ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თოლიგე
ჟანრი: პოეზია
22 სექტემბერი, 2014


ნაპირი (წამი ბავშვობიდან)


ჩრდილიდან გადმოვა
ჩემი კიკინების ცეკვა,
თბილი საღამოა,
ბაღიდან მოვხტუნავ ცელქად.
მალე დღე სრულდება
და, სადღაც შვიდიდან რვამდე,
მამა დაბრუნდება...
გული ვერ აიტანს ამდენს!
იგივე ფონია,
ოღონდ გაწეწილი დროში,
დედას ნაქონია
სულზე მობრჭყვიალე ბროში.
ნამცვრევი სითბოდან,
თვალებში ჩაღვრილი მზიდან,
თვითონ დაიკლო და
მე გამომატანა მზითვად.
მდევს, როგორც თილისმა,
რადგან გონებიდან ვერ ვშლი,
უნდა გავიღვიძო,
თვალებით ვატარო ჩემში
წამი ბავშვობიდან,
ცხოვრება, ქცეული წამად,
საიდან მოვიდა,
ან საით წაიღო წყალმა?!
ენგურის ნაპირებს
ცხოვრება აშორებს მთელი,
ბავშვობის აჩრდილი
იქითა ნაპირზე მელის:
აქ _ ბუდე დაწნული
ახალგათიბული თივით,
იქ _ ჩემი წარსული,
ცრემლად დაბნეული მძივი.
................
პაწია ნუგეში,
ნაზი, აბრეშუმის ძაფივით _
მაქვს უკიდურესი
ორი _ საყვარელი ნაპირი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები