ნაწარმოებები



ავტორი: ო.გ.
ჟანრი: პოეზია
29 ოქტომბერი, 2014


როგორ დამიქალდი

ხშივარი ასდის
ახლად მოხნულ ველებს,
ცაზე ცისარტყელებს
ფერი არ გადასდის,
გაზაფხულის მნათი
გრძნობით გაგახელებს,
როგორ გალამაზდი,
როგორ დამიქალდი.
მაგ ვარდისფერ ხელებს
ისევ ჩემსკენ იწვდი,
სიყვარულით იწვი
და ჯიუტად ცდილობ
ჩამეხვიო,კოცნით
დაგიბროწო ღაწვი
და ტუჩები მარწყვის
ჩემო თვალისჩინო.
მე კი,გეკრძალები,
მინდა გაგერიდო,
თუმცა დამებედო
მინდა,მებრალები,
ვახ,თუ ჩემი ცრემლით
დავამძიმო ჩიტო,
ჯერ გამოუცდელი,
შენი სუსტი ფრთები.
და ეს,როგორც შენ გსურს,
ისე ვერ აქროლდე
სიყვარულის მეცხრე
ცაზე,მეოცნებე,
რა ვქნა?ამპარტავანს -
- სანამ ჩააქრობდეს
შენს წიაღში ხანძარს,
ჩემი შემეცნება,
უნდა მაპატიო.
ოთო გელაშვილი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები