ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნიკა ჩერქეზიშვილი
ჟანრი: პოეზია
11 დეკემბერი, 2008


რიცხვი ოცდაექვსი ფერი წითელი

მისი თითები

ისევ არეული დამაქვს ნაბიჯები,
შარვალს ცარიელი ჯიბე გამოჩრია.
ისე მომყვებიან ზურგში ნაბიჭვრები,
ვხვდები,
თუ დავეცი - ყელსაც გამომჭრიან.

მაგრამ არაფერი, სხვა რამ მედარდება,
მაინც რანაირად ყოფნა დავიჩემე,
დღეში თითო დარდი მაინც მემატება,
ყელში ამოვიდა,
ჰოდა, დავიჯერე,

რომ ამ ცხოვრებაში თუა გადარჩენა -
ჩემთვის -
მხოლოდ მისი თბილი თითებია,
მხოლოდ მისმა თბილმა სუნთქვამ დამაჯერა,
ჩემი თვალები რომ ისევ ინთებიან.

ჰოდა,
მოდით,
ძმებო,
თავი დამანებეთ,
თქვენი წიაღსვლები თქვენთვის დამითმია,
მე კი
მას მოვძებნი მთელი გამალებით,
გულში ახლა ისე ფეთქავს არითმია,

რომ დროს მგონი ყველა რამსი აერია,
ვეღარ დამეწევა უკან ბარე ორი.
ახლა ეს ცხოვრება ჩემი ჰაერია,
მხოლოდ ნაბიჯი მაქვს ისევ არეული.





მოდი

წვიმა როგორ მოვა - ცაა ცარიელი!
დაბლა გამომშრალი გდია დედამიწა.
მინდა მოვიშორო ხორცი - ბარიერი,
მკერდზე სიგარეტით გული ამოვიწვა.

გარეთ ქუჩებია ისევ სისხლიანი,
თუ არ გავუფრთხილდი ნერვებს - დამაწყდება.
სულში ისევ ძველი დარდი მიღრიალებს,
მჯერა,
მხოლოდ შენი სუნთქვით დამარცხდება.

მოდი, გეხვეწები, ასე ბანალურად
გთხოვ და ამ სიტყვებზე ცოტა მეღიმება,
თორემ ამ ცხოვრებამ ისე გამანულა,
ჩემი სიკვდილიც კი გროში ეღირება.

მოდი, თორემ სისხლი დადის ვარაუდით,
ჰაერს ვეღარ ვხედავ, ისე ჩაიხუთა.
თუნდაც მერე კედლის მხარეს გადაბრუნდი,
თუნდაც გამებუტე,
მოდი,
ჩამეხუტე.





ნისლები

რაღაც ეს ცხოვრება ძაან გაიაფდა,
"ძაან" - ამ სიტყვასაც ამახსნევინებენ.
ახლა იჩუქებდა ქრისტეს კაიაფა,
ჩემი გადარჩენა,
ღმერთო,
შენ ინებე.

აქ კვლავ ძველებურად გზები იხლართება,
ერთხელ დაეცი და ასჯერ ჩაგქოლავენ,
მაგრამ დასახატი მაინც იხატება,
ჰოდა,
ეს ნისლებიც მთებზე კვლავ ბოლავენ.

მიყვარს ნისლები და ცუდად არ გამიგოთ,
აგერ დამეჯახა ვიღაც გაქონილი,
წვიმამაც რომ არა და არ გადაიღო,
მეც მერამდენედ ვთქვი ასჯერ გაგონილი.

ჰოდა,
ეს "ჰოდებიც" უშნოდ ავიხირე,
ვიცი,
ახლა ჩრდილი უნდა გადავიცვა,
როგორც ერთი კაცი,
ისე გავიხიდე,
შუაში ვარ მე და ირგვლივ - ცა და მიწა.





რიცხვი ოცდაექვსი ფერი წითელი

ვის ეფერება ეს ცხოვრება,
კარგი რა მართლა,
გაემეტები,
მოგადგება,
გირტყამს და გაგდებს,
სხვა შეიძლება ვერაფერი,
ამას კი ნაღდად
ვხედავ
და მახსოვს
ბოლო ფსონი ტკივილზე დავდე.
რიცხვი?
სამჯერ რვა -
ოცდაოთხი,
ფერი - წითელი,
დააწყობ "ფიშკებს",
ვიღაც ისევ უკან ალაგებს.
ფორტუნამ ყალბი განაჩენი გამოიტანა,
როცა ეგონათ მოიგოო,
მაშინ წავაგე.
მაგრამ ამ აზარტს,
სიჯიუტეს,
ჟინს არ მოვეშვი,
ვგრძნობდი ყოველთვის
განსხვავებას,
იღბალს იშვიათს.
რა ვქნა,
არ მხიბლავს,
ვერ ვიგუე ცურვა მდორეში,
ყოველთვის იმას ვეტანები,
რასაც მიშლიან.
ახლა რიცხვია ოცდაექვსი,
ფერი - წითელი,
ჰო,
დრო იცვლება,
ძველებურად მე ვარ უცვლელი,
ნახშირორჟანგი ფილტვებიდან ამოვიტანე
და ჩემზე ფიქრით ისევ სტკივა სიკვდილს მუცელი.
ჰოდა,
სტკიოდეს,
დღეს ცხოვრება არის ჰაერი,
ძირს დაგდებული დედამიწა ფეხზე მოვირგე,
რადგან განგება მაინც არის რაღაცნაირი,
ყველას ჰგონია წააგოო,
მე კი...
მოვიგე.





გაიხილე

დღეს ჩემი არყოფნა იწყება აქედან,
დავგლიჯე სულ ყველა ნიღაბი მასხარის,
წუხელ შუაღამით ცამ მიწას დახედა
და მიხვდა -
სიცოცხლეს ჰქონია საზღვარი.

მე უნდა დაგტოვოთ,
ძნელია ატანა
ჩემი
და გშორდებით,
თუ შეძლებთ გამიგეთ.
ვხედავ,
რომ მიწაზე დამჯდარა სატანა
და ადამიანებს ჭკუასაც არიგებს.

"ატანა-სატანა",
"სული და გული"
და
კიდევ რამდენია,
რაც ყელში ამოდის.
მომბეზრდა ყოველდღის დაწყება ნულიდან,
ჰოდა,
გაიხილე,
სიკვდილო,
გამოდი.

მორჩა და გათავდა,
ეს არი,
რაც არი,
იქითაც,
აქეთაც,
ცხოვრება მისია.
უჩემო სიცოცხლეს აყარეთ ნაცარი,
მე მაინც ამქვეყნად ვიყავი ნისიად.





მივტრიალდეთ

შენში სინათლეა ჯერ არგაგონილი,
ჩემკენ ძველებურად მსხვილი წვიმებია.
მიდის ეს ცხოვრება ისევ ჟარგონულად,
ძვლებში ტკივილები იმტვრევინებიან.
ჰოდა,
განგებასთან ახლა კვლავ ვთავხედობ,
რა ვქნა,
ჭრილობები მინდა გამიმთელდეს,
მინდა შენს თვალებში ისე ჩამახედო,
გულზე რაღა ვთქვა და
სულშიც გამითენდეს.
წუხელ შენი სუნთქვა ვთვალე ათასამდე,
ცაზე ვარსკვლავია ალბათ მილიარდი.
მოდი,
მომეკარი,
სანამ დაგვთარსავდეს
ვინმე ართვალი
და ზურგით მივტრიალდეთ
ყველა ამქვეყნიურ დავიდარაბისგან,
ნაღდად სიკვდილია დგომა ამდაგვარი,
სანამ მოგვაგნეს და ბედთან დაგვაბიზღეს
ჩვენთან მოსასვლელი მოვჭრათ გზა და კვალი.





ხელით დავიქნიოთ

მერე რა,
რომ ახლა ცაა ღრუბლიანი,
ჩვენ ხომ ვარსკვლავები ასეც დაგვითვლია.
სულაც არ მანაღვლებს რაა უპრიანი,
ან ცუდ საქციელად თუ რას ჩაგვითვლიან.

მოდი,
ავირბინოთ ერთად კიბეები,
ღიმილს დავუძახოთ ჩვენი ბავშვობიდან,
მერე კოცნით სავსე დიდი ჯიბეებით
ჩუმად გავეპაროთ მიწას
და შორიდან

ხელით დავიქნიოთ ეს ცა ღრუბლიანი,
სხვა ცა დავაარსე შენი თვალებიდან,
შეხე,
ვარსკვლავები ისე უბრიალებს,
ღამე,
ღამე,
ღამე,
ღამე,
ღამე მინდა.





ჩემი მაჯებიდან

რაღაც ხასიათზე დღეს ვარ ირონიულ.
ისევ მენატრება შენი სიახლოვე.
მინდა ეს ფოთლები მოვურ-მივურიო,
ბოლოს მაინც ვინმე ერთად შეაგროვებს.

უფრო ცივი არის ამწელს ნოემბერი,
კიდევ გაცივდება წლები მიყოლებით.
მინდა ახლა ისე თბილად მოგეფერო,
თითქოს მომავალ წელს აღარ გეყოლები.

თითქოს ბავშვი ვიყო ისე მეტირება.
იცი,
წუხელ ერთი ლექსი დაგიწერე.
არის უსარგებლო ყველა შეპირება,
მაგრამ ეს სიტყვები ჩემს თავს გაგიწევენ.

ახლა მგონი უკვე მივედ-მოვედები,
გახდა სისულელე ასი მილიარდი.
წამო,
შევიშალოთ,
როგორც პოეტები,
ვინც ამ ცხოვრებისგან ზურგით მიტრიალდნენ.

წამო,
თორემ ეს ცა ისე გაიბურა,
სხვა ცა აღარა ჩანს ჩვენი ფანჯრებიდან.
წამო,
გეხვეწები,
მინდა ძველებურად
სისხლი გადაგისხა ჩემი მაჯებიდან.





გოდების კედელი

წვიმა აგვიანებს.

დგახარ ფანჯარასთან,
ისევ უძილო და ღამენათენები.
უკვე ოცდაექვსი წელი გადაფასდა,
სადღაც ულამაზოდ ჩანან ანტენები.

ბედი გამოსარჩევს თვითონ გამოარჩევს.

მიდი,
გაუჩხირე ფილტვებს სიგარეტი.

წერე,
ძარღვებიდან სისხლი ამოქაჩე.

მთელი თავის ყალბი სიგრძე-სიგანეთი
აგებს დედამიწა კედლებს გოდებიდან,
არ ღირს ეს ცხოვრება ყოფნად პურიტანულ,
ზურგზე აიკიდე შენი ცოდვები და
ერთიც არ გამოგრჩეს - უფალს მიუტანე.

მიდი,
გაიშიშვლე სულის ნაწილები,
ძვლებზე ჭუჭყიანი ხორცი აიკეცე.
ახლა პატრონობენ მიწას ნაძირლები,
ვერ აგიტანენ და
ცაში გაიქეცი.

წერენ სირეგვნეებს ახლა არნახულებს,
გმეტობს პოეზიის ვიღაც ანთოლოგი,
შენ კი ძველებურად ნერვებს ამარხულებ,
სულით შეშლილი და სისხლით პათოლოგი.

ყველა თანაგრძნობა არის სისულელე,
როცა ტკივილისგან ცაა ნაცრისფერი.

გარეთ არ გამოვლენ სახლში მისულები.

მიდი,
ნუგეშია ახლა არაფერი.

მიდი,
წინააღმდეგ ყველა დინებისგან,
უნდა მოდიოდე,
წასვლის დრო თუ არის.
მიდი,
გაამტვრიე მკერდით მინები და
წითლად გადაღებე დაბლა ტროტუარი.

მიდი,
წერე შენი ყველა სიგიჟიდან,
ფეხზე დაიკიდე თუ არ გაღიარეს.

მიწა მიატოვე,
ცამ თუ მიგიზიდა.

წვიმა?
წვიმა ისევ მაგრად აგვიანებს.





ნიკა შიშველია

"თვალთმაქცო, ჯერ შენი თვალიდან ამოიღე დირე და მერეღა ნახავ,
როგორ ამოიღო შენი ძმის თვალიდან ბეწვი."
                                            მათეს სახარება

იქით წავიდე და ვხედავ - სიკვდილია,
აქეთ სიცოცხლეებს ოხრად არიგებენ,
ყელში ამოვიდა ეს ცრუ იდილია,
ხორცი ვიღას უნდა,
ახლა ბარიგები
სულებს ყიდულობენ,
დროა უცნაური,
საათს დახედავ და სამი საათია,
ახლა ტკბილ ძილშია ყველა უთაური,
მე კი ძველებურად ყელს მჭრის აპათია.
ვგრძნობ,
რომ მეც ასე ვარ - თავის გარეშე
და არ მსურს,
აღარ მინდა
გულიც გამომიღონ,
ყველა გაჩუმება ყელში გამეჭედა,
ჰოდა, 
მაპატიეთ ხმა თუ ამოვიღო.
მორჩა,
გავიხადე,
ვდგავარ შიშველი და
ცოტა გამიარა გულზე იშემიამ.
რა ვქნა,
მაპატიეთ,
ეს თუ მიშველიდა,
ყველას დაენახა - ნიკა შიშველია!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  გიორგი7464, ხურსი ვულოცავთ დაბადების დღეს