ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ტასო
ჟანრი: პროზა
5 ოქტომბერი, 2014


დედა

სოფლის სკოლის მასწავლებელია. ახლა მარტო ცხოვრობს.
ხის პატარა სახლში. სულ ორი ოთახია, როგორც თვითონ ამბობს 2 თვალი.
ცხოვრება არასოდეს დუღდა და გადმოდუღდა ამ ოთახებში, თუმცა გვქონდა ჩვენი წილი ბედნიერებაც. თავიდან სამნი ვცხოვრობდით, მერე ჩვენ ორი, ახლა...
კირით გათეთრებულ სახლს ლურჯად შეღებილი კარ-ფანჯრები აქვს. ერთი ოთახი მოსწავლეებისთვისაა და სტუმრებისთვის, რომლებიც თითქმის არასდროს მიდიან.
მეორე ოთახი ჩვენი საძინებელი იყო. რკინის, ზამბარებიანი ლოგინები ფანჯარასთან დგას. გაზაფხულზე ფანჯრის რაფაზე დადებული ვალიდოლის რამოდენიმე შუშიდან პატარა მინდვრის ყვავილები იყურებიან.
საპოვნელა-აპოვნინე...საპოვნელა-აპოვნინე...
ოთახი კარადას და მაგიდასაც იტევს, კიდევ რამოდენიმე სკამს და საკერავ მანქანას.
ჭერზე ჯერ ,,ილიჩის" ნათურა ეკიდა. მერე მამამ მავთულები დაწნა და დედამ ძაფი შემოაქსოვა ამ მავთულებს. ასე გაჩნდა სახლში ჭაღი.
ხდებოდა ისე, მოდიოდა დენი და სახლში შუქი არ მოჰქონდა. შუქი სითბოსთან ერთად იღვრებოდა რკინის ,,ფეჩის" კარში  გამოჭრილი სამკუთხედიდან. იჯდა ამ შუქთან და საკონტროლო წერის რვეულებს ასწორებდა. ასე იზოგებოდა ნავთი ლამფაში, ასე იზოგებოდა სანთელიც.
,,ფეჩზე" გაცხელებულ აგურს მამაჩემის უკვე ხმარებისგან ძალიან გაცვეთილ და ჩასაცმელად გამოუსადეგარ სვიტერს შემოახვევდა და დასაძინებლად დაწოლილს ფეხებთან მიდებდა. ფეხის გულებიდან ამოსული სითბო მითბობდა გულს. ალბათ მამის სვიტრი, თორემ აგურს სხვა დროსაც შევხებივარ.
დილას ადრე დგება, აივანზე გამოდის ცას გახედავს, ამოდი მზეო – უბრძანებს და ისიც ნებდება. თუ მაღალი მთის მხრიდან წამოვიდა ღრუბელი ქალაქში იწვიმებს, თუ მარჯვნიდან ისმის გრუხუნი ქალაქში ქარია.
სადად და სუფთად იცვამს, როგორც პედაგოგს შეეფერება.
ასანთის ღერით ფრთხილად იღებს პომადის ნარჩენებს და თითით ინაწილებს ტუჩებზე. სილამაზის ნარჩენები უყურებს კედელზე დაკიდებული ჩუქურთმიანი პატარა მრგვალი სარკიდან.
ყურმოტეხილი საშაქრიდან ორ კოვზ შაქარს ყრის ასკილის ჩაიში. სანამ თავისთვის დაიდებს, ჯერ ჟღალ კატას უდებს პურს. ეს კატა მამას სიკვდილის შემდეგ თავისით მოვიდა და ერთგული ძაღლივით ყველგან დააცილებს. სახელი არ ჰქვია. დაძახებაც არც სჭირდება, მაინც სულ ერთად არიან.
სკოლისკენ მიმავალი გზაზე ფუღუროიან ხესთან ჩერდება, თავშალს პატარა ნაგლეჯს ახევს, ხეს ტოტზე აბამს, პირჯვარს იწერს, ღვთისმშობელო დედაო, კარგად უნდა იყოს ჩემი შვილი _ ბრძანების კილოთი თხოვს. ხის ფუღურო გამომწვარია. როცა პატარა ვიყავი ამ ნახშირით შუბლზე ჯვარს მახატავდა და სჯეროდა რომ დამიცავდა.
ამოდი შვილო – აბარებს ქალაქში წამოსულ ყველა მეზობელს.
გაკვეთილების შემდეგ სასაფლაოზე გაივლის და სასურველ ქვასთან მისვლამდე გზადაგზა ყველა ნაცნობს ესაუბრება. ზოგს საყვედურობს, ზოგს ამბებს უყვება. მამას საფლავთან ზურგშექცევით დაჯდება და ჰორიზონტს უყურებს.
სახლში თვითონ და ერთადერთი ძროხა თითქმის ერთდროულად ბრუნდებიან. ამოყავს მრგვალი, ჩვეულებრივი ყველი და ერთიც პატარა, ღვინის ჭიქაში, ჩემთვის. თუ ავედი გამამხიარულებს წრეებად დაჭრის.
არც ძალიან დაღლილი და არც ძალიან მარტოსული წვება დასაძინებლად და ზურგზე ეფერება კატას.
ამოდი სულო _ სთხოვს სულს ყოველ ღამე და უკვირს მზე რომ ემორჩილება და სული არა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები