ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიგო
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
19 ოქტომბერი, 2014


კოლაბორაციონიზმი - კოლას და ციონას იგავები (ა,ბ,გ,დ,ე)

ერთობლივი მოქმედება


  ჩვენ მოღალატენი
  „კოლა ბრონიონი“
  დასაცინი ცხოვრება
  გემო და სიჯანსაღე.

  „ომიც მახსოვსო“ ამბობს მთავარი გმირი, „და ამ ომში წამსვლელ-გაქცეული, მისი წამომწყები და მიზეზებიც“.
  დაასრულებდა თუ არა ბჭობას მეზობლებთან „კოლა“ ჯიბეში ხელს ჩაიყოფდა, მოიჩხრიკავდა და შემდეგ თავ-თვალ აწვდენილი ასძახებდა მეხუთე სართულზე მცხოვრებ, მასთან ერთად მუდამ ჭირის გამზიარებელს, მეუღლეს მისას, „ციონას“. დიახ, „ციონას ეძახდა. კაცმა არ იცოდა ქალაქად მისი მეუღლის ნამდვილი სახელი. ყველა ციონას ეძახდა, როგორც კოლა. თანამედროვე ბავშვები კი მას „ფიონას“ ეძახდნენ, როგორც მულტფილმის პერსონაჟს. ერთის განსხვავებით. ის მოჯადოებული არ იყო. და არც არაფერი შველოდა, არც ის მრავალი წელი, რაც კოლასთან ერთად გაუტარებია.  კოლას ვერ უშველია, მისთვის. გადმოიხედავდა ციონა ფანჯრიდან, ხელში ასანთით მომარჯვებული და კოლას გადმოუგდებდა. კოლაც იქვე ეზოში მოთამაშე ოთხი-ხუთი წლის გოგონას უხმობდა. თავზე დაკოჭრილი ხელით, ნაზი გადასმით თხოვდა მისთვის ასანთის მოტანას. გოგონაც მორჩილად გაეგზავნებოდა და მიწას დანარცხებულ ასანთის კოლოფს გაუწოდებდა მას. ასანთს გამოართმევდა თუ არა პატარა თოჯინას კოლა, გაჰკრავდა ღერს და ცეცხლის ალს დაალაპარაკებდა“ასე დაიწვება, მალე მსოფლიოო“. თოჯინა გაიცინებდა და გაგქცევისას კოლა მას ღიმილითვე დაადევნებდა თვალს. ერთი შეხედვით უწყინარი კოლა, იგივე კოლია, იგივე ალექსანდრე, ჩიბუხში ჩატენილ თამბაქოს წაუკიდებდა გამოწვდილი ასანთის წყალობით და ღრმა ფიქრებში ეპატიჟებოდა მის მეხსიერებას. „უწყინარიო“, ასე იცნობდნენ მას მეზობლები, მაგრამ არა მის ირგვლივ ოდესღაც მყოფნი.
  კოლა, დათხელებული ტანისა არავის ენახა. ოდითგანვე ზორბა ტანისა იყო. სიმაღლე ნებისმიერი ახალგაზრდა, ყმაწვილკაცისთვის შესაშური ჰქონდა. თვალები ცისფერი და მომაჯადოებელი, მაცდური. არაერთი გოგონა თუ ქალბატონი იყო მისი თვალების ტყვე. საუბარი მონოტონური მაგრამ, მუდამ ჭკვიანური ჰქონდა.  ძალზედ განათლებული ვიდრე რომენ როლანის პერსონაჟი „კოლა ბრონიონი“ იყო. ის კოლა იმ ეპოქის შვილი იყო. ჩვენი კოლა კი ამ ეპოქისა. კოლას სასიყვარულო არეალში ადგილს ის პიროვნებები იმკვიდრებდნენ, რომელთა შესაძლებლობები სცდებოდა ყველანაირ სიკეთეს და მხოლოდ რეალურ და ამავე დროს ფატალური ხანის განჭვრეტაში, ხოლო შემდეგ დამკვიდრებაში ბადალი არ ჰყავდა. ის მეზობლებში პოპულარობით სარგებლობდა, რადგან იყო კომუნიკაბელური, ქარიზმატული, ჯანმრთელი ნაბიჭვარი. დიახ, ნაბიჭვარი. უკანონო შვილი იყო სტალინივით და თემუჩინივით. მისი გონებაგამჭრიახობა სცდებოდა კეთილი ადამიანის განზრახვებს. არ უყვარდა კეთილი ადამიანები. მეზობლებთან ბჭობისას იტყოდა-ხოლმე „კეთილნი არიან, სუსტნი ცხოვრებისთვის, მათთვის უცხოა ცხოვრების ის შემოქმედება, რაც ადამიანს დაუთესავს და არა ღმერთს. ისინი ღმერთის შვილები არიან და არც არასდროს ეღირსებათ დამკვიდრდნენ მიწაზე, როგორც ევოლუციის ერთ-ერთი ვერ გამძლე ცხოველები. უბრალოდ ჯერ ვერ გადაშენდნენ, როგორც დინოზავრები. კეთილნი იღვწიან უანგაროდ და არც არაფერი რჩებათ რათა გადარჩნენ. ისინი უფლის პირისპირ რჩებიან რაღაცის მოლოდინში. ბევრჯერ მინახავს მათი წყალობით აღსავსე თვალები და ზოგჯერ შურით შემიხედავს მათთვის. მითქვამს ჩემთვის: ალბათ სწორედ ახლა გრძნობენ თავს ბედნიერად, ვიდრე ოდესმეთქო. კეთილნი ჭკვიანები არასოდეს ხდებიან, რადგან ჭკვიანები ყოველთვის კარგავენ სიკეთის უნარს, როგორც კი მიწიერი ყოფის ანალიზის უნარს ეუფლებიან“. მეზობლები, როგორც ცხვრები თანხმდებოდნენ მის აზრს, რადგან მასზე ჭკვიანი უბანს არ ჰყავდა. მას მწყემს კოლასაც ეძახდნენ. აი, გახსოვთ ქურდებს რომ უბნის მაყურებლად მოიხსენიედნენ, სწორედ ასეთ ფარად აღიქვამდნენ მას „მადლიერნი“.
  იჯდა ეზოში მდგარ რამდენიმე სკამიდან ერთ-ერთზე. ამოჩემებული ჰქონდა ერთი ადგილი სადაც ზაფხულში მატლები ნაკლებად მოცოცავდნენ და ღამით ნაკლები ჭრიჭინის ხმა ისმოდა. ზამთარში კი დარში, მზე მეტად აცხუნებდა ვიდრე სხვების ოჯახში სტუმრობისას.  ყოველთვის ეპატიჟებოდნენ, მაგრამ არც ერთხელ სტუმრად არ შესულა. თუმცა ეს მისთვის დაბრკოლებას არ წარმოადგენდა ყოფილიყო მოსაუბრე და სცოდნოდა ყველაფერი ყველას შესახებ.
  ერთხელ ჰკითხეს გარდიდან წამოსულმა სტუმრებმა, რომლებიც მის სანახავად მოსულიყვნენ. ხარბად დასცქეროდნენ მის ასაკთან შედარებით მხნე სხეულს და სწუხდნენ საკუთარ უნიათობას თუ უპატივცემულობას საკუთარი თავის მიმართ. გარდმოდან მყოფმა კოლამ კითხვები მოისმინა მათი და პასუხის გაცემისთვის მოემზადა. კვლავ თოჯინას დაუძახა და ცივი წყლის მოტანა სთხოვა. გოგონამ აირბინა კორპუსის საფეხურები და ზარი დარეკა. დიასახლისმა. დრო-ჟამით შეფერილმა ქალბატონმა და უსახურმა პირისახის მქონემ, გოგონა, როგორც არაერთხელ, შეიპატიჟა სახლში და მოცდა თხოვა კარებთან. „შესასვლელი არასოდეს იყო განათებული, მზის სხივები, სხვა ოთახებიდან აღწევდნენ კარამდე და ასე შეძლებდა სტუმრად მისული ადამიანი ოთახებისკენ გზის გაკვლევას“. - იხსენებს „თოჯინა“, თავის შვილებთან საუბრისას. ორი შესანიშნავი ვაჟკაცი ჰყავს, მას. იხსენებს მათთან ოჯახს, რომელიც მუდამ დაფასებული იყო სახელმწიფოში მცხოვრები ხალხის მიერ. იხსენებს გვარს, რომელიც არავინ იცოდა და მან ამოიკითხა მხოლოდ მაშინ როდესაც წინასაარჩევნო ბიულეტენებს არიგებდა კარდაკარ. სწორედ მაშინ გაიგო თვრამეტი წლის  შეფაკლულ ლოყებიანმა გოგონამ კოლას გვარი, ციონას ქალიშვილობის გვარი კი არავინ იცოდა. ბიულეტენი ციონასთვის კოლას გვარზე იწერებოდა. ქორწინებისას გადაეკეთებინა გვარი ციონას. კოლა კი არ ყოფილა ქართველი. მათი ერთობლივი თანაცხოვრება უკვე ოცდათხუთმეტ წელს ითვლიდა. ამ ჟამის გამოხდის და დაწურვის შემდეგ, ალბათ ბადაგიც შესაბამისი არომატისა შემორჩა.
  ამ უსინათლო დერეფანში იდგა გახევებული, „თოჯინა“. გასცქეროდა მისაღები ოთახიდან მომზირალ მათ სურათს და ყოველთვის ერთსადაიმავეს ფიქრობდა: „არაფერით არიან შესაფერისები, ბიძია კოლა რა მშვენიერი ბიჭი ყოფილა და ეს ციონა რამ მოაწონაო?!“ ყმუილის ხმა შემოესმა. როდესაც ეს ხმა პირველად გაიგო, შეშინებულმა სასწრაფოდ დატოვა კოლას სახლი, თუმცა ახლა, შეჩვეოდა მგლის ხმას, რომელიც კოლას სახლის ბინადარი იყო. მათ ის გაწრთვნილი ჰყავდათ. მისი ლეკვობისჟამს ყოველთვის ასეირნებდა ადამიანების წრეში. აჩვევდა ადამიანებს და არა პირიქით. მაინც ჰქონდა შიში ადამიანებისა მას. მხოლოდ ცოლ-ქმარს ემადლიერებოდა და პატივისცემით მუდამ მორჩილად ემსახურებოდა მათ. მგელს „ბორა“ ერქვა. ეს რიგით მესამე მგელი იყო, რომელსაც უვლიდნენ. წინა ორი, უკვე ზრდასრული სოფლად, ტყეში გაუშვათ. მესამესაც იგივე ბედი ელოდა. სამივე მგელს „ბორა“ ერქვა.
ცივი წყლით სავსე ბოთლი გაუწოდა ციონამ, „თოჯინას“ და ტუჩის მარჯვენა გვერდიდან გამოპარული ღიმილი შეაგება უკანმოუხედავად კიბეებზე მორბენალ პატარა გოგონას.
  პირი გაისველა კოლამ და დაიწყო კითხვებზე პასუხის გაცემა. რიგითობა პასუხებისა სტუმართა სიმაღლის მიხედვით განსაზღვრა.
  სამი სტუმარი ეახლა კოლას. კოლამ მკაცრი სახე შეაგება  „მოგვებს“. მათ თითო შეკითხვა დასვეს ნაცვლად საჩუქრებისა.
პირველი კითხვა რომელიც დაისვა: „სახლში ხომ არ ავიდეთ, გვინდა პატივი მოგაგოთ!“
- რას ამბობთ, ბატონებო?! - კოლამ სამივეს გასცა პასუხი. - განა თქვენ საუკთარ სახლში არ იმყოფებით? ეს მე ვარ ჩემთვის უცხო გარემოში. აი დავბერდი და არაფერი ხდება ჩემთან საინტერესო. ისე ბედი მწყალობს არა, არ გელოდით. ერთად როდის შეიყარენით ან როგორ მოახერხეთ შეკრება?
- არაფერია თქვენო...
- უკვე მსიამოვნებს, განაგრძეთ!
- დიახ, თქვენო კოლაბორაციონისტობავ! ჩვენი შეხვედრა განგების, ქვეძალის ნება იყო. მით უფრო ჰაერი სავსეა უხილავი საკომუნიკაციო სხივებით.
- არ ვიცოდი თუ ქვესკნელს განგება მართავდა. - ხრიალით იცინოდა კოლა და თავს მეტად მძიმედ აკატუნებდა. თქვენ მაოცებთ, ბატონებო!
- თქვენ თავად ჰქმნით საოცრებას, როგორ ახერხებთ ამას? - დასვა მომდევნო შეკითხვა მეორემ.
- იცით ქვეყნის დასალიერი სად მდებარეობს? არ იცით, რადგან თქვენ ხომ სწორედ ის მოგვები ხართ, რომელიც ოდესღაც ქრისტეს ეახლა თუ ვცდები?! თუ ვცდები, ჯერ მადროვეთ დავასრულო პასუხი გაგცეთ და შემდეგ მიპასუხეთ. მოკლედ ამბობთ რომ მე ის ვარ, რომელიც საოცრებებს ახდენს თუ ჰქმნის არა?! მაშ თავად იესო რას წარმოადგენს მაშინ?
- ხშირად ახსენებთ ღმერთს...
- მადროვეთ, დავასრულებ და შემდეგ მოგისმენთ. დიახ, ხშირად ვახსენებ, ვიდრე ეს მათ გაუკეთებით, რომლებსაც მუხლები გადაყვლეფიათ ვედრებით. ხშირად ვახსენებ რადგან, მეტად გესმოდეთ მისი, მერე რა რომ დღემდე გამწყრალი ვარ მასზე. თქვენ მოგვებს თანამედროვეობაში რა ხელი გაქვთ? განა ისტორიის კუთვნილება არ ხართ როგორც უფალია?!
- თქვენც გახდებით უთუოდ კუთვნილება სახელმწიფო ისტორიისა.
- კვლავ მაწყვეტინებთ. შესაძლოა, მაგრამ იმდენად უსარგებლო, რასაც ვერცერთი მოკვდავი ვერ ინატრებდა. იცით რა მსურს? სიკვდილი, მაგრამ სხვისი ხელით.
- გენიოსი ხართ, ბატონო. - დაუჩოქა ერთმა.
- აი ,მესმის პასუხი. ცოდვა სხვას აჰკიდო. განა ეს დიდი მიგნება არ არის?
- დიახ, ეს შთამბეჭტავი იყო!
- მაპატიეთ თქვენ მოგვები ხართ თუ მდოგვები ან იქნებ დამცინით და ამით შესანიშნავი გასართობისთვის მიგიგნიათ. რა მასკარადი მომიწყვეთ კორპუსის ეზოში? ვინ ხართ რა დაგკარგვიათ და რას ეძებთ? - მოულოდნელი გაცხარება არ ესიამოვნათ გადაცმულებს, მაგრამ არაფერი უთქვამთ კოლასთვის.
- თქვენ დიდაბამდე სულ ცოტაღა დარჩენილა, ბატონო.
- ერთი წუთით - გაიკვირვა კოლამ. - რომელ დიდებაზე მესაუბრებით? - თვალები, მჯდომარემ, ააკრა მათ სიფათებს და ტუჩის მარჯვენა ქვედა კუთხიდან გაპარული ღიმილი მიუგდო. ალბათ იმ დიდებაზე მიმითითებთ, რომელიც ოდესღაც უფლის შესამოკობელად იყენებდნენ, არა? და რა დათესა კაცობრიობამ ყოველივე თქმულით და დიდებით უფლისა? ერთი ნამცეცი ნამცეცი მხოლოდ თესლად წოდებული. არადა რამდენი ისაუბრა უფალმა თესლსა და მისგან აღმოცენებულ ნაყოფზე?!

კოლას პირველი იგავი - იგავი „ა“

  იყო კაცი ბატონებო, სახელად იესო და მას ხალხი მადლიერების ნიშნად დიდებულს ეძახდა, უფალი მას ხალხში სიკვდილის შემდეგ ეწოდა. მას არაერთი იგავი უთქვამს დედამიწელთათვის, მაგრამ ცხოველთა სამფლობელოში ფეხის ჩამოშვებისას და დაბადებისას, აზრადაც არ მოსვლია თუ ოდესმე ვიღაც იყმუვლებდა, არადა მან თქვა, რომ პეტრე მას სამჯერ უარყოფდა. მამალმა იყივლა, ხოლო მამაკაცმა ყმუილით უარჰყო ის...
- გინდათ თქვათ, რომ პეტრე მგელი იყო?
- არა, რას ამბობთ... პირიქით, ის ადრე იყო მგელი და მოექცა რჯულზე. მისთვის სიტყვა „დიდებული“ უნებლიედ იქცა „არა“-დ. თესლი ხრიოკზე როდი არ იხარებს, ვისი ხელიდან დასცვივა ეს არის მთავარი.
- შესანიშნავი პასუხია ბატონო კოლა.
- მადლობთ ბატონებო.
ზემოდან ყმუილის ხმა მოისმა.
- თქვენი მგელია?
- არა, აშკარად შევნიშნე, რომ კოლას მეუღლე ყმოუდა. - ხაზგასმით და დარწმუნებით თქვა მეორემ.
- მართალი ხართ, დიდებულნო. დააკვირდით კარგად. ნახავთ თუ როგორ მწკვრივში, ფეხაუჩქარებლად აივლის ჩემი სახლისკენ მიმავალ კიბეებს სამეზობლოს ქალბატონები, ფინჯანი ყავის დასალევად. განსაკუთრებულად ადუღებს ციონა თურქულ ყავას.
- ყმუილი რა საჭიროა, სახელებით ხომ შეიძლება მიმართოს მათ ან დაურეკოს ბოლოსდაბოლოს? - თქვე მესამემ, რომელმაც დინჯად და თვალებარიდებით განმარტა ციონას საქციელი.
- ალბათ, მაგრამ ითქვენ ციონას იგევებისა არაფერი იცით. ის ცხვრებზე ჰყვება და მათ ფარაში ერთი მგელი მუდამ ხვდება.
  თვალებს არ ეჯერათ მეზობლის ქალების სამწკრივო მორჩილება და მამაკაცების საფანჯრე მზერისა.  ციონა განსხვავებული სიმშვიდით უცქერდა მათ სვლას და ჭადრაკის დაფაზე განლაგებულ ფიგურებს შორის გასხვავებას აშკარად ხედავდა. ორივე მხარის მოთამაშენი ერთი ფიგურებით თამაშობდნენ. ეს იყო ცხვარი - პაიკი.  არც დაფას ჰქონდა სამოცდაოთხი უჯრა...

ციონას იგავი - იგავი „ბ“

  ყველას ყავით გაუმასპინძლდა ციონა და ღიმილით უცქერდა თითო ეულს. ისხდნენ ისინი მორჩილად და ელოდნენ ციონას პურს, რომელიც ღუმელში არ ცხვებოდა... მგელი ბორა გვერდით დაუჯდა ციონას და მშვიდი, არამღვრიე თვალებით, ენა გარეთ გადმოგდებული  უყურებდა მას.
- ბორა, იცანი ისინი? - ბორამ შეჰყმუვლა ნიშნად თანხმობისა! - ისინი კი არ გიცნობენ კარგად, მათ შენი ეშინიათ. ცხვრებზე მინდა იგავი გიამბოთ მეზობლებო. ბორამ მომიყვა, როგორც გამოცდილმა მეოჯახემ და ცხვრის ფარის უბადლო მცოდნემ.
- გისმენთ ციონა. - ფრთხილად, კრძალვით უპასუხა ერთ ეულმა.
- გსმენიათ ალბათ, როდესაც იესოს მოწაფეებმა ჰკითხეს ‘რატომ ელაპარაკები მათ იგავებითო?“ იესომ რა უპასუხა?
- კი გვსმენია, უფალს ასე უთქვამს: „იგავებით იმიტომ ველაპარაკები მათ, რომ ისინი უყურებენ და ვერ ხედავენ, უსმენენ და არ ესმით და ვერ ხვდებიანო.“ - უპასუხა ორ ეულმა ყველას სათქმელი.
- მაშ, განვაგრძობ და გეტყვით ამბავს ცხვრებისას. ერთ დიდებულს ცხვრის ფარა წლების მანძილზე უშენებია. ტყესთან ახლოს ცხოვრობდა. რადგან დიდებული იყო, ცხრების მოვლას დაქირავებულ მეცხვარეებს ანდობდა. გამოცდილები არიან და შესანიშნავად მიხედავენო. ვერ ეჯერა მას, რომ ოდესმე შემოსავალს დაკარგავდა. ეს დღეც დადგა, რადგან მთებში გზააბნეულ ცხვარს არავინ დადევნებია გადასარჩენად, ჩემი ბორას მამისა ეშინოდათ მეცხვარეებს. და ასე მხოლოდ ერთი ცხვარი შემორჩა დიდებულს საპატრონოდ. ყველამ ყველაფერი დაკარგა. მგელმა და მისმა ოჯახმა კი იხეირა. ზამთარი შიმშილის გარეშე გადაიარეს. გეტყვით, რომ ყველა დიდებული როდია დაუმარცხებელი. არასოდეს ანდოთ ცხვარი სხვას თუ ფარაში თხა არ გყავთ. უსმენეთ უფალს და გჯეროდეთ მისი სანამ თვალს სამუდამოდ დახუჭავდეთ!
- ძალიან გემრიელი ყავაა ციონა.
- მადლობა, ძვირფასო. ჩემო თოჯინა, ჩაირბინე ქვევით და კოლას ჰკითხე ხომ არაფერი უნდა.
- ახლავე დეიდა ციონა! - უპასუხა გოგონამ და კუნტრუშით დაეშვა კიბეებზე. ეზოში თბილად მოსაუბრე კოლასა და მის სტუმრებში გაიხლართა. კოლამ ის კალთაში ჩაისვა.
- კოლა ძია, დეიდა ციონამ თქვენთან გამომიშვა და ასე მთხრა, ხომ არაფერი უნდაო? - კოლამ თოჯინას შეკითხვა უპასუხოდ დატოვა და თხრობა განაგრძო.
- ბატონებო, კვლავ იგავს გეტყვით.
- გისმენთ კოლა. - ქალებს ეზოში მომხდარი ამბების გარჩევა დაეწყოთ.

კოლას იგავი - იგავი „გ“

- თქვენ, მოგვებო მეგობრები ხართ არა?
- აბა რა გითხრათ? ჩვენ შენ სანახავად მოვედით.
- რა გამოდის, გინდათ თქვათ, რომ მეგობრების სანახავად არ დადიან?
- შესაძლოა. ჩვენ ინტერესმა მოგვიყვანა თქვენამდე თქვენო კოლაბორაციონისტობავ!
- რა გამოდის, რომ უფალმა არა?!
- შესაძლოა. ჩვენ თქვენი ნახვა გვსურდა.
- რა გამოდის, რომ უფლის ნახვა არა?
- შესაძლოა, უბრალოდ ნახო უფალი ეს ხომ შეუძლებელია...
- რა გამოდის, რომ სასუფეველი არ არსებობს და არც ადამიანები გარდაიცვლებიან?
- შესაძლოა, აი თქვენ ხომ დედამიწის ხნისა ხართ...
- რა გამოდის, რომ მე ასაკი ასე მეტყობა და უფალს არა?
- შესაძლოა!
- დიახ, ბატონებო... თქვენ შემეცნებით ხართ ადამიანები და არა ადამიანები...
„მგელს გზაზე ადამიანი შემოხვდა. ადამიანმა მას უთხრა:“ - განაგრძო კოლამ თხრობა
- შენ ოჯახი გაქვს?
- რა თქმა უნდა.
- მეგობარი გყავს?
- მეგობარი არა.
- რა გამოდის, მგელო, გინდა თქვა რომ გზაზე მეგობრის მოსაძებნად გამოსულხარ? აქ ხომ ტყე არ არის, ეს გზაა, გზა რომელიც მეგობრობამდე არ მიგიყვანს...
- შესაძლოა, მაგრამ შენ გიპოვე.
- რა გამოდის, მგელო, გინდა თქვა რომ მე შენი მეგობარი შეიძლება გავხდე?
- შესაძლოა, თუ ამას თავად ისურვებ. მთავარია ყმუილი ისწავლო.
- რას ამბობ, ყმუილს ვერ შევძლებ.
- შესაძლოა, მაგრამ ჩემ წინ უშიშრად დგახარ და მესაუბრები. არ გიკვირს?
- შესაძლოა მიკვირს, მაგრამ მე მაინც მეშინია.
- შესაძლოა, უბრალოდ მე გამხნევებ რადგან ვერ ვიტან ლაჩრის ხორცსო! - მიუგო მგელმა და სიბნელეში განაგრძო გზის პირზე ხეტიალი.
  კოლამ, თოჯინას თვალებში ჩახედა. მის, ლურჯად დარკალულ თვალებს წაეთამაშა და ციონასთან პასუხით გაუშვა, „არაფერი მჭირდებაო“.
  კვლავ აირბინა თოჯინამ კიბის საფეხურები ფარაში დედა მოძებნა და გვერდით მიუსკუპდა. დანაბარები დეიდა ციონას უთხრა და დედას ახედა. ელოდა მისგან სიტყვებს „ყოჩაღ, შვილო, კარგი გოგო ხარო.“ დედის თვალებში ამოიკითხა თოჯინამ მისით კმაყოფილება. იყო ერთი აურზაური, ზოგი რას იხსენებდა და ზოგი ვის ჭორავდა. ერთნი მეზობლების მისვლა-მოსვლას თუ მათი ოჯახის შიდა სამზარეულოს განიხილავდნენ, მეორენი კი ეზოს გარე (საგარეო) მოვლენებს. იყო ბჭობა დ სჯა ქმედებებისა, არადა თავად არიან თანამონაწილენი თანაცხოვრებისა. მათ აქვთ ოჯახები, მათ ოჯახებსაც ეხებათ საგარეო და საქალაქო საქმენი, მაგრამ ყველაფერი სხვისი უკეთ ჩანს. აი სჯის პროცესი კი რამდენად გამართულად და ობიექტურად მიმდინარეობს, ამაზე დაიწყო მოყოლა იგავისა ციონამ. იხილა რა მეზობლების აზარტულობა.

ციონას იგავი - იგავი „დ“

  - ქალებო გისმენთ და მჯერა, რომ აზარტულობა ყველა პერიოდში ავადმყოფობაა. ერთი პატარა ამბავი მახსენდება. - ყველა გაჩუმდა. აზარტს მოგების სურვილი ახლავს მუდამ. სწორედ ამის მოლოდინში გარინდულებმა ყური უგდეს ციონას და ერთმანეთისკენ აცეცებდნენ თვალებს.
ეს ამბავი ერთ პატარა პროვინციაში მოხდა სადაც მხოლოდ ქალბატონები ცხოვრობდნენ. არც ერთი მამაკაცი და არც ოჯახი. სიძუის სახელმწიფოს ეძახდნენ მას.  ყველა ხელსაქმე ქალისა იყო... არც უკაცობას უჩიოდნენ და არც მათი საქმისა იცოდნენ რამე. არასოდეს ენახათ მამაკაცი. უცნაურ სიძუის სახელმწიფოში ყველაფერი უცნაურად ხდებოდა. მრავლდებოდნენ საუბრით. მეზობელი სახელმწიფოების დაპყრობაც მოახერხეს, მათი საუბრის ძალას მოეცვა სამყარო.  ბორა ერთადერთი იყო ამ ყველაფრის მოწმე და ეს ამბავიც მისგან გავიგე. სიძუის დედოფალს მართვა გასჭირვებია საზღვრებს გარეთ, რადგან ვერ აკონტროლებდა ჭორ-მართალს. მის ტახტს საფრთხე ემუქრებოდა. საჭირო იყო გამრავლების სხვა საიდუმლოს ზიარებოდა. დაპყრობილ სახელმწიფოებში ოჯახებად ცხოვრობდნენ. დაპყრობილ სახელმწიფოებს მეფეები ჰყავდათ. მოხიბლულნი იყვნენ დედოფლის გონიერებითა და გამჭრიახობით, მაგრამ ვერაფრით გაეგოთ რა ძალას ემორჩილებოდნენ. დედოფალს ერთ-ერთი დაპყრობილი სახელმწიფოს მეფისთვის თვალებში ჩაუხედავს და ნიშნად მოწონებისა ენა გამოუყვია. სამწუხაროდ ამ მეთოდმა ვერაფერი გაჭრა. გრძნობა ენის წვერზე შეაშრა და რეფლექსებმა გონებაში გადაინაცვლეს. ამ გადანაცვლებამ დედოფალს გულისცემა გაუხშირა, ფიქრი დაიწყო და მალე გრძნობებიც გაუჩნდა. მეტად განსაკუთრებული გრძნობის ტყვეობაში მყოფმა დედოფალმა მეფე თავის სასახლეში მიიპატიჟა და პირისპირ შეხვედრაზე, მეთოდი საუბრით გამრავლებისა უარჰყო. ცხრა თვის შემდეგ სიძუის სახელმწიფოში მომავალი ხელმწიფე დაიბადა ოჯახთან ერთად.
  დაწესდა კანონი, რომელიც ყველა, სიძუის სახელმწიფოში მცხოვრებ, ქალს ავალდებულებდა ოჯახები შეექმნად გამრავლების ახალი მეთოდით, რაც უფრო ხელსაყრელს გახდიდა ერთობლივ მოქმედებებს. ასე იშვა ახალი  კულტურა, რასაც ეწოდა კოლაბორაციონიზმი. ერთი უკიდურესობა მეორემ შეცვალა. ჰყიდდნენ ყველაფერს, მაგრამ არა სარგებლით, არამედ ანგარებით...
არ გაამრავლო სიტყვა აზარტისთვის, რადგან ამ თამაშს მოგებული არა ჰყავს.
- მგელმა გიამბო ციონა?
- ჰო, მან.
- დაუჯერებელია!
- თქვენ არ იცნობთ ბორას...
- ჩემო ანგელოზო, ჩემო თოჯინა, იქნებ კვლავ ჩაირბინო ეზოში და კოლას უთხრა, რომ უკვე დროა.
- რისი დეიდა ციონა?
- ის მიხვდება პატარავ. შენ მხოლოდ უთხარი.
  გოგონა კუნტრუშით დაეშვა კიბეებზე. ეზოში თბილად მოსაუბრე კოლასა და მის სტუმრებში გაიხლართა და კოლას კალთაში თავისით მოკალათდა.

