ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ანი ხარაიშვილი
ჟანრი: პროზა
21 ოქტომბერი, 2014


მზე ჩვენს ქალაქში


        გიყურებ, თბილისო, სარკმლიდან გისოსებს გაღმა და მაკვირვებს  ჩემი ასეთი სიყვარული შენდამი. ზოგჯერ ვფიქრობ ხოლმე, ნუთუ გულწრფელად ლაპარაკობენ და წერენ პოეტები თბილისის სილამაზეზე, ნუთუ მართლა მოსწონთ ეს  დაბეჩავებული ქალაქი-მეთქი, მაგრამ, მერე ვხვდები, რომ ეს ფიქრები ჩემი უხასიათობისაგანაა გამოწვეული. მე მართლა მომწონს შენი ძველი მხარე, მინგრეულ-მონგრეული, მაგრამ ჩემთვის ძვირფასი  ეზოები პატარ-პატარა სახლებით. მიზიდავს ყველა შენი ჭრილობის ნაკვალევი, დრომ რომ ვერაფერი დააკლო და აქა-იქ ისევ რომ გვხვდება იარებად... მხიბლავს ეს ერთგული, მტირალა კლდეც, ასე აშოტილი რომ დგას დაბადებიდან შენს გვერდით. რა ქნას არ მიუცია უფალს მისთვის ბრძოლის უნარი, ვერ დაგეხმარა ვერაფრით. გიყურებდა, განუგეშებდა და სავარძელს მიჯაჭვული დედასავით გადევნებდა თვალს მთელი ცხოვრება. დგას ახლა, შეჰყურებს შენს დასახიჩრებულ აწმყოს და ტირის, ტირის და თან თბილისის თავზე მოკაშკაშე, მცხუნვარე მზეს შესციცინებს, რათა მასაც დააჭიროს და დაუშროს ღაწვებზე მდუღარე ცრემლი.   

ისე, ცუდად კია განაწილებული ქვეყანაზე ძალაუფლება, ამ კლდისათვისაც რომ თუნდაც მხოლოდ ადამიანის ჯან-ღონე ებოძებინა ღმერთს, უთუოდ დაიძრებოდა და ვინ იცის, იქნებ რაიმე დიდი სამსახურიც გაეწია სამშობლოსათვის, მაგრამ, უმჯობესია ამაზე არ ვილაპარაკო, რაც არ მეკითხება-არ მეკითხება!..

მოდი ახლა ფიქრის გორას გადავხედოთ, გადაჭიმულა შუაგულ ქალაქში, დღე-ღამე ფიქრსა და მთქნარებაშია, ოხრავს, იზმორება და მოსაღამოებულს უკვე ჩაძინებას რომ გადაწყვეტს, აბრდღვიალდება და მოუჭრის თვალს მთაწმინდაზე აჭიმული თბილისის ანძა. გადმოხედავს მედიდურად ქალაქს ეს მართლაც ახლადაღმოცენებული ფუყე თავთავი და თავი ქვეყნის ბატონ-პატრონად მოაქვს. აღიზიანებს ეს ამბავი ფიქრის გორას და გასძახებს:

_ჰეი, შენ! ღამღამობით რომ ხარ დიდ გულზე, სჯობს დილაობით ანათო და აბა ვნახოთ ვინ შეგამჩნევს! სიმშვიდეში ვის სჭირდება შენი მხარდაჭერა, გამოჩნდი დღისით, მოუსმინე ხალხს და მაშინ ამოქმედდი თუ ლიდერობა გსურს! გსმის?!

_მე კი მესმის, გორავ,-უპასუხებს ანძა, შემიძლია გავითვალისწინო ეგ, მაგრამ სადაც ჩემსას გაიძახი იქ შენიცა თქვი! მე თუ ღამით აღარ გავანათებ, შენი არსებობაც დაიჩრდილება, ჯერ ისედაც მთელი დღე ოხრავ, მხოლოდ წუხილის გამოთქმა შეგიძლია და გასაპროტესტებელი თუ არაფერი გექნება მშვიდად გააგრძელებ ძილს... მებრძოლი რომ ხარ და ღამეებს რომ ათენებ, მაგითომ გაფასებს ხალხი თორემ, აღარ გაგაღიზიანებ, აღარ მოგჭრი თვალს და უცებ მიიძინებ! მე და ჩემისთანები რომ არა, შენც ერთი ჩვეულებრივი გორა იქნები და დაფიქრდი ამაზე...

_ეჰ, მთაწმინდელო, შენ რა გესმის ცხოვრების, შეეკამათება ისევ ფიქრის გორა, პატარა ხარ ასაკითაც, ნაოჭები რომ არ გაგჩენია და ენერგია რომ გაქვს მოზღვავებული, მაგიტომაა ასე რომ ბრჭყვინავ, ჯერ არც მომწიფებულხარ ისე დაგაყენა მაგსიმაღლეზე ვიღაც "მჭერმეტყველმა", გაგანებივრეს, გაგათამამეს და დაგვყურებ ახლა ასაკოვნებსა და ცხოვრების სიდუხჭირისაგან გადაღლილებს ზემოდან...

_ვერაფერს დამაკლებს მხოლოდ შენი წუწუნი ჩაფიქრებულო გორავ, შენხელები და შენისთანები ცოტანიღა დარჩნენ დღეს, გათენდება ხვალაც დილა, დაიწყებთ ისევ წუწუნს, გამოეფინებით ამ ამღვრეულ და ქაოსით მოცულ მხარეში, მოჰყვებით ვაივიშს, ხალხს სევდას ათმაგად გაუძლიერებთ, იმ შემზარავ ამბებსაც მოუყვებით რაც ისედაც იციან და კიდევ სხვა სამწუხარო სიახლეებსაც აცნობებთ, ასე გაგეპარებათ ჭეშმარიტი სინათლით მოცული დღე მოთქმაში, წავა თქვენი დრო... მოვა ღამეც! ავუხვევ თვალებს ახალგაზრდებს ჩემი მომაჯადეობელი, ციმციმა ნათურებით, ისინიც ამომხედავენ, გადახედავენ სიყვარულით ერთმანეთს და იტყვიან: ასეთი მშვიდი და ლამაზი ღამედაგვბედებოდესო. მიპასუხე ახლა, ბიძიკო, მე უფრო მეტს ვეყვარები თუ შენ?!
    არ დანებდება გორაც, ეტყვის საკადრისს და გრძელდება მათი კამათი თვეები, წლები... დაიკავებენ მათ ადგილებს სხვა თაობები და ისინიც ასე გააგრძელებენ დაუსრულებლად, მაგრამ, ამ ქალაქის ვიწრო ქუჩებში მაინც მიმდინარეობს ცხოვრება, ყველა პოულობს ბედნიერებას, ყველა ცდილობს დაკმაყოფილდეს შექმნილი ვითარებით და დაბეჯითებით შემიძლია ვთქვა-ამას ახერხებენ! იცით რატომ?! იმედი აქვთ, დარწმუნებულნი არიან, რომ ერთხელაც ჩაქრება მთაწმინდის ანძა და გამოანათებს მზე! მზე, რომელიც დასაბამს დაუდებს ნათელ, სამართლიანსა და უშფოთველ ცხოვრებას, რომელიც იბრწყინებს, იკაშკაშებს და აღარასოდეს ამოეფარება ჭვარტლიან ღრუბლების ქარავანს!...


მე-8 კლასი, ქართულის გაკვეთილი.
                                                                                                        სავარჯიშო 17. დაწერეთ თემა: ,,მზე ჩვენს ქალაქში’’

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები