამ თქვენ რომ ნერვიულობდითო...._ვატყობ ხმა გაუწყდა.
----კარგი დედა მეთქი---აღარ ჩავეძიე----შევხედე  სამს აკლია 20 წუთი.
ალბათ დამეძინა.....დილით გავიღვიძე და ვიყავი ძალიან ბედნიერი.

      P.S.    პირველი გამოცდა, ის პირველი, ვერ ჩავაბარე....აღარც მიდარდია დიდად,იმიტომ რომ მეორე გამოცდა დამრჩა ჩაბარებულიც და ბარიერ გადალახულიც.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები