ნაწარმოებები



ავტორი: ო.გ.
ჟანრი: პოეზია
7 სექტემბერი, 2014


მწუხრის ბალადა

სამშობლო-ჩრჩილით
გამოხრული მუხის კარადა,
ზემო უჯრაში
კლოუნები ცვლიან ერთმანეთს,
მდგომარეობა-
უადგილო ბალ-მასკარადი,
რომელიც ვაი-ევროპულად
მესვრის ხელთათმანს.
მაგრამ ღმერთმანი,
ვერ შედგება წესით დუელიც,
სანთლით რომ ძებნო,
ვერ იშოვი რადგან სეკუნდანტს,
ხალისიანი
შემოგხვდება მხოლოდ სულელი,
გონიერი კი,ნაბახუსევს
ისევ ძველ დუქანს
მიაკითხავს და
გამოთვრება კიდეც ხელახლა,
პირველს გადაკრავს
სირჩა არაყს ისე,ხელდახელ,
იმედს მოძებნი,
მაგრამ რწმენას თითქმის ვერ ნახავ,
შორს იყურე და
მომავალი ახლოც ვერ ნახე.
იმუნიტეტი
შეაგებე ყველა ბაცილას
და შეიგუე
ყველა ჯურის სოდომ-გომორი,
რაც დასავლეთმა
დარბაზიდან გამოიცილა,
შენ შეისახლე
დაფხავებულ,ვიწრო გომურში.
ეს რათქმაუნდა,
ჩაგითვალეს დიდ წარმატებად
თავბრუ დაგეხვა
ილუზიის მკვეთრი ელ-ფერით,
სიტუაციას მოდი,
დღეს მე ასე განვმარტავ,
ქართულ ხასიათს
და ჯიშ-ჯილაგს შენ არ შეჰფერი.
სამშობლო-ჩრჩილით
გამოხრული მუხის კარადა,
გამოტენილი
ათასგვარი უქმი ძველმანით,
მსურს,მოვასწრო და
ვთქვა ეს ბნელი,მწუხრის ბალადა,
სანამ ძვლებამდე
გამომღრღნიან ყორნებ-ძერანი.
ოთო გელაშვილი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები