ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ლონდონელი მამაძაღლი
ჟანრი: პოეზია
30 ოქტომბერი, 2014


***

ჩვენ,
დაბადებისას ბავშვობა წაგვართვეს
ბავშვობაში ყმაწვილობა,
ყმაწვილობაში ახალგაზრდობა,
ახალგაზრდობაში შუახანობა,
შუახანობაში სიბერე,
სიბერეში სიკვდილი,
მშვიდი სიკვდილი...
მაგრამ მაინც ვსახლდებით კომპაქტურად,
ვაშენებთ ქალაქებს,
მდინარეზე ვდებთ ხიდებს,
შევცქერით ბეტონის ცათამბჯენებს,
ჩაგვესმის თვითმფრინავების გრუხუნი,
მიგვაქვს და მოგვაქვს,
რაც წასაღები და მოსატანია.
ვხვდებით ერთმანეთს,
ვცვლით ღიმილებს,
ხელსაც ვართმევთ და პირზეც ვკოცნით.
ყოველდღიურად ვასწორებთ საათს,
მაჯის საათს,
დრო არ დავკარგოთ,
ან დრო მოვიგოთ,
ყველაფერი გათვლილია, აწონილ-დაწონილი.
ვცხოვრობთ ისე, ფეხი არ გადაგვიბრუნდეს,
თუ მაინც გადაგვიბრუნდა,
ხტუნვა-ხტუნვით ვაგრძელებთ გზას,
ასკინკილათი,
რადგან ჩამოჯდომა დამარცხებას ნიშნავს,
ტკივილის განცდა-სისუსტეს,
მივდივართ ასე, ბოლომდე,
სანამ უფსკრულის პირას არ აღმოვჩნდებით.
უფსკრული ცილინდრის ფორმისაა,
სიღრმე არ უჩანს, არ იზომება.
ხალხი მის ირგვლივ წრიულადაა შემოჯარული,
ერთმანეთს უყურებენ,
პირველს ეძებენ თვალებით,
ვინც დაუფიქრებლად გადაეშვება,
ვინც ქვევიდან ამოძახებს,
ყველაფერი რიგზეა,
არ იფიქროთ,
თქვენც გადმოხტითო.
მაგრამ არც პირველი ჩანს და არც ბოლო.
არც უკან დასაბრუნებელი ძალა შერჩენია ვინმეს,
აქ მოსასვლელად ყველაფერი დახარჯეს, გამოლიეს.
შემდეგ ერთი წამოიკვნესებს, ერთს მეორე აყვება,
მეორეს მესამე, მესამეს სხვა და ასე გადაედება
ყველას გოდებისა და ვაების მუხტი.
ჩამოსხდებიან უფსკრულის პირას,
გადახედავენ თავიანთ ცხოვრების გზას
და სიკვდილს ინატრებენ,
მშვიდ სიკვდილს,
რომელიც სიბერეში წაართვეს...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები