 | ავტორი: თოლიგე ჟანრი: საბავშვო 15 ოქტომბერი, 2014 |
იყო და არა იყო რა. იყო თაგუნების ოჯახი: დედიკო თაგუნა, მამიკო თაგუნა და შვილიკო თაგუნა _ ცუცუნა. დედიკო და მამიკო თაგუნები ყოველდღე მიდიოდნენ საჭმლის საშოვნელად. ხან მალე ბრუნდებოდნენ, ხან აგვიანებდნენ, მაგრამ ყოველთვის მოჰქონდათ ცუცუნასთვის გემრიელი სასუსნავი. ცუცუნაც მაშინვე მოკალათდებოდა თავის საყვარელ კუთხეში და აცუცუნებდა თხილს, კაკალს ან მზესუმზირას. მერე კი მხიარულად დაცუცუნებდა სოროში. ასე უდარდელად იზრდებოდა პატარა ცუცუნა. სოროდან არასოდეს გადიოდა. დედიკო თაგუნა არიგებდა, გარეთ ბევრი საფრთხეა და ჯერ სოროდან ულვაშიც არ გაყოო. როცა წამოიზრდები, ჩვენთან ერთად წამოხვალ და ყველაფერს მაშინ გასწავლიო. ცუცუნა დამჯერი წრუწუნა იყო. სოროს გასასვლელთან კი მიდიოდა ხოლმე, მაგრამ გარეთ გახედვასაც ვერ ბედავდა. ერთ დღეს დედიკო და მამიკო თაგუნებს შინ დაბრუნება დააგვიანდათ. უკვე ღამდებოდა. ცუცუნას შეეშინდა და სოროში აცუცუნდა. გასასვლელთან რამდენჯერმე ფრთხილად მიცუცუნდა და გზას გახედა, მაგრამ თაგუნები არსად ჩანდნენ. უცებ, შორიდან ხმა მოესმა: _ ცუცუნააა! გვიშველე ცუცუნააააა! ვაიმე, ეს ხომ დედიკო და მამიკო თაგუნების ხმაა. რა ქნას პატარა ცუცუნამ, როგორ უშველოს დედიკო და მამიკო თაგუნებს? ის ხომ არასოდეს გასულა სოროდან, გარეთ საშიშია, თან უკვე საღამოა... ცოტა ხანს იცუცუნა პატარა თაგუნამ და... გაბედა. გავიდა სოროდან, ფრთხილად გაიხედ-გამოიხედა და სწრაფად გაიქცა იქით, საიდანაც ხმა მოისმოდა. მალე მიაგნო დედიკო და მამიკო თაგუნებს. ვიღაცას რკინის გალიაში ჩაემწყვდია ისინი და კარი გასაღებით ჩაეკეტა. ცუცუნა გალიის კარებს მივარდა და დაეჯაჯგურა, მაგრამ ძვრაც ვერ უყო. _ ცუცუნა, გასაღები კედელზე ჰკიდია! _ უთხრა მამიკო თაგუნამ. ცუცუნა იმ კედლისკენ გაიქცა, სადაც გასაღები ეკიდა. თათუნები ასწია, ცერებზეც აიწია, მაგრამ მაინც ვერ მისწვდა. _ სკამზე აძვერი, ცუცუნააა! _ უთხრა დედიკო თაგუნამ. ცუცუნა იქვე მდგარ სამფეხა სკამზე აცუცუნდა, თათუნები ასწია, გაიწელა, ცერებზეც აიწია, აიწია და... მისწვდა გასაღებს. ცუცუნას სიხარულისაგან გული აუცუცუნდა. სწრაფად ჩამოცოცდა სკამიდან და გალიის კარი წვალებით გააღო. გახარებულმა დედიკო და მამიკო თაგუნებმა გულში ჩაიკრეს პატარა შვილიკო და ასე უთხრეს: _ როგორ გაზრდილხარ, ცუცუნაააა!
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. გმადლობთ, რია.! სიხარულით ვცუცუნებთ მე და ცუცუნა :) გმადლობთ, რია.! სიხარულით ვცუცუნებთ მე და ცუცუნა :)
3. მე მომეწონა გაბედული და ყოჩაღი - "შვილიკო თაგუნა _ ცუცუნა." :) 5 მე მომეწონა გაბედული და ყოჩაღი - "შვილიკო თაგუნა _ ცუცუნა." :) 5
2. დიდი მადლობა, jonatan livingstoni. <3 ეტყობა, ჩვენს გარდა არავის მოეწონა ჩემი პატარა ცუცუნა :) დიდი მადლობა, jonatan livingstoni. <3 ეტყობა, ჩვენს გარდა არავის მოეწონა ჩემი პატარა ცუცუნა :)
1. გამახსენდა, როგორი სიყვარულით ყვებოდი თქვენი ოჯახის ბინადარი ფრინველ-ცხოველების შესახებ .
ესეც ისეთი სიყვარულიანი ნაწერია, თაგვთმოძულეებსაც კი რომ სიამოვნებით გააღიმებს :)
გამახსენდა, როგორი სიყვარულით ყვებოდი თქვენი ოჯახის ბინადარი ფრინველ-ცხოველების შესახებ .
ესეც ისეთი სიყვარულიანი ნაწერია, თაგვთმოძულეებსაც კი რომ სიამოვნებით გააღიმებს :)
|
|
მონაცემები არ არის |
|
|