ნაწარმოებები



ავტორი: ო.გ.
ჟანრი: პოეზია
4 სექტემბერი, 2014


პოეტს

პოეტს ამოსუნთქვას დაუთვლიან,
სიბრძნეს სისულელედ ჩაუთვლიან.
სიმართლისთვის ისე შეუყეფენ,
ლამის გულის ცემას შეუწყვეტენ.
კარგს მიაგებენ და აყვედრიან,
ცუდი ხომ თავზეც საყრელი აქვს.
რასაც იქმს სხვათა სახრავია,
ამისი მხოლოდ სახელია
და ხშირად ისიც ეკარგება,
გზა ეკალ-ბარდით ექარგება.
კაცნი ღირსებას რომ ქადაგებენ,
სწორედ ღირსებისთვის აძაგებენ
და თუ კალამს ერთხელ გესლი მოყვა,
მის გარშემო მყისვე იწყებს როკვას
"ესთეტების" მთელი ასეული,
საზოგადოება "ფასეული"
და საბრალოს,იმ დღეს დააწევენ,
თითქმის საიქიოს გააცელენ.
შეაგინებენ და "შეუნდობენ,"
"მაინც პოეტია"-საუბრობენ:
მკერდზე იარაღსაც მიადებენ,
გამოწურავენ და მიაგდებენ
გამაძღარნი,მერე მოშივათ და
ისევ გარდაქმნილნი გოშიებად,
შუაღამეა,თუ უთენია,
თითქოს წუთის წინ არ უკბენიათ,
ისე უშფოთველად ქუჩდებიან
და მუხლებზე ელაქუცებიან.
ოთო გელაშვილი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები