ნაწარმოებები


    * * *    

ავტორი: ალექსანდრე მიშელაშვილი
ჟანრი: პოეზია
10 ოქტომბერი, 2014


დილას არაგვთან იდგა აპრილი

დილას არაგვთან იდგა აპრილი
ქსანზე მიმავალ ქარებს ათბობდა.
ეყარა დაჭრილ სულზე მარილი,
და მგლოვიარე ქართლის ქალობდა.
წყალი იმდენი იყო ჩავლილი,
უყმოც იმდენი იყო ხატობა,
ქარჩოხთან იდგა ქარი დაჭრილი
და გორგასალის მახვილს ნატრობდა.
თუ ბაყათარმა მოგვჭამა ჭირი,
არა გვჩვევია თუკი დათმობა,
დღეს საქართველოს ქსანთან აქვს ხიჭვი,
მაჩვენეთ ერთი თქვენი და-ძმობა.
მაჩვენეთ ერთი თვალებში სხივი,
ტატოს მერანის ერთი დაფრთხობა.
მისი ნაფრენი ცხრა მთა და ხევი,
მთვრალი ხევსურის ერთი გაფხორვა.
მაჩვენეთ ერთი სადმე ნაცემი,
იბრუხისაგან ტოტიას ხროვა.
რომ აღარა გვყავს ჩვენში გამცემი,
რომ ანტიქრისტე არასდროს მოვა.
რომ დავიქუხო, შევიშრო ცრემლი,
ქსანზე დაიწყოს იების თოვა.
ავახმაურო ხმალი და გრდემლი,
ახლა მტრის აპრილს დაუდგეს გლოვა.
ალეკო მიშელაშვილი

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები