ნაწარმოებები


ურაკპარაკის მობილური ვერსია!!!     * * *     შეიხედეთ თემაში: ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის მობილური ვერსია - http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1509

ავტორი: იანუსი
ჟანრი: იუმორისტული
2 ოქტომბერი, 2014


ბებიას ბიჭი

კვანძი ჩემმა ყბებმა შეკრეს. ჰო, არ ვხუმრობ, ჩემმა ქვედა, ტკაცუნა ყბამ სიუჟეტური თოკი აიღო და ისე განასკვა, მეზღვაურებსაც შეშურდებოდათ.
ვჭამდი და ყბებს ვატკაცუნებდი, როგორც ყოველთვის. თანამეინახემ შემომხედა, ერთხანს მიყურა და ბოლოს როცა გაბრაზებულმა გავხედე (რა გასაკვირია, არ მიყვარს ჭამისას (და საერთოდაც) რომ მიმზერენ), მითხრა:
-ეგ შენი ყბების ხმაა?
ჰო-მეთქი, ამაყადა ვთქვი, თითქოს რაც უფრო ხმამაღლა ტკაცუნობენ ყბები, მით უფრო საამაყონი იყვნენ პატრონისთვის.
-ექიმს ეჩვენე, თორემ ამოგივარდება.
-ჰა?! - მოდი და არ გაოცდე.
-მართლა გეუბნები, მასაჟებს გაგიკეთებს რომ ტკაცუნი შეგიწყდეს, ჩემს ბიძაშვილსაც სჭირდა და უშველეს.
თურმე არც ისე ჯანმრთელი ვყოფილვარ, როგორც მეგონა. მსგავსი აღმოჩენები არასოდესაა სასიამოვნო და მეც, ბუნებრივია, არ გამხარებია, ჩავეძიე, იქნებ რამე გეშლება, ყბა რისი ყბაა თუ არ იტკაცუნა-მეთქი. ამაზე სხვა თანამეინახეებსაც გულიანად გაეცინათ, როგორც ჩანს მათ შორის მხოლოს მე ვიყავი ყბებტკაცუნა და მეც, რაღა დამრჩენოდა, ექიმთან გარდაუვალ შეხვედრაზე დავიწყე ფიქრი.
მე ბებიას ბიჭი ვარ.
ბებიამ გამზარდა, ბებიას ვაბარებდი გაკვეთილებს, როცა სკოლაში ვსწავლობდი და ახლაც, თბილისში ყოფნისას, მიუხედავად იმისა რომ ჩემნაირივე სტუდენტებთან თანავცხოვრობ (არც ისე მოცულობით) ბინაში, ბებია მაკონტროლებს, სატელეფონო ზარებისა თუ რანდომ ვიზიტების (ორივე სიტყვა ინგლისურია) გზით. ასე რომ დამოუკიდებლობა უფრო მაშინებს ვიდრე მხიბლავს, რასაც თავისი პლუსები აქვს. ასე მაგალითად, მოსაწყენ ბიუროკრატიულ საქმიანობებს ყოველთვის ბებიაჩემი კისრულობდა და მე ამ მხრივ თითის განძრევა არასოდეს მიწევდა (იქნებოდა ეს კომუნალური გადასახადების დაფარვა, ჯარში ჩემი გაწვევის თავიდან ასაცილებლად დედისერთობის დამადასტურებელი მოწმობის წარდგენა თუ სხვ.), მინუსებზე აქ არაფერს ვიტყვი, ჩემს თვითრწმენას მძიმე დარტყმად ისიც ეყოფა, ბებიას ბიჭი ვარ-მეთქი რომ ვაღიარე.
ჰოდა, არც ის უნდა იყოს გასაკვირი რომ ექიმთან მისვლა ბიუროკრატიის ნაირსახეობად აღვიქვი - ჯერ უნდა იპოვო ვინმე, ვინც იმ დარგში სპეციალიზდება, შენ რომ გჭირდება, მერე მიღებაზე ჩაეწერო, მერე დათქმულ დროს მიხვიდე, მერე ფული გადაიხადო... ძნელია ეს ყველაფერი 21 წლის ბიჭისთვის და ბებიის ყოლა (რომელსაც ეს ბიჭი ეკუთვნის) საქმეს გაცილებით აიოლებს.
მაგრამ ბებიაჩემი ზედმეტად მგრძნობიარეა, ულტრასენსიტიური, როგორც იტყვიან. განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ჩემს ჯანმრთელობას ეხება, ამიტომ ფრთხილად უნდა მემოქმედა. ჰოდა, როცა ცოტა ხანში ბებიაჩემს ვეწვიე (ზაფხულში) და ტრადიციულად, ხაჭაპურის მოზრდილი და ახლადგახურებული ნაჭერი პირში მოვიგდე, ისე, სასხვათაშორისოდ, თითქოს უმისამართოდ ვთქვი:
-ჭამისას ყბები უნდა მიტკაცუნებდეს მგონი...
-რა?! - ბებიაჩემს აღშფოთების წინა ნიშნები დაეტყო.
-ყბები. მაგრამ რაღაც მასაჟები ყოფილა, ორ წამში შველის.
-რას ქვია ყბები გიტკაცუნებს?! დიდი ხანია?
-რა ვიცი, არ მიმიქცევია ყურადღება...
ბებიაჩემმა ტუჩები უკმაყოფილოდ მოპრუწა და მაშინვე ტელეფონს ებრდღვნა, თუ სწორად დავიმახსოვრე (თურმე ხაჭაპურის გემრიელი ნაჭერი კონცენტრაციის უნარს აქვეითებს), ჯერ ძმის ცოლ ეთერის დაურეკა (-ეთერი, როგორა ხარ. რავიცი, ეთერი, არამიშავს. ეთერი ჯემალი (ძმასა ჰქვია) როგორაა? ვაიმე რას მეუბნები?! როდის? ახლა როგორაა? კი მაგრამ, შენ სად იყავი? (აქ ჩახველებით ვახსენებ ეთერისთან დარეკვის რეალური მიზეზი მე რომ ვარ და არა ჯემალი) კაი ეთერი, ვინახულებ მერე, ახლა რა მინდოდა მეკითხა, შენი ბიძაშვილი ხო ექიმია? ეთერი, ჩემი ეთერი თუ ხარ, ან ნომერი მომეცი, ან შენ თითონ კითხე, ყბების ტკაცუნს რა იწვევს და რა შველის. არა, მე კი არა, ეს ჩემი ბიჭი მეუბნება, ჭამისას მიტკაცუნებსო. როდის კითხავ? კაი და გამაგებინე პასუხი, ჩემი ეთერი თუ ხარ. მადლობა, მადლობა, ეთერი). ამის შემდეგ არ ვიცი ეთერისადმი უნდობლობით მოუვიდა თუ რა იყო, მეზობელ ჟანას გადაურეკა, ახლა მაგას აღუწერა ჩემი სიმპტომები და ერთობლივი ძალებით დივ-დიაგნოზი მომიწყვეს, წლების განმავლობაში დაგროვილი არასერტიფიცირებული სამედიცინო გამოცდილების მოშველიებით სცადეს ტკაცუნის გამომწვევ მიზეზთა დადგენა. ბოლოს ორივე იმ დასკვნამდე მივიდა, რომ სერიოზული არაფერი უნდა ყოფილიყო და ამის შემდეგ სხვა თემაზე გადაერთნენ რომელიც მე აღარ მეხებოდა (-რამბავში იყო გუშინ ის ლოთი?! ვინ დაალევინა ნეტა? აბა, ქალო...), და მეც სრულად ვკონცენტრირდი ხაჭაპურის ნაჭერზე, რომელიც არა და არ პატარავდებოდა.
ეთერიმ იმავე დღეს დარეკა და ბებიაჩემს აუწყა, რომ ყბათა ტკაცუნი აუცილებლად მოსაგვარებელ პრობლემათა რიცხვს ეკუთვნის, რომ ქალაქში სულ ახლახან („ჩვენდაბედად“) ჩამოვიდა ყბა-ყურის „არაჩვეულებრივი“ სპეციალისტი, ახალგაზრდა და „გადასარევი“ ბიჭი. ამ გადასარევის ნომერიც მისცა ბებიაჩემს და დამსახურებული მადლობები სულ „არაფრის, კაი, მზია, რა სალაპარაკოა!“-თი მოიგერია.
ასე და ამგვარად, დილაუთენია, დათქმულ დროზე რამდენიმე საათით ადრე (ბებიაჩემი ზედმეტად პუნქტუალურია იმისთვის, რომ დაგვიანების სულ მცირე, თეორიული ალბათობაც კი გააჭაჭანოს) დავიძარით ექიმისაკენ, რომელიც, რა გასაკვირია, ადგილზე არ დაგვხვდა და ჩვენც ლოდინად ჩამოვსკუპდით მისი კაბინეტის მახლობლად. უფრო სწორედ, მე ჩამოვსკუპდი, ბებიაჩემმა კი ბოლთა დასცა, დაჟინებული და ნერვიული.
სადაა ამდენი ხანი, რა უპასუხისმგებლოა ვიღაცაა-ს მოთქმაში ექიმიც გამოჩნდა და ბებიაჩემს ისე თბილად გაუღიმა (მე ვერც შემამჩნია), წამში მოულბო უჟმური გული, მერე კაბინეტში შეიპატიჟა და მეც ეს მომენტი ჩემი სცენაზე გამოჩენის უტყუარ ნიშნად მივიღე, ამიტომ წამოვდექი. გადასარევმა ბიჭმა გაკვირვებით შემავლო თვალი:
-აჰ ეს რამხელა ყოფილა, მე პატარა ბავშვი მეგონა! - ბებიაჩემმა გაიცინა, მე - არა. ჯერ ერთი, არ მიყვარს ჩემზე ჩემივე თანდასწრებით მესამე პირში რომ საუბრობენ და მეორეც მსგავსი ფამილიარობა დიდად არ მეხამუშა.
ვნახოთ აბა რა გაგჭირვებიაო, როგორც იქნა, პირადადაც მომმართა და როცა სიმპტომები გულმოდგინედ აღვუწერე (პრინციპში, აღსაწერი არც არაფერი იყო, უბრალოდ ვუთხარი რომ ჭამისას და მთქნარებისასაც ყბები მიტკაცუნებდა), თითები ყბათა სახსრებზე შემომაჭდო და პირის გაღება მიბრძანა. დავმორჩილდი და ეს მორჩილება ომახიანი ტკაცუნით აღინიშნა.
-უჰუჰუჰუ! დახურე. - დავხურე. - გააღე. - გავაღე, ისევ გატკაცუნდა. - უჰუჰუჰუ!
-ცუდადაა, ექიმო, საქმე? - ბებიაჩემმა იკითხა.
-ეს ართროზის შორსწასული ფორმაა, ქალბატონო... დიდი ხანია რაც უტკაცუნებს, ხო?
-დიდი ხანია. - მე ვუპასუხე. საბოლოოდ გავბრაზდი, ართროზიანი აქ მე ვარ! ბებიას ბიჭებსაც გვაქვს ჩვენი თავმოყვარეობა, არაა სასიამოვნო შენს ყბებზე სხვას რომ უსვამენ კითხვებს.
-ჰოოო, ეს უკურნებელი დაავადებაა (ბებიაჩემმა შეკივლებ/შეცხადებისმაგვარი ბგერები ამოუშვა) რომელიც უნდა დავიჭიროთ ადგილზე და გავაკონტროლოთ, პროგრესირების საშუალება არ მივცეთ. ძირითადად ქალებს ემართებად ხოლმე, ქალების დაავადებადაც კია მიჩნეული („აჰ, აი თურმე რა მაკლდა სრული ბედნიერებისთვის: ქალების დაავადება. მე. კაცს“)... მაგრამ კაცებშიც გვხვდება ხოლმე („რას მეუბნები?!“). ამ ბოლო დროს კი ამბობენ, რომ განკურნება შესაძლებელია, მაგრამ ეს ყველაფერი უნგრული ზღაპრებია და მეტი არაფერი. - სიცილით ამბობს, ბებიაჩემს არც ეღიმება, აშკარად მცდარი გათვლები გააკეთა სამიზნე აუდიტორიაზე. თუმცა იხტიბარი არ გაუტეხავს - მთავარია, პროცესი გავაკონტროლოთ. - მე ისევ არ მიყურებს, მთელი ყურადღება ბებიაჩემზე აქვს კონცენტრირებული, ასაკით ოდნავ მაინც რომ შეეფერებოდნენ ერთმანეთს, ვიფიქრებდი, აბამს-მეთქი, მაგრამ ახალგაზრდაა ეს ჩემისა (ექიმზე ვამბობ), ხუთი-ექვსი წლით თუ იქნება ჩემზე უფროსი.
-კევი გიყვარს? - როგორც იქნა, შეელია ბებიაჩემს.
-კი... - დაეჭვებული ვპასუხობ, რა შუაშია კევი.
-ჰოოო... - მრავალმნიშვნელოვნად აქნევს თავს. - დღეიდან სასტიკად გეკრძალება.
-კევის სიყვარული? - თვალებს გულუბრყვილოდ ვაფახულებ.
-ღეჭვა. მწვადისა და მსგავსი რაღაცებისკენაც ნუღარ გაიქაჩები.
ამას ხონთქარი ხო არ ვგონივარ? ერთი დამშეული სტუდენტი ვარ, არც მახსოვს მწვადი და მწვადისებრთა ოჯახის წარმომადგენლები ბოლოს როდის ვნახე.
-კაი, მაგას გადავიტან. მკურნალობა?
რა თქმა უნდა, ისევ ბებიაჩემს მიუბრუნდა:
-ინსულინის ნემსების დავუნიშნავ სახსრებში...
-ჰა?! - გამაჟრჟოლა: ნემსოფობია მჭირს, ბებიაჩემის „მისდ ქოლები“ არ მაშინებს ისე, როგორც ნემსის სიახლოვე ჩემს კანთან.
-ინსულინის ნემსები თითო-თითო ორივე სახსარში, ათი დღის განმავლობაში. - ბებიაჩემს ჩაეცინა.
-მასაჟები არ შეიძლება? მე მითხრეს მასაჟებიც შველისო... - ბღაუჭი ხავსის მიმართულებით.
-გვიანია უკვე მასაჟებისთვის. - ახვარი.
-სხვა გზები არ არსებობს? - ხავსი.
-ართროზის მკურნალობა ეგაა, ზოგადად.
-რო არ ვუმკურნალო? - ბებიაჩემს წარბები მაღლა გაექცა. - რა მოხდება?
-რას ქვია არ უმკურნალო?!
-რომ არ უმკურნალო, შეიძლება ამოგივარდეს ყბა.
-მაგრამ შეიძლება, არც ამომივარდეს, ხო? - ხავსი ჩვენი ნუგეშისა.
-მორჩი ახლა, ბიჭო!
-სახსარი მოიშლება და ამოვარდება ბოლოს.
-როდის იქნება ეგ ბოლო?
-შეიძლება 10, შეიძლება 15 წლის შემდეგაც... ზუსტად განსაზღვრა შეუძლებელია.
10-15 წლის შემდეგ ორმოცსაც მივატან და, პრინციპში, ამაზე დიდხანს ცხოვრებაზე არც მიმდიოდა გული.
-მაშინ ახლა არც ისე საგანგაშოდ ყოფილა საქმე, ხო? - ექიმმა მხრები აიჩეჩა და ბებიაჩემს შეხედა, აქაოდა, ამასთან მედიცინა უძლურიაო.
-მორჩი-მეთქი. - მაკეტინებენ. - ექიმო, მკურნალობა როდიდან დავიწყოთ?
-ხვალიდანვე შეიძლება, დილის საათებში მობრძანდით, მანამდე ნემსებსაც მოვამზადებ და წამლის რეცეპტსაც გამოგიწერთ.
არა, ეს ყველაფერი მესიზმრება. ახლა გავიღვიძებ და გამიხარდება, იმიტომ რომ კოშმარი დამთავრდება.
-რისი გეშინია, წვრილი ნემსებია, კოღოს ნაკბენივით იქნება, ვერც იგრძნობ! - ეტყობა შიშს დიდად ვერ ვნიღბავ, ექიმმა მხარზე მომითათუნა ნუგეშის(და მალე ნემსების)მცემელი ხელი.
-ათი დღე... დღეში ორი... ოცი ნემსი უნდა გამიკეთო?!
ექთანი შემოდის, ორონდ ისეთია, პორნოებსა და ეროტიკულ ფოტოებში ნანახი ექთნებისა არაფერი სცხია.
-ამან არ გაგიგოს რომ ნემსების გეშინია, თორემ უცებ შეგიცვლის სახელს! - ექიმი მემუქრება და სამივე იცინის. გავკარი მაგას, ოღონდ მე ნემსები ამცდეს.
-მარიკას დაგარქმევ. - ექთანი მეუბნება. მე კიდე ცხედარს დაგარქმევ და მორგში მოგინახულებ, შენი დდშვც-მეთქი, გავიფიქრე, ხმამაღლა კი:
-მკურნალობის შედეგი რა იქნება?
-ე ბიჭო, დავიღალე ერთი და იგივეს ახსნით! - ისევ სამივემ გაიცინა. მგონი, ჯამბაზი ვარ მოწოდებით. - დავიჭერთ ადგილზე და არ მივცემთ პროგრესირების საშუალებას.
-ტკაცუნი შეწყდება?
-ვახ, იურისტი ხო არ ხარ შენ?!
-დიპლომატია. - ბებიაჩემის ამაყი ჩართვა.
-ამდენ შეკითხვას მისვამს, ადვოკატივით.
-ყბებს განდობ და შეკითხვებიც არ დაგისვა?! - თავს ვიცავ.
-ყბებს კი არა, სიცოცხლეს მანდობს ხალხი, მაგრამ ამდენი შეკითხვა...
წამოვდექი:
-კარგი. - ბებიაჩემს თავით ვანიშნებ წავედით-მეთქი, მაგრამ ის, რა თქმა უნდა, ყურადღებასაც არ მაქცევს, ექიმს ეჟღურტულება, ექთანი რაღაც ამპულებს ერთ უჯრაში უყრის თავს და მე კი ვდგავარ უყურადღებოდ, ვით მარგალიტი ობო... ჰეჰ. ბოლოს, როგორც იქნა, კონსულტაცია დასასრულს უახლოვდება, სამივენი დიდი ხნის ნაცნობებივით უცინიან ერთმანეთს (მე დანა ართროზიან პირს არ მიხსნის) და ამჯერად ბებიაჩემი მანიშნებს თავით, წავედითო, ჰოდა, მეც რაღა დამრჩენია, ვემორჩილები. გასვლამდე არასექსუალური ექთანიც მითათუნებს მხარზე ხელს და თავისი ჭკუით მამხნევებს - არა, არ ჰგავს ეგ იმ კაცს, ნემსების რომ ეშინიაო.
გავდივართ.
განადგურებული ვარ.
გაბრაზებულიც.
და რატომღაც, დამცირებულიც.
ნემსები.
ხვალ დილით ორ ნემსს დამარჭობენ ყბებში.
უცებ მაღლა ავიხედე და ცას ცერა თითი მივუშვირე:
-ყოჩაღ, ეს კაი რაღაც გამიჩითე, შენმანი.
-რას ამბობ?
-სამადლობელს.
მადლობელი ვარ, დიახ, მადლობელი ამ ჩემი ართროზიანი ყბებისთვის, ღმერთო.
იმისთვისაც, ხუმარა ექიმი რომ შემახვედრე.
არასექსუალური ექთნისთვისაც უსაზღვროდ მადლობელი ვარ.
ნემსებს რომ დამარჭობენ ხვალ, ამის გამო ხომ ჩემს მადლიერებას სამძღვარი არ აქვს.
ჰოდა, მიიღე სამადლობელი ბებიას ბიჭისგან, შენმანი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები