ნაწარმოებები


    * * *    

ავტორი: ალექსანდრე მიშელაშვილი
ჟანრი: პოეზია
19 ოქტომბერი, 2014


ნიავს ავაყოლოთ ნაბიჯები

ნიავს ავაყოლოთ ნაბიჯები,
აპრილის ყვავილებს სუნთქვა.
სადღაც ცის კიდესთან დამეღლები,
შემომეკედლები სულთან.

მერე ღრუბელივით გაიშლები,
მთები გეძახოდნენ სულთანს.
სახლი ავიშენოთ როშკის ტბებთან,
ჯვარი დავიწეროთ ღულთან.

სანამ აულივით ჩავიშლები,
მანამ ჩამეკონე გულთან.
ხორცი თუნდაც ეშმაკს დაუტოვე,
სული შემაკედლე სულთან.

*******************************
ერთი ცა ვერ გვიტევს მე და შენ მთვარეო,
სამყაროს ზედმეტი ნაღველი აწვება.
მოდი და გაუძელ მთვარის ჯავრს ღამეო,
მისი მზე როდესაც ღრუბელთან დაწვება.

მოდი და გაუძლე ჩემს ყმუილს ღამეო,
ჩემი მზე როდესაც, სხვის სულში ჩადნება.
არ შეგეკითხები, "მიამბე რამეო",
ეგ ლურჯი სიზმრები , მაინც არ ახდება.

ერთი ცა ვერ გვიტევს, მე და შენ მთვარეო,
ეს ღამე ორივეს დიდხანს ვერ გაგვწვდება.
მე ჩავალ, ვერ ვუძლებ ისევ შენ უყურე,
შენი მზე ურცხვად რომ ღრუბელთან დაწვება

**********************************
ეს გაზაფხულიც გამყიდის ვიცი,
გულს სამზეოზე ისევ გაიტანს.
აღარც მისი მწამს ერთგული ფიცი,
გამყიდის მერე ხელებს დაიბანს.

დაემგვანება ღამე ეშაპოტს,
ამ სისხლს დაცლამდე წვეთ-წვეთ დაიყვანს
და დედამიწა როგორც ჯალათი,
მეწამულ დღეებს მკერდზე დაიფქვამს,

სანამდის დამღრღნის დროის აფთარი,
სანამ ეს მიწა ამ ძვლებს ჩაიტანს,
ჩემთან შენს ნაცვლად მოვა ზამთარი
და საპატარძლო კაბას ჩაიცვამს.

***************************
ჩვენი ფანჯრებიდან, მთები ნაწვიმარი,
მთები ჩვენი სულის ერთი ნაწილია,
საბანს მოგახურებ , თვალებს მილულავ
და მთები ამ წარღვნაში ჩვენი ნაპირია.

ჩვენი ნაპირია , ჩვენი კიდობანი
სადაც ოცნებები ჩაგვიყრია.
თითქოს ამ მთებიდან, ჩვენი სახლის ბანი
ზეცის მკერდისათვის ჩაგვიბია.

საბანს მოგახურებ , თვალი მილულე
და შენი დალალები ჩემი სათიბია.
ვიყოთ უკაცრიელ მთებში მიმალული,
სანამ გასაფრენად წამებს დაგვითვლიან.

**********************************
მანძილი ასჯერ გავზომე,
გაჭრამ კი დააგვიანა.
ფიქრებმა როგორც ალამუტს,
ასი წრე შემოგიარა.
ვევნე, ვეწამე , მამტვრიეს
შიგნიდან მღრნიდა იარა.
ნისლსში ნაბანმა ვიარე,
ნაკლული გაჩნდით მთლიანად.
ჩემს ტკივილს როგორ იგრძნობდით,
ქრისტე გაყიდეთ ჯვრიანად.
თურმე ბევრ ფიქრსაც ნაკლი აქვს,
ცხოვრებას გიქცევს მტვრიანად.
ზოგჯერ არც უნდა გაზომო,
უნდა გაჰკვეთო მთლიანად.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები