ნაწარმოებები



ავტორი: ო.გ.
ჟანრი: პოეზია
20 აგვისტო, 2014


ერთი*****

ვთამაშობ ისევ
ცდუნებათა ყველა დაკრულზე,
ადამის ნეშტში ფესვ-ჩაგრეხილს
თანა მდევს ცოდვა,
ვერ მივუტევებ ჩემს თანამდებს
და გყიდი ფულზე
მე,არავისზე უკეთესი
ერთი იუდა.

ძლიერს გავურბი
და უსუსურს ღიმილით ვტანჯავ,
შენს სიახლოვეს
სიკვდილის წინ თუ მოვინატრებ,
ხოლო მანამდე,როგორც მუდამ
მოგისჯი ჯვარცმას
მე,არავისზე უკეთესი
ერთი პილატე.

შენი სიწმინდე და სიმართლე
უტიფრად დავგმე
და განაცვალე კვლავ ბარაბა
სისხლის მთხეველი,
დიახ,უფალო ჩემთვის მკვდარო,
თვალთმაქცი ვარ მეც,
ერთი რიგითი კაიაფა
ფარისეველი.

აღარც კი მახსოვს მადლი ვქმენი,
როგორ და როდის,
ეს მაშინ,როცა სიავის ქმნას
არც რა მაზარებს,
ვიხრწნები ღმერთო,
განარიდე აკლდამას ლოდი
და აღმადგინე მე,
ცოდვილი,ერთი ლაზარე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები