ნაწარმოებები



ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: თარგმანი
15 ოქტომბერი, 2014


ცვეტაევა ,,შეცდომა"

მარინა ცვეტაევა

შეცდომა
- - - - - - -




როდესაც ფიფქი მოფარფატე ანაზდეულად,
ვარსკვლავის დარად ციდან ვარდნას დაემონება,
დაგიცურდება ხელისგულზე ცრემლად ქცეული,
ვერ დაუბრუნებ თავდაპირველ ჰაეროვნებას.

როდესაც გვნუსხავს მჭვირვალება ჩვენ მედუზასი,
და მოგვინდება ჭირვეული ხელის წავლება.
წარეკვეთება ტყვეს შებორკილს უეცრად სასო,
ჩვენს ხელისგულზე სასიკვდილოდ მიინავლება.

როდესაც გვინდა, ფარვანები მობორიალე
ვიხილოთ ნაცვლად ზმანებისა, მიწიერ ამბად,
სად ქრება მათი სამოსელი, ისევ იალებს?
ცისკრისფერ მტვერს-ღა დაგვიტოვებს თითებზე ალბათ!

დაე, ფრინავდნენ კვლავ ფიფქები და ფარვანები,
და მედუზასაც ნუ დაღუპავ! სილაში - დნება.
არ შეიძლება, სტაცო ხელი, თავი ანებე!
არ შეიძლება, ხელში გეპყრას შენი ოცნება!

არ შეიძლება, რომ უმწეო სევდას უბრძანო:
- ,,იქეც სიგიჟედ, ვნების ცეცხლად, გრძნობავ ფარულო!"
შეცდომა იყო სიყვარული ჩვენი უძალო,
მაგრამ ვერ ვცოცხლობთ, ჯადოქარო, უსიყვარულოდ!



(თარგმანი ნინო დარბაისელისა)

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები