ნაწარმოებები


    * * *    

ავტორი: ალექსანდრე მიშელაშვილი
ჟანრი: პოეზია
7 ოქტომბერი, 2014


ღამე მთაში

ბნელა ხევადან ამოიცმევს ბინდი ქალამნებს,
მთვარე მხედარი, ზურგს უმშვენებს ღრუბლის ფაშატებს.
დგება მყინვარი საპატარძლოდ მორთულ ქალივით
და ვარსკვლავები აბნევია ნისლის ფატაზე.

შეჰყმუვლებს მგელი და მწვერვალებს ექო დაივლის,
ჩაეჭიდება მთვარე ღრუბელს გაშლილ ფაფარზე.
შორს ოჩოპინტრე, კლდის ეხებში ნადირს დაითვლის,
წამოუწვება სადარაჯოთ ჯიხვებს ქარაფზე.

ვიღაც იბრუხი გათენებას აღარ დაიცდის,
გადაევლება სერებს თავზე ,ნისლის ფაფახზე.
სად მოეღება ერთხელ ბოლო კაცმა არ იცის,
მშობელს კი მზერა ეყინება ფანჯრის რაფაზე.

გათენებისას ქარიშხლებმა ვინ სად გალახეს,
მთვარე თავისთვის გადაითვლის, გადააფასებს.
ჩამოიბერტყავს ღამე ცრემლებს, დასხავს ბალახზე
და ხევში ნისლებს გააბოლებს ბოლო ნაფასზე.

ალეკო მიშელაშვილი

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები