ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: შატილიონი
ჟანრი: პოეზია
2 აგვისტო, 2014


ფანდურო...

რა ლეგენდებზე ჟღურტულებ,
ჩემო ჰანგო  და ფანდურო,
ღამის მეხრეო, ფხიზელო,
ცისკრით თვალამობანგულო?
გალობ და უფლის ჩიტივით
გულთან მიკენკავ ტკივილებს,
ხან ცრემლით იბან ფრთა-ნისკარტს,
ხან ლაჟვარდებში ლივლივებ!
ხან მიწას ებმი სახნისად,
მიუთხრობ  ერქვან-ჭაპანთა:
რა ტკივილები იარგნეს
იმქვეყნად მამა-პაპათა!
ახლა ჩემი ვთქვათ სათქმელი,
ბედო, ლოდინით ნაბურო!
ხან შვებას ვექცეთ ტკივილად,
ხან ტკივილს მივესალბუნოთ!
ერთი ხარ, ჩემო უფალო,
ჩემო შვებავ და ტკივილო,
თუ ატირებულს გიხილავ,
მე როგორ ვიპირღიმილო?
მე შენი ბერიზვარა ვარ,
პატარა ხბო ვარ, სახარე,
შენი  - ჩემი წმინდა საყდარი,
ჩემი ხატი და საზარე.
დედას ამსხლიტეს ძუძუდან,
ცრემლი იმედით ვაქარვე,
ყელს საკადრისი შემაბეს,
შენს კალთას შემომაფარეს,
ქედმოდრეკილი გეახელ,
ჩემო ლოცვავ    და არაკო,
გულის ლუსკუმა გამიპე,
რომ  სისხლი შემოგზვარაკო!
გადმოსკდი გულის ბარძიმით,
სისხლო, ჯვარ-ვაზის  ბჭიანო,
რომ მამა-პაპის ფერფლისკენ
სიცოცხლედ გაიმზიანო!
წინ დამიფინე ნათელი,
უფლის  ბილიკო, ბზიანო,
რომ მერე პურ-ღვინის მადლში,
ქრისტეს  სისხლს შევეზიარო!
ან მზარდე შვინდა ხარივით,
მიმზადე გუთან-სათარი,
ქედზე უღელი დამადგი,
მუხის გულისა ნათალი!
შენი ტკივილი ვლოღნო და
ცრემლის გილოკო მარილი,
მთას ვზიდო ლოდი სატაძრე,
ვაბრწყინო შენი არილი!
კარგ ყმას ვეცალო უღელში,
ჯვარცმით  ავლიო გოლგოთა,
რომ სასოებად ვესაგზლო
სოფლის ქვრივ-ოხერ-ობოლთა!
მერე კი... მერე სიცოცხლე
გასრულდეს,  როგორც წესია,
შვილიშვილებმა მოიმკონ,
პაპას რაც დაუთესია!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები