ნაწარმოებები


ურაკპარაკის მობილური ვერსია!!!     * * *     შეიხედეთ თემაში: ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის მობილური ვერსია - http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1509

ავტორი: იანუსი
ჟანრი: პროზა
20 ოქტომბერი, 2014


კუპიდონის აღსარება

როცა დაგვაჯულ, თითქმის შიშველ ჯუჯას მოვკარი თვალი, რომელსაც ზურგსუკან ქათქათა ფრთები მოუჩანდა, თვალები მონდომებით ავახამხამე, იმის იმედით, რომ ან ღრმა ძილიდან გამოვფხიზლდებოდი, ან ეს მირაჟი გაქრებოდა, მაგრამ ამაოდ, ჯუჯა არ გამქრალა, პირიქით - გამკაფიოვდა. ბოტოტა თითები ხუჭუჭა თმებში აათამაშა, საქმიანად მომიახლოვდა, წარბებიც კი ამიწია მისალმების ნიშნად, მერე მიმოიხედა, სკამი მოაჩოჩა, წვალებით აძვრა და ჩემ წინ ჩამოსკუპებულმა, ისეთი სერიოზულობით მომმართა - გამარჯობა, გაბო, როგორ ხარო - დავიბენი, მართლა ხომ არ ვიცნობ ამ არსებას-მეთქი. გაბრიელი მქვია და გაბოს მხოლოდ შინაურები მეძახიან.
გამარჯობა-მეთქი, ამოვილუღლუღე, მერე პირი აღარც დამიხურავს. იმან მოკლე ფეხები ჰაერში სასაცილოდ გაასავსავა, შიშველ მუხლებზე მინიატურული ხელები აათამაშა და მძიმედ ამოიხვნეშა, აშკარა იყო, რაღაცის სათქმელად ემზადებოდა.
-ახლა რაშია საქმე... - როგორც იქნა, ამოთქვა. ხმა ისეთი ჰქონდა, ლაპარაკისას თუ არ შეხედავდი, გეგონებოდა, წინ სოლიდურად ჩაცმული ინტელიგენტი მიზისო. მაგრამ მე ხომ ვუყურებდი, ამიტომ ხმასა და გარეგნობას შორის არსებულ, თითქმის აბსურდულ შეუსაბამობას მთელი სიმწვავით აღვიქვამდი. - შენი ამბავი ძალიან რთულადაა...
როცა ნახევრადშიშველი და ზურგზე ფრთებდაკოსებული, ხუჭუჭთმიანი ჯუჯა ამ სიტყვებს გეუბნება, სხვა რა გზა გაქვს, უნდა შეეგუო აზრს, რომ შენი ამბავი მართლა ძალიან რთულადაა.
ხელით ისევ ხუჭუჭა კულულებს წაეთამაშა, გავიფიქრე, როგორც ჩანს, სათქმელზე ფიქრის პროცესს ამ მოძრაობით აფორმებს ხოლმე-მეთქი.
-ასეთი რამ მილიონში ერთხელ, მაგრამ მაინც ხდება... მილიონში არა, ალბათ უფრო მილიარდში ან უფრო იშვიათადაც.
თვალი ქათქათა ფრთებისკენ გამექცა, რომლებიც პეპელასავით შეუთამაშდა, არ მომჩვენებია, ხმაც კი გავიგე.
-ჰოდა, ამ უიშვიათეს შემთხვევას წარმოადგენ, მოკლედ. ამიტომ გადავწყვიტე, ყველაფერი პირადად ამეხსნა, ბოლოს და ბოლოს, ამას მაინც იმსახურებ ჩვენგან... - დაგროვებული ნერწყვი პირღიამ გადავყლაპე, მერე თვალები მოვწკურე და გაუბედავად ვკითხე, ვინ ხარ-მეთქი. ახლავე მოგახსენებო, წამში მანუგეშა და ისე თბილად გამიღიმა, უხერხულად შევიშმუშნე.
-ერთი სიტყვით, გაბო, ისე მოხდა რომ შენი თაობისთვის განკუთვნილი ისრების დამზადებისას სულ მცირე, პაააწაწკინტელა (ამ დროს თოთო ბავშვის ცერა და საჩვენებელი თითები ერთმანეთს თითქმის მიაწება) შეცდომა გაიპარა... მაგრამ ეს შეცდომა ძალიან ძვირად დაგვიჯდა (ამოიხვნეშა), ვეღარ გამოვასწორებთ: იმის გამო რომ ერთმა იდიოტმა - და დარწმუნებული იყავი, ის იდიოტი სათანადოდ დაისაჯა - ზუსტად ვერ გამოთვალა შენი თაობის წარმომადგენელთა რაოდენობა და ერთით შეცდა, ჩვენმა მწარმოებლებმაც ერთით ნაკლები ისრები დაამზადეს... - აქ შეჩერდა და თანაგრძნობით შემომხედა, ეტყობა, ელოდა, როდის გავისიგრძეგანებდი მისი სიტყვების ტრაგიზმს სრული დატვირთვით, მე კიდე თავი ჯერაც სიზმარში მეგონა და კვლავაც ავხამხამდი, მაგრამ როცა არ იქნა და არ გაქრა, თან თანაგრძნობაში თვალშისაცემი მოლოდინიც გამოურია, მივხვდი, რამე უნდა მეთქვა და მეც, პირდაფჩენილობისგან ხახაგამშრალმა, ამოვიხრიალე:
-რა ისრები...
ამ ორმა სიტყვამ მისი მოლოდინი სრულად დააკმაყოფილა. დამნაშავესავით გაიღიმა, თავი მოიქექა, ქვემოდან შემომანათა ის თავისი, თურმე ცისფერი თვალები და მორცხვად გამომიტყდა:
-სასიყვარულო ისრები... - მერე კი, როცა მიხვდა, მისმა პასუხმა ოდნავადაც ვერ გაფანტა ჩემი დაბნეულობა და კითხვის ნიშნებიც სულ ბღუჯა-ბღუჯა დამიტოვა, დაამატა - მე კუპიდონი ვარ. - თან მორიდებულადაც გამიღიმა, აქაოდა, ჰო, მე ვარ ის ლეგენდარული ქმნილება, რომელზეც ამდენი რამ გსმენიაო.
საკუთარი სახლის აივანზე საღამოხანს, დასასვენებლად ჩამომჯდარს და მოდუნებულს შეიძლება, ბევრი უცნაურობა დაგემართოს, მაგრამ ჩემმა, მგონი, ყველა სავარაუდო კომბინაციას მოუჯოკრა - როგორია, წინ არსაიდან გამომტყვრალი ჩაპუტკუნებული ჯუჯა მიზის (საცვლისამარა), სასიყვარულო ისრებზე მელაპარაკება და კუპიდონი ვარო, მიმტკიცებს. ღმერთო, ქედს ვიხრი შენი ფანტაზიის წინაშე, შენმანი.
ნერწყვს კიდევ ერთხელ ვყლაპავ და პირსაც, როგორც იქნა, ვხურავ. შეიძლება, ფარული კამერა მიღებს და რამე იუმორისტულ გადაცემაში ამოვყავი თავი. ან ეს, ანაც ჩემ წინ მჯდომი, ზურგზე ფრთებმიმაგრებული ჯუჯა საკუთარი ინიციატივით მეწვია, შეიძლება ასეთი ჰობი აქვს: დადის უცნობ ხალხთან და თავს კუპიდონად აცნობს.
ამ მოკლე ვარაუდების დაწყობით, ასე თუ ისე, ნუგეშცემული, თამაშში აყოლას ვცდილობ, რათა თუ კამერა მიღებს (თან ირგვლივ დაკვირვებით ვიხედები, მაგრამ უცნაურს ვერაფერს ვამჩნევ), ძალიანაც არ გავფარჩაკდე ჩემი არაადეკვატური რეაქციით.
-ჰო, მშვილდ-ისრის გარეშე კი ვერ გიცანი! - ესღა მოვიფიქრე, განსაკუთრებული იუმორისტული შესაძლებლობებით ვერასოდეს დავიკვეხნიდი. ჯუჯამ უნდოდ ამომხედა, სიცილი კი არა, ღიმილიც არ გამოუმეტებია.
-რაც მალე დაიჯერებ, მით ნაკლებ დროს დამაკარგინებ, - უკმაყოფილოდ მპასუხობს - კუპიდონი ვარ.
-ისე, სულ მაინტერესებდა, - მუღამში შევდივარ - ამდენი დრო გავიდა, ტექნოლოგიამაც ევოლუვიის ფართო გზა განვლო, ჰოდა, 21-ე საუკუნის კუპიდონიც მშვილდ-ისრის იმედზეა? თქვენ არ დაგიხვეწიათ ტექნიკა? შეგეძლოთ, მაგალითად, სნაიპერები ან სასიყვარულო ფხვნილით (და არა - ისრებით) შეიარაღებული ყუმბართმტყორცნელების გაწვრთვნა, ეფექტი ერთი-ორად გაიზ...
მაგრამ აქ ჯუჯა მოილოდნელად მაკეტინებს. რამეს კი არ მეუბნება, არა. სკამზე დგება, მერე ვხედავ, ზურგს უკან ფრთებს როგორ გამალებით ამოძრავებს და რამდენიმე წამში მთელი სხეულით ჰაერში იწყებს ლივლივს, თითქოს კოლიბრი იყოს ან რამე მსგავსი ფრინველი.
ჩემი პირი ისევ დაფჩენილობისთვისაა განწირული. მერე გონება გამოსავალს, ანუ ახსნას ეძებს - ალბათ უხილავი თოკებით სადღაც ზემოთაა გამობმული და ვიღაცა მარიონეტივით ათამაშებს. მაგრამ ზემოთ ჩემი აივნის ჭერია, მეტი არაფერი, ამ ჭერზე კიდე თოკი კი არა, უწვრილესი ძაფის ნასახიც არ ჩანს...
ამასობაში ჯუჯა უდრტვინველად მიახლოვდება, მის ფრთათაგან მონაბერი ჰაერი სახეში მცემს, პაწაწინა ხელს მხარზე გაგებით მითათუნებს, თავისი ჭკუით მამშვიდებს, აჰა, ხო დარწმუნდიო, მეუბნება და ადგილს უბრუნდება.
ესეც ასე. ახლა ძილის მეტი სხვა ვარიანტი არ დამრჩენია და მეც გამალებით ვიფშვნეტ თვალებს.
-ჰა, ახლა, მაგდენი დროც არ მაქვს! - ჯუჯა მოუთმენელია - უნდა დამიჯერო.
ფაქტი ვირზე ჯიუტია და როცა წინ ფეხის მოუცვლელად წამოგეჭიმება, ბოლოს მაინც მოგიწევს, თვალი გაუსწორო. ჰოდა, მეც ვუსწორებ ამ ჩემს აწითლებულ თვალებს.
ვდგები, ჭიქაში წყალს ვისხამ, შენც თუ გინდა-მეთქი, არც კუპიდონს ვივიწყებ.
-არა, გმადლობ, ჩვენ წყალს საერთოდ არ ვეტანებით. - თავაზიანად მპასუხობს და მეც, როცა სულმოუთქმელად გამოვცლი მოზრდილ ჭიქა-წყალს, ადგილზე ხმაურით ვანარცხებ, მეღიმება, ვუბრუნდები ადგილს და კარგა ხანი თვალებში ვუყურებ. უმანკო ბავშვის მზერა აქვს, სახეც ბავშვისას მიუგავს და ახლაღა ვამჩნევ, ხმა თუ არ ამოიღო, ჯუჯა კი არა, ბალღია.
-რაო, რას ამბობდი ისრებზე? - ვეკითხები, ჯერაც მეღიმება. კი, ყველაფერი ისეა, როგორც უნდა იყოს: მფრინავი კუპიდონი მიზის წინ და ისრებზე ვბაასობთ. შენს ხატად და მსგავსად თუ შემქმენი, ჩემთვისაც გამოგემეტებინა წარმოსახვის შენებრ მძლავრი თუ არა, ზოგადად, უნარი მაინც, მაგრამ რას გაგიგებ, იდუმალ არიან გზანი შენნი, შენმანი.
-რას ვამბობდი და შეცდომით ერთი ისრით ნაკლები დაგვიმზადებია, ეგ ერთი ისარი კიდე შენთვის იყო განკუთვნილი, ანუ იმისთვის, ვისაც უნდა შეჰყვარებოდი, მაგრამ ახლა... - ჯუჯას სახეზე ტრაგიზმის მბზინავი ნაწილაკებით მოკირწყლული სინანული ახატია.
-მაგრამ ახლა ვერავინაც ვერ შემიყვარებს, იმიტომ რომ შენ ისარს ვერ დაარჭობ, ხო? - მგონი, მივუხვდი სათქმელს. აი, ასეთი ვარ, თუ მოვინდომე, კუპიდონის ქარაგმებსაც კი მშვენივრად ვართმევ თავს. ჰმ. ნეტა იცოდეს მაინც რამდენს კარგავს ის, ვისაც ჩემს ისარს ვერ დაარჭობენ.
-ჰოოოო... ცუდია. - პრინციპში, სათქმელი აღარც არაფერი მაქვს.
-ჰო, - ისიც თავის მოკლე ხელს მუხლზე გამამხნევებლად მითათუნებს - ძალიან კი ვწუხვართ, მაგრამ ვერაფერს ვიზამთ...
ფიჰ, გაეროები.
-აბა, შენ იცი, როგორ შეეგუები ამ ამბავს... ადვილი არ იქნება.
ამ სიტყვებზე თავისი შიშველი ზურგიც მაქცია და აფრენაც დაიწყო
და უცებ მივხვდი: ფარული კამერა სულაც არ მიღებდა, ეს დაფეხვილი არსებაც ჯუჯა კი არა, მართლა კუპიდონი იყო, შესაბამისადვე, სიმართლე მითხრა და მეც ფეხზე წამოვარდნილმა მოიცა, შე დებილო ჯუჯა-მეთქი, ისე ვიღრიალე, კინაღამ მკვდარი ბუზივით დაეცა ძირს, მერე ესეც არ ვაკმარე და ფრთებზე წავეპოტინე - აკაკანებულ-აფართხალებულ ქათამს დაემსგავსა. შემდეგ კი ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა:
ჩემკენ შემოვაბრუნე, იატაკზე ზღართანი გავადენინე და ფრთებზე მუხლები დავაჭირე რომ აღარ ეფართხალა, მივაღწიე კიდეც მიზანს. მერე ისღა მახსენდება, როგორ დავყვიროდი გაოცებისგან ყბამორღვეულ სახეს ბოლო ხმაზე - რას ჰქვია არავინ შემიყვარებს, სადაა ჩემი წილი ისარი, შენი ანტიკურ-მითოლოგიური დედაც-მეთქი, რაზეც შიშისგან აკანკალებული ხმით მიმეორებდა, ძალიან ვწუხვართ, მაგრამ ასე გამოვიდა, აწი ვერაფერს გავხდებითო.
და მეც, ბრაზისგან აალებულმა, კუპიდონის ფითქინა სახეს მუშტები დავუშინე, რასაც მისი გასაცოდავებული, ხროტინისმაგვარი ხმები მოჰყვა, მაგრამ მაინც ვერ დავოკდი, დასისხლიანებულ ცხვირ-პირში კიდევ მრავალგზის ვუთავაზე, ვღრიალებდი: აჰა, ესე იგი, ვერავინ შემიყვარებს, შენ კიდე ძალიან სწუხხარ, ხო-მეთქი. აღარაფერი უპასუხია, მგონი, კბილები ერთიანად ჩავუჩეჩქვე. ხმა რომ არ ამოიღო, უფრო გავცხარდი, როგორ, ჩემი ისრის დამზადება დაგავიწყდა, ახლა კიდე უგონოდ დაგდებულხარ და ხმას არ იღებ-მეთქი! ისე ვყვიროდი, ყელი მეტკინა.
ბოლოჯერ ჩავათხლიშე, სწრაფად მიმოვიხედე, სამზარეულოს დაბალ მაგიდაზე დაგდებულ სამზარეულოსავე დანას დავწვდი და, სანამ გავიაზრებდი, რის გაკეთებას ვაპირებდი, ცალი ფრთა უკვე წავაცალე (მოგუდულად, მთელი გრძნობით ამოიგმინ-კვნესა), სისხლის ძლიერმა ჭავლმა სახეც და ტანიც მომითხვარა, არ შევჩერებულვარ და მალევე მეორე ფრთამაც პირველის ბედი გაიზიარა.
ბოლოს მოჭრილი ფრთები ავიღე, ფიჩხივით შუაზე გადავტეხე, სადაც პირი მიმიწვდა, კბილებით ბუმბულები ერთიანად დავაცალე და უკვე დანერწყვილ-დასისხლიანებულ-დანაწევრებული, ცოტა ხნის წინათ შეურყვნელად თეთრი ფრთის ნარჩენები ხუჭუჭთმიან თავზე დავაყარე.
ძალაგამოცლილი, როგორც იქნა, დავოკდი და მეც მის გვერდით მივეგდე.
ცოტა ხანში სული მოვითქვისავით და გავხედე, მაშინვე მივხვდი, აღარ სუნთქავდა, მომკვდარიყო და მეც მოკმაყოფილოდ ჩავიღიმე - აბა, რა ეგონა, ჩემს ისარს რომ ივიწყებდა და უსიყვარულოდ მტოვებდა-მეთქი. მძიმედ ვსუნთქავდი.
დილით, როცა თვალი გავახილე და ეს ყველაფერი გამახსენდა, დაფეთებული წამოვვარდი, მაგრამ მალევე ჩავცხრი: მართალია, ჩემი საწოლის ზედაპირი ბუმბულებს დაეფარათ, მაგრამ ეს ბუმბულები მკვდარ კუპიდონს კი არა, ჩემივე ბალიშს ეკუთვნოდა, რომლისთვისაც წირვა ძილში გამომეყვანა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები