ნაწარმოებები


პოეზიის საქველმოქმედო საღამო     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში და ფორუმზე http://urakparaki.com/?m=13&Theme=1528     * * *    

ავტორი: ალექსანდრე მიშელაშვილი
ჟანრი: პოეზია
12 სექტემბერი, 2014


შემოდგომა

მკვდარი ფოთლები მიაბარეს მიწას ქარებმა,
ორსული ზეცა, შემოდგომას მუცლით ატარებს.
ამოიბღავლეს ენკენის თვე ირმის ხარებმა
და ფიწალ რქებით, მშობიარე ზეცა გაფატრეს.
დაავადმყოფეს მთები სუსხის ურცხვმა თარეშმა,
ზედ ბოტკინივით, სულ ყვითელი პლედი დაფარეს.
კუდს აქიცინებს ცხვარში ძაღლი, ძაღლი თარეშა,
და კუდით უკრავს შემოდგომის მოსვლას დაფ-დაფებს.
სამყარომ ქარი ხის ფოთლებზე ისე დაგეშა,
ხეებს გაძარცვავს მოაწყდება მერე დარაბებს.
მწვერვალებიდან თოვლის ფარდა ქვემოთ დაეშვა,
ნისლს აუვსია, ბამბის გზაა, გადაივლი თავზე ქარაფებს.
ბაღებში უკვე, სულ გაკორტნეს ხურმა შაშვებმა,
შორს წეროს, ფრთები ქნევით თითქოს ღრუბლებს აქაფებს.
მკვდარი ფოთლები მიაბარეს მიწას ქარებმა,
ორსული ზეცა შემოდგომას მუცლით ატარებს,
ამოიბღავლეს ენკენის თვე ირმის ხარებმა,
და შემოდგომა გადმოვარდა, ზეცა რქებით ისე გაფატრეს.

ალეკო მიშელაშვილი

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები