ნაწარმოებები


ურაკპარაკის მობილური ვერსია!!!     * * *     შეიხედეთ თემაში: ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის მობილური ვერსია - http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1509

ავტორი: იანუსი
ჟანრი: პროზა
8 ნოემბერი, 2014


სიუჟეტი (ტრილოგია)

რეპორტაჟი ჯოჯოხეთიდან:
როცა დილით ერთ-ერთი მეზობლის ჩახლეჩამდე აწიკვინებულმა ხმამ გამომაღვიძა, ისეთი განზრახვები გამიჩნდა, აშკარად რომ ისჯებოდა ჩვენი ქვეყნის სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით - მომინდა, ამეღო სამზარეულოს დანა და იმ უბედური ქალის ყელში რამდენჯერმე ჩამეცა, თავისი უბედურებით სხვებსაც რომ ამწარებდა (ვისაც მისი წივილ-კივილი საკუთარი ყურით არ მოუსმენია, ნუ განმსჯის).
ჩემი ხმაურიანი სამეზობლოს გადამკიდე, ტკბილი ძილი დიდი ხანი იყო შორეულ ოცნებად მექცა - ჩვენს ციცქნა, საერთო ეზოს რა არ დაუტევია - ღამით ატეხილი ქურდული გარჩევები, საკუთარი ფინანსური მდგომარეობით უკმაყოფილო მეძავთა საპროტესტო სცენები (რომლებიც, რატომღაც, ვინმე კონკრეტულს კი არ მიმართავდნენ, არამედ ზოგადი მიმართულებით გაჰყვიროდნენ - ბოზებოოოოოო, გათახსირებულებოოოოოო, ქურდებოოოოოო... - აშკარად არ გვაქვს კარგი რეპუტაცია), მეზობლური გარჩევები (‘რა იქნა ბოლოსდაბოლოს, მართლა სანაგვეში ხომ არ ვცხოვრობთ! გავწყდი ქალი წელში, დილიდან ვხვეტავ, გამოივლის ვიღაც ნაბოზარი და ნაგავს მიყრის! ფულს მაინც მიხდიდეთ, თქვენი დედა..! გადავუკეტავ ყველას წყალს და ეგ იქნება!’).
ცხადია, მიწიერ სამოთხეს ვეზიარე (სულ რაღაც ორას ორმოცდაათ ლარად თვეში) და მერე რა თუ ღამით, სასუსნავის საყიდლად გასულს (როცა ჩემი მიამიტობის მიზეზით, ჯერ კიდევ არ ვიცოდი, რომ უახლოეს მაღაზიაში მისვლამდე შეიძლებოდა ის სასუსნავისთვის განკუთვნილი ფული სულ მცირე ცხრაჯერ ‘დამეკარგა’), ოდისევსისთვისაც შესაშური ხიფათები დამატყდა თავს? საბოლოოდ ხომ მაინც უმნიშვნელოდ ჯანმრთელობაშელახულმა მოვაღწიე უკანვე (ექიმმა სახიფათო არაფერიაო)?
ასე რომ, როცა სამზარეულოს დანასა და მეზობელი ქალის ყელზე ესთეტიკურად ულამაზო ფიქრები ავაწყვე, დავასკვენი, ჩემზე სამეზობლოს აურამ თუ იმოქმედა-მეთქი. აქამდე ხომ წარმოდგენაც არ მქონდა, რომ ამგვარმა ბოროტებამ შეიძლება ადამიანი ასე მიიზიდოს, გაიტაცოს - დეტალები რაა, დეტალებში დავგეგმე მკვლელობა: ახლა ავდგები, არაფერსაც არ ჩავიცმევ, პირდაპირ დანას დავავლებ ხელს, კარებს შევუმტვრევ, ის ალბათ დროებით ჩაიგდებს ენას და გაოცებული შემომხედავს, მეც მი-მოვიხედავ, მის არანაკლებ გაოცებულ მევალეებს ყურადღებას არ მივაქცევ, ერთ მოზრდილ სკამს ავიღებ, საზურგით დავიჭერ, ისე მივუახლოვდები, განზრახვას ვერ მიმიხვდეს, მერე სწრაფად მოვუქნევ და ცხვირ-პირში შევალეწავ, რის შემდეგაც იატაკზე დავარდება სისხლდადენილი და შიშითა და გაოცებით ამომხედავს, უნებლიე მოწმეების უმრავლესობა გაიქცევა, ნაწილი კი სეირის საყურებლად დარჩება, მე სკამის ნარჩენებს კიდევ ერთხელ მოვუქნევ ხელებაფარებულ თავს და კივილს რომ მორჩება, რიტორიკულ შეკითხვას დავუსმევ: ‘რა გაწიკვინებდა, შენი დედა?..’ რაღაცის თქმას რომ დააპირებს, ჩავიცუცქები და იმ სამზარეულოს დანას ყელში ჩავჩრი, მერე აფართხალებულს მშვიდად გავშორდები, დავუბრუნდები ჩემს ოთახს, ხელებიდან სისხლს მოვიშორებ, საწოლზე გულაღმა დავწვები და კმაყოფილი ღიმილით დაველოდები სასჯელს.
რა თქმა უნდა, სულ სხვა გეგმებს მივდევ - კერძოდ, ყოველდღიურს. მექანიკურ რეჟიმზე გადავდივარ, ღმერთო, როგორ მიყვარს ცხოვრება (კიდევ გამაჩინე ხოლმე)! ზოგჯერ მართლა მაშინებს ჩემი დეპრესიული მიდრეკილებები, გარემო ისე მონდომებით მიწყობს ხელს, ისე მონდომებით ცდილობს ჩემს გასხივოსნებას, ტირილი მინდება. მაგრამ, თუ ბუდა გასხივოსნებისას ნირვანაში შევიდა, მე გეზი სამსარასაკენ მტკიცედ მიჭირავს. ამ გეზის უტყუარობაში ყოველდღე ვრწმუნდები, აი, ახლაც, როცა გარეთ გავდივარ - ლეგენდის მიხედვით, შიდსი მხოლოდ სექსით ან სისხლით გადადის, ჩვენთან, მგონი, ჰაერიც სახიფათოა. ღამ-ღამობით იმდენი მეძავი ქოშინებს ქუჩის ბნელ კუნჭულებსა თუ იაფფასიან ოთახებში, იმდენ დაავადებას ამოაყოლებენ ხოლმე თავიანთ ცრუ ორგაზმებს, სულაც არ იქნება გასაკვირი, ამ ჰავის გადამკიდემ, რაღაც ავიკიდე (რამდენიმე კილომეტრის რადიუსში ერთი მოლამაზო ხე ან ყვავილიც კი არ ჭაჭანებს).
სიბინძურე ბინძურთა და ყოველივე სიბინძურეა, ასე იტყოდა სოლომონი ჩემ მეზობლად რომ გაზრდილიყო. ნაგვის ურნებზე დიდი ხანია, ყველამ ხელები ჩავიქნიეთ, აღარც ჰიგიენას და მსგავს მაღალ მატერიებს ვეპოტინებით, ჩვენ დიდი ხანია გავაცნობიერეთ, რომ ჭუჭყში ვცურავთ, ამიტომ, უბრალოდ, ცურვა ვისწავლეთ. დაუფიქრებლად მივირთმევთ სახედამუწუკებული გამყიდველის ჭუჭყისფერი ხელებით შეხვეულ შაურმებს, ცომში ამოთხვრილი, მსუქანი დედაკაცების მიერ დამზადებულ ფენოვანებს და ლობიანებს, ვინ იცის სად ჩამოსხმულ იაფფასიან ლიმონათებს. გემრიელადაც ვილუკმებით, რადგან შიმშილი ყველგან სატანჯველია. ნეტარებისაგან მიბნედილი თვალებით გვერდს ვუვლით ყურადღების მისაქცევად შუა გზაზე გაწოლილ მათხოვრებს, თვალს ვარიდებთ კუთხეში საკუთარ ნარწყევზე გადამხობილ მთვლემარე ლოთებს და მადას მაინც არ ვიფუჭებთ.
-აქეთ წამოდი-მეთქი, ბიჭოოო! - საყელოში ჩაჰფრენია საშუალო სიმაღლის შეშინებულთვალება მსხვერპლს, დაბალი, შავტყავისქურთუკ-პირისსახა, განრისხებული ბიჭი, რომელიც, სავარაუდოდ, ‘კაი’-ა. ხალხი დუნე ინტერესით ადევნებს თვალს ახალგაზრდული შემართებით ანთებულ თანამემამულეს, ‘ჰკა მაგასა’-ს არავინ ყვირის, მაგრამ ბიჭი, რომელიც კაია, დამატებით მოტივაციას არც საჭიროებს.
გადაღრძუებული, საღებავით გულმოდგინედ გათხუპნილი, ჩვენი ქუჩის ყველაზე გამოცდილი დედაკაცები, კლიენტის მოლოდინში საკუთარ ტერიტორიაზე პატრულირებენ.

ვოქსპოპი ჯოჯოხეთიდან:
-რამდენად უბედური ბრძანდებით და რაში გამოიხატება თქვენი გათახსირებულ-აზრდაკარგული ცხოვრების მიზანი?
გამვლელი ერთი: ‘ძალიან უბედური ვარ, სხვათა შორის. იმდენად, რომ ზოგჯერ მიკვირს, მაგრამ არც სხვები არიან კარგ დღეში. მე ვისზეც ხელი მიმიწვდება, ჩემდათავად, ცდას არ ვაკლებ, გავაუბედურო, ვისზეც არ მიმიწვდება, იმას სხვა ჩემნაირი უვლის. ადამიანები დაკავშირებული ვართ ერთმანეთთან, გინდა ბედისწერა დაარქვი ამას, გინდა ჩემი ფეხები, ასეა: ყველანი ერთმანეთს ვათახსირებთ. რაც შეეხება ჩემს უაზრო ცხოვრებას, ბედს არ ვუჩივი, ხშირად ვაგინებ, იშვიათად მაგინებენ, ხშირად ვურტყამ, იშვიათად მირტყამენ, ხშირად ვპარავ, იშვიათად მპარავენ, ერთი სიტყვით, თავი გამაქვს.’
გამვლელი ორი: ‘შემიძლია, თამამად ვთქვა, რომ უბედურება ჩემი სტიქიაა. ყველაფერი საათივით მაქვს აწყობილი - ამ დალოცვილ ადგილას ბითურები არ მაკლდება და მეც მეტი რა მინდა, ვასულელებ და ჩემი მიმაქვს. მიზანზე არ მიფიქრია და, მგონი, არცაა საჭირო, მთავარია, სხვა რაღაცები გქონდეს, თორემ მიზანი რისი მაქნისია, შეჭამ, კარაქს გადაუსმევ თუ მოსტყნამ?!’
გამვლელი სამი: ‘ვერ ვიტყოდი, რომ უბედურების დონეს ვუჩივი, მაგრამ მეტიც შემიძლია, პოტენციალს ვგრძნობ და გამოყენების საშუალება ხომ მაქვს და მაქვს, უბრალოდ, ზარმაცი ვარ. ვცდილობ, სიზარმაცე დავძლიო და ბეჯითად შევუდგე ჩემში უბედურების სრულყოფას, ვნახოთ რა გამოვა. ჩემი აზრდაკარგული ცხოვრება ყველანაირად მაკმაყოფილებს, არც ფული მიჭირს, არც რამე მჭირს ისეთი, რომ დროზე ადრე ჩაძაღლება მემუქრებოდეს. მგონი, დიდხანს გავძლებ და ჩემს გასაფუჭებელს, ასამყრალებელს, გასანადგურებელს და გასათახსირებელს, მე გავაფუჭებ, ავამყრალებ, გავანადგურებ და გავათახსირებ.’
გამვლელი ოთხი: ‘იმდენად უბედური ვარ, რომ ყველაფერი მაღიზიანებს და ყველა მძულს. პასუხს, რომ გაგცემ, არ გაგიკვირდეს ცხვირ-პირი თუ გაგიერთიანე. ერთადერთი, რაც სიამოვნებას მანიჭებს, შენნაირების შეშინება და ცემაა - ხმას ბოლომდე რომ ავუწევ, თვალებს გადმოვკარკლავ და ვითომ დასარტყმელად გავიქაჩები, თქვენი შეშინებული თვალების დანახვა ერთი სიამოვნებაა. მაგრამ ეს ისეთი სიამოვნებაა, ზიზღი რომ მოყვება და ცხვირ-პირშიც ამიტომ გადებთ, რაც არ უნდა თქვათ. მერე რა თუ მეც მომხვდება, ტკივილი ბოლოს როდის ვიგრძენი არც მახსოვს. ჩემი გათახსირებული ცხოვრების მიზანიც ესაა - რაც შეიძლება მეტ შენნაირზე ამოვანთხიო ჩემი სიძულვილი, თუ დავიცალე, ხომ კაი, თუ არადა, შენნაირებს რა დალევს?!’
ასე პასუხობენ დასმულ შეკითხვაზე რიგითი გამვლელები.

ვოისერი ჯოჯოხეთიდან:
მე ვიმყოფები ზუზუნა ბაზრის შუაგულში, სადაც გამწარ-გამალებით მიმდინარეობს აღებ-მიცემობა.
ხანში უიმედოდ შესული ქალები ჩანთაჩაბღუჯულები აწყდებიან სავაჭრო წერტილიდან სავაჭრო წერტილს, რათა საფულიდან რაც შეიძლება ცოტა სახსარი დაეხარჯოთ. თვალებმოწკურულნი ათვალიერებენ შემოთავაზებულ საქონელს, ასჯერ ზომავენ და ერთხელ იხდიან; გამყიდველთა უმრავლესობა გადამეტებული ენთუზიაზმით (ისეთით, სასოწარკვეთაში რომ გადადის) ცდილობს დღიური ნორმის შესრულებას.
და, აი, კვლავ შევესწარი ტრადიციულ სცენას - როგორ შავ-ბნელად ცდილობს უპერსპექტივო ახალგაზრდა, გამვლელ-გამომვლელებს ჯიბე-ჩანთაში შეუმჩნევლად ჩაუძვრინოს ცოდვილი ხელი. რამდენიმე წარუმატებელი მცდელობის შემდეგ ბედი მოკრძალებულად უღიმის და გარემოსათვის შეუფერებლად უყურადღებო ქალბატონის ხარჯზე იაფფასიანი, მაგრამ მაინც ნოყიერი ვახშამი გარანტირებული აქვს!
თავის შებრუნების გარეშე, ჩემი მხედველობის არეში მოქცეულია სამი იდუმალებით მოცული ობიექტი: 1)თვალებმიბნედილი, შეზარხოშებულ-აბარბაცებული კაცი; 2)სახედანაოჭებული და ტანისსამოსჩამოძენძილი, საეჭვო რეპუტაციის მქონე ქალი; 3)არაკეთილსინდისიერი გამომეტყველების მქონე ჭაბუკი, რომელიც დაჟინებით მიყურებს თვალებში (რომლებშიც არაკეთილსინდისიერი ზრახვები იკითხება).
-ვის ელაპარაკები, ძმა?!
მომმართა არაკეთილსინდისიერი გამომეტყველების მქონე ჭაბუკმა.
-რა თქვი? რა ჭაბუკმა, ბიჭო?!
ვგონებ, სიტუაციას დენთის სუნი აუვიდა.
-მიპასუხე, რომ გეკითხები, ბიჭოოო!
დაიგრგვინა არაკეთილსინდისიერი გამომეტყველების მქონე...
-მოდი ბიჭო აქ!
გამომეკიდა არაკეთილსინდისიერი ზრახვების მქონე ჭაბუკი, რომელიც, საბედნიეროდ, კარგი მორბენალი ვერაა...
-სად გამექცევი, შე ახვარო?..
დამადევნა რიტორიკული შეკითხვა აქოშინებულმა არაკეთილსინდისიერი გამომეტყველების მქონე ჭაბუკმა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები