ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გადამრჩენი
ჟანრი: პროზა
22 აგვისტო, 2014


გადამრჩენი

გაგრძელება

დილის ცხრის ნახევარი იყო, სოკომ თვალი რომ გაახილა. უგონოდ ძილის მერე საიქიოდან მობრუნებულს ჰგავდა და  პირველი, რაც იგრძნო, ის იყო, რომ ძლიერ მოშიებოდა, ხოლო უმთავრესი, რაც გაახსენდა, ეს  გუშინ პირით ჩასუნთქული ერბო კვერცხის სუნი იყო. მხოლოდ ამის  შემდეგ გაახსენდა, რაც გუშინ გადახდა და ბნედიანივით წამოხტა, უფრო სწორედ კი არ წამოხტა, საწოლიდან ტორტმანით  წამოიწია, სწორედ ისე წამოხტომა რომ უნდათ მაგრამ ამის ძალა კი არ შესწევთ ხოლმე.  ბალიშს დახედა, მერე მის ქვეშაც შეიხედა, საბანიც გადმოსწია, ლოგინსაც მოავლო თვალი და, რომ დარწმუნდა, სისხლი არსად იყო, ცოტათი დამშვიდდა. გული ისე უბაგუნებდა, გეგონებოდათ, ეს ეს არის, ას მეტრიანი დისტანცია გაურბენია და პირდაპირ საწოლში ჩამხტარაო.  მერე ინსტიქტურად ცხვირზე მოივლო ხელი, ოთახის ტემპერატურის შესაბამისად გაყინული ჰქონდა.
      – რა იყო ეს  გუშინ? - ჩაილაპარაკა თავისთვის და სწორედ იმ დროს, როდესაც ბოლო  ბგერა „ნ“ წარმოთქვა, იგრძნო, რომ ცხვირით ვერ სუნთქავდა, თითქოს უხილავი ხელი ისევ ცხვირზე ჰქონდა შემოჭერილი და სუნთქვის საშუალებას არ აძლევდა. გაგუდვის შეგრძნებამ შეიპყრო. წყლიდან ჰაერზე ამოყვანილი თევზივით დააღო პირი და ღრმად ჩაისუნთქა. გამხამარ სისხლს ორივე ნესტო ცხვირის შიგნითა ხრტილზე მიეწებებინა და სუნთქვის საშუალებას არ აძლევდა. მართალია, სუნთქვას პირითაც ახერხებდა, მაგრამ მაინც უჰაერობის შეგრძნება დაეუფლა და ამიტომაც გაგუდვის შიშმა აიტანა. - თბილი წყალი თუ მიშველის, - მიაგნო გამოსავალს, საწოლიდან ფრთხილად წამოდგა, ცოტა სისუსტე და თავბრუს ხვევა კი იგრძნო, მაგრამ ახლა ამისთვის ყურადღება არ მიუქცევია, თავი ოდნავ მაღლა ასწია და ასე მკლავებგაშეშებული და პირდაღებული, ფრთხილი ნაბიჯებით სააბაზანოსკენ წავიდა. გეგონებოდათ, სოკო კი არა, უგრძნობი ზომბი მიდისო.
      საკმაო დრო დასჭირდა სააბაზანოში გამოკეტილ სოკოს ცხვირის გამოსათავისუფლებლად. არც ისე იოლი აღმოჩნდა გამხმარი სისხლისგან ნესტოების გაწმენდა. ისხა და ისხა სახეზე ცხელი წყალი, მერე ონკანსაც შეუშვირა ცოტახნით ცხვირი, მაგრამ რა... ერთხანს ისიც კი იფიქრა; „ნეტა, წებოს სისხლისგან ხომ არ ამზადებენო“. ბოლოს  კი თბილმა წყალმა მაინც თავისი ქნა და ნელ-ნელა გამოუთავისუფლა ცხვირის ღრუ. რამდენიმე წამს წყალი სისხლმა წითლად შეღება და, კიდევ კარგი, რომ ამ დროს სოკოს სახეზე საპონი ესვა და თვალებიც მაგრად ჰქონდა დახუჭული, თორემ ამის დანახვაზე ვინ იცის, იქნებ გულიც გაპარვოდა.
      სააბაზანოდან თმებგადაწკეპილი და ტანსაცმელგამოცვლილი გამოვიდა, თუმცა თვალებში მაინც სისუსტე ჩასდგომოდა და ფერიც რაღაცნაირი გადაჰკრავდა. მშიერი იყო, მაგრამ მაინც ჯერ თავის ოთახისკენ წავიდა.  გავლისას სამზარეულოსკენ მაინც გააპარა თვალი, სადაც მოხუცს მაგიდა უკვე გაეწყო, თავად კი სადღაც წასულიყო. სოკო თავის ოთახში კედლის კალენდართან ჩამოდგა, ფურცელი მოახია და წაიკითხა:
    „14 აპრილი. სამშაბათი. წელიწადის 104-ე დღე. წლის ბოლომდე დარჩენილია 261 დღე. 1978 წლის 14 აპრილს საქართველოს დედაქალაქ თბილისში მოეწყო მასობრივი დემონსტრაცია ქართული ენის ოფიციალურ ენად ცნობის მოთხოვნით“ 
      სოკომ კალენდრის ფურცელი ჯიბეში შეინახა და ჩაფიქრებული გამომეტყველებით ფანჯარასთან მივიდა. ოთახის  ფანჯრები ქალაქში შემომსვლელ ცენტრალურ ტრასას გადაჰყურებდა. დიდი ხანია, ამ ხედს უყურებს და ამ ხნის მანძილზე არაფერი შეცვლილა. არც რამე აუშენებიათ და არც ძველი დაუნგრევიათ. წლებია, ერთი და იგივე სურათია, ის არის, რაც ადრე იყო, თუმცა არა! ამ ხნის მანძილზე ერთი რამ მაინც შეცვლილიყო: გზატკეცილზე მოძრავი მანქანების მარკები. ავტომობილთა ნაკადის წლების წინანდელი ერთფეროვნების მონაწილენი, მაშინდელი კომუნისტური პარტიის არ იყოს, „ერთპიროვნულად“ მხოლოდ საბჭოთა კავშირში გამოშვებული ავტომობილები იყვნენ, ახლანდელ მრავალფეროვნებაში კი არსებული მრავალპარტიულობის მსგავსად, უამრავი მარკის თუ „ეროვნების“  ავტომობილი მონაწილეობდა, ეს იყო და ეს, რაც გამოცვლილიყო.
      სოკო ერთხანს  ფანჯარასთან გაჩერდა და ფიქრები მოეძალა. ფიქრები კი სულაც არ უკავშირდებოდა მის წინ გადაშლილ სურათს და არც კალენდრის ფურცელზე ამოკითხულ წლების წინანდელ ეროვნული პროტესტის განხილვას. გუშინდელ დღეს მეტად უნაყოფოდ და უშედეგოდ მიიჩნევდა და სწორედ ეს აწუხებდა ჩაფიქრებულს. თუმცა კი არც ეს უნდა გაჰკვირვებოდა მისი ბუნებისა და ხასიათის პატრონს, მას ხომ არასდროს არავისთან ჰქონია კონტაქტი, რა თქმა უნდა, მოხუცი აღმზრდელის გარდა, და ასევე, თუ არ ჩავთვლით მამა გიორგის და  კიდევ ერთი-ორ მის მეზობელსა თუ ნაცნობს, დიახ, ნაცნობს, ამ სიტყვის ყველაზე მსუბუქი მნიშვნელობით, აი ისეთით მხოლოდ სახეზე, რომ სცნობენ ერთმანეთს და ამის გარდა მხოლოდ თითზე ჩამოსათვლელი, ტრივიალური ფრაზებით შედგენილი მოკლე გამოლაპარაკება რომ აკავშირებთ ერთმანეთთან.
      – ვერავის გაცნობა ვერ მოვახერხე, - ფიქრობდა ფანჯრის რაფაზე დაყუდებული. - თუმცა ეს არც ისე ბევრთან მიცდია, მაგრამ მაინც... ალბათ, არ მომცა ღმერთმა ამის ნიჭი და, რა ვქნა. რაზე შეიძლება ადამიანებს გავესაუბრო, რომ მერე მათთან კონტაქტში შევიდე, წარმოდგენა არ მაქვს. როგორც ჩანს, ძალიან რთულ და არარეალურ ამბავს შევჭიდებულვარ. დავდივარ  ათასობით უცნობი ადამიანით სავსე ქუჩაში და დავალებულივით ვიღაცის გაცნობას ვცდილობ, ისიც კი ვერ მომიხერხებია, ვინმესთან ნორმალური საუბარი გავაბა  და იმაზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია, რომ გავუშინაურდე და მის შინაგან ბუნებაზე  წარმოდგენა შევიქმნა, არადა, ბევრი კი არ მჭირდება მის შესახებ სულ ცოტაოდენიც რომ ვიცოდე, ასეთი წარმოდგენის შექმნის შემდეგ,  როგორც წესი, მე ადამიანში აღარ ვცდები ხოლმე, მერე იქით მოვუყვები მათ შესახებ, მკითხონ, რაც უნდათ. არა, ტაქტიკა უნდა შევცვლო! მაგრამ ისიც რომ არ ვიცი, რით ჩავანაცვლო არსებული, რომელმაც ვერ გაამართლა? იქნებ მე თვითონ ვერ გავამართლე... ან ვიცი კი რას ვუწოდებ გამართლებას საერთოდ?... რა სიგიჟეა, ვერაფერი გამიგია. როგორ მოვიქცე... აღარაფერი ვიცი. - აზრებმა ააფორიაქა სოკო, სახეზე ზუსტად ისეთი გამომეტყველება დაეტყო, როგორიც სიტყვა პესიმიზმის ხსენებისას  შინაგანი  შეგრძნება და წარმოდგენა ექმნება ადამიანს. - არა, განზრახვას მაინც არ შევიცვლი და აღდგომა დღეს ყველაფერს ისე შევასრულებ, როგორც დავგეგმე. - ამის გაფიქრებაზე სოკომ თვალები მაგრად დახუჭა და კისერი უკან გადააგდო, ერთხანს ასე დარჩა, მერე ნერვიულად შეკრული მუშტი კედელს ორჯერ მიარტყა, თვალები სწრაფად გაახილა და ოთახში ბოლთის ცემას მოჰყვა. - ვიყიდი წიგნებს, სადაც ადამიანებთან გაცნობის ხელოვნებაზე წერენ, თუმცა მოიცა, არის კი ასეთი წიგნები?... მაშინ გავალ აღდგომა დღეს ქუჩაში და პირველსავე შემხვედრს მოვკლავ. მაგრამ არა, რას ვამბობ, მკვლელი კი არ ვარ.. - დიახ,სწორედ ასე იფიქრა სოკომ;  მკვლელი კი არ ვარო, და აზრი, პირველივე შემხვედრზე,  მაშინვე გადაიფიქრა. გუნებაში სხვადასხვა გამოსავალს ასახელებდა  ასე დილაადრიან, სახელდახელოდ,  გამოუვალ მდგომარეობაში ჩავარდნილი სოკო და უფრო სწრაფად და სწრაფად გადი-გამოდიოდა ისედაც პატარა ოთახის ერთი ბოლოდან მეორისკენ. იმდენი იარა, დაიღალა კიდეც; ისედაც შიმშილისგან დასუსტებული სულ მთლად მისავათდა და საწოლზე ჩამოჯდა. - ისევ წიგნების ყიდვა სჯობს, ვიდრე ვინმეს ბრმად თავს დავესხა, თანაც მე ხომ კარგს ვეძებ და არა ნებისმიერს, - გადაწყვიტა ბოლოს. შემთხვევითი გამვლელი რომ არ უნდა მოეკლა, ეს აქამდეც ნათლად ჰქონდა შეგნებული, მაგრამ, აი, წიგნები კი სწორედ ახლა დაუჯდა ჭკუაში. თანაც წინათ, როცა რელიგიური ლიტერატურის, მისთვის საინტერესო თემებს ეძებდა, ერთი წიგნების გამყიდველი გაიცნო, გაიცნო ამ სიტყვის სრული სოკოსეული მნიშვნელობით, რაზეც ზემოთაც ვეცადე მინიშნება. ეს კაცი ყოველთვის სწრაფად და შეუფერხებლად შოულობდა მისთვის საინტერესო წიგნებს. რაც კი დაუსახელა, ყველაფერი მაშინვე გაუჩინა. ამიტომაც გადაწყვიტა, ისევ მასთვის მიემართა, რადგანაც იფიქრა, რომ ის, ალბათ, უკეთ გაარკვევდა ასეთი წიგნის არსებობა-არარსებობაში.
    სოკომ, თავისდა გასაკვირად, როგორც შიოდა, მისი შესაბამისი ულუფა საჭმელი მაინც ვერ შეჭამა. ოთხი, ხუთი ლუკმის შემდეგ, შიმშილის გრძნობაც და მადაც ორივე ერთბაშად დაეკარგა. ერთხანს ასე უყურა, შაქარმოყრილი, მოხარშული მაკარონით გადავსებულ თეფშს, ცოტა ხანს გაირინდა, „კიდევ ვჭამო-არ ვჭამოს“ ფიქრში, მერე კი უცებ წამოხტა სკამიდან, შემოსასვლელში დატოვებული ქურთუკი შემოიცვა და გარეთ გავარდა.
      ნახევარი საათის შემდეგ სოკო ქალაქის ცენტრში, იმ ქუჩას მიუყვებოდა, რომლის ტროტუარზეც სხვადასხვა ჟანრის წიგნებით გამოვსებული ხის მრავალსართულიანი თაროები ჩაემწკრივებინათ. წიგნების გამყიდველთა საბედნიეროდ, ამ ქვეყანაში სხვა უამრავ პრობლემაზე მაფიქრალ მოსახლეობას წიგნისადმი  ინტერესი, ასე თუ  ისე, მაინც  შემორჩენოდა და ამ ხის თაროებთანაც ამის  შესაბამისი რაოდენობის ხალხიც, არც თუ ბევრი, მაგრამ არც ძალიან ცოტა, ყოველთვის მაინც ტრიალებდა. სოკომ ზემოდან ქვემოთ გადაითვალა სიგრძეზე გამწკრივებული თაროები და ასევე მათთან მდგარი გამყიდველების რაოდენობა და რიგით მეშვიდესკენ გაემართა. სწორედ ასე ჰქონდა დამახსოვრებული თავისი გამყიდველი, რადგანაც ძალიან რთული იყო მოცემული ერთფეროვანი ჩაცმა დახურვიდან ვინმეს ცნობა თუ, რა თქმა უნდა, მისი ახლობელი ან ნაცნობი არ იყავით. მაგრამ აქ სოკო უცებ შედგა. მეშვიდე მისთვის საერთოდ უცნობი სახე აღმოჩნდა. მერვეს გადახედა, ისიც სხვა იყო, მერე მეცხრესაც გახედა, არც ის დაემთხვა. ახლა მეექვსე და მეხუთე შეათვალიერა...სხვები იყვნენ. მისთვის ნაცნობი გამყიდველი ვერსად აღმოაჩინა. - ალბათ, დროებით სადმე თუა გასულიო, - გაიფიქრა და იქვე გაიარ-გამოიარა, შიგადაშიგ თვალი გაურბოდა მეორე, მესამე ან უფრო იქით, მეცამეტე და მეთოთხმეტე თაროებისკენაც, ადგილი ხომ არ შეიცვალაო, მაგრამ წიგნებთან მოფუსფუსე ქუდებჩამოფხუტულ, კისრებზე კაშნეებდახვეულ და თბილ ქურთუკებში შეფუთნულ გამყიდველებს შორის ნაცნობი იერი ვერსად შენიშნა. - ალბათ, ვინმე დატოვა თავის დახლთან და თვითონაც მალე დაბრუნდება - ფიქრობდა სოკო და მეშვიდე თაროზე ლამაზად დალაგებულ ფერად-ფერად წიგნებს აკვირდებოდა, ეგებ წიგნებით მაინც ამოვიცნო მისი თარო და მერე უფრო იმედიანად დაველოდებიო. ვერც ის გაებედა, რომ რომელიმე გამყიდველთან მისულიყო და აეხსნა, თუ ვის ეძებდა, ეუხერხულებოდა, არც სხვებთან უნდოდა მისთვის სინტერესო წიგნების მოკითხვა, რადგანაც იმ კაცს უკვე, ასე თუ ისე, იცნობდა და ისევ ახლიდან ვინმესთან გასუბრებისაც ერიდებოდა. ალბათ, ბევრი იფიქრებს, რა არის ამაში მოსარიდებელიო, მაგრამ სოკოს სწორედ ასეთი, ერთობ უცნაური კომპლექსი აწუხებდა მთელი თავისი ცხოვრება. თავიდან ვერ ბედავდა ხოლმე კითხვის დასმას ან ხმის ამოღებას, ეს უჭირდა ყველაზე მეტად, თორემ  უკვე პირველი სიტყვის გაბედვის  მერე  მაშინვე ეხსნებოდა ეს უადგილო მორიდებულობა და ხშირ შემთხვევაში გადამეტებულად თამამიც კი ხდებოდა.
    იდგა ასე უკითხავად, მოლოდინით შეპყრობილი სოკო და უცდიდა, თუ როდის გამოჩნდებოდა ადრესატი. ადრესატები კი, როგორც წესი, თავად არ მოდიან, ადრესატთან თვითონ უნდა მიხვიდე, სწორედ ამიტომაც ჰქვია ადრესატი. სოკოს და წიგნის თაროებს შორის, ტროტუარზე, უამრავი ხალხი მიმოდიოდა.  გავიდა თხუთმეტი წუთი... არ ჩანს. ოცდაათი წუთი... მაინც არ ჩანს. ამინდიც არ იყო მთლად გაზაფხულის და სოკო სიცივემ აიტანა: ამ შეგრძნების გასანეიტრალებლად სახსრების ტოკვას მოჰყვა. ერთი აღარ უხტუნავია, რადგანაც ამისიც ერიდებოდა და რცხვენოდა. გავიდა ორმოცდახუთი წუთი, მერე კი ერთი საათიც გავიდა და... სოკო ისევ მეშვიდე გამყიდველის მოპირდაპირე მხარეს აყუდებულიყო, ამ ადგილს ტკეპნიდა და ფეხებს აბაკუნებდა.
    უკვე იმდენ ხანს იდგა, რომ დანარჩენი გამყიდველების ყურადღებაც მიიპყრო. უცნობი, რომელიც ერთი საათია მათ წინ დგას, მყიდველსაც არ ჰგავს, რადგანაც არაფრით დაინტერესებულა და არც აქედან წასვლას აპირებს, რა თქმა უნდა, მათში გაურკვეველ ეჭვს აღძრავდა. დიახ, გაურკვეველ ეჭვს, ანუ ისეთს რომ არც კი იცოდნენ კონკრეტულად, რაზე ეეჭვათ სოკოს მიმართ, თუმცა კი ინტერესმა მოსვენება დაუკარგათ წიგნების გამყიდველებს. ყველამ ერთმანეთში მოკლე გადალაპარაკებები და დროდადრო „ეჭვმიტანილის“ მიმართულებით შეპარული თვალთვალი დაიწყო, ეს თვალთვალი ცოტახანში დიდად გამახვილებულ ყურადღებაში გადაიზარდა, თითქოს ვიღაცას დაევალებინოს: ამ ბიჭს არაფრის დიდებით თვალი არ მოაშოროთო. ასე გეგონებოდათ, სოკომ ახლა წასვლაც რომ დააპიროს, არ გაუშვებენ ან თუ გაუშვეს ერთი-ორი გამყიდველი იქაც თან აედევნება სათვალთვალოდო.
      საათი და ოცი წუთი იყო გასული , როცა ლოდინით დაღლილმა, გაყინულმა და გაბრაზებულმაც კი, როგორც იქნა, გადაწყვიტა, გაებედა და მოეკითხა წიგნების გამყიდველი. ნელი  ნაბიჯებით, თან აქეთ-იქით ყურებით, რომ იქნებ სადაც არის გამოჩნდეს და უცნობებთან მისი მოკითხვა  აღარ დამჭირდესო, მეშვიდე თაროსკენ გაემართა, სადაც ერთი ლოყებდაბერილი შუახნის კაცი ჩამდგარიყო. სოკოს ადგილიდან დაძვრა  არ გამოპარვიათ წიგნის გამყიდველებს,  რომელთაც ფარული თვალთვალი ახლა უკვე სოკოსა და მათი მეზობელ კოლეგისკენ მიაპყრეს, თითქოს ინტერესისგან შეშურდათ კიდეც, სოკომ ის რომ აირჩია და ამის გამო კოლეგა ერთგვარ იღბლიანადაც კი ჩათვალეს. ალაბათ, ისიც კი გაიფიქრეს, ნეტავი, ცოტა ხნით ქუჩის ხმაური შეწყდეს, რომ  გაგვაგებინა, რას ეტყვისო. დიახ, სწორედ ასე გაიფიქრებდნენ, რადგანაც საათნახევარი მათ თვალწინ ატუზულმა უცნობმა, როგორც უკვე ვთქვი, მეტად გადაჭარბებული  ინტერესი გაუჩინათ.
      – გამარჯობა! - როგორც იქნა გაბედა გამყიდველთან მიახლოვებულმა სოკომ, - აქ ადრე ერთი კაცი იდგა ხოლმე. „მეცნიერება რელიგიის შესახებ“, „ბიბლია ყოველდღიურ ცხოვრებაში“ და თავად „ბიბლიაც“ მისგან შევიძინე. ახლაც რაღაც-რაღაცეები მჭირდება, ვეძებ და...
      – ააა, მიშაზე ამბობ? - არ დააბოლოებინა გამყიდველმა და ის ერთგვარი დაძაბულობა, რომელიც მასთან სოკოს მიახლოებისას მისდაუნებურად დაეუფლა, მაშინვე მოეხსნა.
      – არ ვიცი, სახელი არ მახსოვს. აი, აქ იდგა, მე მაშინ...
      – ხო, ვიცი, ვიცი, ეგ მიშაა. - არც ამჯერად დააბოლოებინა სოკოს წინადადება. - ეგრევე მივხვდი, რადგანაც  „ბიბლია ყოველდღიურ ცხოვრებში“ მაგას შენთვის მე ვაშოვნინე, მთხოვა, კლიენტის დაკარგვა არ მინდა, თუ შეგიძლია მიშოვე და მერე ჩემზე იყოსო. - ამ სიტყვებზე წელში გაიჭიმა გამყიდველი და ისეთი სახე მიიღო: აქ მე ვარ, ვინც ვაარო. - აგერ, გადაღმა, სახინკლეში რომ ვისიამოვნე, ესე იგი, შენი დამსახურებაც ყოფილა. მიშამ იკისრა, თვითონ კი მაინცდამაინც არ არის ქეიფის მოტრფიალე, მაგრამ ასეთი რაღაცეები მაინც არ ეშლება, - წიგნების გამყიდველს, სიცივისგან შეწუხებულს,  პირზე ნერწყვი მოადგა და თვალები გაუბრწყინდა ცხელი ხინკლის გახსენებაზე.
      – ხოო? - უღიმღამოდ და ძალად გაიღიმა სოკომ, - ახლა სად არის? კიდევ მინდა რაღაც წიგნები.
    კაცმა თავის გუნებაში უცებ გადახარშა არსებული, სახელდახელოდ და მისდა სასარგებლოდ შექმნილი სიტუაცია. ჯერ იფიქრა: რაღა მიშასთან გავგზავნო, ამას ისეთი რა ენდომება, მე რომ ვერ ვუშოვოო. მერე, ასეთ დროს შექმნილი სიტუაციებისას, კოლეგების მიმართ მოქცევის წესებზე ჩამოყალიბებული დაუწერელი კანონი გაახსენდა და ჩუმად დანარჩენ  მეზობელ-გვერდშიმდგომებისკენ გააპარა თვალი. მათაც, თავის მხრივ, მთელი ყურადღება დაეძაბათ, მაგრამ რადგანაც ქუჩის სპეციფიკურ ხმაურში მაინც არაფერი ესმოდათ, ინტერესში ჩავარდნილებს ისღა დარჩენოდათ სოკოსა და მათი კოლეგის მანერებიდან და სახის გამომეტყველებიდან  ამოეხსნათ საუბრის შინაარსი. გამყიდველმა კი გაიფიქრა, ალბათ, ამ დემურაზებმა ყველაფერი გაიგესო, და სახელდახელოდ ნაშოვნი კლიენტიდან მოგებულ თანხას, ასევე წიგნების გამყიდველთა წრეში სახელის გაფუჭებას  ისევ დაუწერელი კანონებისადმი ერთგულება და შემდგომში მისადმი მადლიერ მიშას მიერ პერსპექტივაში განმეორებით ნაკისრი სახინკლე ამჯობინა; მერე კი, თითქოს განგებ ხმამაღლა, ისე, რომ დანარჩენებსაც გაეგოთ, სოკოს მიმართა:
      – ასე გადაეცი მიშას, შენს გვერდით, მარცხნიდან რომ გიდგას,- ავთო, ავთო-თქო, არ დაგავიწყდეს, აი, იმასთან გიკითხე და ასე მოვედი შენამდე-თქო. არ დაგავიწყდეს,- ავთო!... თვითონ მეორე დღეა სახლშია, მისი მეუღლე გზად ყოველდღე აქეთ დადის და იმან გვითხრა; გაციებულა და გარეთ გამოსვლას ერიდება, თავისი თავი ძალიან უყვარს და უფრთხილდება, რამე არ გამირთულდესო, - კაცმა  პატარა ფურცელი დააძრო, - ახლავე მიგასწავლი სახლსაც, აქვე, ორასიოდე მეტრში, ცხოვრობს. ჰოდა, მიდი სახლში და თქვენი საქმისა თქვენ იცით, ძმაო. - ბოლო სიტყვები ისეთი სახით თქვა, რომ ეტყობოდა აშკარად აყვედრიდა მიშას, აქაოდა, კლიენტს გიგზავნიო.  სოკომ ფურცელი გამოართვა, მისამართს ჩააშტერდა და ასე ჩაფიქრებული თავაუწევლად  გაუყვა გზას, გეგონება, მეტად საინტერესო წიგნს კითხულობს და თვალი ვერ მოუწყვეტიაო. ვერც წიგნების გამყიდველებმა მოსწყვიტეს თვალი სოკოს და იქამდე გაჰყურებდნენ ფურცელში თავჩარგულ ბიჭს, სანამ ეს უკანასკნელი მათგან მოშორებით ყვავილების გამყიდველების მიერ აკოკოლავებულ ულამაზეს თაიგულებს შორის არ გაუჩინარდა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  გიორგი7464, ხურსი ვულოცავთ დაბადების დღეს