კოლას იგავი - იგავი „ე“

- ცივ ლუდს დავლევდი ბატონებო, მზემ საოცრად დააჭირა. თქვენც გირჩევთ. აქვე მაღაზიაა და სულ მცირე თანხის გაღებით, გაიღებთ მოხუცისთვის მოწყალებას.
- ბიძია კოლა მე მოგიტანთ! - ახედა კოლას, კალთაში მონებივრე თოჯინამ. კულულები მხარს ქვემოთ თითებით ჩამოჭიმა და მორცხვად თავი დაუხარა ბიძია კოლას.
- ხედავთ ბატონებო დაუზარელია. მამამისი ამ ეზოში გაიზარდა. პირველი ნაბიჯიც ამ მიწაზე დადგა. თოჯინას ბებია და ბაბუა კი რა წამს მიწას მივაბარეთ, მას შემდეგ ყოველ წელიწადს თითო ფოთოლი ვარდება ხიდან. დავბერდით. კანჭები აღარ გვივარგა და წვივებსაც მობეზრდათ სიმძიმის თრევა. ბავშვებიც სიცოცხლით სავსენი და დაუზარელნი ძნელად თუ მოიძებნება. ჩვენი თოჯინა კი განსაკუთრებული ულამაზესი ბავშვია! ეგრე არ არის პატარა? - ჰკითხა ცუნცულას. მან ნიშნად თანხმობისა თავი დაუკრა და გაუღიმა მოხუცს. მოგვებიდან ერთმა ფული გაუწოდა თოჯინას. გამოართვა და ასკინკილის ჰიპერმარკეტისკენ წათამაშდა, რომელიც იქვე სახლთან ახლოს იდგა. ჰიპერმარკეტი მეზობლისა იყო.
- იცი მაღაზია ვისია?
- ჩვენ, არა... - ერთმანეთს შეხედეს მოგვებმა გაოცებით. „აბა ჩვენ საიდანო?!“
- გეთანხმებით. ეს მაღაზია მე მივეცი ქალბატონ ჭიას.
- ჭიას?
- დიახ! მეზობლებმა შეარქვეს. შემომიჩდა და მივყიდე.
- რა მიჰყიდეთ?
- მაღაზია. თქვენ ალბათ ყური არ გაქვთ, როგორც ჭიას და არაფერს ისმენთ, ასევე არც თვალი, რომ დანარჩენებს დააკვირდეთ, რომ მისმენენ. - თითქოს განგებ გაცხარდაო კოლა, რადგან შესამჩნევად გამოეხატა მოგვს განწყობა მის მიმართ.
- მაპატიეთ, თქვენო კოლაბორაციონისტობავ! - გოგონამ ლუდი ჩამოურიგა ყველას.
- უფალმა შეგინდოთ! - ამღვრეული თვალებით ახედა სკამზე მჯდომმა კოლამ, მოგვს. და გეტყვით, რომ ოდესმე ჩვენი მეზობელი ჭია წაიტეხს მუცელს.
- მუცელს რატომ ბატონო?
- სულელო ჭიას სად აქვს ფეხი? - ხითხითებდა კოლა. - და ეს ჩვენი გაქუცული, მურიანი, შავმიწიანი „ჭია“ ვიგინდარა ვინმეა. ადამიანების რისხვა და მწვალებელი. ერთხელ საცოცვეთში, საცოდველთა აღლუმი გამართულიყო, მიწვეულ სტუმრებს შორის დაუპატიჟებელიც გაერია. ჭიამ მიწიდან თავი ამოყო, მაგრამ მათ საცოდაობის დანახვა არ ისურვა და კვლავ მიწაში ჩაძვრა. გაიგეს რა ჭიამ ყველაფერი იცისო. სასწრაფოდ მიწის თხრა დაიწყეს. მიაგნეს. გრძელი და მსუქანა იყო. დაგრძელებულიყო სხვის საქმეში ტანის ჩაყოფისა გამო და გასუქებულიყო მათი საქმეებიდან სარგებლით. დაიჭირეს და ენკესზე წამოაგეს. და გეტყვით თქვენ მოგვებო, სანამ ჭია ანკესს არ წამოეგება - ყოველთვის იცოცებს!
- ჭია მეც დამიჭერია, მამიკოსთან ერთად. სათევზაოდ მეც წამიყვანა. - ღიმილით უთხრა თოჯინამ კოლას. ყველას გაეღიმა.
- იცი თოჯინა, ახლა შენ წახვალ და შენ თანატოლებთან ერთად ითამაშებ. ნახე როგორ მრავლად არიან... ყველა ერთობა, შენ კი ჩემთან კალთაში ნებივრობ და ზარმაცობ.
- მე თქვენთან მინდა! - გაჯიუტდა თოჯინა.
- კარგი, კარგი. როგორც შენ გსურს ისე იქნება. - თოჯინამ გულგრილად გახედა მოთამაშე ბავშვებს, შემდეგ კოლას წელზე ხელები ძლიერ შემოხვია და ჩაეხუტა. - ლუდი მომაწოდე, ჩემი გამოვცალე.

(გაგრძელება იქნება)

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები