ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნეფერტარი
ჟანრი: პროზა
13 ოქტომბერი, 2014


ბედუინი (ნაწილი XXVIII ჭეშმარიტების სარკე)


                                       
                                              "ეს არის მკვდართა წიგნი, წიგნი ალ-კხემისა, რაც დავწერე სიკვდილის 
                                                შიშის ქვეშ იმაზე, რაც ვნახე იფრითების  და სასტიკი ზეციური სულების
                                                სამყაროში მოხეტიალე ვარსკვლავებს მიღმა. იცოდეთ, ვნახე  ჯინების
                                                ყველა სამყოფელი და უწმინდური ადგილები, სამარადჟამო  წყურვილის და
                                                შიშის სამყარო, საითკენაც  გზა მიდის დიდი სიცარიელის  საიდუმლო ჭიშკრიდან
                                                რომელიც აღმართულია ადგილზე, სახელად  ური, რომელიც არსებობს თვით
                                                ბაბილონის დასაწყისამდე." 
                                                   
                                                                 
                                                                                                                                                        ალ ჰაზრაჯი.*   



              ჩემი ვარდნა იმდენ ხანს გაგრძელდა, თითქოს  კოსმოსიდან გადმოვეშვი და დედამიწას უსასრულო მანძილი მაშორებდა. ცხენის გაბმული ჭიხვინი მახსენებდა რომ ჩემი სხეული გარდაუვალი სიკვდილისკენ მიმაქროლებდა.

            "ამდენ ხანს რატომ არ ვეცემი, მიწამ ადგილი თუ იცვალა..."-  ბოდვა თუ ხილვა დამეწყო...  ჯადარმა  ფრთები შეისხა, მძლავრად გაშალა, ტყლაშუნით აიქნია, ცაში ირაო მოხაზა,  ჩემი სხეული ზურგზე მოიქცია და ღამეულ ცაში გაფრინდა... მეგონა, მხეცების ბუნაგად ქცეული შაითნის დერეფანი სადღაც ქვემოთ დარჩა, მაგრამ ფოცხვრების უთვალავი  მოკიაფე თვალი  ცაზეც  ვარსკვლავებად გაშლილიყო  და ცეცხლოვანი მდინარე ზეციდან აპირებდა ჩამოღვრას.

              თავზარდამცემმა შიშმა, ყელში ხმალივით გამიარა და  სისხლით ამოვსებულ  თვალებზე შავი ბინდი გადამეკრა...  ჰაერში ფარფატით  ვირწეოდი, თავი მიხურდა, ისე საშინლად მტკიოდა, თითქოს გავარვარებული რკინის სალტე მქონდა ზედ შემოჭერილი.  მთელი სხეული  მტეხდა.  ყველა ძვალს  ერთად და მონდომებით ვიღაც  ნელნელა მიმტვრევდა.  პირი ისე მქონდა გამშრალი, სადაც იყო ქვიშასავით ჩამომეშლებოდა. დახეთილი და გამხმარი ტუჩები საშინლად მეწვოდა. უცბად ისე უხმაუროდ ჩავეშვი  წყალში  რომ ტალღის ჩქამიც არ გამიგონია.     
       
              ერთბაშად შემაცივა და ამაკანკალა. ამღვრეულ გონებაში მოლივლივე ოაზისი ამოტივტივდა. ფინიკის პალმების კენარი სხეულები პირდაპირ წყალში იყო ჩაშვებული.  სწორი და გრძელი ფოთლები ღამის ჩრდილებივით უხმოდ  შრიალებდნენ, შუაგულში ის ტბა  ლიცლიცებდა, რომელშიც მე ვიწექი.  ხილვა ისეთი ნამდვილი იყო, წყლის ჩუმი ტყლაშუნიც კი შემომესა და სხეულზე პალმების თმების და უცნაურად შემოხვეული ფესვები ვიგრძენი. ტალღები სახეზე მივლიდნენ და  ზედ შემხმარ,  სისხლის კოლტებს ნელ-ნელა მაცლიდნენ, მტვერში და სისხლში ამოვლებულმა სხეულმა საკუთარი კანის შეგრძნება დაიწყო.     

            ”-ახლა თვალი რომ გავახილო და ჩემი სახლი დავინახო” - ვინატრე და თვალი გავახილე.

        წყლის ფარდის მიღმა, ზედ ჩემს სახესთან, ორი ვარსკვლავი ფოსფორის შუქით კრიალებდა. ეს მიწაზე დანარცხებული და შუაზე გატეხილი  მთვარის ნათება იყო. ჩემსკენ გამოქანებული ფოცხვრის უძრავი თვალები სახეში  ჩამცქეროდნენ.

შიშისაგან მთელი სხეულით შევიკუმშე.  წყალმა ჩქამი გაიღო,  ტალღები წრეზე გაშალა და  ფსკერისკენ ჩამითრია.  თვალღია ვიძირებოდი და მონუსხულ მზერას ვერ ვაშორებდი  ორ მანათობელ წერტილს, უძირო ორმოსავით ნელა რომ ივსებოდნენ წყლით.  ფსკერს სწრაფად მივაღწიე.  პალმის ფესვებმა და კენჭებმა სხეული  დამიკაწრეს...  მივხვდი რომ არაფერი მეჩვენებოდა,  ნამდვილად მიწაზე ვიყავი  და ნამდვილად წყლის ტალღა მარწევდა. 

            "-ვიხრჩობი...საჰარაში წყალში  დახრჩობას -  ჯობია ფოცხვერმა დამგლიჯოს."-  ფსკერს ფეხით ვუბიძე, მინდოდა  ზემოთ ამოვცურებულიყავი,  მაგრამ ძალა არ მეყო.  ტალღის მოძრაობამ ტაატით ჩამძირა, ფსკერზე ჩამაცურა და მორკალულ ფესვებში გამახვია. თავის დასაღწევად გავიბრძოლე, მაგრამ უფრო გავიხლართე, ფესვი ისე ძლიერად მომეჭიდა ფეხებზე, რომ ტკივილისგან დავიკრუნჩხე, მაგრამ რაღაც ძლიერად მომეხვია, საშინელი ფესვებისგან გამათავისუფლა და ზემოთ ამიტაცა...
 
            -  ნუ გეშინია... ყველაფერი დამთავრდა!
            - მომისწარი... ცოცხლები ვართ... გადავრჩით...- დაუსრულებლად ვლუღლუღებდი და ვცდილობდი ჩემი სიტყვები მევე დამეჯერებინა.

ღონიერმა მკლავმა  ძლიერ მკერდს  მაგრად მიმახუტა. ჩემკენ მფრინავ, გაუგებარ და  მელოდიური სიტყვებს  მოგუგუნე გულისცემა ფარავდა.     
          -  ჯადარი... 
          - აქვე იქნება, მოვძებნი,  ოღონდ ჯერ  ცეცხლს ავანთებ.  გათბები, გაშრები, დაისვენებ და შიში გაქრება. - როგორც იქნა ჩემამდე მოაღწია  ნიავივით მოჩურჩულე სიტყვებმა და ღონიერმა ხელებმა მიწაზე ფრთხილად დამიშვეს. რამდენიმე წუთში მაცოცხლებელი სითბო ჩემს გვერდით წითელ კოცონად გიზგიზებდა და პალმის ხმელი ეშვები  ხალისიანი ტკაცუნით ისროდნენ მოელვარე ნაპერწკლებს.   

          ალ კაბირმა გარემოს თვალი მოავლო და  მოკლე, ჩუმმა სტვენამ ჰაერში ქამანდივით გაისრიალა.
პასუხად გაბმულმა  ჭიხვინმა იჭექა და შუაზე გაპობილი კლდიდან  შავი გრიგალი  გამოვარდა, ფლოქვების მძლავრი თქარუნი კლდეებმა მკერდზე ექოდ აიფარეს.  ჯადარი პირდაპირ ჯოჯოხეთიდან ამოსულს ჰგავდა, თვალები საცრისხელა გახდომოდა, მისი გულისცემა ლამის მიწას აზანზარებდა. ცხენი მთლიანად  ოფლში და სისხლში იყო ამოსვრილი. გაწებილი ფაფარი კისერზე ჰქონდა მიკრული, ყბებზე და მკერდზე  პირიდან გადმოსული ქაფი შეხმობოდა, ფერდები მთლად შევარდნოდა, დაკბენილი ფეხებიდან  სისხლი სდიოდა.  სხეულზე, რამდენიმე ადგილას,  ბასრი ბრჭალებით გაგლეჯილი ტყავიდან  შიშველი კუნთი უჩანდა, ფერდებზეც დასმული ბრჭალების კვალი აჩნდა და ბეჭიდანაც სისხლი ჟონავდა. 

გადარეული ცხენი  ფლოქვებით მიწას ტორავდა და  ადგილზე ვერ ჩერდებოდა. ჯერ მე მომვარდა  და  ხმიანად,  ფრუტუნით დამყნოსა,  ღრმად ამოისუნთქა  და  პატრონისკენ მიბრუნდა.  ალ კაბირმა,  სწრაფად შეავლო თვალი, ლაგამი მოხსნა, მოეფერა და  შუბლზე აკოცა. ცხენი წამით გაირინდა, გარშემო გამეფებულ სიჩუმეს მოუსმინა  არ ენდო და ყალყზე შედგა, მაგრამ ალ კაბირის ნიშანზე  ისევ მიწაზე დაეშვა და  ყურები ცქვიტა.  კარგა ხანს ელაპარაკებოდა ალ კაბირი მეგობარს, კისერზე და შუბლზე  ეფერებოდა, ჯადარი უფრო და უფრო წყნარად ფრუტუნებდა და ნელნელა მშვიდდებოდა.

        გადატანილი უბედურებისგან დაჭიმული  ძარღვები თანდათან მიდუნდებოდნენ.  ცეცხლთან გვერდულად ვიწექი. გაშტერებული შევჩერებოდი მოღადღადე კოცონს. მოცეკვავე ალმა მზერა წამართვა და მთლიანად მიისაკუთრა.  ბურანში ჩაძირულმა ძლივს შევნიშნე, როგორ ათვალიერებდა  ალ კაბირი  ჩემს  ჭრილობებს ზურგზე, მკლავზე, ბეჭზე,  მარჯვენა  ფეხსაც  კარგა ხანს დასცქეროდა დაფიქრებული. ახლაც მოუხედავად იგრძნო ჩემი მზერა  და მშვიდად თქვა: 

        -  რომ მცოდნოდა... ამ ჯოჯოხეთისთვის არ გაგწირავდი... ზურგზე ჭრილობები  გაქვს, ფეხიც დაზიანებულია,  ძვლები მთელია, მყესიც, მაგრამ  კუნთია გაგლეჯილი. ბედუინების მალამო  გართულებას აგაცილებს,  ტკივილს დააყრუებს, ოღონდ ფეხით სიარულს ვერ შეძლებ.    ჯერ შენს ჭრილობებს მოვუაროთ, მერე  ცხენს მივხედავ, ჯადარიც ცუდ დღეშია, დაკბენილია...  -  მოალერსე ხმამ ღამის სიჩუმე ნიავივით შეარხია. 

        პეშვით მოწოდებული წყალი ძლივს მოვსვი, დახეთქილი ტუჩები საშინლად მტკიოდა და მეწვოდა. ცოტა ხანში ზურგზე,  მხარზე და მკლავზე მალამოთი გაჟღენთილი საფენები მედო,  ფეხი სუფთად მქონდა შეხვეული და ყველა ნაკაწრზე მალამო მესვა.

    - კლდეები ასე რამ დაანგრია... ამდენი კარაკალი ასე  ერთბაშად სად გაქრა... - ხმას აღარ ვენდე და ჩავიჩურჩულე. 
    - ხროვამ პირი  იბრუნა და დაგედევნა,  სხვა გამოსავალი აღარ იყო, კლდე ავაფეთქე, თქვენს შორის გზა უნდა  გადამეკეტა.
    - მე კი მეგონა  გაბრაზებულმა შაითანმა კუდი მოიქნია, მიწა გააპო,  ცა და მიწა შეძრა და ჯოჯოხეთის კარი შეანგრია. მთვარე მიწაზე ჩამოვარდა გადატყდა, ფოცხვრის თვალებად იქცა ჩემსკენ გამოქანდა და ზეციდან დამატყდა თავს...

    - შაითნის გადატეხილ კუდზე თოკით დაკიდებული აფეთქების ტალღამ  თქვენსკენ გამომაქანა, კლდეების ჩამონგრევას გამოვასწარი, შენი მოქნეული  შოლტი  დავიჭირე და ძლივს წაგართვი ხელახლა რომ არ მოგექნია.   
    -  შენ იყავი... 
        ალ კაბირმა თანხმობის ნიშნად თავი დახარა...
    - შენი დრომადერი სადაა...  - სხვაგან შევაბრუნე სიტყვა.
        ჩამონგრეული კლდეებისკენ უსიტყვოდ მანიშნა.
   
    - მდევარი აფეთქების ხმას გაიგებდა... ეცოდინებათ სად ვართ. -  ჯიუტად მივყევი შებრუნებულ სიტყვას.
    - თუ შაითანმა თავისი დამტვრეული ფრთები არ მისცა, ვერ დაგვეწევიან.  ალლაჰის შემწეობით, ხვალ საღამოს  თეთრ უდაბნოში ვიქნებით, ზეგ საღამოს ფარაფრას ოაზისში.  -  ისევ დავინახე როგორ გაიციალა მწვანე თვალებში ათასფრად მოელვარე სამყარომ და გულში უსიამო  გრძნობამ დამიარა, ახლა მე ავარიდე თვალი  მის მზერას და ჩუმად ვთქვი:
    - ინშალაჰ!..

    ალ კაბირმა მკერდზე ხელი მიიდო, თავი მოწიწებით დამიკრა  და ფეხზე ადგა. 

გარშემო ჩუმი ნაბიჯის ხმა ისმოდა.  ჩემი ლისამი და  ტყავის ზედსაცმელი ცეცხლის პირას, ლოდზე გადაფენილი შრებოდა. იქვე გეოლოგის ზურგჩანთა იდო. ჩემი ფეხსაცმელები  ცეცხლს იყო მიფიცხებული. გარშემო სიმყუდროვე და სიჩუმე ჩამოდგა.  კლდეები თავის ადგილს დაბრუნებოდნენ,  ვეებერთელა მთვარე ისევ ძველებურად ეკიდა ცაზე,  სპილოსძვლისფერი ნათელი დასდიოდა, კლდის წვერი სახეს უფრავდა და  ცალი თვალით  მოწყენილი დასცქეროდა მოგიზგიზე კოცონს.

გარემო მთლად შეცვლილიყო.  კლდეებს გულ-მკრედი შენგრეოდათ  და ყელი გამოღადროდათ,  ეშმაკს ფრთები მომტვრეოდა,  ცაში ატყორცნილი კუდი  ახლა კლდეებს შორის ხიდივით იყო ჩაჭედილი. კლდის ნამსხვრევებს  მთელი ხევი ლოდებით ამოევსოთ, ვეებერთელა  ჯებირი აღემართათ და დერეფანი  მთლიანად გადაეკეტათ.  ჯებირს იქეთ სიცოცხლის ნიშანწყალიც აღარ იყო. ცოტა ხანში ვიგრძენი გამშრალი და ცეცხლით გამთბარი ლისამი როგორ გადამეფარა მოკუნტულ სხეულზე და  მისმა სითბომ სიმშვიდე მომიტანა. 

          ბედუინის მოძრაობას თვალყურს ვადევნებდი.  პერანგი გაეხადა და მკერდზე, გულის მხარეს გრძლად დამჩნეულ ჭრილობას უვლიდა. მალამო წაისვა, მჭიდროდ და სუფთად შეიხვია. შემდეგ ჯადარს მიუბრუნდა, ჭრილობები ამოუსუფთავა,  გაგლეჯილ ტყავზე ნაკერები დაადო, მალამოიანი ნაჭერი დააფინა, დაკბენილი ფეხებიც  მალამოთი გაჟღენთილი ბინტით მჭიდროდ შეუხვია,  ტბასთან მიიყვანა, კისერი და მკერდი ჩამობანა.  ცეცხლთან  მობრუნდა,  ფეხი მოირთხა, ბურნუსი მოიხადა  და ზურგით ლოდს მიეყრდნო. მისი  ქვიშით დაფარული და შავი კვამლით გაბოლილი სამოსი, მთლად სისხლით იყო გაჟღენთილი  და დამწვარი დენთის სუნი ასდიოდა. ომიდან დაბრუნებულივით იჯდა, მზერა ნელ-ნელა მშვიდი უხდებოდა,  ძველებური სიმკაცრის ნაპერწკალი უბრუნდებოდა, ხან მე შემავლებდა თვალს, ხან ჯადარს...  დაჭრილები,  დაღლილები, მტვერში, სისხლში და ქვიშაში ამოგანგლულები, დენთის კვამლით გაშავებულები, პატარა ოაზისში გუბურის პირას  მოგიზგიზე კოცონთან სამივე ისევ ერთად ვისვენებდით და ისევ ცოცხლები ვიყავით...

გადატანილზე ფიქრი არ მინდოდა. ჩემს გონებაში ეს უცნაური ომი გამეფებულიყო. ჩემსკენ ტალღებად მფრინავი უამრავი ფოცხვერი, მათი ვარსკვლავებივით ანთებული თვალები, ჰაერში მფრინავი ცეცხლიანი ქამანდები თვალწინ მედგა და მოქნეული შოლტების დაუსრულებელი წივილი ისევ ყურში მესმოდა... ხელებზე დავიხედე, საფლავის თხრისგან გადატყაულ, დაკოჟრილ ხელისგულებს ახალი ბებერები მიმატებოდა, შოლტის ტარისგან დატოვებული ბებერები... 

          უცბად  გამახსენდა რომ შაითნის დერეფანში დაღუპული ტუარეგების ძვალ-ჩონჩხი თვალში არ მომხვედრია.

        "- სიბნელეში, ცეცხლის შუქზე, კარაკალები აღლევებული ზღვის ტალღებად გადადიოდნენ ერთმანეთზე, ხროვა ყველაფერს ფარავდა, ვერც დავინახავდი ან იქნებ უკვე გამოვიარე, მაგრამ თუ წინ მელოდება, ესე იგი იქ ახალი განსაცდელია... " - შიშმა ისე უსიამოდ დამიარა, რომ უცბად  წამოვჯექი. 
 
        -მალე ეს გზა დასრულდება და აქედან წახვალ... - უცხოდ მომესმა ჩუმი სიტყვების ნაცნობი სითბო. არ ვიცოდი უნდა მეპასუხა თუ არა რაიმე, მაგრამ ისე რომ ჩემს გონებას არც კი გაუაზრებია, ჩემმა სულმა თავად ამოიდგა ენა და გულის ძალა მოიშველია. ჩემი ხმა შორიდან მესმოდა, თითქოს მე ვლაპარაკობდი და ამავდროულად სხვა "მე" ვიყავი... 

      - იცი ალ კაბირ, როცა მილოშმა ჩემი მოკვლა დააპირა და  მესროლა,  დელტაპლანით ვფრინავდი.  პოლონელმა ფეხში დამჭრა.  ტკივილისგან გათანგულმა, დელტაპლანი დასავლეთისკენ შევაბრუნე და ქარის ნაკადმა  უდაბნოში გამიტაცა.  ასე გადავრჩი სიკვდილს, მაგრამ როცა ჰამადში ჩამოვვარდი, ისეთი უმადური აღმოვჩნდი,  სიკვდილს გადარჩენილმა  - ისევ  სიკვდილი ვინატრე. ახლა მჯერა, რომ სწორედ იმ წამს შეიცვალა  ჩემი ბედისწერა და  ეს გზა სასჯელად მომევლინა,  კარგად რომ დამენახა,  როგორი ძვირია სიცოცხლე... მაშინ ასეთი სულმოკლეობა  რომ არ გამომეჩინა, ამდენ უბედურებას ავცდებოდი. 

      - ძვირი სიცოცხლე...  - ჩუმად ჩაილაპარაკა ალ კაბირმა და ცეცხლს მიაჩერდა.

ჩემი ხმა თანდათან მიახლოვდებოდა და ჩემს სხეულს უბრუნდებოდა:

      - შეიძლება ღმერთი სიკვდილისთვის მამზადებს და  ჩემი განწმენდა უნდა  შვიდი თაობის ცოდვებისაგან. მიუხედავად ჩემი უმადურობის  და სულმოკლეობისა, იმქვეყნიური  ჯოჯოხეთისთვის ალბათ მაინც არ ვემეტები... სამაგიეროდ აქ, ამ უსასრულო უდაბნოში, ყველაზე ძნელი გამოცდა მომიწყო, ჯერ კაცის სისხლში ხელი გამასვრევინა, მერე  ცოცხლად დამმარხა, სატანა და  ამქვეყნიური ჯოჯოხეთი მაჩვენა და შაითნის დერეფანში მატარა.

რაც დრო გადის, ჩემთვის უფრო დაუჯერებელია, რომ მე, სრულიად სხვა გარემოში დაბადებულმა და გაზრდილმა, ცივილიზაციის კომფორტს მიჩვეულმა, საჰარაში იმდენი რამ გადავიტანე, აქაურ  მომთაბარესაც გაუჭირდებოდა.  ფიზიკურად და სულიერად მოუმზადებელმა, ცხოვრებისთვის უმწიფარმა,  ხშირად ერთი ჭიქა წყლის და ცარიელი იმედის ამარა - აქამდე ცოცხალმა მოვაღწიე. მე ახლა, ჩემს შებრუნებულ ბედისწერას ისევე ვებრძვი, როგორც  ჩემი ქვეყნის ზღაპარში  კლდეზე მიჯაჭვული ამირანი, სულ რომ იტანჯება და  დღემდე მაინც ცოცხალია...

ახლა მჯერა, რომ ამ ძნელ გზაზე ღმერთმა ჩემი მფარველობის მისია დაგაკისრა. შენი, მაჰმადიანი მამაკაცის ხელით, მე მართლმადიდებელ ქრისტიანს, - მძიმე განსაცდელისას,  შუა საჰარაში, თაფლის წმინდა სანთელი გამომიგზავნა და მერგერგესის თეთრი რაშივით ძლიერ და ერთგულ ბედაურზე შემსვა, შაითნის დერეფანი რომ გამეარა, უამრავ მხეცს გავქცეოდი და ნამდვილი ჯოჯოხეთი გადამელახა. ახლა ნამდვილად ზუსტად ვიცი რომ სიკეთისთვის მხოლოდ სურვილია საკმარისი და არა რომელიმე რელიგია ან მრწამსი, ისიც ვიცი, ბედნიერად რომ ვიგრძნო თავი, სულ სამი რამ  მჭირდება... სიცოცხლე... წყალი... და იმედი...

      ალ კაბირი ცეცხლს თვალმოუცილებლად უცქერდა. უძრავად იჯდა. მისი  ქანდაკივით ამოყვანილი სხეული მხოლოდ სუნთქვით ამჟღავნებდა რომ ხორციელს ეკუთვნოდა. მთელი ყურადღებით მისმენდა, ვგრძნობდი რომ  ჩემი თითოეული სიტყვა ჯერ მის გულში აღწევდა და შემდეგ  გონებაში. გარინდული ელოდა როდის დავასრულებდი სათქმელს.

    - არ ვიცი, არსებობს თუ არა ტკივილის გარეშე უკეთურებისგან სულის განწმენდის გზა, - გავაგრძელე ხმამაღალი ფიქრი, - მაგრამ თუ არსებობს იმ გზას ავირჩევდი, რადგან  სულმოკლე ვარ და განსაცდელის მეშინია.  საჰარაში მოხვედრის შემდეგ, სადღაც ქვეცნობიერში, მუდმივად ერთ რამეზე ვფიქრობ და პასუხს ვერ ვპოულობ...  მაინც რატომ უფრთხილდება სული ასე ძალიან იმ სხეულს სადაც თავად არის ჩასახლებული... რატომ იბრძვის ასეთი ძალით მის გადასარჩენად. თავად უკვდავს, რაში ჭირდება სხეული, რატომ აძლევს ადამიანს  მის გადასარჩენად  წარმოუდგენელი წამების ატანის უნარს... სიცოცხლისთვის უთანასწორო ბრძოლაში ხანდახან თვითონაც ავადდება, გონებაზეც კი უარს ამბობს, ოღონდ სხეული გადარჩეს... ნუთუ ეს მხოლოდ იმიტომ ხდება რომ თავისი სახლის დათმობა არ უნდა... გაორებული ვარ, თითქოს საკუთარ თავს ვკარგავ... ახლაც კი ჩემი ხმა ისე შორიდან მესმის, თითქოს სხეულიდან ვარ გასული... გადასატანი განსაცდელის, მოსალოდნელი სულიერი ტანჯვის ატანის შიში მოსვენებას არ მაძლევს და შიგნიდან მძიძგნის...   

      ალ კაბირი ოდნავ შეირხა და ძალიან ნელა თქვა:
    - მძიმეა შიში. წონასწორობას აკარგვინებს კაცს. შენთვის დაპირებული გასროლის შიში განსაცდელად დამატყდა. ტყვია სულ ცხრა გრამია და კაცს კლავს, -  ოღონდ ერთხელ. შიში კი ყოველ წამს გკლავს და თან ცოცხალს გტოვებს რომ მომდევნო წამს ისევ მოგკლას...  ამიტომ  უკან მოტოვებულ განსაცდელზე არ იფიქრო, უნდა დაივიწყო, არც მომავალ განსაცდელზე იფიქრო...თუ ამას ვერ შეძლებ, ცხოვრება ისე გაგეპარება, როგორც ქვიშაში წყალი... 

      - არ გამომივა, სიკვდილის შემდეგაც მემახსოვრება.
      -  გონებას დიდი შესაძლებლობები აქვს,  ძალა დაატანე, არ გაიხსენო, არც ხმამაღლა ახსენო, გონებაში და გუნებაში, ორივეში უნდა წაშალო. 
      - შენ ეს  შეგიძლია?...
      - ჩვეულებრივ, ადამიანებს არ შეუძლიათ შიშისგან განთავისუფლება. მხოლოდ  "ჭეშმარიტების  სარკის რაინდებს" და  ”ალ აზიფ კიტაბის”  მაგებს შეუძლიათ შიშს სრულად დააღწიონ თავი. 
   
      -    წარმოუდგენელია...ეს სადმე წერია? სადმე შეიძლება წავიკთხო თუ... სახლში დავბრუნდი....
 
      - ”ალ აზიფ კიტაბ” ანუ ალ აზიფის წიგნს  ”ნეკრონომიკონის” სახელით იცნობენ. ეს არაბული წიგნია ოკულტიზმზე. ეს წიგნი სიკვდილის განზომილებაში ცოცხალი ადამიანის გასასვლელი კარის გასაღებად ითვლება.  მის ხელში ჩაგდებაზე უხსოვარი დროიდან  ბევრი  ხელისუფალი, პოლიტიკოსი  და  ოკულტისტი ოცნებობს, მაგრამ  წიგნი პატრონს თვითონ ირჩევს. მის მოსპობას საუკუნეების მანძილზე ცდილობდნენ, ის კი უვნებელი რჩებოდა და ხან სად გამოჩნდებოდა  და ხან სად. წიგნი ოთხმოცდათექვსმეტ  ხელნაწერ ასლად არსებობს, მათგან მხოლოდ შვიდს აქვს ნამდვილი ძალა, -  გააღოს  სხვა განზომილებაში გასასვლელი  ჭიშკარი. ამ შვიდიდან  სამი არაბულ ენაზეა, ერთი ბერძნულია, ორი ლათინური და ერთიც ინგლისური. ნეკრონომიკონის  მაგიური სიმბოლოებისა და შელოცვების გამოყენებით ფიზიკური რეალობიდან გასვლა სიცოცხლის დაუკარგავად შეიძლება.  არაბული ტრადიციის მიხედვით უდაბნო "რუბ ალ ხალი"  კაბალისტური "დაათ"-ის ექვივალენტი და "დიდი სიცარიელის"  საიდუმლო ჭიშკარია.

        - ეგ უდაბნო არაბეთის ნახევარკუნძულის სამხრეთშია, მთლად ქვიშიანია, იქ საჰარაზე მკაცრი კლიმატია. რას ამბობს ეგ კიტაბი, რაზეა დაწერილი...

      - მასში წერია, რომ დიდ სიცარიელეში მუქარიბები შეცვლილი ცნობიერების მდგომარეობაში შედიოდნენ. მანამდე  აზრის გაქრობის, მისი სრული წაშლისთვის უნდა მიეღწიათ და ამისთვის დიდხანს ემზადებოდნენ.  იმ მისტიურ დიდ სიცარიელეში  აღწევდნენ ან-ნიჰილიზაციას, ანუ ნაწილაკებისა და ანტინაწილაკების შეჯახების შედეგად სხვა, თავდაპირველი ნაწილაკისგან განსხვავებულ  ნაწილაკად გარდაქმნას.  ”ან-ნიჰილიზაცია-ფანა” უმაღლესი მიღწევაა სუფიურ და მუქარიბულ მისტიციზმში.

ამ პროცესში, მაგი მატერიის ბორკილს იხსნის და სიცარიელეში ინთქმება. იდუმალი ტექნიკის დახმარებით  სიცარიელის იქით გადადის და ორივე რეალობის არსებებზე გაუგონარ ძალაუფლებას იძენს.  ჯინები, ანუ სულები რომლებიც დედამიწაზე ადამიანებზე ადრე არსებობდნენ, -  ახლა სხვა რეალობაში არიან გადასულები და ლატენტურ მდგომარეობაში  იმყოფებიან.  ნეკრონომიკონის მცოდნეს, დედამიწის რეალობაში ჯინის შემოყვანა შეუძლია. წიგნის ავტორი ალ ჰაზრაჯი, იდუმალი ცოდნის მფლობელი იყო და პირდაპირ ამყარებდა  ურთიერთობას სხვა რეალობის უძლიერეს არსებებთან. მან იმ უდაბნოში ათი წელი გაატარა.  ეგვიპტეში სხვადასხვა ოკულტური საიდუმლოებები  შეისწავლა, დამასკოში დასახლდა და ახლო  ურთიერთობა ჰქონდა იოანე დამასკელთან.  ეგ კიტაბიც იქ დაწერა.  ნეკრონომიკონის  სახელწოდება არანაკლებ შვიდნაირად იშიფრება და იკითხება. თანამედროვე მკვლევარებს მიაჩნიათ, რომ  ამ წიგნში რაც წერია  ყველაფერი ზღაპარი ნამდვილად არ არის და ანტიმატერიის არსებობაც უკვე აღიარებულია...

    - არ მიკვირს...არისტოტელეს, პლატონის და პტოლემეს  შრომებს ქრისტიანული ევროპა მხოლოდ შუა საუკუნეებში გაეცნო და ისიც არაბული თარგმანებით.  მერე ითარგმნა ლათინურად. გამიგია რომ  ტერმინი  “ალგორითმი” არაბი მათემატიკოსის და ასტრონომის, ალ-ხორეზმის სახელიდან მოდის...  არაბებმა ასწავლეს ევროპას ჰიგიენა, დიეტა, აბანო  და არყის გამოხდა... მაგრამ  ჭეშმარიტების სარკეზე არაფერი გამიგია, ეს რაიმე  საიდუმლო ორდენია? - ფრთხილად შევაბურნე კითხვა.

ალ კაბირი ცოტა ხანს დუმდა, ფიქრობდა გაეგრძელებინა თუ არა ეს უჩვეულო საუბარი, ბოლოს მაინც გადაწყვიტა ეთქვა რასაც აპირებდა და ისე, რომ ჩემსკენ  არ მოუხედავს გააგრძელა:

    - ძველ ეგვიპტეში  უმაღლესი სკოლა არსებობდა, რომელიც სულიერი განზომილების ახალი საფეხურის საწყისად ითვლებოდა.  სხვა ჩვეულებრივი სკოლებისგან განსხვავებით, იქ ობიექტურ ფაქტებს ასწავლიდნენ, რაც რეალური სამყაროს რეალურ შემეცნებას გულისხმობს.  ყველაზე რთული კურსი  საკუთარი სხეულის ბუნებრივი, მაგრამ უხილავი ფუნქციების ფლობის შესწავლას ეძღვნებოდა. ეს ტექნიკა ამ არაადამიანურობიდან,  რაც დღეს ვართ,  ნამდვილ ადამიანად გარდაქმნის საშუალებას იძლეოდა.  ამ საიდუმლოს "ფსიქოლოგიური ოპტიკა" ** ჰქვია.  ამ ტექნოლოგიისთვის, ზოდიაქოს ნიშნების გავლენით  დამზადებულ სპეციალურ  სარკეებში, მასში  მომზირალი  ადამიანის ცუდი მხარეები აისახებოდა. ასეთ სარკეს  ”ანკხ ენ მაატ”  ანუ "ჭეშმარიტების სარკე" ერქვა.  ამ სკოლაში სწავლამდე, მოსწავლე არასწორად ნაცხოვრები წარსულისგან უნდა განთავისუფლებულიყო, სკოლაში მხოლოდ მაშინ იღებდნენ თუ იმ სარკეში ვეღარფერს ხედავდა და განწმენდილი იყო. შემდეგ იწყებოდა ხანგრძლივი სწავლის პროცესი, გონებრივი სულიერი და ფიზიკური სავარჯიშოები. სწავლის დასრულების შემდეგ სასწავლებელს ნამდვილი ადამიანად ტოვებდა, რომელსაც სრულიად სხვა ღირებულებები, ცოდნა და დიდი საქმეების შესასრულებელი მზაობა  ჰქონდა ვიდრე სხვებს.

      ტიბეტელი ბერები  "საკუთარ თავთან დაბრუნების"  ერთი საოცარ სულიერს პროცედურას ფლობენ. ამ ტექნიკაში  საკუთარ შემეცნებაზე გონების გადასართავად სარკეა გამოყენებული.  ეს პროცესი სრულ სიჩუმეში, თვალის დაუხამხამებლად, საკუთარი გამოსახულების სარკეში ხანგრძლივ ცქერას გულისხმობს. სარკეში ცქერის დრო ნელ-ნელა იზრდება და  კვირის ბოლომდე  შვიდ წუთამდე ადის. ადამიანი  ხშირად სარკეში  საკუთარი სახის ნაცვლად  სხვა სახეებს ხედავს, რომლებიც რიგრიგობით ერთმანეთს ენაცვლებიან.  ეს ”სხვა სახეები” საკუთარი სახის ვარიაციებია, ანუ ადამიანის გამოსახულებები  წინა ცხოვრებებში. უძველესი ტიბეტური პრაქტიკა გვაფრთხილებს, რომ ადამიანის ტვინს შეუძლია სარკიდან, წარსულ ცხოვრებაში ჩადენილი ცოდვების გამოსახულებები გამოიხმოს და საკუთარი შიშის  მსხვერპლი გახდეს. 

    - შენ ეს სკოლა გავლილი გაქვს, ხომ ასეა... ბიძაჩემმა მითხრა, რომ სუნდიატა კეიტას კოსმოსიდან საკრალური ცოდნა ერგო, რომელიც დინასტიის წევრებს მამაკაცის ხაზით გადაეცემოდათ. ახლა გასაგებია  როგორ ახერხებდი ჰაერში ფრენას  იმ ღამით, როცა იმ დაბლობზე მდევარი მოიგერიე. ისიც მესმის რატომ ატარებ ეგვიპტეში და  საჰარაში ამდენ დროს, ასეთი ცოდნის დაუფლებისთვის უკეთეს ადგილს ვერც ინატრებ...

    - ახლა შენზე ვლაპარაკობთ! - მოჭრით შემაწყვეტინა ალ კაბირმა.

მისი პასუხი  იმდენად მოულოდნელი და მკაცრი იყო  რომ გავშეშდი. ის ახლა უცნობი, უძრავი და ცივი მზერით  მიცქერდა. რაღაც მნიშვნელოვანის თქმას აპირებდა. ყველა სიტყვას წონიდა, თუმცა ვერ ვხვდებოდი  საით უმიზნებდა. ცოტა ხანს დუმდა, შემდეგ ისევ ცეცხლს გაუსწორა თვალი და გააგრძელა:   

      -  შენ თქვი, რომ გორგისტანიდან ხარ და შენს ქვეყანას ჩრდილოეთიდან კავკასიის მთები ესაზღვრება... კავკასიას არაბულ ენაში qaf (qaf-qasiah) ნიშნით აღნიშნავენ და მისი მთაგრეხილი წმინდა მთებად ითვლება. ძველ დროში კავკასია აღქმული იყო, როგორც  გეოგრაფიული და მისტიური საზღვარი არა მარტო  ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის, არამედ დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის,  ევროპას და აზიას ვგულისხმობ. კავკასია ის ადგილია, სადაც საშინელ სამსჯავრომდე იაჯუჯ-მაჯუჯები, ბიბლიის მიხედვით გოგი და მაგოგი - შემოიჭრებიან კაცობრიობის ამოსაჟლეტად. სწორედ ამ ადგილზე დაიწყება საკრალური მოვლენები. ეზოთერული ნიშანი "qaf" ანუ კავკასია იდუმალ მეცნიერებაში გამოიყენება, როგორც საზღვარი, სადაც ერთმანეთს  ბოროტი და კეთილი ძალები შეეჯახებიან.  ცნობილი სუფია იდრის შახი**, სიმბოლო ,,qaf''-ის შესახებ აცხადებდა, რომ მასონები და სუფიები მას ერთნაირი მნიშვნელობით იყენებენ და  ციფრ "33"-თანაა დაკავშირებული, ანუ ქრისტეს ასაკთან, სიკვდილთან და აღდგომასთან. სუფიები კავკასიაში ელიან ქრისტეს მეორედ მოსვლას. შენი სამშობლო,  დადებითი და უარყოფითი ძალების შეჯახების მისტიური ადგილია.  იქ დაბადებული ყველა ადამიანი განსაკუთრებული ეზოთერული სულიერი ძალის მატარებელია.

ალ კაბირი ისე ნელა ლაპარკობდა თითქოს  თითოეულ სიტყვას ჩემს გულს უმიზნებდა. თვალი მშვიდად გამისწორა და თითქმის ჩამომარცვლით თქვა:

    - ეს იმიტომ გითხარი, რომ ყოველთვის, როცა მეგონა სიცოცხლემ საკუთარ თავთან მარტო დაგტოვა,** ხელახლა დგებოდი ფეხზე და თავიდან იწყებდი გადარჩენისთვის ბრძოლას. პირველად ეს ბედნიერ შემთხვევას მივაწერე, მაგრამ როცა რამდენჯერმე გამეორდა, რაღაც მენიშნა. დავფიქრდი  საიდან გეძლეოდა ამხელა სულიერი ძალა,  წარმოუდგენელი გამძლეობა.  თავიდან ვიფიქრე,  სამშობლოში ქმარშვილი,  ან  საყვარელი მამაკაცი გელოდა და ძალას სიყვარული გაძლევდა... მაგრამ ახლა ზუსტად ვიცი რომ ასე არ არის.

    - საიდან იცი...
    - როცა სანთლის წინ ლოცულობდი, ოჯახის  წევრებს ახსენებდი, მაგრამ ლოცვისას გამომეტყველება არ შეგცვლია ... შვილის ხსენებაზე ქალი სხვა სხივით ნათდება... 
      - რას გულისხმობ...
      - შეეცადე მშვიდად შეხვდე რასაც გეტყვი, დროა გითხრა... 
      - ... რა უნდა მითხრა...
      - შენმა რომელიღაც წინაპარმა, უხსოვარ დროში, აქ ეგვიპტეში, ამ მიწაზე,  ”ჭეშმარიტი სარკის”  სწავლება გაიარა. თაობების შემდეგ  მისი სულიერი სიწმინდე  და ემოციური ძლიერება შენში აისახა.  შენ ამ ძალის ნაწილი გაქვს, მაგრამ განუვითარებელი... ანუ მხოლოდ ის, - რაც გენეტიკით გერგო.  არც შენი სახელია შემთხვევითი, ძველი ეგვიპტური იეროგლიფებით ის ორმაგ სიწმინდეს და პირდაპირობას ნიშნავს, მისი სიმბოლოებია  მდინარე და გზა. შენს ნათქვამში სიტყვების უკან საძებარი არაფერია,  აზრი ყოველთვის ნათელია და სუფთა. შენ არასოდეს იეშმაკებ, არ იმუხთლებ და  ღირსიც რომ იყოს ვინმე, არ  უღალატებ.  შენი ნდობა ბოლომდე შეიძლება. საფრთხესთან და ელდასთან პირველი შეჯახების გადატანის დიდი უნარი გაქვს, არ იბნევი და ბრძოლას იწყებ.  ეს თვისებები გენში გაქვს -  ჭეშმარიტების სარკის სწავლების ძალით, მაგრამ საფრთხის დაძლევის შემდეგ ძალიან გიჭირს, რადგან არ იცი როგორ მართო  შენი ფსიქიკა. აქედან წასვლა ახლა შენი ერთადერთი მიზანია, მაგრამ გავა დრო და ისევ დაბრუნდები...  თან დიდი ხნით, რადგან ის ძალა რაც მემკვიდრეობით მიიღე, ეგვიპტეში დაგაბრუნებს,  მისი ყველაზე ძლიერი კერა აქ არის. განგების ნებით,  წმინდა სარკის ოსტატის მემკვიდრეები სიცოცხლეში ერთხელ  მაინც  ჩამოდიან აქ.  ქვეცნობერს მოჰყავს აქამდე, ოღონდ მიზეზს ვერ ხვდებიან და  გაურკვევლობაში მყოფები ტოვებენ აქაურობას.  ეგვიპტეში ჩამოსვლა ალბათ შენი ყველაზე დიდი სურვილი იყო,  როგორც ჩემი ემი კუსიზე ასვლაა...
   
      -  მართალია..მართლა  ასეა... მაგრამ მე ვერაფერს ვგრძნობ... პირიქით,  წარამარა კისერს ვიტეხ და სულ შენი დახმარება მჭირდება... ნუთუ მართლა ფიქრობ რომ შენი მოსაზრება სწორია?..

      -  მცოდნე სწრაფად ხედავს სხვაში იგივე უნარებს რაც თავად ცოდნის ძალით შეიძინა.  შენს გადაწყვეტილებებში და მოქმედებაში ეს კარგად ჩანდა.  გვიან, მაგრამ მეცნო შენი თვისებები.  იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ ბიძაშენი სწორედ იმ დაკარგულ ცოდნას  ეძებს ამ ქვეყანაში.  მან რაღაც ისეთი იცის, რაც შენ არ იცი. როცა შეხვდები გახსნილად შეეკითხე. რაკი თავად თვლი რომ შეიცვალე და სხვა ადამიანი გახდი, ისიც იგრძნობს შენს ცვლილებას და თუ დარწმუნდება  რომ პასუხის მოსასმენად მზად ხარ - სიმართლეს გეტყვის.  ერთი რამ იცოდე, მხოლოდ და მხოლოდ  შენს ნებაზე უნდა იყოს დამოკიდებული განავითარებ თუ არა ამ უნარს და არავის მისცე ნება გამოგიყენოს. სანამ რაიმე გადაწყვეტილებას მიიღებ, ჩვეულებრივად იცხოვრე და ნელნელა თავად მიხვდები რა უნდა აკეთო...

        - ქალებს ამ ცოდნის მიღება არ ეკრძალებათ?
        - შენ კავკასიელი ხარ, მგლების ქვეყნიდან...
        - ეგ სკოლა არსებობს?..
        - ბიძაშენს ეცოდინება, თუ საჭიროდ ჩათვლის, თავად გეტყვის. ახლა დასვენება უნდა მოვასწროთ, ჯერ კიდევ შაითნის სტუმრები ვართ. ალიონზე გზას უნდა დავადგეთ...         
          ალ კაბირმა საუბრის დასრულება მანიშნა, პალმის ხმელი ფოთლები და ეშვები კოცონს დააყარა, ჯადარს უხმო, შუბლზე მოეფერა და ცეცხლთან ახლოს მიუჩინა ადგილი. იდაყვის ქვეშ  ზურგჩანთა ამოიდო, ლოდს მიეყრდნო და ქანდაკებასავით გაქვავდა. 

        ამ გაუგონარი ამბებით გაოგნებულს გარშემო ყველაფერი ილუზიად მეჩვენა.
ბუდა ხომ ისედაც ილუზიას  ანუ "მაიას" უწოდებდა გარშემო არსებულ რეალობას. თვით  გაუტამა ბუდას დედასაც  მაია ერქვა... ანუ ილუზია...

      "- იქნებ რაც ჩემს თავს ხდება, ეს მონაყოლიც, ილუზიაა და სინამდვილეში არც ხდება... იქნებ ყველაფერი სულაც მეჩვენება და ვბოდავ...თუ ცხოვრება, ყველაზე დიდი მისტიკა და ილუზიაა, მაშინ სადაა რეალობა და სინამდვილე... "ჭეშმარიტების სარკეში" თუ "დიდი სიცარიელის ჭიშკარს" მიღმა...  ღმერთო მიშველე, შემიწყალე, აქედან ისე გამიყვანე,  ჭკუიდან ნუ შემშლი და ილუზიად ნუ მიქცევ ყველაფერს რაც მიყვარს და მენატრება..."

      თავი მკლავზე მივდე და კოცონს დავაცქერდი. ცეცხლი კი ერთადერთი მწველი რეალობა, ხალისიანად გიზგიზებდა, ნაპერწკლებს ისროდა და კლდოვანი ღამის სიცივეში უშურველად აფრქვევდა წითელ სითბოს.

                                                                            (იხილე როგორ გაგრძელდა)
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _

* ალ ჰაზრაჯი - არაბული კაბალისტიკური წიგნის ”ნეკრონომიკონის” ავტორი, მეცნიერი, პოეტი და მოგზაური, ლეგენდის მიხედვით  წიგნის დედანის ფურცლები ადამიანის კანისგანაა  დამზადებული.   
*დელი კინგი -  "შემეცნების ფსიქოლოგია." 
* იდრის შახი - სუფია (სუფიების დიდი შეიხი) ავღანური წარმოშობის მწერალი და მეცნიერი, დაიბადა ინდოეთში ხაშიმიტების გვარის ცნობილ ოჯახში.სოციოლოგი და ფსიქოლოგი, მრავალი მონარქის მრჩეველი. გამოცემული აქვს ოცდაათი  წიგნი, მისი წიგნები თარგმნილია თორმეტ ენაზე და გაყიდულია თხუთმეტ მილიონიანი ტირაჟით. 
*მადლობა თბილისის ფორუმის წევრს "ფობოსს",  დელი კინგზე, იდრის შახზე და ჭეშმარიტების სარკის სკოლაზე მოწოდებული ინფორმაციისთვის.
* "სანამ სიცოცხლე საკუთარ თავთან მარტო დაგტოვებს" - დემეტრიუსის ლექსიდან. 
-----------------------------------------------------------------------------------------------------------

© საავტორო უფლება დაცულია საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის მიერ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  გიორგი7464, ხურსი ვულოცავთ დაბადების დღეს