ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბუდულა
ჟანრი: პროზა
20 დეკემბერი, 2014


რეტრო

პირველი "ტყუილი"


  ორწლინახევრის  ვიყავი, და-ძმა რომ შემეძინა, მაგრამ მე  გარკვევით მახსოვს ,  დედამ სახლში ორი პატარა რომ მოიყვანა, პაწაწუნები და ციცქნები.
გულმა ერთი კი მიგრძნო, რომ დედის სიყვარულს რაღაც ემუქრებოდა, მაგრამ მერე ყველაფერი დალაგდა.
  არადა, ორივე პატარა ძალიან მომწონდა.  რაღაცნაირად, თოჯინებს გავდნენ. სათამაშო თოჯინებს. 
ახლობლები ხუმრობით , მათი წართმევით მემუქრებოდნენ, მე კი გულმოსული ვპასუხობდი:
----ვერ გაგატანთ,  ორივე მჭირდება.

ვატყობდი, რომ ჩემ სიტყვაზე ხალისობდნენ და ხშირ-ხშირად ერთი და იგივეს მეუბნებოდნენ.მე კი გულმოსული ვიმეორებდი, რომ ორივე თოჯინა მჭირდებოდა, რადგან მანამდე სათამაშო თოჯინა არ მქონია.
მანქანები კი მქონდა...ბლომად...
მე "დუდუ" ვიყავი  (რაც  ჩემი ძმის ენაზე დიდს ნიშნავდა) და პასუხისმგებლობას ვგრძნობდი...მათი გონების განმავითარებელი და განმანათლებელი ვიყავი. დედაჩემი ეზოში ჩემს იმედად უშვებდა , თუმცა  ხანდახან კიდევაც ვჩხუბობდით,
მაგრამ ბოლოს მაინც ვრიგდებდით. ვამაყობდი, რომ უფროსი  ვიყავი  და  ჭკუა მეკითხებოდა.


მახსოვს,  ყველაზე მეტად ახალი წლის მოსვლა მიხაროდა, საჩუქრების გამო.

ახალი წლის ტრადიცია თოვლის ბაბუას და საჩუქარს უკავშირდებოდა.საღამოთი დედა სუფრას გააწყობდა, ზედ ტკბილეულს
და უამრავ  საჭმელს დააწყობდა .
---როდის მოვა თოვლის ბაბუა?---ავეკიდებოდი მე
---ძალიან გვიან ღამით  ანდა დილითო---მეტყოდა დედა ---ყველა ბავშვთან ხომ უნდა მივიდეს. 
პატარებს ადრე დავაძინებდით.  მათ დავპირდებოდი, რომ თოვლის ბაბუას საჩუქრებს მათთვისაც გამოვართმევდი.მე
დაძინება არ მინდოდა, თვალებს ვაჭყეტდი, რომ არ დამძინებოდა, მაგრამ მისი მოსვლა ვერც ერთხელ ვერ ვნახე. მეც  დამეძინებოდა ხოლმე...
  არც მაშხალებისა  და შუშხუნების ხმა ჩამესმოდა ხოლმე და  არც თოვლის  ბაბუს მოსვლა.

  დილით კი...დილით გაღვიძებისთანავე ბალიშის ქვეშ ხელს შევყოფდი და როგორ მიხაროდა, რომ იქ ლამაზად მოხატულ ცელოფნის პარკში შოკოლადები, კამფეტები და მანდარინები ეწყო.
მერე ჩემი და-ძმის ბალიშს ვნახავდი და...იქაც  ზუსტად ჩემნაირები.  კიდევაც გადავთვლიდი, კამფეტი რომელიმეში ზედმეტი ანდა ნაკლები ხომ არ იყო და დავრწმუნდებოდი, რომ თოვლის ბაბუს არაფერი შეშლია და ზუსტად ერთნაირი ნობათი ჩამოუტანია სამივესთვის. 

  საახალწლო მაგიდაზე რამდენიმე  ჭიქას, სასმელით ნახევრად სავსეს დავინახავდი და  დედა მეტყოდა:

---თოვლის ბაბუამაც დალია რამდენიმე ჭიქა ჩვენთან ერთად , დაგლოცათ  და მერე საჩქაროდ სხვა ბავშვებთან წავიდაო.

ეჭვი არასდროს შემიტანია.

    სულ მინდოდა, მომდევნო წელს მაინც არ დამძინებოდა, რომ თოვლის ბაბუა მენახა...როგორ მინდოდა...

  ერთხელაც,  რვა  ან ცხრა  წლის ვიქნებოდი, საახალწლოდ  "ბამბოჩკები" ვიყიდე , ბლომად დავიმარაგე და ახალი წლის დადგომას დაველოდე
სკოლიდან მოვდიოდი, დედაჩემი მაღაზიაში რომ დავინახე და მისკენ შევუხვიე.  ტკბილეულს ყიდულობდა და ლამაზი და დახატული ცელოფნის პარკებიც  ეყიდა...ჩემს დანახვაზე  დედა ოდნავ შეცბა...
მე  ყურადღება არ მივაქციე და დედას ნავაჭრის წამოღებაში მოვეხმარე.

  ახალ წლის  დილით კი ზუსტად ის პარკები,  ნაცნობი ნახატებით, მაგრამ  საჩუქრებით გავსებული, ჩემი ბალიშის ქვეშ ვნახე.
ტანში უცნაურმა გრძნობამ დამიარა, დამიარა, მაგრამ რანაირად დამიარა, სულ ეკლები დამაყარა...
              ანუ დედა????           
              აბა თოვლის ბაბუა???

მივხვდი...

დედასთან ჩუმად  მივედი  და ვუთხარი:
----დედა, მე კი  ვიცი, რომ თოვლის ბაბუა არ არსებობს, მაგრამ ნანა და გიგას ნუ ეტყვი.

ვიგრძენი, ყბა როგორ ამიკანკალდა











კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები