გაგრძელება
თექვსმეტი აპრილი გათენდა. გაღვიძებული სოკო საწოლში უცნაურად გაიზმორა, ისე, რომ წამით ზომაში ორჯერ მაინც დაგრძელდა. მერე კი ხელის თითები აამოძრავა, რითაც შეამოწმა, სტკიოდა თუ არა გუშინდელი ნაკბენი. ცოტა სტკიოდა. „ეგ არაფერიო“, გაიფიქრა, სიგარეტს მოუკიდა და საწოლიდან წამოხტა. როგორც ვიცით, სოკოს ერთი ასეთი ჩვეულება ჰქონდა: ყოველ დილით თავის ოთახში ჩამოკიდებულ კედლის კალენდარს ფურცელს ახევდა და მეორე დღემდე ჯიბით დაატარებდა, თანაც აუცილებლად კითხულობდა ამ ფურცელზე ნაბეჭდ სულ მცირე ტექსტსაც კი. ახლაც, რა თქმა უნდა, ასე მოიქცა, მოახია ფურცელი და, ის იყო, წესისამებრ, საფუძვლიანად უნდა გადაეკითხა, რომ კალენდარზე დარჩენილ მომდევნო დღის, ჩვიდმეტი აპრილის, ფურცელზე, უცნაურ კარიკატურას მოჰკრა თვალი. როგორც წესი, ის ამ ფურცლებს განგებ არიდებდა ხოლმე თვალს, რათა უნებურად არ წაეკითხა და არ დაჰკარგვოდა ის ინტერესი, რომელიც მეორე დილით კედლის კალენდრისკენ ეწეოდა. დიახ, სოკომ ასეთი ინტერესი თავად შეუქმნა საკუთარ თავს. ამგვარად ის დღიდან დღემდე ერთგვარ აზარტულ მდგომარეობასაც ინარჩუნებდა, რაც მომდევნო დღის ფურცლის წაკითხვის მოლოდინში გამოიხატებოდა. ასეთი, მის მიერ გამოგონილი, ერთი შეხედვით, სულელური ტრადიცია ცოტათი მაინც უხალისებდა ერთფეროვან ყოველდღიურობას და, მისი გაგებით, მეორე დღის გათენებას აზრს აძლევდა. ეს ერთგვარი პესიმიზმის საწინააღმდეგო თამაში, აგერ უკვე წლებია, გრძელდება და ჯერ არ ჰქონია შემთხვევა, რომ მომდევნო ფურცლის შინაარსი წინასწარ სცოდნოდა და ამის გამო მთელი დღე ინტერესდაკარგულს გაეტარებინა. აი, ახლა კი ამ „საფრთხის“ წინაშე დადგა. კალენდრის წინ მდგარმა სოკომ, მართალია, სულ რამდენიმე წამით დაინახა ფურცელზე აღბეჭდილი ნახატი და მაშინვე პირიც იბრუნა, აქაოდა, მეტად აღარ შემომეთვალიეროსო, მაგრამ ეს ორი წამიც საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ დანახული თავისდაუნებურად სულ დეტალებში დაეფიქსირებინა. მიუხედავად იმისა, რომ კალენდრისთვის მეტად აღარ შეუხედავს და, ამასთანავე, თავს მაშინვე ძალა დაატანა, ნანახი გადაევიწყებინა, ამან მხოლოდ უკუშედეგი გამოიღო. გააზავეთ მეხსიერება ინტერესით და აღარაფერი დაგავიწყდებათ! სოკოც უნებურად ამ უნიკალური რეცეპტის ტყვეობაში აღმოჩნდა. მის ქვეცნობიერში, მისგან დამოუკიდებელად წარმოშობილი ფარული ინტერესით გაზავებულ მეხსიერებასთან მაინც ვერაფერს გახდა და კალენდარზე გამოსახული კარიკატურის მთელი შინაარსი ისე დაუდგა თვალწინ, თითქოს ძლიერ დაკვირვებით და გულდასმით შეესწავლოს იგი. ჩვიდმეტი აპრილის ფურცელზე კი ასეთი რამ ეხატა: დახლზე შემომდგარ ონკანიან პატარა ხის კასრთან, რომელსაც ზედ დიდი ასოებით „ПИВО“ ეწერა, უზარმაზარმკერდიანი, წინსაფარაფარებული ქალი იდგა. მის წინ კი, დახლზევე, წამოსკუპებულიყო შიშველი, საფენებამოკრული პატარა ბავშვი, რომელსაც გულზე საწოვარა ეკიდა, წინ გაწვდილ ხელში კი კარგა მოზრდილი კათხა ეჭირა და ქალს ევედრებოდა; „დეიდა, დამისხით ერთი ყლუპი რძე თუ შეიძლება“-ო. აი, ეს დაინახა და ამის დავიწყებას ცდილობდა სოკო. მან სასწრაფოდ გადაიკითხა დღევანდელი დღის ფურცელი, რათა ყურდღება მხოლოდ მასზე გაემახვილებინა. თანაც წაკითხულზე განგებ ჩაფიქრდა კიდევაც, ძალიან ჩაფიქრდა და გუნებაში, წლის ბოლომდე დარჩენილი დღეების დათვლაც კი დაიწყო დანახული კარიკატურის გადასავიწყებლად. „16 აპრილი. ხუთშაბათი. წელიწადის 105-ე დღე. წლის ბოლომდე დარჩენილია 259 დღე. 1966 წელს ისრაელში პიველად დაიწყო კოკა-კოლას გაყიდვა.“ ქუჩაში გასულმა სოკომ, ბევრი იყოყმანა, იფიქრა და მამა გიორგისთან ეკლესიაში სტუმრობა ბოლოს მაინც მეორე დღისთვის გადადო. თუმცა ძალიან კი უნდოდა მოძღვარის ნახვა, რადგანაც დიდი იმედი ჰქონდა, რომ მასთან საუბარს თავისი გეგმის სასარგებლოდ გამოიყენებდა, კერძოდ, კი ფიქრობდა, რომ წინასწარ შედგენილი კითხვების დასმით, ვათქმევინებ კარგი ადამიანობის კრიტერიუმებს, რომ მერე ჩემს შეფასებებსა და საბოლოო გადაწყვეტილებაში გაბედული და დარწმუნებული ვიყოვო. დღესაც დავიცდი, იქნებ ვინმე აღმოვაჩინო, მერე კი კარგად ჩამოვყალიბდები და ჩემს მოძღვარს შესაძლო კანდიდატების ენით დაველაპარაკებიო. ფიქრობდა სოკო და ქალაქის ერთ-ერთ ქუჩაზე მიაბიჯებდა. დღესაც, გუშინდელივით, მზე ანათებდა და გარეთ გამოსულ ხალხსაც ჩაცმულობაზე ეტყობოდა კარგი ამინდი. უცებ, გზაზე მიმავალს საიდანღაც ყვირილი შემოესმა. ქუჩაში უამრავი ხალხი მიმოდიოდა და ახლომახლო ვისაც გადახედა, მათ შორის არავისგან მოდიოდა ხმა. არადა, მკაფიოდ ისმოდა ვიღაც კაცის ხმა, ყვიროდა, ჩხუბობდა, ბრაზობდა თუ რაღაც ამგვარი ხმები მოისმოდა. ბოლოს დაადგინა, რომ ეს ხმა მის წინ ისმოდა, იმ ადგილიდან, სადაც ცოტა ხანში უნდა გაევლო. იქამდე ჯერ არ მიეღწია, მაგრამ რაც უფრო უახლოვდებოდა, მით უფრო არჩევდა და არკვევდა ამ ყვირილიდან სიტყვებს. ნელ-ნელა კი ამ ბრაზისა და ჩხუბის ავტორიც გამოჩნდა. მარტო იყო. ასე საშუალო ასაკის იქნებოდა, მეტად გამხდარი გახლდათ. იმგვარი შარვალი ეცვა, მაშინვე მიხვდებოდით, რომ უთუოდ „შარვალ-კოსტუმის“ შემადგენელი ნაწილი იყო, თუმცა კი უპიჯაკოდ იყო და, ეტყობოდა, რომ სახლიდან გამოსვლისას მხოლოდ თხელი მაისურით და კისერზე დახვეული სქელი კაშნეთი დაკმაყოფილებულიყო. წამდაუწუმ ბარბაცებდა და ეტყობოდა, ამ დილაადრიან, სადღაც გვარიანადაც გამომთვრალიყო და, უსაფუძვლოც არ იქნებოდა გვეფიქრა, რომ დიდი შანსი იყო პიჯაკი იქ დარჩენოდა, სადაც ასე გაილეშა. შუა ტროტუარზე გაბოტილი, გზისპირა შენობის ფანჯრების მიმართულებით ვიღაცას მეტად გაბრაზებით უყვიროდა, თუმცა კი ყველა ფანჯარა მიკეტილი იყო და არც მათ მიღმა ჩანდა ვინმე სულიერი. ეს თეატრის შენობა იყო. სწორედ ასე ეწერა გარედან. ეს მთვრალი მოქალაქე კი ამ თეატრის ყოფილი თანამშრომელი ბრძანდებოდა. დიახ, როგორც მერე გაირკვა, სწორედ ასე გახლდათ. ზუსტად არ ვიცი, რაზე მუშაობდა, სანამ დაითხოვდნენ, რა საქმით იყო დაკავებული და რა ევალებოდა, მაგრამ სახეზე კი იყო, რომ ძალზე გაემწარებინა სამსახურის დაკარგვას და ახლა გამომთვრალი და გულზე მოსული, ცარიელი ფანჯრებისა და კედლების წინაშე, ანთხევდა ბოღმას და გამვლელებსაც უხერხულობას უქმნიდა. მოკლედ, ეს მთვრალი „ინტელიგენტი“ საზოგადოებრივ წესრიგს ზედმიწევნით არღვევდა. – თეატრის ბიუჯეტის მფლანგველებო! მოწმე მომიშორეთ ხომ? გამოდით! გამოდით, თქვე უგულოებო, თქვენა! - ყვიროდა მთვრალის კვალობაზე მეტად გამოთქმით და ისეთი შთაბეჭდილება გექმნებოდათ, თითქოს დაწერილი სცენარიდან გაზეპირებულ ფრაზებს იძახისო. თუმცა კი, როგორც ეტყობა, სულაც არ ესცენარებოდა ამ კაცს და სიმთვრალეს თუ სიბრაზესაც მთელი მისი გონება, აზროვნება შეეცვალა და გადაერია. აქეთ-იქით გიჟივით ატრიალებდა თავს და თან დაბლა იყურებოდა. თავდახრილი წინ და უკან ბარბაცებდა და მიწაზე რაღაცას ეძებდა. ბოლოს იპოვა კიდეც,- კენჭი. დაიხარა, მაგრამ პირველ მცდელობაზე ვერ აიღო, გაწვდილი ხელით, ის იყო, თითები უნდა წაევლო, რომ ბახუსმა უკან გააბარბაცა, კიდევ დაიხარა, ამჯერად მარცხნივ გაიტაცა თრობის სიამოვნებამ და ვიღაც გამვლელს რომ არ ემარჯვა და ხელი არ წაეშველებინა, აუცილებლად მშობლიურ მიწაზე, ცხვირით გაცურდებოდა. ეტყობოდა ამ კაცს, რომ თრობას არ იყო ნაჩვევი. ამ საქმეში გამოცდილ ლოთებს ხომ ბარბაციც რაღაცნაირად სპეციფიკური აქვთ,- მყარად და თავდაჯერებულად დაბარბაცებენ. მათი შემხედვარე იფიქრებთ, აი წამიც და აუცილებლად მიწას დაენარცხებაო, მაგრამ ნურას უკაცრავად, არაფერსაც არ ენარცხებიან. იმ დონეზე გადახრილები დარაცრაცებენ, რომ მიზიდულობის კანონსაც არღვევენ და შესაბამისად ცენტრიდანულ ძალასაც უარყოფენ. თეატრის წინ მობარბაცე კაცს კი მაშინვე შეატყობდით, რომ ამ საქმეში ნამდვილად ახალბედა და დილეტანტი იყო. სწორედ ამიტომაც მხოლოდ მესამე ცდაზე, როგორც იქნა, მისწვდა კენჭს, აიღო და შენობისკენ მოისროლა. – აი! აი, ეს ის ადგილია, სადაც მთელი დღე ვარჯიშობენ და რეპეტიციებს გადიან იმაზე, თუ როგორ მოიქცნენ დღის ბოლოს სპონტანურად... მე კი აღარავის ვჭირდები...წადიო, ეგრე მითხრეს, წადიო...გამაგდეს...როგორ გგონიათ, მე ვინ ვარ?! - შემართებით შესძახა ფანჯრებს,- დამაცადეთ, შემოგივარდებით მანდ და გიჩვენებთ! - ახლა მეორე კენჭიც ესროლა, რომელიც უფრო მოზრდილი გამოდგა, თან მიზანშიც მოარტყა და ხის ჩარჩოში ჩასმული მინაც სასიამოვნო წკრიალით ჩამოიფანტა ტროტუარზე, ცოტასღა გასცდა, ქვეითად მოსიარულეები არ დააზიანა. ახლა კი იკადრეს შიგნით მყოფებმა და გამოიხედეს ცარიელი ფანჯრიდან. ოღონდ მოპარვით, ნელ-ნელა გამოჩნდნენ. ერთ სახეს მეორე მოჰყვა, მეორეს-მესამე, მესამის უკან მეოთხის გაფართოებული თვალები მოჩანდა და იმის უკნიდანაც ჩანდა, რომ ვიღაც იყურებოდა. ალბათ, ეშინოდათ, უცებ მეორე ქვაც არ მოაყოლოს და თავები არ გაგვიტეხოსო. – წადი აქედან! წადი, თორემ პატრულს გამოვუძახებთ! წადიი! - ხელის აქნევით უყვიროდა ფანჯარაში გამოჩენილებიდან ერთ-ერთი, ჩასუქებული, ულვაშებდაწკეპილი კაცი. პატრულს კი გამოძახება არ სჭირდებოდა, რადგანაც უკვე იქ იყვნენ. ნახეს რა სამართალდამცველებმა, რომ გალეშილ მთვრალთან ჰქონდათ საქმე, ბევრი გამოკითხვა, დაწყნარება და დამშვიდება აღარ უცდიათ. მაშინვე მიიღეს გადაწყვეტილება, საზოგადოებრივი ადგილიდან წესრიგის დამრღვევი სასწრაფოდ გაერიდებინათ. ჩაავლეს ხელები აქეთ-იქიდან და მოციმციმე ნათურებიანი მანქანისკენ გააქანეს. თეატრის ყოფილი თანამშრომლისთვის, როგორც ეტყობოდა, ალკოჰოლს ისეთი უჩვეულო ძალა და ენერგია შეემატებინა, რომ ეს გალეული კაცი გაბედულად, მონდომებით უწევდა წინააღმდეგობას, ორ, ჯანღონით სავსე ახალგაზრდა პოლიციელს, რის გამოც ისინი, მთვრალთან რომ ვერაფერს გახდნენ, ქუჩაში ჩამოსული თეატრის თანამშრომლებიც დაიხმარეს და ასე დიდი წვალებითა და ვაი-ვაგლახით ჩასვეს მანქანაში აყვირებული „ვაჟკაცი“. – რა მოუვიდა? რამ გააგიჟა ასე? შვიდი თვის წინ გაუქმდა მისი შტატი, ხმის ამოუღებლად შეეგუა ამას და მას მერეც კარგი გამარჯობით გვხვდებოდა. ახლა რამ უკბინა... - გაკვირვებული სახეებით და ხელების შლით კითხულობდნენ საქაღლდე მომარჯვებულ პოლიციელს გარშემოხვეული მისი ყოფილი თანამშრომლები და სახეზე მართლაც, გულწრფელი გაოცება ეტყობოდათ. – ოცი წელია, აქ მუშაობს და მისი ზედმეტი სიტყვა არავის გაგვიგია. – წარმოგიდგენია?! ვიღაცას რომ ეთქვა, არ დავიჯერებდი, სერგო თუ ასე მოიქცეოდა. – საკვირველია პირდაპირ. რას აღარ ნახავს და გაიგებს კაცი. – დალევა მოუვიდა, ალბათ, მეტი. – არა, რას ამბობ, ეგ როდის სვამდა. – აბა, გაგიჟდა? ალბათ ასეა. საწყალი... – მთვრალია. - ჩაერია თანამშრომელთა რეპლიკებში პოლიციელი. – წარმოუდგენელია პირდაპირ... თავი სიზმარში მგონია. – ნებისმიერი ჩვენგანისგან წარმოვიდგენდი ამას, ოღონდ არა-სერგოსგან, - პირზე ხელის აფარებით ჩაიცინა შუახნის, „ჩაკრასკულმა“ ქალმა და ხელების პრანჭვით დაამატა, – ისე, მთვრალი უფრო შარმიანად კი გამოიყურებოდა, მესიმპატიურა კიდეც. – ვაა, რას უშვრება კაცს ეს ალკოჰოლიი!.. – ხო, ხო, ყველა კი ვერ იტანს. - გამოეხმაურა მათ იქვე მომხდარის შემთხვევითი თვითმხილველი და ღიპზე ხელი წამოირტყა. სოკოც ამ ყველაფრის მომსწრე იყო, ბოლომდე კი ნახა ყოველივე, მაგრამ ისე, რომ სხვებისთვის შესამჩნევად არ გაჩერებულა, ყოველთვის ეუხერხულებოდა ასეთი სცენებისადმი განგებ მიშტერება და ყურება. ახლაც ერთგვარი მანევრები ჩაატარა: ხან სპეციალურად შეჩერდა და სიგარეტს მოუკიდა, ხან იქვე გაიარ-გამოიარა, ხანაც გზისპირა ვიტრინებს დააკვირდა, მინის ანარეკლიდან უთვალთვალა მოვლენებს და ასე ჩაამთავრა ამ შემთხვევის ყურება და მოსმენა. მისმა უცნაურმა გონებამ ეს ყველაფერი ერთობ თავისებურად აღიქვა. კერძოდ კი, ასე იფიქრა: უყურე შენ, ასეთი წყნარი და მშვიდი კაცი ალკოჰოლს როგორ გაუთამამებიაო და მომხდარი რაღაცნაირად საკუთარ თავს დაუკავშირა. თავადაც ხომ არასდროს დამთვრალა, გემოთიც კი არ გაუსინჯავს არანაირი ალკოჰოლი. დიახ, არ გამოუცდია თრობა, არც ამისი ინტერესი გასჩენია ოდესმე და ყოველთვის უკვირდა და ვერ გაეგო, რატომ იბრუებდა ხალხი თავს ასე მონდომებით. ამ ამბის შემსწრე ბევრი ადამიანი (სტანდარტულად და საღად მოაზროვნე) იფიქრებდა, რა საცოდაობაა ასე გამოთრობა; მორჩა! დღეიდან აღარ დავლევო. თუმცა შეძლება იმავე დღის ბოლოს სუფრის თავში აღმოჩენილიყო, მაგრამ მთავარი ის არის, რომ ასეთ ამბავს უარყოფითად შეხედავდა. აი, სოკომ კი სხვა კუთხით იფიქრა და დაასკვნა: ზომიერად თუ დავლევ, გამბედაობა და სითამამე შემემატება და ადამიანებთან ურთიერთობაც გამიადვილდებაო. ბევრიც აღარ უფიქრია, გადაწყვიტა, სადმე ერთ-ორ ჭიქას გადავკრავ და ქუჩაში ისე გამოვალო. >>>
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. ინტერესით ველი გაგრძელებას. ინტერესით ველი გაგრძელებას.
1. ეპიზოდური პერსონაჟებიც კი ძალიან დასამახსოვრებელ სახეებს ქმნიან.
ეპიზოდური პერსონაჟებიც კი ძალიან დასამახსოვრებელ სახეებს ქმნიან.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|