ნაწარმოებები



ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: პოეზია
12 აგვისტო, 2014


სატრფიალოები

ალალად ნათქვამი სტრიქონები

გოგოვ! იგეთი კარგი ხარ -
შენსკენ გამირბის თვალები,
გულში იმ ერთი შეხედვით
მეც გამიჩინე ალები.
რა ვქნა თუ ვნება მახელებს,
წამებს მისდევენ წამები,
მსურს ბაგით დამაკოცნინო
მაგ შენი ძუძუსთავები.
თუმც თამამი ვარ ხანდახან -
ზოგჯერ მზერითაც მიმონებ,
თავხედობაში ნუ ჩათვლი
ალალად ნათქვამ სტრიქონებს.

ქალავ!

ქალავ! რა მშვენიერი ხარ,
მკლავს სილამაზე აგეთი,
სანამ სიკვდილი მეწვევა -
დამატკბე შენის ბაგეთი.
ლამის გაგიჟდეს ეს გული -
სიყვარულს ნაზიარები,
შენი ამბორი მწადია,
ამას გთხოვ ლექსის ბწკარებით.
დამატკბე ვიდრე მიმიღებს
ცივი სამარის კარები,
მე თუ კარგ ყმად მთვლი, სხვა კარგ ყმას
ახლოს ნუ გაეკარები.

ქალავ

ქალავ, მზესავით ანათებ,
ხან ვარსკვლავივით ციმციმებ,
სიზმრად გიკოცნი დალალებს,
შენ ნაზად მაყრი სიცილებს.
არწივის ფრენა მალაღებს,
ვერაფერს მაკლებს სიცივე,
შენი ყურებაც მახარებს,
ან მამკალ, ან გამიცინე.
სიზმრად ვკოცნიდი მაგ ბაგეს,
ცხადად გიკრეფდი გვირილებს,
თვალებმა ეშხით დამდაგეს,
თუმც ვერ უშველეს ტკივილებს.

ქალაუ...

ქალაუ, პერანგის შაგხსნია ღილები
და გულმკერდგაღეღილს გიცქერენ შორიდან -
ქართველი დედების ამაყი შვილები,
შენამდე მანძილი ისევე შორი და
მიუწვდომელია... ასე და ამგვარად
შორი ხარ... ზმანება შორეულ ოცნების,
მე კი აქ ვდგავარ და არ ძალმიძს სხვაგვარად,
თუმც ჰაეროვანი გიგზავნე კოცნები.

ქალაუ...

ისევ მინდიხარ ქალაუ,
შენი ტრფობით ვარ მთვრალიო,
ერთხელ გნახე და მას მერე
სულ შენზე მრჩება თვალიო.
სიცოცხლით სავსე ჭაბუკმა
გულის გაგიღე კარიო,
დე გვიბერავდეს ორთავეს
სიყვარულისა ქარიო.

ქალაუ...

შამამეჩვია ფიქრები,
შერმადინობა ძნელია,
მე მაინც შენთან ვიქნები,
რომ თბილი გქონდეს კერია.
კვლავ ვეგებები ალიონს
ვაჟკაცი ჭირთა მთმენია,
მსურს შენთან ერთად განვლიო
ჩემი სიცოცხლის დღენია.

სატრფიალო

მინდა დაგადნე... დამადნე
ბაგეზე ანდამატივით,
მანამ იცოცხლე-სანამდეც
მკერდში გიხუტებს შატილი.
არ დაივიწყო ვინა ხარ,
ქართვლის ჯიშის ხარ ქალაო,
მე ჩემებურად მიყვარხარ -
ყვავილთა დედოფალაო.

მთიელი ვაჟის პასუხი

ქარს კიდეც ამავუსწრებ და
მინდორში გავშლი კარავსა,
მემრე წამავალ... მაგძებნი
პირმშვენიერსა ქალასა.
ცხენზე შაგისვამ... ჭენებით
გადაგატარებ ცხრა მთასა,
ბაგეს კოცნებით აგივსებ,
მკლავზედ დავიფენ მაგ თმასა.
მთაში დაგიკრეფ გვირილებს,
არ დავიშურებ ძალასა,
მე მაგიშუშებ ტკივილებს
პირმშვენიერსა ქალასა.
მხოლოდ ჩვენ ორნი ვიქნებით,
გულწრფელად ვამბობ ამასა,
სხვას ქვეყნად ვერვის ნახავენ
თოლები შენისთანასა.

„მინდა გაკოცო, მაკოცო“

გული ზღვასავით მიღელავს,
ხარ ჩემი სულის ნაჟური,
მსურს შენთვის ვჭექო სიმღერა -
ესოდენ გარიჟრაჟული.
„მინდა გაკოცო, მაკოცო“,
კოცნით აგივსო თვალები,
და ერთხელ კიდევ დავლოცო
ის შენი ნატერფალები.
არ ვიცი, გითხრა მეტი რა,
ეშხით დამდაგე ყმაწვილი,
მე - შენი ცრემლის წვეთი ვარ,
შენ - ჩემი სულის ნაწილი.

https://www.facebook.com/photo.php?v=459433420868087

ქალშავა

დაიგვიანა ქალშავამ,
ვით ფრთაფარფატა თოლიამ.
ლოდინმა ამშალ-დამშალა,
სურვილმაც ამიყოლია.
ქუჩაში მისმა დანახვამ
გულ ამიჩქარა მგონია.
ნეტაი კიდევ მანახა,
კეთილი გული ჰქონია.
აყვავებულა მთა-ბარი,
მალ-მალ გადიან დრონია.
მისი სიკეთის ამბავი
სხვებისგან გამიგონია.
ჩამაიარა ქალშავამ,
მთლად ამირია გონია.
მისი სავალი გზა-შარა
ჩემი ბილიკი მგონია.

პირიმზე

ბეთანიაში ვიხილე
ხატება თამარქალისა,
შუაღამისას ტაძრეულს
შუქი მოსავდა მთვარისა.
ყურს ჩამესმოდა სიმღერა,
ბატონიშვილის ხმალისა,
ცაზე ბრწყინავდა ვარსკვლავი,
მანათობელი ღამისა.
იცოდე, შენი ტკივილი
ჩემი ტკივილიც არისა,
სუნთქვა ხარ, სუნთქვა! პირიმზე
მთიდან მონაბერ ქარისა.
მიხარის უსასრულობა
დიდებულისა წამისა,
ვარსკვლავის დარად ციმციმი
პატიოსნისა თვალისა.
პირწმინდად მათრობს სურნელი
დალალებდაწნულ ქალისა,
დაე, დამნაცროს ისევე
ელვამ პირიმზის ტანისა.
შენსკენ სავალ-გზებს მინათებს
შუქი მზისა და მთვარისა,
„მე არც ერთ კილოს არ ვწუნობ,
თუა ქართველის გვარისა“.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები