ნაწარმოებები


ვულოცავთ!!! მუხრანის პრემიის გამარჯვებულებს, საიტის წევრებს ირაკლი ასლანიკაშვილს და თეა თაბაგარს. დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ლელა მგელაძე
ჟანრი: პოეზია
25 ოქტომბერი, 2014


უდაბნოს ტყვეები (მცირედპოლიტიკური)

ზღვა არ ვიყავით, არა კოვზით,
გვხვრეპდნენ ჯამებით,
პეშვიღა დავრჩით, შეუკვრელი
და დამცრობილი.
ჩვენ მონობიდან უდაბნოში
გამოვიქეცით
და იქვე ჩავრჩით, სისხლნაკლულნი,
სენით პყრობილნი.
რადგან ძნელსავალ დიუნებზე
ოფლით დანამვას
ზოგს უცხო მიწა გვირჩევნია,
ზოგს კი ლოდინი,
როდის დაფარავს ქვიშიან ველს
ციდან მანანა,
ან დიდ ჯიბეში მოგვაყუჩებს
ყალბი მეგზური,
ბაალის მსგავსად სათაყვანო,
კერპად ქცეული.
ვართ ანთებული, გულმხურვალე
პატრიოტები,
ვიდრე ვალმოხდის ბეწვისხიდზე
შეგვსვამდეს ბედი
და ვიდრე ხიდი სალაფავში ჩაეკიდება.
ჩვენ კი ვილევით, წვრილი ერი
და ვიწრიტებით
და ვიმოსებით ქარისაგან
ნაქსოვ იმედით -
პანდორას მზითვში რაც ფსკერიდან
ბოლო ისწრაფვის.
თუმც ამ ქსოვილშიც გამოკრთება
ხილული ძაფი:
სხვათაც რგებიათ უდაბნოში
ორმოცწლიანი
განსაწმენდელი კარანტინი
და ხეტიალი.
ჩვენც ვპოვებთ ძალას,
მონობისგან ნამემკვიდრალი,
დავძლიოთ ლპობა, სისხლ-გენებში
შემოპარული
ჩვენიც მიაღწევს, თავისუფლად
შობილი სული
აღთქმულ მიწამდე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები