ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: დავით შემოქმედელი
ჟანრი: პოეზია
22 ოქტომბერი, 2014


carpe diem

სიზმარში ვსხედვართ
მე და ჩემი ორეული, _
გზას ვერ გავიგნებთ,
საიდან მოდის
ან სად მთავრდება, _
უნდა დავიწყო მოგზაურობა
,,მე’’–დან ,,მე’’_ში,
კაციდან _კაცში,
ხიდან _ ხეში,
წვეთიდან _ წვეთში,
კვირტიდან _კვირტში,
კერტიდან _კერტში,
გაოცებიდან _ სიბრმავემდე.
უკანანი და წინ მავალნი...
მე როგორი გამტარი ვარ,
იმ ერთმა იცის,
ჩემი ცოდვა, ვინც
მე ჩამიფიქრა.
კლდე რომ ვყოფილიყავი,
ვერც ქარიშხალი დამძლევდა და
ვერც ზღვაური რასმე დამაკლებდა.
პეტრე, პეტრე,
თუ არ დაეცი,
ფეხზე როგორ წამოდგები,
თან ისე ღონივრად,
მხრებზე დედამიწა შეიდგა,
მუჭში ვარსკვალავები მოიმწყვდიო,
თუ ღვთის არა,
სამყაროს ხატი ხომ უნდა იყო,
პირველი ადამიდან _ამსტრონგამდე.
რადგან დაიშვა შენი შექმნა,
საჭიროცა ხარ.
მე და მე-ს შორის
ვინ ჩადგება მომრიგებლად,
ერთ ტაბლასთან ვინ დაგვსხამს და
ვინ გვა-ერთ-გონებს?
დედაჩემი მარტში წავიდა,
გაზაფხულმა წაიყვანა
ის დალოცვილი,
ცოტა მაინც დაეცადა,
ერთად წავიდოდით.
რაც დამიტოვა _ ის იყო,
ცხოვრების უხეირო მოწაფისთვის
სიკვდილი ესწავლებინა.
მე ვისწავლე ეს გაკვეთილი,
სხვა ყველაფერში ჩავიჭერი.
ჩვენი რიტმები ისევე აცდენილნი არიან,
როგორც პლანეტათა ტრაექტორიები,
ჩემი გზა უკან მიდის,
პირველი მზერიდან _
სიცოცხლესთან გამოთხოვებამდე,
ანუ ტირილიდან – ტირილამდე.
გაწოლილხარ ცხოვრებავ, ვეშაპივით
და გვისრუტავ ჩვენ ნამცეცა ლიფსიტებს.
მე რომ დავიბადე,
მთელი სოფელი გადაყრუვდა
თოფის გრიალით _
უძეო სახლში დანატრებით დაბადებული.
ბუზს არ მიფრენდნენ,
ისე ლაღი მქონდა ბავშვობა.
სხივნაქსოვ კაბის ცისთვალა გოგო,
თვალებში მზე რომ ჩაფრინებოდა,
ტუჩები _ მარწყვი,
მკერდი ორი კოკრი გვირილა.
ორი მაგნიტი როგორ იწებებს
ერთმანეთს უმალ,
მდინარე რომ მდინარეს შეერთვება,
ლოდი _ ლოდს, შლამი _ შლამს,
კენჭი _კენჭს, ტალღა _ ტალღას.
როგორ ვიცნო ჩემი ნეკნი,
ჩემი რომაა, ზუსტად ჩემი,
ჩემი ალი და კვალი.
სად ვეძებო დღითა და ღამით,
რომელ გადასასვლელზე,
თუ მინდვრის ბოლოს,
რომელ მეტროს ამოსასვლელთან,
ღალატად ნუ ჩამითვლით,
ძებნა არის სრულყოფილ ,,მესი”.
სკოლის მერხიდან მახსოვს, _
და გაიყო სამყარო ორად,
ორი პოლუსი,
მე ჩემი ლაშქრით, ხმლითა და შუბით,
ის თავის ფარით.
გიყვარს _ არასდროს არ ჩათვალო,
რომ შენ ხარ მარტო,
ღმერთი დგას შენთან,
სანუგეშოს მოგივლენს ციერს.
გავცდით პირველ ზღურბლს,
მან სხვა მხრისკენ გაავლო მზერა,
მე სხვა მეჩეჩს შევრჩი
ბოლოს შეფარებული.
წავიდა მამაც...
და ბავშვობაც გადაიყოლა _
იგრძნოს უნდა ხემ,
როდის დგება ის ერთი წამი,
ყოველ მეხსა და ქარბორბალას
უნდა გაუძლოს _
შეეხიდება მას ვერავინ
ფესვების გარდა...
წავიდა მამა და წაიყოლა
გამხდარი ბიჭის მოხრილი მხრები,
და დამიტოვა
შეფეთქილი ჭაღარა შუბლთან...
ხიდია კაცი _
ორ ნაპირს შორის თუ არ გაიდო,
ის სიცოცხლეს აყენებს ზიანს.
დედა... მამა...
გამოვყვები თქვენამდე ბილიკს
ერთი ქვის ქვეშ მოქცეულნო,
ჩამოვჯდები, ჩამოვქვითინებ:
მაქედან _თქვენ, აქედან _ მე
ვაერთებთ კავშირს,
თქვენში ხომ ვარ _
სანახევროდ მეც თავმკვდარი ვარ.
ჩემი ეზოს ალაგესთან დავინახე,
თხელი, სიფრიფანა,
მეზობლის ქალს მოჰყვებოდა,
იქ გავიცანი...
შემოდგომა მწიფდებოდა,
იყურსებოდა, მადლობის ნიშნად
მოეხვია მიწისთვის ხელი,
მკერდში იკრავდა.
ქალიც მიწაა... თესლს აღვივებს,
ნაყოფს იმეტებს,
რომ არ შეწყვიტოს
სიცოცხლემ დენა.
...ის რომ მოვიდა,
გაოცება მეტი იყო,
რომ ფარავდა
სიხარულს ჩემსას.
ჩემი მე _ იქიდან მიყურებდა _
შებუმბლულ საფენში გახვეული
ფარხთუნა ლეკვი...
იმას რომ ძვლები გაუმაგრდება,
დაეწყებათ ჩემს სახსრებს
მსხვრევა.
ნაკადული საიდანაც იწყება,
სათავეც იქ არის.

*
ოთახს სამი კედელი ჰქონდა,
მეოთხე იყო ფართო კარი,
ხის ძველებური,
დასვრილ წვრილმანებს იქვე,
ახლოს, ზღურბლთან ვტოვებდით.
თითო კედელზე _ თითო სურათი _
შოთა _ სამხრეთით,
ვაჟა კიდევ _ აღმოსავლეთით.,
დასავლის მხარეს _ გალაკტიონი.
ციცინათელების კორტეჟი გარეთ,
ლამპის შუქი
აცოცხლებდა მათ სილუეტებს,Y
თითქოს ცოტა ხნით შემოევლოთ
ბინაში სტუმრად.
ჩვენი შეხვედრა გადაიდო
უვადო ვადით.
პორტრეტები უკვე დაბერდნენ,
ხანდახან მტვერს თუ გადავაცლი,
ისევ პირვანდელი იერი
უბრუნდებათ.
წიგნში ვცხოვრობდი,
მეტაფორებს ვაგემოვნებდი,
ალუზიებს საკმაზად ვრთავდი,
ვკვდებოდი თუ ვხოცავდი მომხვდურთ.
ერთხელ მშობიარობის ტკივილიც
განვიცადე.
და შემეშინდა
უკან დავაპირე დაბრუნება,
ცხოვრებამ არ მიმიღო,
კვლავ წიგნში ჩამაბრუნა.
დროსთან პირისპირ შერკინებული
დაჩაგრულ და აღზევებულ ფალავანთან.
კაცი-სტრიქონი საბრალოა,
დრომ მოწყალება თუ არ მოიღო.
ნუთუ ესა ვარ?
უზენაესს დავჭირდი რისთვის?
ავიხირე უჩვეულო რამ,
ღამით, ისაა
თბილ საბანში შეყუჟულს
უნდა წამთვლიმოს,
მაშინ, როდესაც დაშინებული ბეღურები
ძაგძაგებენ სველ მავთულებზე,
გამოვდივარ სახლიდან ფრთხილად,
მხრებზე ჩემზე დიდი წონის
ლოდებს დავიდებ.
და მივიწევ სოფლის მელოტ გორაკისაკენ...
ეს ბიჭობიდან...
დრო გადიოდა _
მეზრდებოდა ბეჭები სარტყლად,
მაჯებში ძალა მემატებოდა,
მაგრამ თანდათან
გორაკის ქიმამდე
მანძილიც იწელებოდა,
ზოგმა გიჟი შემარქვა,
ზოგისთვის კი უქვე იქ ვარ,
ანდა სულაც აღარ ვარსებობ.
რით დაამტკიცოს
ლოდმა ლოდობა,
ყვავილმა რომ ყვავილი არის,
სუნით, შეხებით?
სიმკვრივით, ზომით?
თუ უბრალოდ ,,სახელის’’ ცნებით?
მადლობა,ჩემო მოთმინებავ.
დროის ანაქრონიზმად
რომ არ აღმიქვეს,
რომ არ დავიშალე,
რომ არ დავნაცრდი,
ანდა სულაც, რომ არ
დავდუმდი.
*
ვერ გაატანს კვირტი დამზრალი,
თუ ქალწულმა გაზაფხულმა
არ მიუსწრო,
არ შეათბო, არ გააღვივა,
ბერწი ხედებიც სულ იბერწებენ,
თუ შემოდგომამ
არ გამოსდო ხელკავი,
არ შემატა ფერთა ნაზავი,
ნაყოფით არ დახუნძლა.
... სიხარულს მკერდთან
ვიკავებ ხელით,
რომ არ გამოხტეს სხეულიდან,
ჩემი გვარი ხმამაღლა ისმის,
ბეჯითი და ჭკვიან მოსწავლის,
ვხედავ მაბნევენ
ციმციმა ვარსკვლავს,
ოქტომბრელის სამკერდე
ნიშნით.
ზედ ბელადის მღიმარი სახე.
... აქ, შეიძლება ფიქრისათვის
კაცი დახვრიტიონ,
ჩემს გაჩენამდე 20 წლით ადრე
უთხრეს ბაბუას,
ბელადის პორტრეტს რომ გახედა
სახეამრეზით,
პატიმართა რუხ, მიყრუებულ
ერთ სველ ბანაკში.
ჯერ წინაპრები ადღეგრძელა თურმე,
მერე ბელადი
ერთ-ერთ სუფრაზე,
და ის საწყალიც კვირისთავზე მიაციმბირეს.
... მომიტინგეებს ვერ იტევს ქუჩა ...
შემაღლებულ ფიცარნაგიდან
მე ხალხს მივმართავ.
იმათ თვალებში ფლობის ჟინი
ხტის და ცრიალებს.
შეუცნობია
თავისუფლებას გაუჟღინთავს
სივრცე მთლიანად,
ანთუ ქაოსს ეპოქის.
სად ჩამოდებ თავს?
რომ მომშვიდდე, მოითენთო,
გაიყუჩო, გაირინდო,
სრულ, სრულ მდუმარებაში.
სად, დედის კალთაში?
გადაჭრილ მორზე?
გულმწვანე მინდორში?
საყვარელი ქალის მკერდზე?
სად, სად, დაასვენოს უნდა კაცმა
აშლილი სული?
ყველაზე მეტად სულს სჭირდება
მუდმივ წრიალს ანებოს თავი,
რომ არ წაგუცდეს
ჩახმახზე ხელი,
ან მრუდე ფიქრი,
საწყისი და სათავე ცოდვის...
... დგანან მინისტრის მისაღებში...
რიგი არ იძვრის,
დგანან მდუმარედ, ფიქრიანად,
მოწყენილი, დაშინებული თვალებით,
იქ, იქ წყდება მათი ბედი,
იმ კარის მიღმა, იმ, გრძელ მაგიდასთან _
პატიმარი შვილის დახსნა,
სამსახური... უსასოობა...
ვის გაუღიმებს, ვის შეხედავს
წყალობის თვალით,
ვის კარისკენ მიახედებს.
ახლა უფალი აღარსადაა...
ის მერე მოდის,
ჩვენ რომ არა ვართ.
და სასწორიც
მუდამ თან აქვს.
უსამართლობასთან
სამართლიანობის მაძიებელთა რიგი კი
იზრდება...
სანამ მინისტრის
მისაღების კარს მიხურავენ,
ახლა პირიქით, ისინი ნახე...
მოდიან და მოდიან...
გაზეთებიდან, ჟურნალის ყდებიდან,
ეკრანიდან.
გაუპატიურებული ბავშვი,
დაჩეხილი გვამი...
24_ე კადრი მუდმივი.
სტოპ! _ წყალდიდობა,
ცუნამი ზღვაში,
სტოპ! _კიდევ კადრი
რეკლამა ,,ფიჯის’’. 
საცა ხორცი ბატონობს სულზე,
იქ მეც ვიყავი.
ცდა მუდამ მქონდა,
ამ უკანასკნელის სასარგებლოდ
მორჩენილიყო სუყველა ომი.
ახლაც ომში ვარ...
ადამიანი ისაა მხოლოდ,
საით იზრდება.
მემარცხენენი, ცენტრისტები,
მემარჯვენენი,
4 წელში ერთხელ
მომიგდებდნენ საცდურ-სატყუარას,
სახედარს რომ თივით შეიტყუებენ
საკუთარი ეზოს ბოძს რომ მიაბან.
ვერ გაგიმართლეთ იმედები...
ჩემი გზა უკან მიდის...
სახედარზეც უკუღმა თუ შემსვამენ,
საიდან იცით, რომ გამასწარით,
ჩემი ბაგა ბჟუჟის წყლის ჭალა და
სანისლებოს მთებია.
მკრეხელობაზე უარესი
უმოძრაო, დაობილი,
დაჭაობებული ფიქრია.
გზა ყოველთვის გამოჩდება
თუ გზის პოვნის
სურვილით ილტვი...
                          წიგნიდან_,,ხსოვნის ანაბეჭდები”. 2013 წელი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები