ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბუდულა
ჟანრი: პროზა
26 აგვისტო, 2014


ამ გახსენებაში ტკივილი უფრო მეტი, ვიდრე სიხარული

უფროსი  ძმა მყავდა , ჩემზე რვა წლით დიდი. პატარა ასაკში ეს იმდენად დიდი სხვაობაა,  იმდენად დიდი მეგონა
ის ჩემზე, რომ მთლიანად ვიყავი მინდობილი მასზე და მის მეგობრებზე.

ტრალლივალი, ტრალი ვალი_იმღერეო, რომ მეტყოდნენ, მეც თავსაფარს გამოვიკრავდი თავზე და ვცეკვავდი,
ახლაც მახსოვს სიტყვები.
ნეტავ რას ნიშნავდა ანდა თუ სწორად ვამბობდი:
პიიირი ლაშკი, კუკლი ნევალაშკი...
    მათ სულ კუდში დავდევდი .  ენატანია არ ვიყავი, და თუ სიგარეტს მოწევდნენ, დედას არ ვეუბნებოდი, არც ბებიას.იმიტომ რომ მერე ჩურჩხელას არ მოგვცემდა და მეც დავზარალდებოდი.სამაგიეროდ, თუ ჩემი ძმა თავისი გაკეთებული გასაღებით ბებოს კარადას მოარგებდა და ჩურჩხელას მოიპარავდა, მე როგორც არჩამშვებს, ყველაზე მეტს მაძლევდა.
მოკლედ, პატარა ვიყავი, მაგრამ ორმაგად მოგებული...

ერთი ზაფხულის არდადეგები განსაკუთრებით დამამახსოვრდა
.
ბებიაჩემს ხის უზარმაზარი კიბე ჰქონდა, ხან ტყემალზე იყო მიდგმული და ხან ნალიაზე.ეკალას ბურდზეც ბევრჯერ მინახავს,
როცა  ოჯახისთვის ეკალას  ამზადებდა.ნიგზით და ომბალოთი.
ხოდა ადგებოდა დათო , მოიკიდებდა ამ კიბეს ბეჭზე და მიდიოდა. საღამოს ისევ მოიტანდა.ეს რამდენიმე კვირას რომ განმეორდა. თურმე  აედევნა ბებიაჩემი. სდია, სდია და უცებ კვალი მოულოდნელად გაქრა.
  სად ეცალა ბებოს იქ გასაჩერებლად, მაგრამ საფიქრალში კი ჩავარდა, სად მიდიოდა ეს ბიჭი და სად ქრებოდა ხის კიბიანად.
ერთ დღესაც უფრო მოცლილად და ნებისყოფიანად ავედევნეთ მე და ბებიაჩემი ჩემს კიბემოკიდებულ  ძმას.


ის ვერ გვხედავდა, ჩვენ ჩუმად მივყვებოდით.

მივადექით ღელეს. საკმაოდ ღრმა ადგილას, ისეთი ციცაბოა, იქეთ ვერ გადახვალ . მდინარის მეორე მხარეს დიდი
ეკლის ბაძაძგნარი და  ბურდებია, გაუვალი ადგილი ჩანს.
ჩემმა ძმამ კიბე წყალზე გადადო, ზედ გადაცოცდა , მერე კიბე მაღლა შეიკეცა და გუჩინარდა.

აკივლდა ბებიაჩემი, მაგრამ რას აკივლდა.სად შეხვედი ბიჭო, მაგ ეკალბარდებში, სულ მთლად დაიხევიო.

გამოიხედა დათომ და ჩვენ რომ დაგვინახა, ეწყინა.

_გადამიყვანე მეც_ ავკივლდი.
_წადით ხალხო სახლში_ გვანიშნებს იქედან.
მე იმდენი ვიტირე,იმდენი ვიფართხალე, რომ იძულებული გახდა, ტიკივით გადავეთრიე, ბებიამ კი ერთი მიაქოქოლა,
კისერი და კინჩხი მოგიტეხია შენ, თუ გინდოდეს ბებიაო  და სახლისკენ გაბრუნდა  ცუხცუხით.


დათომ  შემიყვანა "შტაბში", როგორც თვითონ ეძახდა. შიგნიდან გამოკაფული იყო, როგორც ოთახი,კარიც ეკიდა, გარედან შენიღბული ფოთლებით. ქვის მაგიდა და ოთხი ქვის სკამი იდგა და სხვადასხვა "კონსპირაციული" ნივთებიც ელაგა.ჟურნალები და მგონი "შილიფად ჩაცმული"  ქალების ფოტოებიც.
ლამაზი სანახავი იყო იქაურობა. ცოტა ხანში ვიღაცამ დაუსტვინა. ჩემმა ძმამ კიბე გადაუგდო და  მისი მეგობარი ამოვიდა. მალე ყველა სკამი შეივსო. დათომ სასმელი გადმოიღო, ცოტა დალიეს, ილაპარაკეს ჩემთვის გაუგებარ თემებზე და დაშლა რომ დააპირეს,  როგორც მოვიდნენ, ზუსტად  ისე  საიდუმლოდ წავიდნენ, სათითაოდ,
მერე მე კისერზე დამისვა და სახლში ისე მომიყვანა, თან კიბეს მოათრევდა.

იმდენად გავთამამდი, კისრიდან ფეხი არ მოვიცვალე ....
იმის მერე , როცა სადმე წასვლას დააპირებდა, თვალს ჩამიკრავდა და ვიცოდი, იქ მიდიოდა , სადაც ერთხელ ნამყოფი
ვიყავი და კმაყოფილი გავიბრინჯებოდი, აქაოდა, ამ  ქვეყანაზე რაღაც მეც ვიცითქო.

პ.ს.
მაშინ ცამეტი-თოთხმეტი წლის ბიჭები იყვნენ და ვინ იფიქრებდა, რომ მრავალი წლის მერე,  ორი მათგანი აფხაზეთის ომში დაიკარგებოდა, ერთი კი  ცხრა აპრილის გმირი გახდებოდა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები