ნაწარმოებები


    * * *    

ავტორი: ალექსანდრე მიშელაშვილი
ჟანრი: პოეზია
2 ნოემბერი, 2014


ცაც კი არ არის დღეს უსასრულო

ცაც კი არ არის დღეს უსასრულო,
ნაპირი მაღალ მწვერვალებს აკრავს.
მზე გდია ცაზე თითქმის უსულო
და ქარი ურწევს ღრუბლების აკვანს.
სამშობლოვ სუნთქვა იქ დავასრულო,
სადაც შენ იწყებ შიშსა და კანკალს.
სამშობლოვ უკვე ძვლამდე დასულო,
მზადა ვარ მე შენს ტარიგად დამკლან
და თუ რამეა დღეს უსასრულო,
თუ კი რამ დაღრღნის საწუთროს ლაგამს,
მსურს რომ შენ იყო სულო ქართულო,
აფრიალებდე გორგასლის ალამს.
მსურს რომ შენ იყო სისხლო რუსთველის,
მიწავ ნაჩვევო ჭირსა და ვარამს.
ვუბრუნდებოდეთ ტაოს და ართვინს,
და ჭარ-ბელაქანს მოხუცს და ჭარმაგს.
ნუთუ თქვენს გულში არაფერს არ ცვლის?!
რომ საქართველო თავის თავს არ გავს.
რომ დავემგვანეთ ცარიელ ბარძიმს,
და მტერი ბოლო ყლუპებსაც გვპარავს.
გამობმული გვყავს ფეხებთან ვერძი,
და სამუდამო ძილის წინ ზღაპარს,
ქარი გვიყვება და ვიღაც თერძი,
თავის ჭკუაზე გვიმოკლებს საზღვარს.
ცა იყოს თუნდაც ეშმაკის კერძი,
მზეს გაუყრიდნენ შიგ გულში ლახვარს,
მე ვიყო ოღონთ დღეს ოქროს თევზი,
და საქართველო მიჭერდეს ზღვასთან.

ალეკო მიშელაშვილი

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები